თორნიკე გოგალაძე, კავკასიის უნივერსიტეტი
„დათვალიერება კმარა?“ — ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია და გზა მოქმედებისკენ
“დათვალიერება კმარა?” — ამ კითხვით დაიწყო ჩვენი ხუთდღიანი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში.
გამგზავრებამდე, პირველი დღე “დათვალიერება კმარას” შინაარსის გააზრებას დავუთმეთ. აკაკი ბაქრაძის ნაშრომებზე დაყრდნობით, ვისაუბრეთ სიტყვასა და საქმეს შორის არსებულ მუდმივ აცდენაზე, თუ რატომ არის ბევრად მარტივი პასუხისმგებლობაზე საუბარი, ვიდრე მისი შესრულება. ასევე ვიმსჯელეთ, თუ რას ნიშნავს ზრუნვა საკუთარ მემკვიდრეობაზე, არა სხვისი ან მხოლოდ სახელმწიფოს გულხელდაკრეფილი ლოდინით, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებითა და ინიციატივის ხელში აღებით.
ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება კეთილი განზრახვით დაწყებული საქმეც კი მცდარი მიმართულებით წარიმართოს, თუ ის პირად წარმოდგენას დაეფუძნება და არა ადგილობრივ საჭიროებას. ამიტომ, სანამ მოქმედებას გადავწყვეტთ, ჯერ რეალობა უნდა შევისწავლოთ, გარემოებებს კარგად გავეცნოთ და მხოლოდ შემდეგ განვსაზღვროთ, რა შეიძლება იყოს სასარგებლო.
ეს დისკუსიები გახდა ის ინტელექტუალური საფუძველი, საიდანაც ექსპედიცია დაიწყო.
მომდევნო დღეს კი ტაო-კლარჯეთში ჩავედით.
მომდევნო დღეებში ის იდეები, რომლებზეც თავდაპირველად მაგიდასთან ვმსჯელობდით, იმ რეალობას შეხვდა, რომლის სრულად აღქმაც შორიდან შეუძლებელი იყო. ხანძთაში, ოშკში, ოთხთასა და ბანაში სტუდენტები იმ ძეგლების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა მასშტაბი და დიდებულება საუკუნეების მერეც გაოცებას იწვევს.
საამაყო იყო იმის დანახვა, თუ როგორი შრომით, ცოდნით, თავდადებითა და თავდაჯერებით შეიქმნა ეს დიადი ძეგლები, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც დღესაც კი ჭირს მიღწევა. ექსპედიციის ერთი მონაწილე, კესანე კაციაშვილი წერს: „ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნებისას გამიათმაგდა რწმენა როგორც ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ისე მთელი ქართველობისა და, შესაბამისად, საკუთარი თავისაც.“
თუმცა, სიამაყესთან ერთად იყო სევდა. ნაგებობები, რომლებიც ოდესღაც მარადიული ჩანდა, დღეს დაუცველია და ნელ-ნელა ქრება. როგორც სტუდენტი ბარბარე ჩხარტიშვილი აღნიშნავს, ამ გამოცდილებამ მას დაუტოვა “სევდანარევი სიამოვნება”, სიამაყე და აღტაცება შექმნილის მიმართ, რომელიც გადაჯაჭვულია იმ ტკივილთან, რაც ამ ძეგლების დაკარგვით არის გამოწვეული. თამთა გიორგაძე კი წერს, რომ ეს ადგილები მას ახლაც, დაბრუნების შემდეგაც ცხადად ახსოვს: „თვალების დახუჭვისას დღემდე ჩრდილებად ვხედავ თაღთა რიტმულ მონაცვლეობასა და ზეცისკენ აზიდულ სვეტებს.“
ისტორიულ მემკვიდრეობასთან კავშირის პარალელურად, ექსპედიციის მონაწილეები ერთმანეთსაც დაუახლოვდნენ.
ხუთი დღის განმავლობაში, თხუთმეტი სტუდენტი, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის წარმომადგენელი იყო, თანდათან ერთ ჯგუფად ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ ძეგლების ირგვლივ რთულად მისავლელ ადგილებამდე მიღწევაში, ერთმანეთს უზიარებდნენ იმას, რასაც ხედავდნენ და მსჯელობდნენ, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. ოთხთაში სალამურის ხმამ და მათმა გალობამ წამიერად გააცოცხლა ტაძარში არსებული სივრცე. სასტუმროში დაბრუნებულებმა კი საქართველოს შესახებ მეგობრული ვიქტორინა მოაწყვეს, ხოლო სასტუმროს ქართული წარმოშობის მფლობელთან საუბარმა მემკვიდრეობის, ენისა და მეხსიერების საკითხები უფრო უშუალო და ხელშესახები გახადა.
დათვალიერების შემდეგ
ამ გამოცდილებებში დაიბადა იდეები, კითხვები და მოქმედების შესაძლო გზები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ექსპედიციის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ სტუდენტებზე შთაბეჭდილების მოხდენა. თბილისში დაბრუნება შეიძლებოდა ფოტოებით, ემოციებითა და იმის შეგრძნებით, რომ რაღაც განსაკუთრებული ვნახეთ. მაგრამ ეს მაინც პასუხგაუცემელს დატოვებდა მთავარ კითხვას:
თუ დათვალიერება არ კმარა, რა უნდა მოჰყვეს მას?
სტუდენტები დაბრუნდნენ კითხვებით, ახალი ურთიერთობებითა და სამომავლო ხედვით. მომდევნო თვეების განმავლობაში მათ მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ათი პროექტი შეიმუშავეს. მთავარი გამოწვევა იყო, როგორ ექციათ იდეები რეალისტურ და განხორციელებად ინიციატივებად. როგორც ლიზი ტაბატაძე წერს, „მიღებულ ცოდნას თან ახლდა ძლიერი ემოციები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო მიზნისკენ გვიბიძგებს — მოქმედებისკენ.“
2026 წლის 24 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, სტუდენტებმა საკუთარი პროექტები აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მმართველ საბჭოსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა განხილვა და მსჯელობა პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
კარგია დათვალიერება. მართლაც დიდებული და თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც ბუნებას შეუქმნია, ოღონდ ყველაფერს ადამიანის ხელიც უნდა დავატყოთ! ამან დამაფიქრა და მტკივნეული კითხვა გამიჩინა – სადამდე უნდა ვათვალიეროთ ჩვენივე მამული?!
– აკაკი ბაქრაძე, დათვალიერება კმარა?