„დათვალიერება კმარა?“ — 2026 წლის ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში

2026 წლის 23–27 ივლისს აკაკი ბაქრაძის საზოგადოების საგანმანათლებლო პროგრამის, „დათვალიერება კმარა?“, პირველი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში გაიმართა. ხუთდღიანმა პროგრამამ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 სტუდენტი გააერთიანა.

ექსპედიციის მიზანი იყო, სტუდენტებს არა მხოლოდ დაეთვალიერებინათ ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები, არამედ სიღრმისეულად გაეაზრებინათ მათი ისტორიული მნიშვნელობა, გაცნობოდნენ მათი დაცვის გამოწვევებს და ემსჯელათ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

ექსპედიციას ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე და აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრები ხელმძღვანელობდნენ.

პროგრამა თბილისში დაიწყო აკაკი ბაქრაძის მემკვიდრეობის განხილვითა და ტაო-კლარჯეთის ისტორიის გაცნობით. მომდევნო სამი დღე რეგიონის ისტორიული ძეგლების მონახულებას დაეთმო, ხოლო დასკვნით დღეს მონაწილეებმა მიღებული გამოცდილება შეაჯამეს და სამომავლო პროექტების მიმართულებებზე იმსჯელეს.

პროგრამის განრიგი

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე I (თბილისი) – ხუთშაბათი, 23 ივლისი

  • საქართველოს ეროვნულ მუზეუმი
  • აკაკი ბაქრაძის მემკვიდრეობა
  • ლექციები ტაო-კლარჯეთზე
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე II (ტაო-კლარჯეთი) – პარასკევი, 24 ივლისი

  • ძეგლების მონახულება: ტბეთა, ხანძთა, დოლისყანა
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე III (ტაო-კლარჯეთი) – შაბათი, 25 ივლისი

  • ძეგლების მონახულება: ოთხთა, ოშკი, ხახული
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე IV (ტაო-კლარჯეთი) – კვირა, 26 ივლისი

  • ძეგლების მონახულება: იშხანი, ბანა
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე V (თბილისი) – ორშაბათი, 27 ივლისი

  • შემაჯამებელი პროექტის დაგეგმვა და ფორმატის განხილვა

ექსპედიციიდან მოქმედებამდე

ექსპედიცია ხუთდღიანი მოგზაურობით არ დასრულებულა. თბილისში დაბრუნების შემდეგ სტუდენტებმა მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ათი პროექტი შეიმუშავეს. მათი მიზანი ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მისი დაცვის პრაქტიკული შესაძლებლობების გამოკვეთა იყო.

სტუდენტები ორი მიმართულებით მუშაობდნენ:

  1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება — ინიციატივები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გავრცელებასა და საზოგადოების ჩართულობას ისახავდა მიზნად.
  2. ინსტიტუციური პროექტები — კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო თუ სხვა შესაბამისი ორგანიზაციების მონაწილეობით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესაძლებლობებს განიხილავდა.

2026 წლის 24 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, სტუდენტებმა საკუთარი პროექტები აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მმართველ საბჭოსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა განხილვა, რომლის მიზანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შეფასება და მათი შემდგომი განვითარების გზების გამოკვეთა იყო.

გამორჩეული ინდივიდუალური პროექტებისთვის საზოგადოებამ 750–1,000 ლარის ფარგლებში განხორციელების დაფინანსება გაითვალისწინა, ხოლო საუკეთესო ინსტიტუციური პროექტების ავტორებისთვის — 1,000 ლარის სტიპენდია.

ექსპედიციის ხუთდღიანი ისტორია, ფოტომასალა და სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ათი პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს შემაჯამებელ გვერდზე.

ექსპედიციის მონაწილეები და მათი შთაბეჭდილებები

ანი თათარაშვილი

კასპი, შიდა ქართლი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

ანი თათარაშვილი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ კასპში. 2024 წელს დაამთავრა ქალაქ კასპის №4 საჯარო სკოლა. ის სკოლის პერიოდიდანვე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციების, მაგალითად, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, ,,კომლის‘‘, ,,ბილიკის‘‘ და სხვა, აქტივობებსა და ბანაკებში.

ანი კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური რეალობითა და კულტურული მემკვიდრეობით.

ამ მიმართულებით მისთვის ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ანი უკვე აქტიურად მუშაობს სამხრეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ისტორიულ წარსულზე. შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ ექსპედიციის ფარგლებში მიიღებს როგორც დიდ ემპირიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც დაეხმარება შემდგომ კვლევით საქმიანობასა და პიროვნულ-პროფესიულ გაზრდაში.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულ მოგონებებს უკავშირდება, როგორც შემეცნებითი/პროფესიული კუთხით, ისე ახალი მეგობრების გაცნობისა და მათთან ნაყოფიერად გატარებული დროის მხრივ.

ექსპედიცია სწორედ ისეთი გამოვიდა (თუ უკეთესი არა), როგორც წარმოდგენილი მქონდა. ტაო-კლარჯეთი ისტორიული საქართველოს ის ნაწილია, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქვეყნის დიად საუკუნეებს. ბანა, ოშკი, იშხანი და სხვა გრანდიოზული ძეგლები ამის კარგი მაგალითებია. ამ დიდებული ადგილების დათვალიერება და კვალიფიციური ადამიანებისგან მათი ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა დაუვიწყარ ემოციებს იწვევდა, რომელიც ახლაც არ ნელდება.

ექსპედიციის გახსენებისას, გარდა შემეცნებითი კუთხისა, საუკეთესოდ გამახსენდება იმ ადამიანებთან გატარებული დღეები, რომლებიც ძალიან მალე ჩემი ახლო მეგობრები გახდნენ და რომელთა წყალობითაც ეს რამდენიმე დღე კიდევ უფრო სახალისო და დაუვიწყარი გახდა.

საბოლოოდ, ექსპედიცია ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და დაუვიწყარი გამოვიდა, რისთვისაც უღრმესი მადლობა აკაკი ბაქრაძის საზოგადოებას და ექსპედიციის თითოეულ მონაწილეს.

ანრი გორგილაძე

გორგაძეები, აჭარა

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

ანრი გორგილაძე დაიბადა ქალაქ ბათუმში, თუმცა მისი ბავშვობისა და აღზრდის წლები ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებს უკავშირდება. გარკვეული პერიოდის გატარება დედაქალაქშიც მოუწია, თუმცა მალევე მშობლიურ სოფელს მიაშურა და სასკოლო განათლებაც იქვე დაასრულა. მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ინტერესებისა და ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშა ბაბუამ.

2025 წელს წარმატებით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად, იგი აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და მონაწილეობს სხვადასხვა კონფერენციაში. მისი გატაცება ლიტერატურა, განსაკუთრებით კი პოეზიაა. უყვარს წერა და დიდ პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებიც ლიტერატურის შემოქმედებით ძალას აფასებენ. გარდა ამისა, მისი ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო ისტორია და მემკვიდრეობაა. ამიტომაც ექსპედიციაზე ის დიდ მოლოდინებს ამყარებს, რათა ეზიაროს წარსულის იმ სიდიადეს, რომელიც შორეულ და თანაც ახლო ტაო-კლარჯეთშია ჩამარხული. მისი სამომავლო უმთავრესი მისწრაფებაა ჩამოყალიბდეს მაღალი დონის პროფესიონალ მედიცინის დოქტორად, რომელიც საკუთარ ცოდნასა და ენერგიას ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარს.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციის 5 დღე ჩემი 19-წლიანი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ მონაკვეთად იქცა. მან თავი მრავალი ასპექტით დამამახსოვრა: ისტორიით, რელიგიური კონტექსტით, წარსულის ხსოვნითა და შთამბეჭდავი გეოგრაფიით. ეს ყოველივე კი კიდევ უფრო ძვირფასი გახადა სწორად შერჩეულმა გუნდმა.

​იმ დიდმა ტკივილმა, რომელსაც ჩვენ მიერ დათვალიერებული ტაძრები და მათი შემოგარენი ტერიტორიები, ინახავენ, კიდევ უფრო გაამძაფრა დანაკლისის განცდა და შიში იმისა, რომ ეს ყოველივე ოდესმე შესაძლოა ისტორიას ჩაბარდეს, განადგურდეს და ჩვენს შემდგომ თაობებს წაერთვას მათი ხილვის შესაძლებლობა. ამავდროულად, ამ განცდამ გააძლიერა მათი შენარჩუნების სურვილი და დამარწმუნა, რომ მხოლოდ დათვალიერება ნამდვილად არ კმარა!

​ჩემს უამრავ მეგობარს უკვე ვესაუბრე და გავუზიარე ხუთდღიანი ემოციები, მრავალმა უკვე იცის ამ პროექტის შესახებ და ბევრსაც კეთილი შურით შურს, ამიტომაც იმედი მაქვს, მომავალში ისინიც გახდებიან ამ ექსპედიციის მონაწილეები.

ბარბარე ჩხარტიშვილი

თბილისი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

ბარბარე ჩხარტიშვილი დაიბადა თბილისში, დიდ ოჯახში. ის ოთხ დას შორის ნაბოლარაა. მან თბილისის №161 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე, ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. გარდა სწავლისა, ბარბარე გატაცებულია გრაფიკული დიზაინით, თაჩ დიზაინითა და ფოტოგრაფიით.

მესამე კურსზე ბარბარე პორტუგალიაში გაემგზავრა სასწავლებლად, სამრეწველო დიზაინის მიმართულებით, სადაც ერთწლიანმა სწავლამ დიდი გამოცდილება შესძინა. მეოთხე კურსზე კი სხვადასხვა გამოწვევას ეჭიდება და ცდილობს, მომავლისთვის გზა გაიკვალოს თავის საყვარელ სფეროში.

ბარბარესთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროექტის აღმოჩენა, რადგან მას სურს, იყოს იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც საქართველოს გაცნობას, შესწავლასა და სამშობლოს ფასეულობების გაზიარებას ემსახურებიან. სწორედ ამ პროექტში ხედავს ის ამ გზის დასაწყისს და დარწმუნებულია, რომ ეს პირველი ნაბიჯები დაეხმარება საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ერთ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ტაო-კლარჯეთს დღემდე ვერ ვივიწყებ. ახლაც სიზმარში მესიზმრება იქ ნანახი ნანგრევები, ორნამენტები და მოზაიკები. ამდენი სევდა და სიხარული ერთად არასდროს მიგვრძნია. ჩვენს მოგზაურობას „სევდანარევი სიამოვნება“ დავარქვი და  ვფიქრობ ზუსტად ასეა.

ამ სევდას კი იქ, ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები მიმსუბუქებდნენ, იმედით მავსებდნენ.

ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაბრუნება ძალიან გამიჭირდა. რთულია, როცა გინდა მუდამ განცდილ ემოციებზე ისაუბრო, მაგრამ იცი, რომ ყოველდღიური პრობლემების ფონზე გარშემომყოფებს ამაზე გამუდმებით ვერ დაელაპარაკები.

უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ტაოს მონახულების შესაძლებლობა მომეცა, რადგან არაერთი თაობაა, ვისაც იქ ყოფნის შანსი არასდროს ჰქონია. ჩემი სურვილია, ეს საოცარი ემოციები მხოლოდ ჩემში არ დარჩეს, ჩემნაირად აღფრთოვანებული და გაბრუებული კიდევ ბევრი ახალგაზრდა დაბრუნდეს ტაო-კლარჯეთიდან.

როცა ფოტოები სოციალურ ქსელში გავაზიარე, მათ დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. მაშინ წარმოვიდგინე, რა ემოციებს განიცდიან ისინი, ვისაც ამ ადგილების საკუთარი თვალით ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ.

მადლობა ამ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის. ვისურვებდი, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ამ საოცარ საზოგადოებასთან ერთად ტაოს ისტორიული ადგილები საკუთარი თვალით მოინახულონ.

თამთა გიორგაძე

ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

თამთა გიორგაძე დაიბადა და აღიზარდა სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში. მან დაასრულა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამჟამად ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია რესტავრაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით. მისი ძირითადი ინტერესის სფერო არქიტექტურის სამყაროში ტრიალებს, განსაკუთრებით დაინტერესებულია ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების სინთეზითა და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების კვლევა-ძიებით.

თამთა უკვე ორი წელია საქმიანობს არქიტექტურულ სტუდიოში მოცულობითი არქიტექტურის მიმართულებით. პარალელურად მონაწილეობს პროფესიულ ვორქშოფებსა და სემინარებში. სტუდენტობამდე აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ და მოხალისეობრივ ინიციატივებში, თანატოლებთან ერთად ზრუნავდა ადგილობრივი თემის განვითარებაზე.

მიიჩნევს, რომ ექსპედიციაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაეხმარება პროფესიული და კვლევითი გამოცდილების გაღრმავებაში და, როგორც თანამედროვე ტაოელს, მეტად დაახლოვებს საკუთარ კუთხესთან. სჯერა, რომ ეს ექსპედიცია აუცილებლად გააცნობს თანამოაზრე, გულანთებულ ახალგაზრდებს.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ერთიანად დაგროვილი ემოციების და შთაბეჭდილებების დალაგების შემდეგ ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი 23 წლის ცხოვრების განმავლობაში მსგავსი გასვლა ჯერ არ მქონია, სადაც ერთდროულად სხვადასხვა ემოციებით ვიქნებოდი დატვირთული, ხან ბედნიერების ნაპერწკალი გამკრავდა გულში, ხან უზადო სევდის და ტკივილის, რასაც ალბათ ნებისმიერი ქართველი გრძნობს, როცა ტაო-კლარჯეთის გზას მიუყვება და დიდებულ ოთხთას, ბანას, ოშკს და სხვა დანარჩენ ტაძრებს მოინახულებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩემზე, როგორც არქიტექტორზე, თითოეულმა მათგანმა იმდენად იმოქმედა, რომ თვალების დახუჭვისას დღემდე ჩრდილებად ვხედავ თაღთა რიტმულ მონაცვლეობას, ზეცისკენ აზიდულ სვეტებს, შეიძლება ითქვას ექსპედიციაში გატარებულმა დღეებმა “არქიტექტურული შოკი” დამმართა. და ეს ყველაფერი ვერ გამოვიდოდა სწორი და გამართული მენეჯმენტის გარეშე, იმ ურთიერთობების გარეშე, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში ვეზიარე, გიორგის შესანიშნავი გიდობის გარეშე. ექსპედიციამ ყველა ასპექტში გამიმართლა და გადააჭარბა კიდეც იმ მოლოდინებს, რასაც წამოსვლამდე ვამყარებდი.

ნებისმიერი პროფესიის სტუდენტს ვურჩევდი ამ პროგრამის ნაწილი გამხდარიყო, რადგან ისეთი რუდუნებით ვიყავით შერჩეული თითოეული მონაწილე, მიუხედავად ჩვენი სრულიად განსხვავებული პროფესიული მიმართულებებისა, ექსპედიციამ ყველა გაგვაერთიანა-ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, ერთად ვისწავლეთ, მიზნები დავისახეთ, ერთადაც ვიცინეთ. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი აღმოვჩნდი და საშუალება მექნება ერთად გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება.

თორნიკე გოგალაძე

ხაშური, შიდა ქართლი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

თორნიკე გოგალაძე დაიბადა და აღიზარდა ქალაქ ხაშურში. 2024 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის №3 საჯარო სკოლა. 2024 წელს ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე. 2024 წლის თებერვალ-მარტში მონაწილეობდა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში „ARTTechnoLab“. 2022-2024 წლებში მონაწილეობდა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ 2-წლიან ინგლისურენოვან „ACCESS“ პროგრამაში.

თორნიკეს ტაო-კლარჯეთის საგანმანათლებლო ექსპედიციაში მონაწილეობა სურს, რადგან იგი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სიღრმისეულად გაიცნო საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა და საკუთარი თვალით ნახო ის სივრცე, რომელიც ქართული კულტურის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. იგი ამ პროგრამისგან ელოდება, რომ გაიღრმავებს ცოდნას ქართულ ისტორიასა და კულტურაზე, უკეთ შეძლებს ისტორიული პროცესების თანამედროვე რეალობასთან დაკავშირებას და ეს ყოველივე დაეხმარება, უფრო მკაფიოდ დაინახოს საქართველოს განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები, რაც მისთვის, როგორც მომავალი ისტორიკოსისთვის, უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი მოგზაურობა აღმოჩნდა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი კუთხე, რომელიც დღემდე ინახავს ქართული კულტურისა და სულიერების კვალს. ექსპედიციის განმავლობაში მოვინახულეთ არაერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი, რომელთა სილამაზემ, არქიტექტურამ და მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. თითოეული მონასტერი, ტაძარი და ციხესიმაგრე გვიამბობდა საქართველოს დიდებულ წარსულზე და გვახსენებდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ის გარემო, რომელიც ექსპედიციას ახლდა. ერთად ვიმოგზაურე ძალიან კარგ და საინტერესო ადამიანებთან, რომლებთანაც არაერთი სასიამოვნო და საინტერესო საუბარი, გამოცდილება და ემოცია გავიზიარე. მეგობრული ატმოსფერო, ურთიერთპატივისცემა და საერთო ინტერესი ისტორიის მიმართ ამ მოგზაურობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.

ექსპედიცია მხოლოდ ისტორიული ადგილების დათვალიერება არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, უკეთ გაგვეაზრებინა ჩვენი ეროვნული იდენტობა, შეგვეგრძნო წინაპრების მიერ დატოვებული კულტურული სიმდიდრე და კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. ტაო-კლარჯეთმა თავისი ულამაზესი ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ეს მოგზაურობა დიდხანს დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც ცოდნით, შთაბეჭდილებებითა და ახალი მეგობრობით სავსე დაუვიწყარი გამოცდილება.

ლაშა სამხარაძე

თბილისი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

ლაშა სამხარაძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 2023 წელს მან ოქროს მედალზე დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის გიმნაზია და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულებით. ამჟამად იგი არის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტი, აქვს უმაღლესი აკადემიური მოსწრება და არის სახელმწიფო სტიპენდიის ხუთგზის მფლობელი.

ლაშა აქტიურად მონაწილეობს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, უნივერსიტეტის კულტურულ პროექტებში, მუსიკალურ ღონისძიებებსა და სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა მხარეში. მის აკადემიურ ინტერესებს წარმოადგენს ქვეყნის ისტორიის, ლიტერატურისა და ფოლკლორის საკითხების კვლევა.

მის მიერ გამოვლენილი დიდი ენთუზიაზმიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე, ლაშა სამხარაძე ტაო-კლარჯეთის საგანმანათლებლო ექსპედიციის მონაწილედ შეირჩა, სადაც იგი აპირებს საკუთარი გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებასა და თავისი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა მას შემდეგ იქცა ჩემს ოცნებად, რაც საქართველოს ისტორიის შესწავლა დავიწყე და უზომოდ მოხარული ვარ, რომ ახლა ამის შესაძლებლობა მომეცა. აღნიშნულ ექსპედიციას სრულიად ობიექტურად ვაძლევ უმაღლეს შეფასებას შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე – მეგობრული გარემო, სწორად შერჩეული მონაწილეები, თბილი და ყურადღებიანი სტაფი, თავისი საქმის შესანიშნავად მცოდნე ხელმძღვანელი და ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელსაც საოცრად შეუძლია თითოეული დეტალის გათვლა, დაგეგმვა და ორგანიზება. მადლობა ყველას ასეთი შთაბეჭდილებებისთვის. ტაო-კლარჯეთის სიდიადე ჩემს გონებაში მარადიულად იარსებებს და დარჩება ახალგაზრდობის წლების საუკეთესო მოგონებად.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია უდავოდ საუკეთესო იყო ყველა იმ ექსპედიციას შორის, რომელშიც კი ოდესმე ვყოფილვარ. ჯერ-ჯერობით არსად არასდროს მინახავს ერთდროულად ასეთი ბუმბერაზი, პომპეზური და დიადი, თუმცა ამავდროულად მომაკვდავი და საოცარი ტრაგიზმით აღსავსე ისტორიული ძეგლები, რომლებიც საქართველოს შორეული და თითქოს მივიწყებული წარსულის შესახებ საუბრობენ. მათი ხილვისას სიამაყისა და სიბრალულის შეგრძნება ერთდროულად მეუფლებოდა, რაც მათთან განშორებას კიდევ უფრო ართულებდა, თუმცა, როგორც ყველა ლამაზი სიზმარი, ეს ექსპედიციაც დასრულდა.

კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს და მომავალ შეხვედრამდე.

ლიზი ტაბატაძე

რუსთავი, ქვემო ქართლი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

ლიზი ტაბატაძე არის 21 წლის სტუდენტი ქალაქ რუსთავიდან. დაამთავრა მეოთხე საჯარო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა), პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძო. სკოლის პერიოდიდან დაინტერესდა ისტორიით (მონაწილეობდა პროექტ „დიდგორელში“) და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით.

უნივერსიტეტში სწავლის დროს იმყოფებოდა ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, სადაც „European Studies“ მიმართულებით სწავლობდა. ეს გამოცდილება მას დაეხმარა როგორც სხვა კულტურისა და პერსპექტივის გაგებაში, ასევე საკუთარი ხედვების გამყარებაში. მისი ინტერესის მთავარი სფერო საქართველოს საგარეო პოლიტიკაა, შესაბამისად, მისი პროფესიული მიზანია ამ სფეროში განათლების მიღება და განვითარება. აქტიურად მუშაობს აკადემიურ ნაშრომებზე და ხშირად იკვლევს საქართველოს როლს რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში.

ტაო-კლარჯეთში ექსპედიციიდან ლიზი ელოდება ამ რეგიონის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა, არამედ იმის გააზრება, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს საზოგადოებამ მათი დაცვისა და პოპულარიზაციის პროცესში.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ეს იყო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ემოციებით სავსე გამოცდილება, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მომეცა შესაძლებლობა, უფრო ღრმად გამეაზრებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამავდროულად, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერ ღირებულს დაცვა, ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. მიღებულ ცოდნას თან ახლდა ძლიერი ემოციები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ექსპედიციის თითოეულ მონაწილეს ერთი საერთო მიზნისკენ გვიბიძგებს – მოქმედებისკენ. ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ჩვენი ისტორიისა და კულტურის შესახებ ერთდროულად ძალიან ბევრიც ვიცით და, ამავე დროს, კიდევ იმდენივე გვაქვს აღმოსაჩენი. სწორედ ეს აღმოჩენის სურვილი და პასუხისმგებლობის განცდაა ის, რაც მომავალშიც გამაძლიერებს, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში ჩემი წვლილი შევიტანო.

მეგობრებს უკვე ექსპედიციის პერიოდშივე ვუზიარებდი ჩემს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. ყველას ვურჩევ, რომ გახდნენ ამ საოცარი პროგრამის ნაწილი, რათა აღმოაჩინონ ის, რაც აქამდე მათში უბრალოდ დამალული იყო. აღმოაჩინონ ძალა, იმისა, რომ მოქმედება შესაძლებელია!

კესანე კაციაშვილი

თბილისი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

კესანე კაციაშვილი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ თბილისში. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატზე.

მისი ძირითადი აკადემიური ინტერესები მოიცავს ლიტერატურას (როგორც ქართულს, ისე მსოფლიოს), ლინგვისტიკას, ისტორიასა და ენებს. მონაწილეობა აქვს მიღებული სამ სტუდენტურ კონფერენციაში, რომლებიც სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ლიტერატურის აქტუალობის საკითხებს ეხებოდა. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გაერთიანება „თსუ ფილოლოგთა კლუბის“ წევრი.

ამ ექსპედიციით იგი იმიტომ დაინტერესდა, რომ სურს, საკუთარი თვალით ნახოს ისტორიული მხარე, რომელსაც აქამდე მხოლოდ თეორიული მასალებით იცნობდა. ის ფიქრობს, რომ ექსპედიციაზე გაიცნობს სრულიად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ადამიანებს, რომელთაც საერთო ინტერესები აერთიანებთ, და ეს ტაო-კლარჯეთში გასატარებელი რამდენიმე დღეც დიდი მნიშვნელობის მქონე დაუვიწყარ მოგზაურობად იქცევა.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

პირველ რიგში იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მიხარია, აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მიერ ორგანიზებული ტაო-კლარჯეთის ექსპედიციის მონაწილე რომ მქვია. ეს რამდენიმე დღე უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო ჩემთვის და ბედნიერი ვარ, ჩვენი მოგზაურობა ამით რომ არ დასრულებულა.

ტაო-კლარჯეთზე ფიქრისას რატომღაც წარმომედგინა, რომ უცხო ქვეყნის გავლენა ამ ტერიტორიაზე საგრძნობი იქნებოდა. რამდენად დიდი იყო ჩემი გაკვირვება და სიხარული, როცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ტაოს ბუნება საქართველოსგან, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა და მართლა მეგონა, თითქოს ექსპედიციაზე საქართველოს რომელიმე მხარეში ვიყავი.  გამიგია, გრიგოლ ხანძთელის ღვაწლს ჯეროვნად მანამ ვერ დააფასებ, სანამ ხანძთის მონასტერში შენი ფეხით არ ახვალო. ახლა უკვე შემიძლია, რომ ეს სიტყვები დავადასტურო. ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნებისას გამიათმაგდა რწმენა როგორც ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ისე მთელი ქართველობისა და, შესაბამისად, საკუთარი თავისაც.

მთელი ექსპედიცია ძალიან კარგად იყო ორგანიზებული დაწყებული სამზადისით და დასრულებული საბოლოო პროექტების გეგმით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელობას: მადლობა ისტორიკოს ალექსანდრე ქავთარაძეს, რომლის ჩვენდამი უშუალო დამოკიდებულებამაც არაერთი ფერადი მომენტი და სამახსოვრო მოგონება შექმნა. მადლობა ისტორიკოს გიორგი მაღრაძეს, რომლის პროფესიონალიზმმაც ქართული ტაძრები თვალწინ გაგვიცოცხლა (და რომელთანაც ჯგუფის რამდენიმე წევრმა ,,მესხთა კავშირიც” კი შევქმენით). მადლობა მარკეტინგის ასისტენტ ანა ალიაშვილს, რომელმაც თითოეულ ჩვენგანთან გულითადი მეგობრობა დაამყარა და თავი ძალიან შეგვაყვარა. დაბოლოს, მადლობა აკაკი ბაქრაძის საზოგადოების ხელმძღვანელ ვალერი სიხუაშვილს, რომელმაც ეს ექსპედიცია იდეიდან რეალობად აქცია, რომელიც თავისი გაწონასწორებულობითა და სიმშვიდით არასდროს გვაგრძნობინებდა, თუ რაიმე პრობლემა იყო და რომელმაც თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალურად გამონახა საერთო ენა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თუ რამდენად მარტივად დავამყარე ურთიერთობა თითოეულ სტუდენტთან. მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა უსათუოდ გაგრძელდება. ვერასდროს ვიფიქრებდი, ამდენად განსხვავებული სფეროს წარმომადგენელ ადამიანებთან ამდენ საერთოს თუ გამოვნახავდი.

ჯერ-ჯერობით კიდევ მიჭირს ემოციების თავმოყრა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თავს დიდი ამბის მონაწილედ აღვიქვამ.

მარიამ ოთარაშვილი

თბილისი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

მარიამ ოთარაშვილი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ თბილისში. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის მიმართულებით. მისი ძირითადი აკადემიური ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შენარჩუნება და დაცვაა.

მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოხალისეობრივ პროგრამებში, ხოლო Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ესპანეთში.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში მონაწილეობას მარიამი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ეს საშუალებას მისცემს, ახლოს გაეცნოს რეგიონის ისტორიულ ძეგლებს და გაიღრმაოს ცოდნა მათი დაცვის საკითხებში. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანატოლებთან გამოცდილების გაზიარება და საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის პოპულარიზაცია.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ტაო-კლარჯეთის ეს ექსპედიცია ნამდვილად უნიკალურ მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. აღუწერელია ის სილამაზე, რომელიც ეგრედწოდებულ ახალ ქართლში ვნახეთ. ამის გარდა, ექსპედიციამ გამააზრებინა, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტული თვალით დათვალიერება, არამედ კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ფიზიკური ძეგლების, ასევე იქ მცხოვრები ხალხის და მათი მნიშვნელობის, დაფასება და მის დასაცავად აქტიურად მუშაობა. ყველა ახალგაზრდას გავუწევდი ასეთ პროექტებში მონაწილეობის რეკომენდაციას.

ნათია ტურიაშვილი

ახალსოფელი, კახეთი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

ნათია ტურიაშვილი დაიბადა ქალაქ ყვარელში. სკოლა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაასრულა. ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ამჟამად სწავლას რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. 2025 წელს იგი გაცვლითი პროგრამით შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მისი აკადემიური ინტერესების სფერო რელიგიის სოციოლოგიასა და კულტურის კვლევებს მოიცავს. ამჟამად იგი მშობლიურ უნივერსიტეტში მოწვეული მკვლევრის პოზიციაზეა დასაქმებული.

გარდა ამისა, აქტიურად არის ჩართული არაფორმალური განათლების სფეროში. იგი 2018 წლიდან მუშაობს მისივე სოფელში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, როგორც ახალგაზრდული კლუბების ხელმძღვანელი. აქვს სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ასაკის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური აღმსარებლობის მქონე ახალგაზრდებთან მუშაობის, პროექტებისა თუ ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციისადმი ნათიას ინტერესი არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას უკავშირდება, არამედ სრულად იზიარებს პროექტის მთავარ მიზანს: ახალგაზრდებში კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებასა და ამ გზაზე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ბანას ტაძრის შუაგულში, ალბათ ოდესღაც დიდებული გუმბათიდან მიწას დანარცხებულ ქვებზე იისფერი „უკვდავება“ ყვავის. ეს ყვავილი შესანიშნავად ახერხებს ისეთ გარემოში არსებობას, სადაც სხვა მცენარეები ფესვს ვერ იდგამენ. თუ უკვდავებას მიწიდან მოთხრი, ის მაინც უცვლელად ინარჩუნებს საკუთარ სახეს, ხმება, მაგრამ წლების განმავლობაში მისი სილამაზე არ ქრება.

როცა ბანას ტაძარი — ან, უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა — უკან, მოვიტოვეთ, ვფიქრობდი იისფერ ყვავილებზე, რომელსაც მიწიდან მოგლეჯით ვერ უკარგავ დიდებულებას, მაგრამ თუკი მათ აღარავინ დარგავს, ქარი კი მათ მტვერს ირგვლივ აღარ მოაბნევს, სილამაზე აღარც მიწაში დაგვხვდება და ვერც შეკონილს წავიღებთ თან.

რთულია სიტყვებად აქციო ამ ექსპედიციის გამოცდილება, თუ როგორ ენაცვლება ერთმანეთს აღტაცება და სევდა.

ნია ფოფხაძე

ხარაგაული, იმერეთი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

ნია ფოფხაძე დაიბადა და აღიზარდა ხარაგაულში. დღეს იგი სწავლობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსზე, ევრო-ატლანტიკური განხრით.

მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო კონფლიქტების, მათი მოგვარების გზებისა და ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების შესწავლა. იგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში. 2025 წელს ის გამოვიდა კონფერენციაზე ნიუ-ვიჟენის უნივერსიტეტში თავის თანაჯგუფელებთან ერთად და წარადგინა კვლევითი შეთავაზება „Democracy Promotion versus External Authoritarian Influence: EU Efforts in Candidate Countries Caught Between Brussels and Moscow“. 2026 წლის აგვისტოში, ერთთვიანი სასწავლო პერიოდით გაემგზავრება გერმანიის ქალაქ ბონში.

მას მიაჩნია, რომ ტაო-კლარჯეთში ექსპედიცია დაეხმარება ამ ისტორიული მხარის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ამასთანავე იმის გარკვევაში, თუ დღევანდელი ქართული ისტორიული ძეგლები რა მდგომარეობაშია თურქეთის ტერიტორიაზე. ამავდროულად, ნია დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი მისცემს მას შესაძლებლობას, პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას ქართული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ რადგანაც ზედაპირული ცოდნა გამაჩნდა ტაო-კლარჯეთის ისტორიის შესახებ, არ მოველოდი, რომ მსგავსი დიდებულებისა და ზომის მქონე ძეგლებს მოვინახულებდით. როდესაც ბატონი გიორგი ეკლესიების შექმნის ისტორიას და არქიტექტურულ დაგეგმარებას ხსნიდა, ყოველ ჯერზე პირღია ვრჩებოდი. არ წარმომედგინა, რომ ამდენად განვითარებული და დახვეწილი იყო ხუროთმოძღვრება.

ბანა განსაკუთრებით სამახსოვრო იყო და ყველა ახლობელსა და მეგობარს ვუთხარი, რომ ამის ნახვის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყო, მეც ძლივს შეველიე და, ალბათ, მომავალში კვლავ მოვინახულებ. დაუჯერებელი იყო იმ ნანგრევებთან ყოფნა, რომელიც ადრე მხოლოდ მეორე იყო აია-სოფიის შემდეგ. ძალიან დიდი ნაღველითაც ავივსი, წამოსვლისას გულს მატკიებდა ის ფაქტი, რომ ასეთი დიდებული ისტორიის ნაწილი უბრალოდ ნადგურდებოდა, ჩვენი კვალი იშლებოდა ნელ-ნელა ისტორიიდან. მადლობელი ვარ ამ პროგრამის, რომ მაჩვენა, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ ადრე ქართველებს, რა სიწმინდეები გაგვაჩნია და რატომაა ისინი დასაცავი. მეც აუცილებლად წვლილს ჩავდებ მათ შემონახვაში!

საბა ბოლქვაძე

ქვედა აჭყვა, აჭარა

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

საბა ბოლქვაძე დაიბადა 2005 წელს დაბა ჩაქვში, ხოლო გაიზარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვაში. იგი სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსზე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.

მისი ძირითადი აკადემიური ინტერესებია პარტიული სისტემები, ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკური მიმდინარეობები, პოლიტიკური კომუნიკაცია, საპროტესტო მობილიზაცია და საგარეო პოლიტიკა. საბა აქტიურად მონაწილეობს აკადემიურ კვლევებსა და სტუდენტურ ინიციატივებში. ასევე ჩართულია სხვადასხვა კვლევით და საგანმანათლებლო პროექტში, არის პოლიტიკის კვლევებისა და ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის სტაჟიორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო პოლიტიკის კურსის ასისტენტი.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია მისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, სიღრმისეულად გაიაზროს ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად იმუშაოს კულტურული მეხსიერების დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

მოცემული პროექტი არ იყო მხოლოდ სტანდარტული ექსკურსია, არამედ ის იყო ცოდნის ტრანსფერის და სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიქსი, რაც მონაწილეებს მაქსიმუმის მიღების საშუალებას აძლევდა პროექტიდან. ასევე მნიშვნელოვანი იყო პროგრამის გაწერის ხარისხი, რადგან მაღშრუტები და დასათვალიერებელი ძეგლები ლოგიკურ ბმაში იყო ერთმანეთთან და ერთზე ინფორმაციის მიღება მეორესთან კავშირის დანახვისა და ამის საფუძველზე ანალიზის შესაძლებლობას იძლეოდა. პროექტს დიდ ღირებულებას ანიჭებს ისიც, რომ დროის მენეჯმენტი ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული და მონაწილეებს პრობლემა არ შექმნიათ არც ერთი მიმართულებით. ხოლო საბოლოო მნიშვნელობა აქვს იმ იდეას, რომ ექსპედიციის შემდეგ იწყება პროექტზე მუშაობა, რამაც ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების პრობლემა რაღაც კუთხით მოაგვაროს, რაც უმნიშვნელოვანესია და პროექტს უფრო საინტერესოს ხდის.

რაც შეეხება მომავალ მონაწილეებს, მათ ვუსურვებდი, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ერთი აგური მათაც დადონ ქართული საქმის კეთების გზაზე. წარმატებებს ვუსურვებ აკაკი ბაქრაძის საზოგადოებას და იმედია მსგავსი ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

საბა ფარჯიკია

ზუგდიდი, სამეგრელო

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

საბა ფარჯიკია დაიბადა ქალაქ ზუგდიდში, ხოლო გაიზარდა და სკოლა სოფელ ჭაქვინჯაში დაასრულა. მას გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ორწლიანი პროფესიული სასწავლო კურსი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსზე სწავლობს და ამავე სასწავლებლის სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტია.

მისი ინტერესი და მომავალი პროფესიული სფერო არქეოლოგიაა. მონაწილეობა აქვს მიღებული „ფიჭვნარის არქეოლოგიურ ექსპედიცია 2025“-სა და „ხობის არქეოლოგიურ ექსპედიცია 2025“-ში. მონაწილეობდა „სტუდფესტი 2025“-ის მოხალისეობრივ კომპონენტში, რომლის ფარგლებშიც გუნდთან ერთად შექმნა მითებისა და ლეგენდების კრებული — „ზეპირი მემკვიდრეობა“ და სამაგიდო თამაში. ასევე მოხსენებით გამოვიდა კონფერენციებში: „როგორ გვესმის რომაული და ანტიკური სამყარო“ და „XVII სამეცნიერო კონფერენცია” – ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისი ინტერესი და მოლოდინია, რომ ექსპედიციის ფარგლებში უკეთ შეიცნობს ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალურ ძეგლებს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ისტორიის წიგნებიდან სწავლა და ცოდნის მიღება სასიამოვნო პროცესია, თუმცა ამ ისტორიის საკუთარი თვალით ნახვა ენით აღუწერელი სიამოვნება და გამოცდილებაა, რომლის შესაძლებლობაც მომეცა. ბავშვობიდან მაინტერესებდა ისტორიული ტაო-კლარჯეთი და იქ არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები. იმ დროს ვერც კი წარმომედგინა რეალურად როგორი იყო ტაძრები, გეოგრაფიული გარემო და არც ის, თუ როდის მოვახერხებდი მათ დათვალიერებას, თუმცა ეს დღეც დადგა. ყოველი ძეგლის ნახვისას ვცდილობდი წარმომედგინა ათასწლეულის უკან როგორ მიმდინარეობდა იქ ცხოვრება და როგორი გარემო იქნებოდა, ვცდილობდი არ გამომრჩენოდა არც ერთი წვრილმანი და ნიუანსი და დეტალურად მენახა ყოველი კედელი, ორნამენტი თუ გაფორმება. იმის გააზრება, თუ როგორი სიზუსტით და გულმოდგინებით იყო მათზე ნამუშევარი, კიდევ უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში ტაძრების მასშტაბებთან ერთად.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი ექსპედიციის მონაწილეებისგან, ხელმძღვანელებისა და სტუდენტებისგან დამრჩა, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანური ურთიერთობებია იმის საფუძველი, თუ როგორ ჩაივლის აქტივობა, ამ მხრივ კი რეალობამ მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა, რისი მადლიერიც ვარ თითოეული მათგანის მიმართ.

რაც შეეხება ექსპედიციას, ყოველმხრივ საუკეთესოდ შეფასება ეკუთვნის ჩემი მხრიდან, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე და პროფესიონალურად ჩატარდა და ეს იმ მომენტში, როდესაც მხოლოდ დასაწყისია.

საბა ცეცხლაძე

ხულო, აჭარა

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

საბა ცეცხლაძე დაიბადა და გაიზარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილებში. მე-11 კლასამდე სწავლობდა ოქრუაშვილების საჯარო სკოლაში, ხოლო მე-12 კლასი დაასრულა ხულოში არსებულ სასულიერო გიმნაზიაში. სკოლის პერიოდში საბა განსაკუთრებულად დაინტერესებული იყო ისტორიით, გეოგრაფიით, ქართული ენითა და სპორტით. სწორედ ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ცხოვრების ახალ ეტაპზე მან აირჩია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულება.

საბა განსაკუთრებით დაინტერესებულია ისტორიით და აქტიურად არის ჩართული არქეოლოგიის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში. ასევე, მონაწილეობს მრავალ საუნივერსიტეტო აქტივობაში, როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტულ ღონისძიებებში.

პროექტი „დათვალიერება კმარა“ მას საშუალებას მისცემს, მიიღოს მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. ეს მისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება, რადგან გაეცნობა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, დაათვალიერებს ისტორიულ ძეგლებს და შესაძლებლობა ექნება, ახლოდან შეისწავლოს მათი ისტორია და მნიშვნელობა.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ტაო-კლარჯეთში მოგზაურობამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, რადგან იქ თითოეული გატარებული წუთები მეგობრებთან ერთად განსაკუთრებული იყო და ამასთანავე იმ უნიკალური, უძველესი და უდიდესი ტკივილის მატარებელი ტაძრების ნახვა იყო ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო, რადგან მათ შესახებ მხოლოდ წიგნებიდან მქონდა გაგებული. ასევე შევხვდი ჩვენ ქართველებს ან თურქებს რომლებმაც განსაკუთრებული სიყვარულით დაგვხვდნენ და ვეცნობოდით ერთმანეთს.

ხოლო მთელ ექსპედიციას შევაფასებდი 10/10 მადლობას ვუხდი ამ პროექტის ორგანიზატორებს, რომ ასეთი საშუალება მოგვცა და კარგად დაგეგმა ყველაფერი.

ქრისტი ჭანკვეტაძე

ზესტაფონი, იმერეთი

ექსპედიციამდე — ბიოგრაფია და მოლოდინები

ქრისტი ჭანკვეტაძე, 19 წლის, დაბადებული და გაზრდილი ქალაქ ზესტაფონში. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მისი აკადემიური ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკურ მეცნიერებებს, საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ განვითარებას.

ქრისტი FLEX პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებულია და ერთი სასწავლო წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანში გაატარა. პროგრამის დასრულების შემდეგ აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობებში მოხალისეობრივად; ქ. ზესტაფონისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლად ამერიკული საბჭოებისთვის, ამჟამად კი არის აშშ-ს გაცვლითი პროგრამების ასოციაციის, EPAG-ის 2026 წლის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2026-27 წლებში ქრისტი სწავლას გააგრძელებს ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში. მისი ღრმა ინტერესი ექსპედიციისადმი მომდინარეობს საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის საკითხებისადმი ინტერესიდან. მიღებულ გამოცდილებას სამომავლო აკადემიურ და საზოგადოებრივ საქმიანობებში ეფექტურად გამოიყენებს.

ექსპედიციის შემდეგ — შთაბეჭდილებები

ექსპედიციაში მონაწილეობა იყო ჩემი ზაფხულის ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი წერტილი. საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა უმოკლეს დროში უამრავი ადამიანის გაცნობა, დაახლოება და სამომავლო გეგმების ერთად დაწყობა. ეს, რაღა თქმა უნდა, განპირობებულია ზუსტი და დეტალური ორგანიზებით, რისთვისაც მადლობას ვუხდი გუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ექსპედიცია არ დამთავრებულა 5 დღეში და მეტიც, არც არასდროს დამთავრდება. პროგრამის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის კავშირი სამუდამო დარჩება, ხოლო საქმით ამ ექსპედიციის გაგრძელების დამტკიცებას 14 სექტემბრიდან ღირსეულად შევუდგებით თითოეული ჩვენაგნი. ძალიან მინდა, რომ ეს შესაძლებლობა ბევრ ახალგაზრდას მიეცეს საქართველოში და ხანგრძლივი გამოცდილების შემდეგ საინტერესო იქნება უცხოელი მოსწავლეების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში.

ვფიქრობ, ეს სრულიად განსხვავებულ და ღრმა ემოციებსა თუ განცდებს გამოიწვევს ყველასათვის, რის შემდეგაც უფრო მეტი ადამიანი იარსებებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ დათვალიერება არ კმარა. ისტორიული, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების მიუხედავად, მაინც არსებობს გზები, რომ ეს საოცარი სანახაობები დავიწყებას არ მიეცეს და ყოველი ქართველის მისია იყოს, რომ ისინი გადარჩნენ.

მინდა კვლავ მადლიერება გამოვხატო ორგანიზატორების მიმართ და იცოდეთ, რომ უაღრესად დაფასებულია თქვენი შრომა და პროექტსაც ეტყობა თითოეულ დეტალზე ნაფიქრი რომ არის. მიხარია, რომ ამის ნაწილი ვიყავი და ყოველთვის ვიქნები, რადგან ისევ, ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა.

კარგია დათვალიერება. მართლაც დიდებული და თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც ბუნებას შეუქმნია, ოღონდ ყველაფერს ადამიანის ხელიც უნდა დავატყოთ! ამან დამაფიქრა და მტკივნეული კითხვა გამიჩინა – სადამდე უნდა ვათვალიეროთ ჩვენივე მამული?!

– აკაკი ბაქრაძე, დათვალიერება კმარა?