დათვალიერება კმარა?

„დათვალიერება კმარა?“ — ეს არის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს აკაკი ბაქრაძის ამავე სახელწოდების წერილი. პროგრამის მთავარი იდეაა, რომ საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა მხოლოდ დათვალიერებით არ უნდა დასრულდეს. ცოდნას უნდა მოჰყვეს გააზრება, პასუხისმგებლობის გაცნობიერება და მოქმედება. ყოველ ზაფხულს პროგრამა საქართველოს ერთ ისტორიულ-კულტურულ რეგიონს ეთმობა.

პროგრამაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება: მგზავრობის, კვებისა და განთავსების ხარჯებს აკაკი ბაქრაძის საზოგადოება უზრუნველყოფს.

2027 წლის ექსპედიცია: სამცხე-ჯავახეთი

2027 წლის ზაფხულში საგანმანათლებლო ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში გაიმართება და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 სტუდენტს გააერთიანებს.

1974 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ჯავახეთო, ჯავახეთო…“ აკაკი ბაქრაძე ჯავახეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რეგიონის კულტურულ-ეკონომიკური განვითარების გამოწვევებსა და მის მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობაზე მსჯელობს. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ეს წერილი შესაძლებლობას გვაძლევს, ახალი თვალით შევხედოთ რეგიონს: რა შეიცვალა, რა გამოწვევები რჩება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისი განვითარებისათვის? ხუთდღიანი ექსპედიციის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სამცხე-ჯავახეთის მრავალფეროვან ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე რეგიონის დღევანდელ ცხოვრებასა და გამოწვევებს.

ექსპედიციის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავებენ პრაქტიკულ პროექტებს, რომელთა მიზანი კონკრეტული პრობლემების გადაჭრისა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელების გზების ძიება იქნება.

განაცხადების მიღება 2027 წლის მარტში დაიწყება. მონაწილეობის პირობები, შერჩევის ეტაპები, ექსპედიციის ზუსტი თარიღები და დეტალური პროგრამა გამოქვეყნდება თებერვალში ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

პროგრამის პირველი ექსპედიცია: ტაო-კლარჯეთი, 2026

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

კარგია დათვალიერება. მართლაც დიდებული და თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც ბუნებას შეუქმნია, ოღონდ ყველაფერს ადამიანის ხელიც უნდა დავატყოთ! ამან დამაფიქრა და მტკივნეული კითხვა გამიჩინა – სადამდე უნდა ვათვალიეროთ ჩვენივე მამული?!

– აკაკი ბაქრაძე, დათვალიერება კმარა?