ურთიერთგაგებით

ბუნებრივია, რომ ყოველ ქვეყანას, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე დგას, წინ ბევრი ბარიერი ეღობება. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. თავისუფლების მოპო- ვებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორი ნაწილი აქვს. ერთია, რო გორ გათავისუფლდება იგი გარეშე დამპყრობელი ძალისაგან. და, მეორე, შიგნით, საკუთარ სახელმწიფოში როგორ ააშენებს თავი სუფალ ქვეყანას, როგორ ჩამოაყალიბებს თავისუფალ საზოგადოე ბას. მეო-რე ხშირად უფრო რთულია პირველზე. 

ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, საბოლოოდ მმართველობის რა ფორმას აირჩევს დამოუკიდებელი საქართველო – რესპუბლი კურს, თუ მონარქიულს. მთავარია შინაარსობრივად იქნება თუ არა მმარ-თველობის არჩეული ფორმა სამართლებრივი. მონარქიუ ლი ბელგია ან დანია ისევეა სამართლებრივი სახელმწიფოს ეტა ლონი, ეტალო-ნი, როგორც რესპუბლიკური შვეიცარია. 

დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სახელმწიფოს უმაღლესი ფორმაა ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო. ისიც უდავოდ არის მიჩნეული, რომ უძნელესი და ურთულესია საზოგადოების მოწყობა ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელის მიხედვით, მით უმეტეს, ისეთ ქვეყნებში, სადაც ლიბერალიზმისა და დემოკრატიის გამოცდილება არ არსებობს. ჩვენი ბედუკუღმართი 

ისტორიის გამო არც საქართველოს აქვს ამისი გამოცდილება. 

ქართული სახელმწიფო პრეისტორიულ ხანაში ჩაისახა. აიეტის კოლხეთის არსებობა ჩემთვის ისეთივე რეალობაა, როგორ ჰომეროსის ტროას არსებობა, რაც ასე უთუოდ და უთუმცაოდ დაადასტურა შლიმანმა. რა ვუყოთ, რომ ქართველ შლიმანს დააგვიანდა. დრო მოვა და ისიც გამოჩნდება. მიუხედავად ამ უხანგრძლივესი ისტორიისა, ჩვენ სრულყოფილად არ გაგვივლია ნაციონალური, სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის ფორმები. 

დღეს უცხოურ პრესაში ხშირად გამოთქვამენ გაკვირვებას, რომ არიან ერები, რომელთაც სსრკ-ის დაშლა და ეროვნული სახელმწიფოს შექმნა უნდათ. მათი აზრით, ეს ეწინააღმდეგება ევროპაში გაბატონებულ ამჟამინდელ ტენდენცია-მისწრაფებას: ნაციონალური სახელმწიფოების გაერთიანებას და ერთიანი, ინტერნაციონალური სახელმწიფოს შექმნას. 

ჩემი აზრით, ეს სამართლიანი კრიტიკა არ არის. 

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეროვნული სახელმწიფოს შექმნის სურვილი თანაბრად არსებობს როგორც სოციალისტურ, ისე კაპიტალისტურ ქვეყნებში. იშლება არა მარტო სსრკ და იუგოსლავია, არამედ კანადაც (კვებეკს გამოყოფა უნდა), საფრანგეთიც (კორსიკის საკითხი). ინდოეთშიც არსებობს რღვევისაკენ მიდრეკილება. 

მეორეც, იმიტომ, რომ დასავლეთ ევროპაში ერთიანი, ინტერნაციონალური სახელმწიფოსაკენ მისწრაფება ძველადაც იყო. ეს ახალი, დღევანდელი ამბავი არ არის. გაიხსენეთ ჩვენი საუკუნის დასაწყისში წამოჭრილი ევროპის შეერთებული შტატების იდეა, რომელსაც თავგამეტებული ებრძოდა ლენინი. ეშინოდა: ერთიანი ევროპა უფრო ძლიერი არ ყოფილიყო, ვიდრე რუსეთის იმპერია. 

ამდენად თუ ტენდენციებზე ვილაპარაკებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ორივე ტენდენცია – რღვევისაც და შეერთებისაც, ოღონდ გააჩნია, რომელ ქვეყანაში, განვითარების რა დონეზე და რა პირობებში. 

რაკი პირობები ვახსენე, ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის სახელმწიფო, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ ჰქვია სსრკ, არის შედეგი რუსეთის მთელი პოლიტიკური ისტორიისა. ჯერ კიდევ ეკატერინე მეორის დროს შემუშავდა ფორმულა – სახელმწიფო ან იზრდება, ან კვდება. მონღოლთა ბატონობის მოსპობის შემდეგ დღემდე რუსეთი, როგორც სახელმწიფო, მხოლოდ იზრდებოდა. რუსეთისათვის ტერიტორია მაშინც კი არ წაურთმევიათ, როცა იგი მარცხდებოდა. მართალია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთს გაექცნენ პოლონეთი, ფინეთი, ბალტიისპირეთი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-მა ბალტიისპირეთიც დაიბრუნა, პოლონეთი ისეთ რუსეთის ყურმოჭრილი ყმა გახდა; ფინეთი, მართალია, ვერ დაიქვემდებარა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ საგანგებო ცნებაც კი გაჩნდა პოლიტიკაში – ფინლანდიზაცია. სოციალისტურმა რუსეთმა თავისი ბატონობა გაავრცელა აღმოსავლეთ ევროპაზე, აზიის ზოგიერთ ქვეყანაზე, კუბაზე, ეთიოპიაზე. ასე რომ, სტალინმა აასრულა რუსი პოეტის ტიუტჩევის ოცნება, რუსეთის საზღვრებზე „ნილოსიდან ნევამდე, ელბიდან ჩინეთამდე, ვოლგიდან ევფრატამდე, განგიდან დუნაიმდე“ (გაიხსენეთ მისი ლექსი „რუსსკაია გეოგრაფია“). 

ტიუტჩევის ეს ლექსი არავის ჩაუთვლია შოვინისტურ მოწოდებად. სამაგიეროდ, ჩვენც, ქართველებიც, წამდაუწუმ მოვიხსენიებთ შოვინისტურ ლექსად „დოიჩლანდ, დოიჩლანდ იუბერ ალეს“. თუმცა ჰოფმან ფონ ფალერსლებენის ამ ლექსში არაფერია შოვინისტური. ეს ჩვეულებრივი პატრიოტული ლექსია, სადაც ნათქვამია, როცა გერმანიას გაუჭირდება, იგი ყველაზე მაღლა დააყენეთ მსოფლიოში და მისი ღირსება დაიცავითო. თანაც გერმანია მოხსენიებულია საზღვრებში მაასიდან მემელამდე, ეჩიდან ბელტამდე (ეს იგივეა ქართველმა რომ თქვას საქართველო გიყვარდესო გაგრიდან ლაგოდეხამდე, ყაზბეგიდან ახალქალაქამდე. ეს შოვინიზმია?) განა შეიძლება თქვა, ფალერსლებენის ლექსი შოვინისტურია, ხოლო ტიუტჩევის არაო? 

ეს სხვათა შორის. ჩვენს სათქმელს მივუბრუნდეთ. 

მონღოლთა ბატონობის შემდეგ რუსეთის სახელმწიფოს დღეს პირველად დაემუქრა დაშლის რეალური საფრთხე. 

როცა სსრკ დაიშლება, ვერც რსფსრ გადაურჩება დარღვევას. ვისზე ნაკლები უფლება აქვთ ჩუვაშებს, ბაშკირებს, თათრებს და სხვებს იყვნენ დამოუკიდებელი და თავისუფალი? მართალია, დღეს ზოგი ერი აქტიურად იბრძვის თავისუფლებისათვის (ქართველები, ლიტველები), სხვა ერები გატრუნულები არიან და თავის დროს უცდიან (ვთქვათ, შუაზიელები), მაგრამ ის კი არავისთვის არის საეჭვო, რომ დამოუკიდებლობა ყველას უნდა. მიზანი ერთია, ოღონდ მისკენ მიმავალ გზებს ირჩევენ სხვადასხვანაირს. ეს არ შეიძლება არ ჰქონდეთ გაცნობიერებული რუს პოლიტიკოსებს. ასე რომ, ყველასათვის მკაფიო და ნათელია, რომ თუ იშლება სსრკ, იშლება რსფსრ-ც. მაშასადამე, რუსეთი თავის ისტორიულ ეროვნულ ტე- რიტორიაზე რჩება, ერთ-ერთ რიგით სახელმწიფოდ. შეეთვისება კი რუსის ცნობიერება იმას, რომ ზესახელმწიფოდან, რომელსაც აშშ-თან ერთად გაყოფილი ჰქონდა მსოფლიო, გადაიქცეს რიგით სახელმწიფოდ? იოლად გადაიტანს ამას რუსეთი თუ შეეცდება გადარჩენისათვის სისხლის ზღვა დააყენოს? ამ კითხვის პასუხი ძალიან ძნელია. მე პირადად კი ვფიქრობ, იგი არ შეეგუება რიგითად გადაქცევას და შეეცდება უკანასკნელად კიდევ ერთხელ გაიბრძოლოს. როგორი იქნება თერმობირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით აღჭურვილი სახელმწიფოს ბოლო გაბრძოლება, ეს ყველას შეუძლია წარმოიდგინოს (ღმერთმა ჰქნას, რომ ჩემი ეს ფიქრი შეცდომა იყოს). 

ჩვენ ყურადღება იმასაც უნდა მივაპყროთ, რომ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ყოველთვის უფრო მკაცრი იყო, ვიდრე სხვა ხალხებისადმი. თუ, მაგალითად, მეფის დროს, 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე, ფინეთს ეროვნული პარლამენტი ჰქონდა, პოლონეთს – ეროვნული სეიმი, შუა აზიას კი ბუხარის ემირი მართავდა, საქართველო ორ გუბერნიად იყო გაყოფილი და მმართველობის არავითარი ეროვნული ფორმა არ გააჩნდა. ქართული ეკლესია გაუქმებული იყო, სომხური – არა. 

დღეს ყველა ხედავს, ქართველთა რა შემზარავ იმიჯს ქმნის რუსული პრესა. არც მოლდაველთა მიმართ არის ამგვარი დამოკიდებულება და არც ლიტველთა მიმართ, თუმცა ისინიც ისევე პრინციპულად იბრძვიან თავისუფლებისათვის, როგორც ჩვენ. 

მგონია, ამჯერადაც რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი უფრო დაუნდობელი იქნება, ვიდრე, ვთქვათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისადმი. თუ ასე არ მოხდება, ამას რა აჯობებს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ნათქვამია, და ჩვენც ყურებდაცქვეტილი უნდა ვიყოთ. 

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რუსეთის ისტორიის ერთი თავისებურებაც: ყველა დემოკრატიული ხასიათის რეფორმა რუსეთში მთავრდება დამარცხებით და დიქტატურის დამყარებით. 

ალექსეი ადაშევის ცდა, გაეტარებინა რეფორმები და რუსეთი შეერთებოდა ცივილიზებულ მსოფლიოს, დამთავრდა საშინელი მარცხით და ივანე მრისხანის დიქტატურის დამყარებით (სხვათა შორის, აკაკი წერეთელი ივანე მრისხანეს ივანე მტარვალს ეძახის. ქართულ საისტორიო მეცნიერებაში თუ დამკვიდრდება ივანე მტარვალი, უფრო ზუსტი იქნება). 

ვასილ გოლიცინის ოცნებაც – გაუქმებულიყო რუსეთში ბატონყმობა კრახით დასრულდა. მას პეტრე პირველის დიქტატურა მოჰყვა. 

დეკაბრისტთა უსუსური ამბოხიც სახრჩობელებით, ციმბირში გადასახლებით და ნიკოლოზ პირველის დესპოტით დამთავრდა. ალექსანდრე მეორის ვრცელი რეფორმები ალექსანდრე მესამის მკაცრი რეჟიმით შეიცვალა. 

არც პეტრო სტოლიპინის რეფორმებს მოჰყოლია რაიმე დადებითი შედეგი. 

1917 წლის თებერვლის რევოლუციის დემოკრატიზმი იმავე წლის ოქტომბერში ბოლშევიკურმა დიქტატურამ დაამხო. 

დემოკრატიული რეფორმების ცდა რუსეთში ყოველთვის ბადებს დესპოტიზმს, დიქტატურას. როგორ მოხდება ამჯერად? რა შეცვლის გორბაჩოვის მმართველობას ნამდვილად დემოკრატიული რეჟიმი თუ ახალი დესპოტია? ნუ ვიწინასწარმეტყველებთ. ვაცადოთ დროს. მაგრამ ყველაფრისათვის კი შეწკიპული თოფივით მზად უნდა ვიყოთ. 

ეს რაც შეეხება იმ მოპირდაპირე მხარეს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს და ჩვენი დამოუკიდებლობა ცნოს. 

შინ საქართველოში კი, ორი უპირველესი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი – ეროვნული და ეკონომიკური. 

იმ უბედურების გამო, რაც შიდა ქართლში ტრიალებს, მთელი საქართველო ფეხზე დგას. ხალხმა პროტესტის თითქმის ყველა ფორმას მიმართა, შიმშილობისა და გაფიცვების ჩათვლით, მაგრამ ჯერჯერობით კონფლიქტის მოგვარებას პირი არ უჩანს. 

მართალია, აფხაზეთში გარეგნულად სიმშვიდეა, მაგრამ როდის სად რა აფეთქდება, კაცმა არ იცის. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც პრესაში ქვეყნდება, აფხაზთა მეთაურები აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ თვლიან. მოითხოვენ, რომ საქართვლოსა და აფხაზეთის ურთიერთობა წარიმართოს როგორც ორი სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ერთეულის ურთიერთობა. ეს ცხადად ჩანს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არძინბას წერილიდანაც, რომელიც რატომღაც „სოვეტსკაია კულტურამ“ (1991 წლის 30 მარტი) გამოაქვეყნა და „აიდგილარას“ თავკაცების ინტერვიუდანაც („7 დღე“ – 1991 წ. 12 აპრილი და „რესპუბლიკა“ — 1991 წ. 23 აპრილი). 

დაყაბულდება ქართველობა იმას, რომ აფხაზეთი არ იყოს საქართველოს ნაწილი? მგონია, რომ არა. 

დაყაბულდება აფხაზობა იმას, რომ აფხაზეთი იყო საქართველოს ნაწილი? დღევანდელ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ არა. 

მაშასადამე, ჰორიზონტზე მოჩანს გარდაუვალი შეტაკების საშიშროება. გადაუწყვეტელია სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული თურქების ბედიც. 

ალბათ, უახლოეს ხანებში წამოიჭრება ეს საკითხიც მთელი სიმძაფრით. 

აღარ გავაგრძელებ. რაც ვთქვი, ისიც საკმარისია იმის დასანახად, თუ რაოდენ რთულია საქართველოში ეროვნული პრობლემა. 

არანაკლებ რთულია სოციალ-ეკონომიკური ვითარება. დღეს ერთი მეტად სამწუხარო ტენდენციაც შეიმჩნევა: უკანყურების ტენდენცია. ეროვნული ფესვების მოვლა-პატრონობა, ეროვნული სახის აღდგენა-განახლება უკანსვლას არ ნიშნავს. პირიქით, წინსვლა და წინყურებაა საჭირო და რამდენადაც შესაძლებელია – შორს. 

ჩვენ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს თანამედროვე ცივილიზაციის ჯერაც უცნობი ვარიანტები შესთავაზოს მსოფლიოს, მაგრამ ეს ფუჭი ოცნების სახით კი არ უნდა გამოვლინდეს, არამედ – რეალური საქმით. რეალური საქმე კი ყოველთვის მყარ ეკონომიკას ეფუძნება. აქ სიტყვა ჩვენმა გლეხებმა, მუშებმა, მეც- ნიერებმა უნდა თქვან. ისინი კი ამ საქმეს მაშინ მოაგვარებენ, როცა თავისუფალი იქნებიან. 

1990 წლის „ვოპროსი ფილოსოფიის“ მეთერთმეტე წიგნში ციტირებულია ლევ ტროცკის სიტყვები. „ქვეყანაში, სადაც სამუშაოს ერთადერთი მიმცემი სახელმწიფოა, ოპოზიცია ნიშნავს ნელ-ნელა შიმშილით სიკვდილს. ძველი პრინციპი – ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს – იცვლება ახლით: ვინც არ ემორჩილება, ის არ ჭამს“. მართალია, როცა ტროცკი ამას წერდა, მას არავითარი თანამდებობა არ ეჭირა, მაგრამ სახელმწიფო, რომლის ერთ-ერთი შემქმნელი თავად ის იყო, სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობდა. როცა ასეთ სახელ- მწიფოს არსებობის სამოცდაათ წელზე მეტი აქვს გავლილი, მოქალაქეთა ცნობიერების განთავისუფლება ძალიან ძნელია, მაგრამ აუცილებელია. ცნობიერების განთავისუფლების თვინიერ არაფერი გამოვა. ცნობიერების თანდათანობით გათავისუფლება კი შეუძლია თავისუფალ შრომა-საქმიანობას თავისუფალი სოციალურ-საბაზრო ეკონომიკის პირობებში. 

თავისუფალი სოციალურ-საბაზრო ეკონომიკა იოლი, თორემ გაკეთება ურთულესია. 

კონკრეტულად რა სირთულე-სიძნელე გვემუქრება? 

ამისი თქმაა სანამ საქართველოს ეკონომიკა ჩართული იქნება სსრკ-ის საერთო ეკონომიკაში, ეკონომიკურ კრიზისს თავს ვერ დავაღწევთ. აუცილებელია საქართველოს ეკონომიკა გამოეთიშოს სსრკ-ის ეკონომიკას და ჩაერთოს მსოფლიო ეკონომიკაში. მაგრამ ამას სჭირდება საკავშირო-რესპუბლიკურ საწარმოთა პროფილის შეცვლა. ეს კი უკავშირდება უზარმაზარ ხარჯებს, რაც საქართველოს არა აქვს. საქართველომ რომ ეს ხარჯები იშოვნოს, მას ან ისეთი ნედლეული უნდა ჰქონდეს, რომელზეც დიდი მოთხოვნილებაა საერთაშორისო ბაზარზე, ან ისეთ საქონელს უნდა აწარმოებდეს, რომელიც თავისუფლად უწევს კონკურენციას უცხოურ საქონელს. სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით არ შეგვიძლია. 

სანამ საქართველოს საკუთარი ფული არა აქვს და სარგებლობს საბჭოური ფულით, მანამ ვერ შევაჩერებთ ინფლაციის კატასტროფიულ სვლას (როგორც გვაუწყეს, ორი-სამი წლის შემდეგ უკვე იქნება მიმოქცევაში ქართული ფული). საქართველოს საკუთარ ფულს საერთაშორისო ბაზარზე გასავალი მაშინ მიეცემა, როცა იგი კონვერტირებული იქნება. ფულის კონვერტირება კი შეუძლია მხოლოდ მაღალხარისხოვან საქონელს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მყიდველი ესევა. სხვანაირად ფულის კონვერტირება არ მოხერხდება. 

მართალია, ჩვენს წინ წამოჭრილი პრობლემები რთულია და ძნელი, მაგრამ საქართველო ყველა წინააღმდეგობას დაძლევს თუ სულწასულობას არ გამოვიჩენთ, უცბად და ერთბაშად არ მოვინდომებთ ყველაფრის მოგვარებას. თანდათანობა, მოთმინება, სიმტკიცე, ერთიანობა, ურთიერთგაგება გახდება ჩვენი საქმიანობის საძირკველი. 

1991 წ., 8 მაისი.