დათვალიერება კმარა? ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში

„დათვალიერება კმარა?“ — ეს არის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აკაკი ბაქრაძის ამავე სახელწოდების წერილის იდეის გაცოცხლებას: კულტურული მემკვიდრეობის დაფასებას, გააზრებასა და მის დაცვაზე ზრუნვას. პროგრამის ფარგლებში, ყოველ ზაფხულს შეირჩევა ერთი მნიშვნელოვანი კულტურული რეგიონი.

2026 წლის ექსპედიცია: ტაო-კლარჯეთი

წლევანდელი ექსპედიცია გაიმართება ტაო-კლარჯეთში 23-27 ივლისს და სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 მოტივირებულ, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით სავსე სტუდენტს გააერთიანებს. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, არა მხოლოდ დაათვალიერონ, არამედ სიღრმისეულად გაიაზრონ ჩვენი კულტურული საგანძურის მნიშვნელობა და შეიმუშაონ მისი დაცვის პრაქტიკული პროექტი. ექსპედიციას უხელმძღვანელებს ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე, აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად. პროგრამაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება: მგზავრობის, კვებისა და განთავსების ხარჯებს აკაკი ბაქრაძის საზოგადოება უზრუნველყოფს.

ქვემოთ იხილეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის განრიგსა და მონაწილეების შესახებ.

შერჩეული სტუდენტები

ანი თათარაშვილი

კასპი, შიდა ქართლი

ანი თათარაშვილი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ კასპში. 2024 წელს დაამთავრა ქალაქ კასპის №4 საჯარო სკოლა. ის სკოლის პერიოდიდანვე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციების, მაგალითად, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, ,,კომლის‘‘, ,,ბილიკის‘‘ და სხვა, აქტივობებსა და ბანაკებში.

ანი კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური რეალობითა და კულტურული მემკვიდრეობით.

ამ მიმართულებით მისთვის ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ანი უკვე აქტიურად მუშაობს სამხრეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ისტორიულ წარსულზე. შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ ექსპედიციის ფარგლებში მიიღებს როგორც დიდ ემპირიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც დაეხმარება შემდგომ კვლევით საქმიანობასა და პიროვნულ-პროფესიულ გაზრდაში.

ანრი გორგილაძე

გორგაძეები, აჭარა

ანრი გორგილაძე დაიბადა ქალაქ ბათუმში, თუმცა მისი ბავშვობისა და აღზრდის წლები ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებს უკავშირდება. გარკვეული პერიოდის გატარება დედაქალაქშიც მოუწია, თუმცა მალევე მშობლიურ სოფელს მიაშურა და სასკოლო განათლებაც იქვე დაასრულა. მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ინტერესებისა და ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშა ბაბუამ.

2025 წელს წარმატებით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად, იგი აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და მონაწილეობს სხვადასხვა კონფერენციაში. მისი გატაცება ლიტერატურა, განსაკუთრებით კი პოეზიაა. უყვარს წერა და დიდ პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებიც ლიტერატურის შემოქმედებით ძალას აფასებენ. გარდა ამისა, მისი ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო ისტორია და მემკვიდრეობაა. ამიტომაც ექსპედიციაზე ის დიდ მოლოდინებს ამყარებს, რათა ეზიაროს წარსულის იმ სიდიადეს, რომელიც შორეულ და თანაც ახლო ტაო-კლარჯეთშია ჩამარხული. მისი სამომავლო უმთავრესი მისწრაფებაა ჩამოყალიბდეს მაღალი დონის პროფესიონალ მედიცინის დოქტორად, რომელიც საკუთარ ცოდნასა და ენერგიას ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარს.

ბარბარე ჩხარტიშვილი

თბილისი

ბარბარე ჩხარტიშვილი დაიბადა თბილისში, დიდ ოჯახში. ის ოთხ დას შორის ნაბოლარაა. მან თბილისის №161 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე, ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. გარდა სწავლისა, ბარბარე გატაცებულია გრაფიკული დიზაინით, თაჩ დიზაინითა და ფოტოგრაფიით.

მესამე კურსზე ბარბარე პორტუგალიაში გაემგზავრა სასწავლებლად, სამრეწველო დიზაინის მიმართულებით, სადაც ერთწლიანმა სწავლამ დიდი გამოცდილება შესძინა. მეოთხე კურსზე კი სხვადასხვა გამოწვევას ეჭიდება და ცდილობს, მომავლისთვის გზა გაიკვალოს თავის საყვარელ სფეროში.

ბარბარესთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროექტის აღმოჩენა, რადგან მას სურს, იყოს იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც საქართველოს გაცნობას, შესწავლასა და სამშობლოს ფასეულობების გაზიარებას ემსახურებიან. სწორედ ამ პროექტში ხედავს ის ამ გზის დასაწყისს და დარწმუნებულია, რომ ეს პირველი ნაბიჯები დაეხმარება საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

თამთა გიორგაძე

ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი

თამთა გიორგაძე დაიბადა და აღიზარდა სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში. მან დაასრულა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამჟამად ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია რესტავრაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით. მისი ძირითადი ინტერესის სფერო არქიტექტურის სამყაროში ტრიალებს, განსაკუთრებით დაინტერესებულია ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების სინთეზითა და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების კვლევა-ძიებით.

თამთა უკვე ორი წელია საქმიანობს არქიტექტურულ სტუდიოში მოცულობითი არქიტექტურის მიმართულებით. პარალელურად მონაწილეობს პროფესიულ ვორქშოფებსა და სემინარებში. სტუდენტობამდე აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ და მოხალისეობრივ ინიციატივებში, თანატოლებთან ერთად ზრუნავდა ადგილობრივი თემის განვითარებაზე.

მიიჩნევს, რომ ექსპედიციაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაეხმარება პროფესიული და კვლევითი გამოცდილების გაღრმავებაში და, როგორც თანამედროვე ტაოელს, მეტად დაახლოვებს საკუთარ კუთხესთან. სჯერა, რომ ეს ექსპედიცია აუცილებლად გააცნობს თანამოაზრე, გულანთებულ ახალგაზრდებს.

თორნიკე გოგალაძე

ხაშური, შიდა ქართლი

თორნიკე გოგალაძე დაიბადა და აღიზარდა ქალაქ ხაშურში. 2024 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის №3 საჯარო სკოლა. 2024 წელს ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე. 2024 წლის თებერვალ-მარტში მონაწილეობდა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში „ARTTechnoLab“. 2022-2024 წლებში მონაწილეობდა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ 2-წლიან ინგლისურენოვან „ACCESS“ პროგრამაში.

თორნიკეს ტაო-კლარჯეთის საგანმანათლებლო ექსპედიციაში მონაწილეობა სურს, რადგან იგი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სიღრმისეულად გაიცნო საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა და საკუთარი თვალით ნახო ის სივრცე, რომელიც ქართული კულტურის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. იგი ამ პროგრამისგან ელოდება, რომ გაიღრმავებს ცოდნას ქართულ ისტორიასა და კულტურაზე, უკეთ შეძლებს ისტორიული პროცესების თანამედროვე რეალობასთან დაკავშირებას და ეს ყოველივე დაეხმარება, უფრო მკაფიოდ დაინახოს საქართველოს განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები, რაც მისთვის, როგორც მომავალი ისტორიკოსისთვის, უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია.

იაკობ (ირაკლი) ორმოცაძე

სამტრედია, იმერეთი

იაკობ (ირაკლი) ორმოცაძე დაიბადა სამტრედიაში. ბავშვობა გაატარა მშობლიურ ქალაქში, ხოლო უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში გადავიდა და სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. დღეისთვის იგი სპეციალიზდება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. აკადემიური ზრდა იაკობის ერთადერთი მიზანი არ არის, მას მყარად აქვს გადაწყვეტილი, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან 2023 წელს დააფუძნა (აღადგინა) „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი“, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად იქცა. მის აქტიურობას უკავშირდება ახალგაზრდული პლატფორმა „თერგის“ შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს ეკონომიკური განათლების შეძენასა და მეწარმეობის კულტურის განვითარებაში ეხმარება.

ექსპედიცია დაეხმარება, გაიფართოვოს თვალსაწიერი და დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ტაო-კლარჯეთის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში. დარწმუნებულია, რომ გაიცნობს უამრავ ნიჭიერ თანატოლსა და პროფესიონალს, რომელთაგან ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას ელის. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ისტორიულ რეგიონში გატარებული დღეები იქნება ნაყოფიერი, სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და დაუდებს სათავეს ახალ, კიდევ უფრო დიდ საქმეს.

ლაშა სამხარაძე

თბილისი

ლაშა სამხარაძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 2023 წელს მან ოქროს მედალზე დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის გიმნაზია და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულებით. ამჟამად იგი არის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტი, აქვს უმაღლესი აკადემიური მოსწრება და არის სახელმწიფო სტიპენდიის ხუთგზის მფლობელი.

ლაშა აქტიურად მონაწილეობს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, უნივერსიტეტის კულტურულ პროექტებში, მუსიკალურ ღონისძიებებსა და სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა მხარეში. მის აკადემიურ ინტერესებს წარმოადგენს ქვეყნის ისტორიის, ლიტერატურისა და ფოლკლორის საკითხების კვლევა.

მის მიერ გამოვლენილი დიდი ენთუზიაზმიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე, ლაშა სამხარაძე ტაო-კლარჯეთის საგანმანათლებლო ექსპედიციის მონაწილედ შეირჩა, სადაც იგი აპირებს საკუთარი გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებასა და თავისი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას.

ლიზი ტაბატაძე

რუსთავი, ქვემო ქართლი

ლიზი ტაბატაძე არის 21 წლის სტუდენტი ქალაქ რუსთავიდან. დაამთავრა მეოთხე საჯარო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა), პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძო. სკოლის პერიოდიდან დაინტერესდა ისტორიით (მონაწილეობდა პროექტ „დიდგორელში“) და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით.

უნივერსიტეტში სწავლის დროს იმყოფებოდა ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, სადაც „European Studies“ მიმართულებით სწავლობდა. ეს გამოცდილება მას დაეხმარა როგორც სხვა კულტურისა და პერსპექტივის გაგებაში, ასევე საკუთარი ხედვების გამყარებაში. მისი ინტერესის მთავარი სფერო საქართველოს საგარეო პოლიტიკაა, შესაბამისად, მისი პროფესიული მიზანია ამ სფეროში განათლების მიღება და განვითარება. აქტიურად მუშაობს აკადემიურ ნაშრომებზე და ხშირად იკვლევს საქართველოს როლს რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში.

ტაო-კლარჯეთში ექსპედიციიდან ლიზი ელოდება ამ რეგიონის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა, არამედ იმის გააზრება, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს საზოგადოებამ მათი დაცვისა და პოპულარიზაციის პროცესში.

კესანე კაციაშვილი

თბილისი

კესანე კაციაშვილი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ თბილისში. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატზე.

მისი ძირითადი აკადემიური ინტერესები მოიცავს ლიტერატურას (როგორც ქართულს, ისე მსოფლიოს), ლინგვისტიკას, ისტორიასა და ენებს. მონაწილეობა აქვს მიღებული სამ სტუდენტურ კონფერენციაში, რომლებიც სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ლიტერატურის აქტუალობის საკითხებს ეხებოდა. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გაერთიანება „თსუ ფილოლოგთა კლუბის“ წევრი.

ამ ექსპედიციით იგი იმიტომ დაინტერესდა, რომ სურს, საკუთარი თვალით ნახოს ისტორიული მხარე, რომელსაც აქამდე მხოლოდ თეორიული მასალებით იცნობდა. ის ფიქრობს, რომ ექსპედიციაზე გაიცნობს სრულიად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ადამიანებს, რომელთაც საერთო ინტერესები აერთიანებთ, და ეს ტაო-კლარჯეთში გასატარებელი რამდენიმე დღეც დიდი მნიშვნელობის მქონე დაუვიწყარ მოგზაურობად იქცევა.

მარიამ ოთარაშვილი

თბილისი

მარიამ ოთარაშვილი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ თბილისში. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის მიმართულებით. მისი ძირითადი აკადემიური ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შენარჩუნება და დაცვაა.

მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოხალისეობრივ პროგრამებში, ხოლო Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ესპანეთში.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში მონაწილეობას მარიამი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ეს საშუალებას მისცემს, ახლოს გაეცნოს რეგიონის ისტორიულ ძეგლებს და გაიღრმაოს ცოდნა მათი დაცვის საკითხებში. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანატოლებთან გამოცდილების გაზიარება და საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის პოპულარიზაცია.

ნათია ტურიაშვილი

ახალსოფელი, კახეთი

ნათია ტურიაშვილი დაიბადა ქალაქ ყვარელში. სკოლა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაასრულა. ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ამჟამად სწავლას რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. 2025 წელს იგი გაცვლითი პროგრამით შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მისი აკადემიური ინტერესების სფერო რელიგიის სოციოლოგიასა და კულტურის კვლევებს მოიცავს. ამჟამად იგი მშობლიურ უნივერსიტეტში მოწვეული მკვლევრის პოზიციაზეა დასაქმებული.

გარდა ამისა, აქტიურად არის ჩართული არაფორმალური განათლების სფეროში. იგი 2018 წლიდან მუშაობს მისივე სოფელში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, როგორც ახალგაზრდული კლუბების ხელმძღვანელი. აქვს სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ასაკის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური აღმსარებლობის მქონე ახალგაზრდებთან მუშაობის, პროექტებისა თუ ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციისადმი ნათიას ინტერესი არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას უკავშირდება, არამედ სრულად იზიარებს პროექტის მთავარ მიზანს: ახალგაზრდებში კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებასა და ამ გზაზე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას.

ნია ფოფხაძე

ხარაგაული, იმერეთი

ნია ფოფხაძე დაიბადა და აღიზარდა ხარაგაულში. დღეს იგი სწავლობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსზე, ევრო-ატლანტიკური განხრით.

მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო კონფლიქტების, მათი მოგვარების გზებისა და ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების შესწავლა. იგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში. 2025 წელს ის გამოვიდა კონფერენციაზე ნიუ-ვიჟენის უნივერსიტეტში თავის თანაჯგუფელებთან ერთად და წარადგინა კვლევითი შეთავაზება „Democracy Promotion versus External Authoritarian Influence: EU Efforts in Candidate Countries Caught Between Brussels and Moscow“. 2026 წლის აგვისტოში, ერთთვიანი სასწავლო პერიოდით გაემგზავრება გერმანიის ქალაქ ბონში.

მას მიაჩნია, რომ ტაო-კლარჯეთში ექსპედიცია დაეხმარება ამ ისტორიული მხარის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ამასთანავე იმის გარკვევაში, თუ დღევანდელი ქართული ისტორიული ძეგლები რა მდგომარეობაშია თურქეთის ტერიტორიაზე. ამავდროულად, ნია დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი მისცემს მას შესაძლებლობას, პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას ქართული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

საბა ბოლქვაძე

ქვედა აჭყვა, აჭარა

საბა ბოლქვაძე დაიბადა 2005 წელს დაბა ჩაქვში, ხოლო გაიზარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვაში. იგი სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსზე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.

მისი ძირითადი აკადემიური ინტერესებია პარტიული სისტემები, ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკური მიმდინარეობები, პოლიტიკური კომუნიკაცია, საპროტესტო მობილიზაცია და საგარეო პოლიტიკა. საბა აქტიურად მონაწილეობს აკადემიურ კვლევებსა და სტუდენტურ ინიციატივებში. ასევე ჩართულია სხვადასხვა კვლევით და საგანმანათლებლო პროექტში, არის პოლიტიკის კვლევებისა და ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის სტაჟიორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო პოლიტიკის კურსის ასისტენტი.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია მისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, სიღრმისეულად გაიაზროს ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად იმუშაოს კულტურული მეხსიერების დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

საბა ფარჯიკია

ზუგდიდი, სამეგრელო

საბა ფარჯიკია დაიბადა ქალაქ ზუგდიდში, ხოლო გაიზარდა და სკოლა სოფელ ჭაქვინჯაში დაასრულა. მას გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ორწლიანი პროფესიული სასწავლო კურსი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსზე სწავლობს და ამავე სასწავლებლის სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტია.

მისი ინტერესი და მომავალი პროფესიული სფერო არქეოლოგიაა. მონაწილეობა აქვს მიღებული „ფიჭვნარის არქეოლოგიურ ექსპედიცია 2025“-სა და „ხობის არქეოლოგიურ ექსპედიცია 2025“-ში. მონაწილეობდა „სტუდფესტი 2025“-ის მოხალისეობრივ კომპონენტში, რომლის ფარგლებშიც გუნდთან ერთად შექმნა მითებისა და ლეგენდების კრებული — „ზეპირი მემკვიდრეობა“ და სამაგიდო თამაში. ასევე მოხსენებით გამოვიდა კონფერენციებში: „როგორ გვესმის რომაული და ანტიკური სამყარო“ და „XVII სამეცნიერო კონფერენცია” – ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისი ინტერესი და მოლოდინია, რომ ექსპედიციის ფარგლებში უკეთ შეიცნობს ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალურ ძეგლებს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.

საბა ცეცხლაძე

ხულო, აჭარა

საბა ცეცხლაძე დაიბადა და გაიზარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილებში. მე-11 კლასამდე სწავლობდა ოქრუაშვილების საჯარო სკოლაში, ხოლო მე-12 კლასი დაასრულა ხულოში არსებულ სასულიერო გიმნაზიაში. სკოლის პერიოდში საბა განსაკუთრებულად დაინტერესებული იყო ისტორიით, გეოგრაფიით, ქართული ენითა და სპორტით. სწორედ ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ცხოვრების ახალ ეტაპზე მან აირჩია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულება.

საბა განსაკუთრებით დაინტერესებულია ისტორიით და აქტიურად არის ჩართული არქეოლოგიის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში. ასევე, მონაწილეობს მრავალ საუნივერსიტეტო აქტივობაში, როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტულ ღონისძიებებში.

პროექტი „დათვალიერება კმარა“ მას საშუალებას მისცემს, მიიღოს მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. ეს მისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება, რადგან გაეცნობა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, დაათვალიერებს ისტორიულ ძეგლებს და შესაძლებლობა ექნება, ახლოდან შეისწავლოს მათი ისტორია და მნიშვნელობა.

პროგრამის განრიგი

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე I (თბილისი) – ხუთშაბათი, 23 ივლისი

  • საქართველოს ეროვნულ მუზეუმი
  • აკაკი ბაქრაძის მემკვიდრეობა
  • ლექციები ტაო-კლარჯეთზე
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე II (ტაო-კლარჯეთი) – პარასკევი, 24 ივლისი

  • ძეგლების მონახულება: ქაჯის ციხე, ტბეთა, ხანძთა, დოლისყანა
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე III (ტაო-კლარჯეთი) – შაბათი, 25 ივლისი

  • ძეგლების მონახულება: არხალო, ოთხთა, ოშკი, ხახული
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე IV (ტაო-კლარჯეთი) – კვირა, 26 ივლისი

  • ძეგლების მონახულება: პარხალი, იშხანი, ბანა
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე V (თბილისი) – ორშაბათი, 27 ივლისი

  • შემაჯამებელი პროექტის დაგეგმვა და ფორმატის განხილვა

კარგია დათვალიერება. მართლაც დიდებული და თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც ბუნებას შეუქმნია, ოღონდ ყველაფერს ადამიანის ხელიც უნდა დავატყოთ! ამან დამაფიქრა და მტკივნეული კითხვა გამიჩინა – სადამდე უნდა ვათვალიეროთ ჩვენივე მამული?!

– აკაკი ბაქრაძე, დათვალიერება კმარა?

შემაჯამებელი პროექტი 

ექსპედიციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, თითოეულმა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემაჯამებელი პროექტი ერთ-ერთი მიმართულებით. პროექტი შეიძლება მომზადდეს როგორც ინდივიდუალურად, ისე რამდენიმე სტუდენტის თანამშრომლობით:

  1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროექტი: პროექტის მიზანია ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა. ასეთი პროექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ვიდეო-რეპორტაჟი ან ვლოგი სოციალური ქსელებისთვის, პრეზენტაცია უნივერსიტეტში, ფოტო-გამოფენა, საჯარო ლექცია, საინფორმაციო კამპანია ან სხვა შემოქმედებითი ინიციატივა. საუკეთესო პროექტებს აკაკი ბაქრაძის საზოგადოება განსახორციელებლად 750–1000 ლარის ფარგლებში დაუჭერს მხარს.
  2. ინსტიტუციური პროექტი: პროექტის მიზანია კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან სახელმწიფომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძო სექტორმა, საქველმოქმედო ფონდებმა, დონორებმა ან სხვა შესაბამისმა ინსტიტუტებმა ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის. საუკეთესო მემორანდუმის ავტორი (ან ავტორები) დაჯილდოვდება 1,000 ლარით. გარდა ამისა, საზოგადოება ითანამშრომლებს პარტნიორ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს გამორჩეული იდეების პრაქტიკულ განხორციელებას.

პროექტების მომზადებისთვის მონაწილეებს წინასწარ გადაეცემათ შესაბამისი ინსტრუქციები და სამუშაო შაბლონები. პროექტების ელექტრონულად ჩაბარების შემდეგ, სექტემბერში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც თითოეული მონაწილე 10–15 წუთიანი პრეზენტაციით წარადგენს საკუთარ იდეას და საზოგადოების მმართველ საბჭოსთან ერთად იმსჯელებს მისი განხორციელების გზებზე.


ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ყველაზე ხშირად სვამენ. თუ თქვენს კითხვაზე პასუხი აქ არ არის, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: info@akakibakradzesociety.org — სიამოვნებით დაგეხმარებით.

როგორ ხდება მონაწილეების შერჩევა?
მონაწილეები შეირჩევიან წარდგენილი განაცხადისა (რომელიც მოიცავს კითხვარზე გაცემულ პასუხებს, პირად ესეს, რეზიუმესა და ნიშნების ფურცელს) და გასაუბრების საფუძველზე.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი?
შერჩევისას ყურადღება ექცევა სტუდენტის ინტერესს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და მის სურვილს, ჩაერთოს საზოგადოებრივ საქმიანობაში. ასევე მნიშვნელოვანია აკადემიური მოსწრება (მაღალი GPA/ნიშნები) და პროგრამის მიმართ გამოხატული ენთუზიაზმი.

როდის და როგორ გავიგებ ჩემი განაცხადის შედეგებს?
განაცხადების მიღება სრულდება 27 აპრილს. მაისის პირველ ნახევარში შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრების დასაგეგმად. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 8 ივნისს. გთხოვთ, აღნიშნულ პერიოდში პერიოდულად გადაამოწმოთ თქვენი ელფოსტა.  

აუცილებელია თუ არა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტობა?
არა, კონკრეტულ ფაკულტეტზე სწავლა სავალდებულო არ არის. პირიქით, ჩვენი მიზანია სხვადასხვა აკადემიური ინტერესის მქონე სტუდენტების გაერთიანება.

შეუძლიათ თუ არა მონაწილეობის მიღება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს?
დიახ, პროგრამაში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტებისთვისაც არის შესაძლებელი.

შეუძლიათ თუ არა პროგრამაში მონაწილეობა მაგისტრატურის სტუდენტებს?
წლევანდელი ექსპედიცია ძირითადად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ გამონაკლისი შემთხვევები და მივიღოთ განაცხადები მაგისტრატურის სტუდენტებისგანაც. 

რამდენი მონაწილე შეირჩევა?
ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად სულ 15 სტუდენტი შეირჩევა.

ვინ უხელმძღვანელებს ექსპედიციას?
ექსპედიციას უხელმძღვანელებს ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე, აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად.

რა ხარჯებს ფარავს პროგრამა?
პროგრამა სრულად დაფინანსებულია. დაფინანსება მოიცავს ტრანსპორტირებას, საცხოვრებელს, პროგრამით გათვალისწინებულ ყველა აქტივობასა და საგანმანათლებლო კომპონენტს.