მორიგება
დღეს საქართველოში რომ უმძიმესი ვითარებაა, ამას ახსნა-განმარტება უკვე აღარ სჭირდება. ამას მთელი ჩვენი ხალხი ხედავს და დიდად არის ამით შეწუხებული. ამ რამდენიმე დღის წინათ, გაზეთ „საქართველოში“ (1991 წ., №17) პაწია ინტერვიუ გამოვაქვეყნე, სადაც ვთქვი – „დღეს შექმნილ ვითარებაში არსებობს ხსნის ერთადერთი გზა – პარიტეტულ საფუძველზე ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნა. კონფრონტაციის გზა საქართველოს არყოფნის უფსკრულში მიაქანება“. რა თქმა უნდა, ყურადღება ამას არც ერთმა მხარემ არ მიაქცია. მართალია, რაც ეს ვთქვი, მას მერე რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ესეც მოძველებულია. იგი აღარ გამოდგება. დრო წავიდა. მოლაპარაკების იმედი თანდათან ქრება. რჩება საშიში ალტერნატივა: ან პრეზიდენტი უნდა გადადგეს ან ძალით დათრგუნოს ოპოზიციური მოძრაობა. როგორც ერთი, ისე მეორე დიდი საფრთხით იმუქრება.
მე თუ მკითხავს კაცი, ვიტყვი, რომ ოპოზიციური მოძრაობის ჩახშობა უკვე ვეღარ მოხერხდება. ამ ცდას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება. იგი მძაფრ და ხანგრძლივ სამოქალაქო ომში გადაიზრდება. სამოქალაქო ომით იმუქრება პრეზიდენტის გადადგომაც. მას არა მარტო მოწინააღმდეგეები ჰყავს, არამედ მომხრეებიც, ძალიან მრავლადაც. თუ პრეზიდენტი გადადგება, მაშინ მისი მომხრეების მოძრაობა დაიწყება. არც დაძაბულობის შენელება მოხდება და არც ვითარების განმუხტვა. ასე რომ, მოვექეცით ჩიხურ მდგომარეობაში.
თუ ძალიან დიდი მოთმინება, შორსმჭვრეტელობა, ჭკუა არ გამოვიჩინეთ, თუ არ დავძაბეთ ჩვენი სულიერი და გონებრივი შესაძლებლობანი, ჩიხურ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევთ. ახლანდელი კონკრეტული კრიზისი – ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება – და საერთო მძიმე მდგომარეობა გამოიწვია უმთავრესი პრობლემის მოუწესრიგებლობამ. ამ პრობლემის მოუწესრიგებლობა ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და შეიძლება ჩვენი ეროვნული კატასტროფა გამოიწვიოს. ეს პრობლემა გახლავთ ეკონომიკური პრობლემა.
ეკონომიკური პრობლემის მოგვარების რაიმე გზა, თუნდაც ნიშანი, ჯერჯერობით არ ჩანს. სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა. არ ვიცით, როგორ გავაუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა, რა გზას დავადგეთ. ამას ერთვის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, ეთნიკური. მოსალოდნელია ეთნიკური კონფლიქტები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იჩინოს მწვავედ თავი. ეთნოკონფლიქტებს უნდა მივაკუთვნოთ სამხრეთ საქართველოდან გასახლებული თურქების პრობლემაც.
პრობლემების ზღვაში ჩავიძირეთ, მაგრამ, როგორ გადავწყვიტოთ ისინი არ ვიცით. მათ მოსაგვარებლად მზად არ ვართ. ამ ვითარებაში ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამჟამად საქართველოში მძვინვარებს, ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს, როგორც ცალკეული პიროვნებისათვის, ისე მთელი ერისათვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს უნდა ეყოს გამჭრიახობაც, მოთმინებაც, თავდაჭერილობაც, ჭკუაც, რომ დაიწყონ დიალოგი. ამ დიალოგის გზით გამოიძებნოს ის საფუძველი, რაც კონფლიქტის გადაწყვეტაში დაგვეხმარება. მართალია, პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ ამას, რადგან თანდათანობით ვრწმუნდები, რომ მორიგების გზები, შეთანხმების გზები დაიკარგა. არც ერთ მხარეს მორიგების სურვილი არა აქვს. ამიტომ, რასაც ვამბობ, ის მხოლოდ კეთილი სურვილი შეიძლება იყოს, ფიქრი იყოს, რომელსაც რეალური განხორციელება არ უწერია. უფრო მოსალოდნელი ის არის, რომ ჩვენ მივესიოთ ერთმანეთს და ხოცვა-ჟლეტა გავაჩაღოთ. რა მწარეც უნდა იყოს ამის თქმა, მაინც უნდა ითქვას. ჩვენმა ხალხმა კარგად უნდა გააცნობიეროს, კარგად უნდა წარმოიდგინოს, რა დიდი საფრთხე ემუქრება მას.
ამ ვითარებაში პოლიტიკური სიბრძნე, ყველა კეთილი თვისების გამოჩენა უპირველესად და უმთავრესად ხელისუფლებას, კონკრეტულად პრეზიდენტს მოეთხოვება. არსებობს ერთი, ასე ვთქვათ, კანონი თუ წესი, ფორმულა, რომლის თანახმად, ყველა კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში შეიქმნება, დამნაშავე ყოველთვის ხელისუფლებაა. კრიზისს იწვევს ხელისუფლების შეცდომები, მისი უუნარობა მართოს ქვეყანა, თავიდან აიცილოს გართულებანი, რაც ახლავს საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ა.შ. ცხოვრებას. ამიტომ, დღეს, საქართველოში არსებული საზოგადოებრივი კრიზისის მოგვარებაში უპირველესი როლი თავად ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. მან უნდა მისცეს ხალხს საშუალება აქტიური მონაწილეობა მიიღოს კრიზისის მოწესრიგებაში, რომ როგორმე ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად დამთავრდეს. მაგრამ ჩვენ თავს კიდევ ერთი უბედურება დაგვატყდა. ისიც უშლის ხელს კრიზისის მოგვარებას. ეს გახლავთ ინფორმაციის ცალმხრივობა. ხალხი ინფორმირებული არ არის. ქართველმა ხალხმა სამოცდაათი წელიწადი იცხოვრა ისე, რომ ობიექტური ინფორმაცია არ მიუღია. ხალხი იყო პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ეს გზა დღესაც არ უარვყავით. პირიქით, გავაღრმავეთ იგი. მე მიმაჩნია, რომ რასაც დღეს ტელევიზია აკეთებს, ეს არის გამოუსწორებელი დანაშაული. ტელევიზია ავრცელებს ცრუ ცილისმწამებლურ „ინფორმაციას“. ისედაც დაბნეულ ხალხს კიდევ უფრო მეტად უბნევს გზა-კვალს. თუ ტელევიზიამ თავისი საქმიანობა არ შეცვალა, იგი იქნება როგორც ბოროტმოქმედი, დამნაშავე ქართველი ხალხის წინაშე. უნდა შეწყდეს ტელევიზიის საშუალებით ხალხის გაღიზიანების პროცესი, თორემ ეს გამოიწვევს კატასტროფას. ახლა ამოცანა ის არის, რომ ხალხი დავამშვიდოთ. მას უნდა მიეცეს ახსნა-განმარტება რა ხდება და რატომ. მერე კი მშვიდობიან ატმოსფეროში მოიძებნოს კრიზისის მომგვარებელი გზები. რამდენადაც გაძლიერდება ისტერია, იმდენად უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებით. ბოლოს კი ყველაფერი დამთავრდება საშინელი სისხლისღვრით. ამიტომ ინფორმაციები უნდა იყოს ფართო და მრავალმხრივი, მშვიდი, რამდენადაც შესაძლებელია, ობიექტური, დასაბუთებული. ხალხმა თავად უნდა მოახერხოს ვითარებაში გარკვევა, რომ ბოლოს მონაწილეობა მიიღოს კრიზისის მოგვარებაში.
ეს ერთი. მეორე, რომელიც ძალიან ართულებს მდგომარეობას და ძალიან გვიშლის ხელს კრიზისის მოგვარებაში, გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ გადავეჩვიეთ აზროვნებას. რა თქმა უნდა, სამოცდაათმა წელიწადმა ძლიერი გავლენა მოახდინა ჩვენს გონებაზე. ამ გავლენისაგან თავის დაღწევა უცბად არ მოხერხდება და მას წლები დასჭირდება, მაგრამ გონების გათავისუფლებაზე ზრუნვა ახლავე უნდა დავიწყოთ. ნახეთ, რა იბეჭდება ჩვენს პრესაში, რა წიგნები გამოდის (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა). რა დონეა აზროვნების, როგორ წალეკა ყველაფერი უშვერი ლანძღვა-გინების ღვართქაფმა. როცა ამას ყველაფერს აწონ-დაწონით, ერთ დასკვნას გააკეთებთ – ჩვენ დავანებეთ საერთოდ აზროვნებას თავი. ეს კი ძალიან სახიფათოა.
ყველა საქმეს აზროვნება სჭირდება, რადგან აზროვნების თვინიერ არ არსებობს შემოქმედება. თუ ადამიანი აზროვნებს, იგი თავის საქმეს შემოქმედებითად უდგება. შემოქმედებითი დამოუკიდებლობა სჭირდება ყველაფერს – დაწყებულს მეეზოვის საქმიანობიდან, დამთავრებულს მეცნიერებისა და პოლიტიკის უმაღლესი სფეროებით. რამდენად თავისუფლად იაზროვნებს ადამიანი, იმდენად მეტი გონივრული აზრი დაიბადება, რაც დაეხმარება არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. როცა მდგომარეობის გამოსწორება ვახსენე, არ ვგულისხმობდი მარტო ამჟამინდელ კრიზისს, არამედ ვგულისხმობდი ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ, ზნეობრივ კრიზისს, საერთოდ ყოველგვარ კრიზისს, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა დღეს. თუ თანდათანობით არ შევეჩვიეთ აზროვნებას, თუ აზროვნება არ გავათავისუფლეთ, ვერაფრის გაკეთებას ვერ მოვახერხებთ. დავადგებით ზნეობრივი, გონებრივი, შემოქმედებითი დაქვეითების გზას, დაკნინების გზას. ამით ყველა ერთად ჩავიდენთ დანაშაულს ჩვენი ხალხის მიმართ. თუ ხალხის აზროვნება ვერ გავათავისუფლეთ, ვერ გავათავისუფლებთ მას შემოქმედებისათვის. ხოლო, თუ შემოქმედებით არ იცხოვრებს ხალხი, იგი ვერც კრიზისებს მოაგვარებს და ვერც მომავალს ააშენებს.
დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბრძოლა შესაძლებელია მშვიდობიანი გზით წარიმართოს, თუ ერთმანეთს დაველაპარაკებით, როგორც მოაზროვნე ადამიანები და არა როგორც ისტერიკაში ჩავარდნილი შეშლილები, სხვაგვარად სამოქალაქო ომამდე მივალთ. სამოქალაქო ომი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავწირავთ ჩვენს ერს დასაღუპავად. არაფერი ისე საშინელი არ არის, როგორც სამოქალაქო ომი. დღეს კი ისეთი ვითარებაა, რომ წუთი წუთზეა მოსალოდნელი სამოქალაქო ომის დაწყება. საკმარისია ერთი პატარა შეცდომაც, რომ ხოცვა-ჟლეტა გაჩაღდეს. ამ სიტუაციაში ისტერია არ არის საჭირო. არც იმ ადამიანების გამოყვანაა ტელევიზიით საჭირო, ვისაც მდგომარეობის სირთულე არ ესმის და ისტერიულად გაჰკივიან ყოველგვარ სიბრიყვეს. ასპარეზი იმ ადამიანებს უნდა დაეთმოთ, ვისაც შეუძლია მშვიდად იმსჯელოს, ყველაფერი სწორად აწონ-დაწონოს, ვინც სიძულვილით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ პრაქტიკული გონებით, ვისაც ვითარების შესაბამისი გონივრული დასკვნის გაკეთება შეუძლია. თუ ასეთ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება საზოგადოებასთან საუბრისა, მაშინ ისტერიას ვერაფრით დავაცხრობთ. ისტერიას კი ყოველთვის ცუდი, კატასტროფული შედეგი მოაქვს.
მართალია, კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტულად მეც ვერაფერს გთავაზობთ, რადგან მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. როგორც წეღან მოგახსენეთ, რამდენიმე დღის წინანდელი ჩემი წინადადება უკვე მოძველდა. მოსალოდნელია, რომ ახლა ნათქვამი რაიმე კონკრეტული წინადადებაც უკვე ერთი ან ორი საათის შემდეგ აღარ ვარგოდეს. ამიტომ ყველა გონიერ, ჭკუადამჯდარ კაცს ყური უნდა მივუგდოთ, რომ მრავალი მოსაზრება დავაგროვოთ. მათ შორის რომელიმე შეიძლება კრიზისის მოსაგვარებლად რეალურად გამოდგეს.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღევანდელი კრიზისი ხელისუფლების სერიოზული შეცდომების შედეგია. ცხადია, ამ შეცდომების გასწორება უცბათ არ მოხერხდება. რაკი შეცდომები ხდებოდა გარკვეული დროის მანძილზე, ბუნებრივია, მის გამოსწორებასაც დრო უნდა. ახალი ხელისუფლება ცოტა ხანია რაც არსებობს. ერთი თვის შემდეგ შეუსრულდება არსებობის ერთი წელიწადი. საზოგადოება იმას არ ითხოვს, რომ ამ ერთ წელიწადში რაღაც განსაკუთრებული ცვლილებანი მოეხდინათ. იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელშიც საქართველო სამოცდაათი წლის მანძილზე ჩავარდა, ერთსა და ორ წელიწადში არ მოხერხდება. ეს ყველა ჭკუათმყოფელ ადამიანს ესმის. საქართველოს მდგომარეობის გამოსწორებას ათეული წლები დასჭირდება, შეიძლება საუკუნეც. დროს გარდა, დასჭირდება დიდი შრომა, გონიერება, სიბრძნე. ჩვენ რომ დანარჩენ მსოფლიოს, დანარჩენ კაცობრიობას გავუთანაბრდეთ, ამისათვის სასწაულის მოხდენა დაგვჭირდება. ამიტომ თუ საზოგადოება რაიმეს ითხოვს, ითხოვს ერთს ყველა მიმართულებით საქმის სერიოზულად დაწყებას. ითხოვს იმის დანახვას, რომ გზას სწორი მიმართულებით დავადექით. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ჩვენ შვიდი ათეული წელიწადი ვიყავით ტოტალური რეჟიმის პირობებში, რამაც ჩვენ უსაშველოდ ჩამოგვარჩინა. ამ ჩამორჩენის გამოსწორება არ მოხერხდება ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელი ხერხებით. ჩამორჩენის გამოსწორება შეიძლება მოხერხდეს აზროვნების გათავისუფლებით, თავისუფლების კონსტიტუციური ფორმებით, კანონების ფორმებით. პრესის, ტელე-რადიოს საშუალებით უნდა გაგვეხსნა გზა თავისუფალი არსებობისაკენ. იმედი უნდა მიგვეცა, რომ მათ არაფერი ემუქრებათ. მაგრამ მოხდა ისე, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები ისევე არიან შეპყრობილი არსებობის შიშით, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს იყვნენ. არსებობის შიშით შეპყრობილი ადამიანისაგან არ არის მოსალოდნელი გონივრული ნაბიჯი. იგი დამფრთხალ ცხოველს ჰგავს და საით გაიქცევა, კაცმა არ იცის.
არსებობის შიში და გულის გატეხვა სულ უბრალო რამემ გამოიწვია. სამოცდაათი წლის მანძილზე, ზოგჯერ მალულად და ზოგჯერ აშკარად, სულ იმაზე ვწუწუნებდით, რომ კომუნისტური უზენაესი საბჭო ხელის აწევით ხმის მიმცემი მანქანაა, მეტი არაფერიო. 1990 წლის 28 ოქტომბერს კომუნისტური უზენაესი საბჭო შეიცვალა ახლით, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს ახალიც ხელის აწევით ხმის მიმცემი აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო ჩაენერგა რწმენა, რომ ქართველმა ხალხმა მიაღწია იურიდიულ, კონსტიტუციურ თავისუფლებას, რომ ნიადაგი მომზადდა თავისუფალი აზროვნებისათვის, სიტყვისათვის, რომ დაცულია კანონის უზენაესობა, რომ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობა არაფრით იქნება შეზღუდულ-გაუქმებული. ამით თავად უზენაესი საბჭო მოიგებდა, რადგან არ მოაკლდებოდა ცოცხალი აზრის ნაკადი. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არგუმენტირებული, დასაბუთებული აზრთა სხვადასხვაობა, ხალხს საშუალებას მისცემდა დაენახა, რომ თავისუფალი ცხოვრებისაკენ ნაბიჯი გადავდგით. შიშიც თანდათან გაქრებოდა და რწმენაც განმტკიცდებოდა. მაგრამ ამის უნარი ახალ უზენაეს საბჭოს არ აღმოაჩნდა.
ზოგჯერ ტელევიზიის საშუალებით, ზოგჯერ მითქმა-მოთქმით და ჭორით, ზოგჯერ ამა თუ იმ დეპუტატის გამოტანილი ამბით ვიცით, რა შეხლა-შემოხლაა, რა დავა და ბრძოლაა უზენაეს საბჭოში, მაგრამ ეს არ იძლევა ვითარებაზე სწორ წარმოდგენას, სიმართლე სრულად არ ვიცით. ხალხს თუ გულახდილად სიმართლე არ ვუთხარით, საქმე სასიკეთოდ არ წავა. მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბება.
ვერც მთავრობამ მოახერხა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სიტყვიერი დაპირება არ კმარა. ხალხმა მკაფიოდ უნდა დაინახოს დღეს თუ ეს გაკეთდა, ხვალ სხვა გაკეთდება, ზეგ – კიდევ სხვა და ა.შ. მდგომარეობის სირთულე მოითხოვს სწრაფ აზროვნებასაც და სწრაფ ქმედებასაც. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განუზომლად, აუწონ-დაუწონავად, დარეტიანებულივით ვიმოქმედოთ, მაგრამ მოქმედება, კონკრეტული და მკაფიო, აუცილებელია.
წინათაც მითქვამს, იცის ეს ჩვენმა საზოგადოებამ, და ახლაც ვიმეორებ: კომუნისტური რეჟიმის დროს ძალაუფლება სამ ძალას ჰქონდა გაყოფილი – პარტოკრატიას, ბიუროკრატიას და კლეპტოკრატიას. პარტოკრატია დაემხო, მთელ სსრკ-ში დაემხო, მაგრამ ბიუროკრატია და კლეპტოკრატია ისევ ძველებურად პარპაშებს. დღევანდელი კრიზისიც ბიუროკრატიისა და კლეპტოკრატიის პარპაშმა გამოიწვია. ხალხი ამას ხედავს. შეიძლება ყველა ეს გაცნობიერებული არა აქვს, მაგრამ ინსტინქტით გრძნობს. ამიტომ ახლა უმთავრესი ამოცანა ბიუროკრატიისა და კლეპტოკრატიის დამხობაა. მათი განადგურებაა. ამ მხრივ, ჯერჯერობით, საიმედო პირი არაფერს უჩანს. პირიქით, თუ ჩანს რაიმე, ჩანს ის, რომ ბიუროკრატიაც და კლეპტოკრატიაც თავს არხეინად გრძნობს, მყარად გრძნობს. თავიანთ სურვილებსაც გვკარნახობენ და ახორციელებენ კიდეც. ამიტომ ახლა მთელი ძალისხმევა იქითკენ უნდა წარიმართოს, რომ ისინი (ბიუროკრატია და კლეპტოკრატი) მოვიცილოთ. ამ გზით უნდა შევძლოთ იმ წინააღმდეგობათა დაძლევა, რომელიც იწვევს იმგვარ კრიზისებს, რაც დღეს გვაქვს. მართალია, ლაპარაკი ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ეს პრობლემათა სიმრავლის ბრალია. მარტო ერთი პრობლემის მოგვარებით საქმეს არ ეშველება. ყველა პრობლემა, რომელიც დღეს გვაწუხებს, ერთიანად უნდა მოწესრიგდეს. თუ ასე არ მოხდა, ვერ გადავწყვეტთ საქართველოს მომავლის ბედსაც.
დიდ შეცდომას დავუშვებდით, თუ ვიფიქრებდით, რომ დღევანდელი კრიზისი გამოწვეულია ორი ძალის ბრძოლით ხელისუფლებისათვის. ერთია ის ძალა, რომელსაც ძალაუფლება უკვე აქვს და მეორეა ის ძალა, რომელიც მიილტვის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. შეიძლება ასეთი ვინმეც ურევია ამ ბრძოლაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ეს არის ბრძოლა საქართველოს მომავლისათვის. აქ უფრო ღრმა ფესვებია, ვიდრე ეს ჩვენ ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. ბრძოლის არსი არ უნდა გავამარტივოთ. მაშინ ვერავითარ დადებით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. კონფლიქტს ვერ მოვაგვარებთ. დღევანდელი კრიზისის არსში ღრმად უნდა ჩავიხედოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს მომავლისათვის. მაშინ, რაკი ორივე მხარეს ერთი მიზანი აქვს, შესაძლებელი გახდება დიალოგი. თუ ვიფიქრეთ, რომ ერთმანეთისათვის მაღალი სკამის წართმევა უნდათ, მაშინ დიალოგი არ ჩატარდება. პრობლემა გადაწყდება ძალმომრეობით. ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი ძალა აღმოაჩნდება.
თუ დიალოგი შედგება და ამ საუბრის შედეგად მიღებული იქნება გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომისა, იგი უნდა გადადგეს. ეს მისი გადაწყვეტილებაც იქნება. ეს იმ საქმის გაგრძელებაც იქნება, რასაც ემსახურებოდა მთელი ცხოვრება. ეს არ იქნება მისი დამარცხება. ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯი. პოლიტიკოსმა, თუ იგი მართლა პოლიტიკოსია, უნდა იცოდეს – როდის იაროს წინ, როდის დაიხიოს უკან, როდის გამოვიდეს ასპარეზზე და როდის გავიდეს იქიდან. გადადგომა პოლიტიკური ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. დღეს გადადგები, ხვალ ისევ დაბრუნდები. ნურავინ დაინახავს ამაში რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას. ევროპელი პოლიტიკოსები, ზოგიერთი მაინც ბევრჯერ გადამდგარან და ბევრჯერ უკან დაბრუნებულან, რადგან გადადგომა, როგორც ითქვა, პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ხერხია.
ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ მე ან ერთ მხარეზე ვდგავარ ან მეორეზე. ან ერთს ვუჭერ მხარს ან მეორეს. მე მესამე ქართული ძალის შექმნის მომხრე ვარ. იმ მესამე ქართული ძალისა, რომელიც ორივე მხარეზე მაღლა დადგება, რომელსაც მეტი მოთმინების უნარი აღმოაჩნდება, მეტი სიბრძნე, მეტი გამჭრიახობა, მომავლის ხედვის უკეთესი ნიჭიც. იმ მესამე ძალას ვემხრობი, რომელიც შეძლებს დაპირისპირებულთა მორიგებას. პიროვნულად როგორც უნდა გვძულდეს ერთმანეთი, მაინც მტკიცედ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ჩვენ ყველას ერთი ამოცანა გვაკისრია – საქართველოს გადარჩენა. ეს იმ დაჯგუფებათა გადარჩენასაც გულისხმობს, რომელიც დღეს ერთმანეთს უპირნისპირდება. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ. ჩვენ ყველას შეგვიძლია მისთვის სიკეთის გაკეთება იმ ნიჭის შესაბამისად, რითაც ღმერთმა დაგვაჯილდოვა.
თუ მესამე ქართული ძალა არ აღმოჩნდა, თუ მისი ასპარეზზე გამოყვანა ვერ შევძელით, მაშინ მოხდება ისეთი კატასტროფა, რომლის მსგავსი საქართველოს ისტორიამ შეიძლება არც იცოდეს. ამ კატასტროფისათვის პასუხს ჩვენ ყველანი თანაბრად ვაგებთ, გაუთვალისწინებლად იმისა, ვინ ვის მხარეს იდგა ან, საერთოდ, მონაწილეობდა თუ არა კონფლიქტში. დღეს ადამიანები ერთმანეთს ხმლით, მშვილდ-ისრით და კეტით არ ებრძვიან. ებრძვიან საშინელი, ტოტალურად გამანადგურებელი იარაღით. მართალია, ეს საშინელი იარაღი ქართველებს არ გვაქვს, მაგრამ აქვს უცხო ძალას. ამ უცხოს შეუძლია იფიქროს: ამ ჭირვეული ქართველების მოსვენება-დამშვენებას საშველი არ დაადგა, გაუთავებლად ერთმანეთს ჭამენ, მოდით საერთოდ გავაქროთ ისინი და დაგვაყარონ ყუმბარები. ამისათვის პასუხს მათ არავინ მოსთხოვს. ამგვარი კატასტროფები მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და პასუხი არავის არავისთვის მოუთხოვნია.
ამ დიდი საფრთხე-საშიშროების გამო მიმაჩნია, რომ გვჭირდება მესამე ქართული ძალა, რომელიც კონფლიქტში ჩაბმულ ორივე მხარეზე ამაღლდება. მაღალი პოზიციიდან დახედავს ვითარებას და შესთავაზებს როგორც ერთს, ისე მეორე მხარეს ყველასათვის მისაღებ გადაწყვეტილებას. ყველა სხვა გზა, ჩემი აზრით (ღმერთმა ჰქნას, რომ მე ვცდებოდე), მიდის სისხლიანი ძმათამკვლელი კატასტროფისაკენ. ეს კი ქართველ ხალხს უფსკრულში მიაქანებს.
1991 წ. სექტემბერი