მკვახე შეძახილი
მეტად ძნელია და რთული იმსჯელო ერის სულიერ თვისებაზე, ესთეტიკურ ბუნებასა და ხასიათზე. ალბათ ერის ბუნების და ხასიათის სრული ამოცნობა შეუძლებელიც არის, იმდენად მრავალფეროვანი, ღრმა, უცნაური და მიუწვდომელია იგი. გულახდილად რომ ვთქვათ, ბოლომდე პიროვნების ბუნება-თვისების ამოცნობაც კი ჭირს და მთელი ერის ხასიათს როგორღა უნდა მიაგნოს კაცმა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემაზე არ დავფიქრდეთ და არ ვცადოთ თუნდაც ზოგიერთი ნიშან-თვისების მოძებნა. ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ილია ჭავჭავაძემ ქართველ ხალხში თათქარიძეობის სენი აღმოაჩინა, მახვილი მის წინააღმდეგ აღიმართა. ამ ბრძოლას ჩვენი სულიერი გაჯანსაღებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. როცა ივანე გონჩაროვმა ობლომოვობის თვისებას მიაგნო რუს ხალხში, საქმიანობა მის აღმოსაფხვრელად წარიმართა. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ობლომოვობის წინააღმდეგ ბრძოლამ სერიოზული როლი შეასრულა რუსული რევოლუციური თვისების გამომუშავებაში.
რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ხასიათის ამოცნობა იმისთვისაც არის აუცილებელი, რომ უმეცრებისა და გაუგებრობის გამო თავს არ მოვიხვიოთ ის, რაც უცხო და მიუღებელია ჩვენთვის. იგი ავითვისოთ, იმას ჩავეჭიდოთ, რაც ბუნებრივად ესადაგება და ეგუება ჩვენს თვისება-ხასიათს.
ამიტომ გ. ასათიანის ნარკვევისადმი – „სათავეებთან“ („ცისკარი“, 1980 წ., No5, 6, 7) გულგრილი დამოკიდებულება შეცდომად მიმაჩნია. შეძლებისდაგვარად ყველამ ვიმსჯელოთ წამოჭრილ პრობლემაზე და იქნებ ქართველის ზოგიერთი ეროვნული თვისება-ხასიათი მართლაც უტყუარად დავადგინოთ. მით უმეტეს, რომ ამ საკითხს მარტო დღეს არ შეუწუხებია ჩვენი მწერლობა. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა დაიჩივლა:
„… ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველითგანვე თგსთა უფალთა, რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება ჰპოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგკთხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. 1, 1955 წ. გვ. 359).
ასევე გულისტკივილით აღნიშნავენ ჩვენი ხალხის მანკიერ თვისებებს არჩილი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი და სხვანი. მარტო აკაკი წერეთლის სიტყვებმა – „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო“, რა მწარედ უნდა დაგვაფიქროს. ჩვენი საუკუნის 20-იან წლებშიც ამ პრობლემის გარშემო ცხარე პაექრობა იყო გაჩაღებული. გაიხსენეთ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ (1927 წ., 1) ფურცლებზე გამართული დისკუსია, რომელიც ნიკოლოზ მიწიშვილის „ფიქრებმა საქართველოზე“ გამოიწვია (1926 წ., 4-5).
გ. ასათიანის ნარკვევში არ არის ძველი კამათის არც გადაჭარბებული ოპტიმიზმი და არც უსაბუთო სკეპტიციზმი. თუმცა ის კი უნდა ვთქვა, რომ ნაღვლიანი კილო გ. ასათიანსაც შეეპარა, როცა ნარკვევის დასასრულს განაცხადა „ოკეანემდე ჯერ კიდევ ძალიან შორსაა…“ თუ ოკეანესკენ მივდივართ, მისი სიშორე ვერაფერი ნუგეშია, მაგრამ ჩვენ ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს. ამის უპირველეს საბუთად, როგორც უნდა გაუკვირდეს მკითხველს, ქართული ზღაპრების გმირი ნაცარქექია მიმაჩნია.
როცა გ. ასათიანი ნაცარქექიას ეხებოდა, იგი, კირილე მიმინაშვილთან, ყვარყვარე თუთაბერთან და ბათა ქექიასთან ერთად, ქართული ხასიათის შემადგენელ ელემენტად ჩათვალა (VI, 100. რომაული ციფრი აღნიშნავს ჟურნალის ნომერს, არაბული – გვერდს). ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე მგონია, გ. ასათიანმა მკაფიოდ არ თქვა, ქართველმა ხალხმა რა აზრი ჩასდო ნაცარქექიას სახეში.
„სიზარმაცისა და ბაქიობის გარეშე ვის რა ჯანდაბად უნდა თქვენი ნაცარქექია? მისი ბაქიობაც ხომ ჩვეულებრივი არაა. ის ყველაზე დიდ დუშმანს – ბაყბაყ-დევს უნდა მოერიოს, თორემ პატარ-პატარებთან დაჭიდებაც ეთაკილება“.
ნუთუ სიზარმაცე და ბაქიობაა ნაცარქექიას თვისება? თუ ასე ვიფიქრეთ, მაშინ რუსული ზღაპრების გმირი ივანუშკა-დურაჩოკიც ბრიყვად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ასე რომ არ არის. ივანუშკა-დურაჩოკი ხომ ყველაზე გამჭრიახი, ჭკვიანი და გონიერია. გამარჯვებულიც ამიტომ გამოდის. მაშასადამე, „დურაკობა“ მისტიფიკაცია ყოფილა. ნიღაბი ყოფილა ნამდვილი არსის დასამალავად, ასეთივე მისტიფიკაციაა, ნიღაბია ნაცარქექიას სიზარმაცე და ბაქიობაც. ჩვენს ზღაპრებში ნაცარქექია ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. იგი ყველას ამარცხებს. მათ შორის იმ ბაყბაყდევსაც, რომელიც მრავალგზის უფრო ღონიერი და მძლავრია, ვიდრე ნაცარქექია. თითქოს დევმა ნაცარქექია ნიორწყლად უნდა აქციოს, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხებული და გაცუცურაკებული რჩება იგი. ჭკუით, გამჭრიახობით, მოქნილობით, ეშმაკობით სჯობნის ნაცარქექია დევს. სწორედ ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა, ეშმაკობაა ნაცარქექიას თვისება და არა სიზარმაცე და ბაქიობა. სიზარმაცე და ბაქიობა მისტიფიკაციაა, მომარჯვებული იმისათვის, რომ მტერმა ნაცარქექიას ნამდვილი თვისება ვერ ამოიცნოს.
ახლა უფრო შორს წავიდეთ: განა ნაცარქექიასა და დევის ურთიერთობაში საქართველოს ისტორიული ცხოვრების მოდელი არ ჩანს?
საქართველოს მთელი მისი გრძელი ისტორიის მანძილზე არასოდეს ჰქონია ურთიერთობა მის ტოლ სახელმწიფოსთან. იგი ყოველთვის მსოფლიო გოლიათებს ედგა პირისპირ:
საქართველო და რომის იმპერია,
საქართველო და ბიზანტიის საკეისრო,
საქართველო და არაბთა ხალიფატი,
საქართველო და სპარსეთის შაჰინშატი,
საქართველო და მონღოლთა ულუსი,
საქართველო და ოსმალთა სულთანატი,
საქართველო და რუსეთის ცარიზმი.
ამ უთანასწორო ბრძოლაში რა უშველიდა საქართველოს თუ არა ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობა. ქართველმა ხალხმაც ნაცარქექიას სახით ამგვარი იდეალი შექმნა. მტრის მოსატყუებლად ზარმაცისა და ბაქიას ნიღაბი აიფარა. თუ ეს არ დავინახეთ ნაცარქექიაში, მაშინ მას ცალმხრივად წარმოვიდგენთ და ნიღაბს არად მივიჩნევთ. ამიტომ დამაჯერებლად არ მეჩვენება, რომ კირილე მიმინაშვილის, ყვარყვარე თუთაბერის ან ბათა ქექიას არქეტიპი ნაცარქექია იყოს. დემნა შენგელაიას თავად აქვს ნათქვამი: „ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ის (ბათა ქექია – ა. ბ.) მართლაც სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია ფალსტაფისა და გარგანტუასი, სანჩო პანსასი და ლემკე გუდსაკისა, კოლა ბრუნიონისა და ლუარსაბ თათქარიძისა“. როგორც ვხედავთ, აქ ნაცარქექია არ არის მოხსენიებული. ნაცარქექიას მერე გაიხსენებს მწერალი. „მას (ბათა ქექიას – ა. ბ.) არ უნდა ლიტერატურული ნათესაობა შეწყვიტოს არც „კალმასობის“ მთავარ გმირთან და არც ნაცარქექიას-თან“. ნათესაობა კი ბატონო, რამეთუ ნაცარქექიაც ქართველი კაცია და ბათა ქექიაც, მაგრამ უფრო ღვიძლი ურთიერთობა კი მათ შორის არ ჩანს. ამით ნაცარქექიაზე ლაპარაკი დავამთავროთ.
ქართული ეროვნული ხასიათის თვისებათა გამოყოფისას, გ. ასათიანი აღნიშნავს, რომ „შურისმაძიებლობა არასდროს არ ქცეულა ქართველი ხალხის ეროვნულ იდეოლოგიად, არც ლიტერატურაში, არც სამართლებრივ პრინციპებში, არც პოლიტიკურ სულისკვეთებაში“ (VI, 106). ზოგადად და საერთოდ ეს მართალია, მაგრამ განა არსებობს დედამიწის ზურგზე ერი, რომელსაც შურისმგებლობა ნაციონალურ იდეოლოგიად აქვს გადაქცეული? ასეთი ხალხი არ არსებობს და ვერც იარსებებს, რამეთუ, თავად გურამის სამართლიანი თქმით, ასეთი ერი ამოწყდებოდა სისხლში ბალღამის ჩაქცევისაგან. მაშინ რა განსაკუთრებულ თავისებურებას ავლენს ქართველი ხალხი ამ მიმართულებით? შურისძიება ქართველისათვის საერთოდ უცხო რამ არისო, ამას ვერ ვიტყვით. ლიტერატურული თვალსაზრისით, საკმარისია მარტო მე-19 საუკუნის მწერლობა გავიხსენოთ, სადაც შურისგების პრობლემა ღრმად და სერიოზულად დგას.
განა ვარდუას („სურამის ციხე“) შურისძიება სასტიკი და დაუნდობელი არ არის?
განა გაბრიელმა („გლახის ნაამბობი“) სამაგიერო არ მიუზღო დათიკოს და რაიმე შემწყნარებლობა გამოავლინა მის მიმართ?
განა ბახვა ფულავა („პირველი ნაბიჯი“) უტეხი სიჯიუტით არ ეძებს შურისგების გზას და მანამ ვერ პოულობს მოსვენებას, სანამ სურვილს არ აისრულებს?
განა გელამ ონისე („მოძღვარი“) შურისძიების მიზნით არ მოჰკლა, რის გამოც სოფლის რისხვა – ჩაქოლვა – დაიმსახურა?
განა სიმონა („სიმონა“) დაუზოგველად არ უხდის სამაგიეროს დარიკოს შეურაცხმყოფელთ?
განა დავით კლდიაშვილის მიერ „თავად პეტრეში“ უგუნური და უაზრო შურისძიების შემაძრწუნებელი ამბავი არ არის აღწერილი?
რომელი ერთი ჩამოვთვალო. დასახელებული ნიმუშებითაც ერთი რამ ცხადზე ცხადია: ქართული მწერლობა სერიოზულად ამუშავებდა შურისგების პრობლემას, ოღონდ, ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობას და კრიტიკას ეს საკითხი სათანადოდ არ შეუსწავლია, არ გაუანალიზებია. არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, როგორ გამოვლინდა შურისძიების პროცესში ქართული ხასიათი, რა ზნეობრივი დასკვნა გაკეთდა აქედან.
ეს ლიტერატურული ასპექტით. ახლა ისტორიის კუთხითაც გავიხსენოთ ზოგის ზოგიერთი ფაქტი.
მოიგონეთ, როგორ ჩამოიყვანა მოტყუებით ბაგრატ მესამემ ფანასკერტში თავისი ნათესავები, კლარჯთა ხელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, თმოგვის ციხეში ჩაამწყვდია და სული ამოხადა.
ანდა, როგორ მიიპატიჟა გიორგი ბრწყინვალემ ჰერეთ-კახეთის და სომხითის ერისთავები ცივის მთაზე და პირწმინდად ამოწყვიტა. თუ ოდესმე ნიჭიერი მწერალი დაამუშავებს ქსნის ერისთავების მიერ არაგვის ერისთავთა ამოჟლეტის ამბავს, შეიძლება მივიღოთ შურისძიების უფრო შემზარავი სურათი, ვიდრე „ნიბელუნგების თქმულებაშია“ დახატული.
სოლომონ პირველის მიერ რაჭის ერისთავთა მოსპობა შურისძიების აქტი არ არის?
გაიხსენეთ ლევან მეორე-დადიანი, თეიმურაზ პირველის ასული დარეჯანი (ანდა თავად თეიმურაზ პირველი: მან არ მოაკვლევინა ზურაბ ერისთავი, სიძე და თანამებრძოლი), გივი ამილახვარი და სხვანი, რომელნიც შურისმგებლის დაუოკებელი ვნებით არიან შეპყრობილი. ისინი ხომ ქართველები არიან და ქართულ სულსა და ხასიათს ავლენენ.
მაშასადამე, ქართველმა იცის შურისძიება და თან სასტიკი. ეს ლიტერატურითაც დასტურდება და ისტორიითაც. ამიტომ ნუ ვეცდებით პირი მოვიწმინდოთ და გულმოწყალისა და მიმტევებლის ნიღაბი ავიფაროთ. არ არის ეს საჭირო. ძველი რომაელები ამბობენ: ჰომო სუმ, ჰუმანი ნიჰილ ა მე ალიენუმ პუტო. ქართველიც ადამიანია და არც მისთვის არის რაიმე ადამიანური უცხო. ნურც ის გაგიკვირდებათ, რომ „ზოგს შურისმაძიებლები ვგონივართ“. ვართ, თუ ძალა შეგვწევს. როცა ამას ვამბობ, არ მავიწყდება დავით აღმაშენებლის დიდსულოვანი საქციელი: თბილისის მაჰმადიანებით დასახლებულ უბნებში ღორის დაკვლის აკრძალვა, ამით მუსლიმანებს შეურაცხყოფილად რომ არ ეგრძნოთ თავი. მაგრამ ეს ფაქტი უფრო დავით აღმაშენებლის პიროვნების პოლიტიკურ ნიჭიერებას, გამჭრიახობას, დიდბუნებოვნებას მოწმობს და ნაკლებად ავლენს საერთოეროვნულ შემწყნარებლობის თვისებას.
თუ ხშირად ვისმესთვის ჩვენი ეროვნული დამცირებისა და შეურაცხყოფისათვის მაგიერი არ მიგვიზღვავს, ეს ჩვენი უძლურების შედეგი იყო და არა ჩვენი შემწყნარებლობისა და მპატიებლობისა.
როცა ძალი გვქონდა ქადილისა, სამარცხვინო საქციელიც ჩაგვიდენია. განა სატრაბახოა ის, რაც ქართველთა ლაშქარმა გააკეთა გიორგი მესამის დროს? ქვეყანა დაწყნარებული იყო, მეზობლები დამორჩილებული, მტერი არსაიდან გვემუქრებოდა. ჯარს უქმად ყოფნა მოსწყინდა და მეფეს მიაკითხა: „არა არს ღონე დარჩომისა ჩვენისა თუინიერ ლაშქრობისა და რბევისა“. მეფემ ეს უგნური თხოვნა ყურად იყო და სპას ნება დართო დაერბია ყველა ოლთისიდან შარვანამდის („ქართლის ცხოვრება“, ტ. II, 1959 წ., გვ. 15-16). ასე წარტყვევნეს და ააწიოკეს უზარმაზარი ტერიტორია მოწყენილობისა და უსაქმურობის გამო.
ანდა, მეორე ფაქტი გულმოწყალებასა და მპატიებლობაზე ლაპარაკობს? ლაშაგიორგის დაბადებით გახარებულმა ქართველებმა, ჩვილი უფლისწულის პატივსაცემად, ააოხრეს უდანაშაულო ქალაქი ბარდავი. დიდძალი საუნჯე წამოიღეს და აურაცხელი ტყვე წამოასხეს (იქვე, გვ. 58).
ფასი ძლიერის შემწყნარებლობას აქვს, თორემ უძლური და სუსტი მპატიებელი უნდა იყოს. სხვა რა გზა აქვს. ჩვენ რომ ჩვენი ძლიერების ხანაში ისეთივე გულმოწყალება გამოგვეჩინა, როგორც უძლურების დროს ვავლენდით, მაშინ შეიძლებოდა ჩაგვეთვალა შემწყნარებლობა, ლმობიერება, მპატიებლობა ქართული ხასიათის თვისებად. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა. მაშინ ისე ვიქცეოდით, როგორც ყველა ღონიერსა და ძლიერს სჩვევია.
საკუთარ ძლიერებას რაღას ვსაყვედურობთ, როცა სხვისი ღონით გულმოცემული ვემუქრებოდით ჩვენს ყოფილ მტრებს:
ძრწოდე, კავკასო! ახლო არს დღე შენის აღსასრულისა!
შეთქმულან შენზედ ერთპირად ძენი ქართლისა სრულისა,
აღებად შენგან სისხლისა, უბრალოდ დაქცეულისა,
და აღმორთმევად უწყალოდ შენს შორის ბოროტ სულისა!
გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, „მერანის“ ავტორმა როგორ დაწერა ეს ლექსი, რომელშიც სხვისი დათრგუნვის, დაჩაგვრის, დამონების სურვილია გამომჟღავნებული.
ამრიგად, შურისძიების გრძნობა ქართველი ხალხისათვის არ ყოფილა უცნობი, ისევე როგორც სხვა ხალხებისათვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სხვა ხალხებს, ქართველებს იგი არ გადაუქცევიათ ეროვნულ იდეოლოგიად. ეროვნული ხასიათის კვლევის ამოცანა, ჩემი ფიქრით, ის არის, რომ ვიპოვოთ სად ჰგიეს განსხვავება ქართველისა და სხვა ხალხების შურისმაძიებლობას (ისევე როგორც სხვა თვისებებს) შორის. რა თავისებურება ახლავს ქართველის ამ თვისებას და რა ელფერით ერწყმის იგი სხვათა ამგვარსავე თვისებას. ამის მიგნებაა მთავარი. ცხადია, ეს მეტად ძნელი საქმეა და შესაძლებელია ერთ კაცს ამის გაკეთება არც ხელეწიფებოდეს, მას მკვლევართა მთელი ჯგუფი სჭირდებოდეს. მაგრამ ჩვენ ჩვენი ვცადოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. მივაგნებთ თუ ვერა იმ თავისებურებას, რომელსაც ქართველი ავლენს ამა თუ იმ საერთოადამიანური თვისების გამომჟღავნებისას. შურისმგებლობა ორგვარად ვლინდება: ხალხის რისხვის სახით და ციდამტკავლური ინტრიგის ფორმით.
ისტორიულად ჩვენ არ გვყოლია ჩვენი კრომევლი და ჩვენი რობესპიერი. ბუნებრივია, რომ ხალხის სახელით ჩვენ არც ჩვენი ჩარლზ პირველი დაგვისჯია და არც – ჩვენი ლუი მეთექვსმეტე. მაგრამ სამაგიეროდ თვალები დაგვითხრია, ისე როგორც ეს გაუკეთეს დასავლეთ ქართველთა მეფე ბაგრატს. მერე კი უსინათლოსა და უბედურისათვის ქვეყნის მართვა დაგვივალებია. ოსმალთა დახმარებით, ტახტზე ვიგინდარა ჭუჭუნასშვილი დაგვისვამს და ხელმწიფის საკადრისი პატივი მიგვიგია. კონსტანტინე ბატონიშვილივით ტახტისათვის ღვიძლი მამაც და ძმაც მოგვიკლავს.
დღეს, ცხადია, ძნელია ეჭვმიუტანლად დაამტკიცო ან უარყო ლუარსაბ მეორე მართლა გიორგი სააკაძის ინტრიგის წყალობით დაიღუპა თუ არა, მაგრამ ის კი ნათელია და მკაფიო, რომ ნოსტელ აზნაურს გამბედაობა არ ეყო კრომველივით ან რობესპიერივით, ხალხის სახელით, სიკვდილით დაესაჯა ლუარსაბ მეორე ან თეიმურაზ პირველი. თუმცა მას არც კრომველზე და არც რობესპიერზე ნაკლები ენერგია არ გამოუვლენია ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ოღონდ ციდამტკავლურ ინტრიგას უფრო ოსტატურად იყენებდა, ვიდრე ხალხის რისხვას.
ჩვენ არც მარია-ანტუანეტასავით გაგვიტარებია დედაქალაქის ქუჩებში, გილიოტინაზე დასასჯელად ჩვენი ლამაზი დედოფლები, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ტყეში, ჩუმად ცხვირი, ენა და ყურები მოგვიჭრია, დარეჯან შარვაშიძის მსგავსად და მერე პატივახდილი მამის სახლში დაგვიბრუნებია.
ჩვენ არც ჩვენი ჯორდანო ბრუნო დაგვიწვავს კოცონზე, მაგრამ არც იმის შეგვრცხვენია, რომ წიწამურის ბუჩქებში ქურდულად ჩაცუცქულებს პირველი ერის კაცი მოგვეკლა.
მართალია, ჩვენ ჩეხი დედაბერივით ფიჩხი არ დაგვიყრია საჯაროდ იმ კოცონზე, რომელსაც ჩვენი იან ჰუსი უნდა შთანთქა, მაგრამ, როცა მოხუცი სულხან-საბა ორბელიანი წვერებით ათრიეს სვეტიცხოვლის ეზოში, არაფერი გაგვიკეთებია იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო.
როგორ არ გავიხსენო მიხეილ ქვლივიძის ლექსი:
მაშ შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია.
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია…
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი,
არჩილ მეფე,
ვახტანგ მეექვსე,
საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით?
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია,
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი – სამიწე,
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?
არა,
ქართველთა გზა როდია ასე იოლი, თვითმკვლელობაა
დიდი საქმის ჩვენში დაწყება…
სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება.
როცა ამ ლექსს წაიკითხავ და მასში მოხსენიებულ ფაქტებს ასწონ-დასწონი, მაშინ გაგიჭირდება დაიჯერო, რომ „ქართველი კაცის მოწყალე ბუნება და შემწყნარებლობის უშრეტი ნიჭი მართლაც სასწაულს გავს“ (VI, 106).
მკითხველისათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს იმის გაგება, რისი თქმაც მინდა ამ პარალელებით. ქართულ შურისმაძიებლობას უფრო ციდამტკავლური ინტრიგის ხასიათი აქვს, ვიდრე ხალხის რისხვისა.
ხალხის რისხვით ერის კეთილშობილი ხასიათი ვლინდება, ციდამტკავლური ინტრიგით – მანკიერი.
ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ჩვენივე ნაკლის მხილებისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გ. ასათიანის ნარკვევშიაც შევნიშნე ამგვარი შიშის გამოძახილი. ეს მაშინ ჩანს განსაკუთრებით მკაფიოდ, როცა გურამ ასათიანი ცდილობს ახსნა მოუძებნოს ლერმონტოვის ყბადაღებულ სტრიქონს ქედთომ პრქკმე გპუზმნძ და პრქრყიტ ნიუანსურად განასხვავოს იპუყრყიტ-ისა და აუგომვრყიტ-ისაგან (V, 144-145). სხვათა შორის, რა მწარედ განუცდიათ ქართველებს ლერმონტოვის ეს სიტყვები, კარგად ჩანს ნიკა აგიაშვილის მოგონებიდან – „მას აუხსნია ბევრი ქარაგმა“ (1980 წლის 12 სექტემბრის „ლიტერატურული საქართველო“). ეს უცნაური ამბავია. ნუთუ რომელიმე ჩვენთაგანს სერიოზულად სჯერა, რომ ქართველთა შორის მხდალი და ლაჩარი არ ურევია? იმდენი სიკეთე და ბედნიერება მე და თქვენ, მკითხველო, რამდენიც მშიშარა ქართველია ამქვეყნად.
ქართველების მიერ გამოვლენილი სიმხდალე მარტო ლერმონტოვს არ შეუმჩნევია, „ქართლის ცხოვრებაშიაც“ მრავლად არის აღწერილი ჩვენი სილაჩრის მაგალითები და უცხოელ მოგზაურთა ნაწერებშიც. ლერმონტოვს რუსეთის შესახებაც აქვს მწარე სიტყვები ნათქვამი. გავიხსენოთ თუნდაც „ნესძითჭ პრყყმჭ, ყიპთნთ პთქრვ, ყიპთნთ გრყარლ“. ხომ იქნებოდა უხერხული, ამდგარიყვნენ რუსი მწერლები და ეძებნათ „ნესძიძღ“-ს ნიუანსი და ემტკიცებინათ, ეს სიტყვა ლერმონტოვს პირდაპირი მნიშვნელობით არ უხმარიაო. ცხადია, არც ჩვენს ღირსებას შეეფერება „პრქკმე გპუზმნძ“-ის რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. ისე როგორც ყველა ერში, ქართველებშიაც ბევრია გულადიცა და ლაჩარიც. აქ არაფერია განსაკუთრებული. ჩვენ თავად შესანიშნავად ვიცით, სად გამოგვიჩენია სიმამაცე და სად სიმხდალე. ამიტომ ძალიან ნუ დაგვადარდიანებს, თუ ვინმემ ჩვენი ვაჟკაცობა ვერ შეამჩნია და მხოლოდ მშიშრობა დაინახა. ოღონდ ის კი უნდა ვისწავლოთ, როდის, სად და რისთვის უნდა გამოვიჩინოთ სიმამაცე. ჩვენი მატიანეც და ჩვენი ლიტერატურაც ბევრ საბუთს გვაწვდის იმისას, რა უხვად დაგვიღვრია სისხლი სხვისი მიზნების განსახორციელებლად, თუმცა ამის გამო ჩვენთვის მადლობა არავის უთქვამს. ამის ნიმუშად ამოსის მინდორში მომხდარი ბრძოლაც კმარა, როცა ჩვენი სამშობლოს დამაქცევარ მონღოლებს მხარდამხარ ვედექით და მათი დიდებისათვის ვიქნევდით ხმალს. იმათ ბრძოლის ველიდან გაქცევა უნდოდათ და ჩვენ ვუმტკიცებდით – „არა არს წესი ჩუენი ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკვდილი“. ამ ერთგულების სანაცვლოდ მონღოლთა სარდალი ყაენს მოახსენებდა: „ჩუენ ბრძანებისამებრ თქუენისა, გუნებავს გარე შექცევა და წინაშე შენსა მოსვლა, გარნა ქართველნი, უცნობოქმნილნი, არა მოვლენ ჩუენ თანა“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. II, 1959 წ., გვ. 262-263). გარდა უგუნურებისა, ნეტავ რა გვრჯიდა მოსისხლე მტრისათვის ასე დაგვედო თავი? ასეთ ბრიყვულ სიმამაცეს უნდა გადავეჩვიოთ, თორემ ლაჩარს რა გამოელევს ამქვეყნად.
გ. ასათიანმა ქართული ეროვნული ხასიათის მთავარ ნიშნად სულიერებისა და ნივთიერების ორგანული შერწყმა მიიჩნია.
„სულის და ხორცის ურთიერთლტოლვა, მათი შეთანხმება, შეკავშირება, შერწყმა, ფუნდამენტური თვისებაა ქართველი ხალხის ესთეტიკური ბუნებისა“ (V, 129).
თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პრობლემის ამგვარი კუთხით ჩვენება-გაშუქება საერთოდ კლასიკური ხელოვნების მთავარი ნიშან-თვისებააო და კითხვაც მაშინვე თავადვე დასვა – „მაშ, ჩვენ, ქართველებს რაღა დაგვრჩენია?“
ამ საკითხზე მსჯელობისას, ჩემი აზრით, რატომღაც სათანადო ყურადღება არ მიექცა ერთ პერსონაჟს, რომელიც ზუსტად გვაძლევს იმის პასუხს, რაც დაგვრჩენია ქართველებს. ეს პროტაგონისტია „ვეფხისტყაოსნის“ ავთანდილი.
ავთანდილი – სავსეა როგორც სულიერებით, ისე ნივთიერებით. იგი სულიერების განსახიერებაა, მაგრამ მისი მონა არ არის, თუ საჭიროა, იგი მაშინვე იყენებს ნივთიერებას, მაგრამ არც მას მორჩილებს. სიყვარულის, მეგობრობის, შეწყალების ქადაგი და პრაქტიკულად განმხორციელებელიც ერთი წუთითაც არ დაფიქრდება, ძალადობის ან მკვლელობის აუცილებლობა თუ დაინახა. „ვეფხისტყაოსნის“ მთელი სიბრძნე ძირითადად ავთანდილის პირით არის გაცხადებული, მაგრამ ამ ბუნება-ზეარსმა (რუსთაველის სიტყვაა) კაცმა მაშინვე სტაცა ასმათს თმებში ხელი, როგორც კი ხვეწნამ და ტკბილმა სიტყვამ არ გასჭრა. არც მაშინ უყოყმანია ავთანდილს, როცა ფატმანის საყვარელი ჭაშნაგირი მოჰკლა, რაკი სხვა გამოსავალი არ იყო. ავთანდილი იმიტომაც იმარჯვებს, რომ მას არ დაურღვევია წონასწორობა სულიერებასა და ნივთიერებას შორის, სულსა და ხორცს შორის.
თუ მომეტებულ ფანტაზიორობად არ ჩამომერთმევა, ავთანდილის ცოცხალ პროტოტიპად დავით აღმაშენებელს მივიჩნევდი. ამ კაცმა უდიდესი პრაქტიკული საქმეც განახორციელა და სულიერებით სავსე ჰიმნიც დაწერა. დიდი საქართველოს აღმაშენებელ ხელმწიფეს შეუძლებელია უამრავი ისეთი საქმე არ გაეკეთებინა, რასაც ნივთიერების გამოვლენად, ხორცის სამსახურად მივიჩნევდით და ისიც დაუჯერებელია, რომ „გალობანი სინანულისანი“ დაეწერა ადამიანს, ვინც სულიერების მწვერვალებს არ იყო მიმწვდარი. მაგრამ დავით აღმაშენებელმა ავთანდილივით ზუსტად იცოდა, როდის უნდა ყოფილიყო სულიერების ტრფიალი და როდის – ნივთიერების. მე მგონია, როცა სულიერებისა და ნივთიერების შერწყმა-შეერთებაზეა ლაპარაკი, ეს ორი პიროვნება – ერთი რეალური და ისტორიული, მეორე კი შეთხზული – განსაკუთრებული დაკვირვების საგანი უნდა გახდეს. თუ კლასიკური ხელოვნების მთავარ ნიშან-თვისებას ქართულმა მწერლობამ რაიმე შემატა, ეს ავთანდილის სახეა, თუ ინდოეთი კაცობრიობის სულიერი განგია, ქართული განგიც სულიერებისა და ნივთიერების შერწყმის ის ჰარმონიაა, რომელსაც ავთანდილი ავლენს. მე არ მეგულება მეორე პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ავთანდილივით ჰარმონიულად ათავსებდეს ერთმანეთთან სულიერებასა და ნივთიერებას. ამით არის იგი ბუნება-ზეარსი.
როგორც ჩანს, ბუნება-ზეარსობა ურთულესი და უძნელესი რამ ყოფილა, რამეთუ ჩვენს ლიტერატურაში ავთანდილი აღარ განმეორებულა და ჩვენს ისტორიაში – დავით აღმაშენებელი. მაგრამ მოხდა სხვა პროცესი: ნივთიერების თვინიერ, სულიერების უკიდურესი განვითარება, რომლის შედეგად ვაჟა-ფშაველას მინდია მივიღეთ და, სულიერების თვინიერ, ნივთიერების უკიდურესი განვითარება, რომლის რეზულტატად მიხ. ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძე მოგვევლინა. ამიტომ მინდიას ანტიპოდი, მსოფლმხედველობრივი ანტითეზა კვაჭი კვაჭანტირაძეა და არა მურმანი.
ჯერ ერთი, პიროვნება, რომელსაც შეუძლია სიყვარულის სახელით ეშმაკს მიჰყიდოს სამშვინველი, დაცლილი არ არის სულიერებისაგან. ოღონდ მურმანი მცდარ გზას ირჩევს იმისათვის, რომ ეზიაროს სულიერების მწვერვალს – სიყვარულს. სიყვარული ხომ ღმერთია. გაიხსენეთ „ღმერთი სიყვარული არს“ (იოანე მოციქულის ეპისტოლე პირველი, IV, 8) და „იგია საქმე საზეო, მომცემი აღ-მაფრენათა“ („ვეფხისტყაოსანი“). თუ ასეა, სიყვარული სულიერების უმაღლესი გამოვლენაა. მურმანიც აქეთკენ მიილტვის, ოღონდ, როგორც ითქვა, მცდარი გზით.
მეორეც, განა ეთერი მარტო ქალია? მართალია, ეთერიანის თავდაპირველი მითოლოგიური ვარიანტი არ შემოგვრჩენია, მაგრამ დღეს გადარჩენილ ხალხურ თქმულებაშიც მკაფიოდ მოჩანს მითოსი. ბევრი კომპონენტი გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ეთერი – ქართველი აფროდიტეს ნაირსახეობაა. ის რომ ეთერი დაავადდება, არაფერს ნიშნავს. ეს გამოცდაა, რომელსაც ღმერთი ხშირად მიმართავს. ფლობერის მოთხრობაში „ლეგენდა მწირთა შემფარებელ წმიდა ჟიულიენზე“ – ჟიულიენს ქრისტე ხომ კეთროვანის სახით მოეცხადა? როცა ამ საშინელ სენის წინაშე წმიდანმა უკან არ დაიხია და უზენაესმა დაინახა, რომ მოყვასის სიყვარულმა სძლია შიშს, ჟიულიენი ცად აამაღლა. ამგვარი გამოცდაა ეთერის ავადმყოფობა აბესალომისათვის. აბესალომი შეშინდა და დათმო ეთერი. სამაგიეროდ სიკვდილით გამოისყიდა სულმოკლეობა და იქნა მიტევებული.
ეთერიანში სულიერებისათვის ბრძოლის ორი სხვადასხვა გზაა: აბესალომისა, რომელსაც თავისუფალი არჩევნის ფორმა აქვს, და მურმანისა, რომელიც ძალდატანებით სახიერდება. ეშმაური გზის არჩევის გამოა მურმანი უარყოფითი დამოკიდებულების სუბიექტი, თუმცა ვაჟა-ფშაველას გენიამ მას დანაშაულის გამოსყიდვის უფლება მისცა: შერემ ანუ მურმანმა თვალები დაითხარა. სულიერებისაკენ ლტოლვის დროს დაშვებული შეცდომის გამოსწორება მან თვითგვემით სცადა. ამიტომ მეორდება აქ ანტიკური ოიდიპოსის ვარიანტი. შეცდომა გამოსყიდულია და სულიერება განწმენდილია ეშმაური ჭუჭყისაგან.
ყოველივე ზემოთქმულის გამო მიჭირს დავეთანხმო გ. ასათიანს, რომ აბესალომი ან მურმანი პირად ბედნიერებაში ხედავდეს ცხოვრების თვითკმარ მიზანს (V, 131). ამგვარად ცხოვრების მიზანს კვაჭი კვაჭანტირაძე ხედავს. სწორედ იგი უნდა მივიჩნიოთ ნივთიერების, ანუ ეშმაური ბოროტის, სახედ, რომელიც უპირისპირდება მინდიას, როგორც სულიერების, ანუ ღვთაებრივი კეთილის, ხატს. ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო მართალი იქნებოდა გვეთქვა, ჩვენი ეროვნული სულის ორი პოლუსი, ორი უკიდურესი გადახრა მინდია და კვაჭი კვაჭანტირაძეა, ხოლო ზომიერება და ჰარმონია – ავთანდილი.
ავთანდილისა და კვაჭი კვაჭანტირაძის შეპირისპირება ქართული ხასიათის კიდევ ერთი თვისების – სილაღის – თვალსაზრისით არის საყურადღებო. ამ თვისებას გ. ასათიანი განსაკუთრებულად აღნიშნავს: „არალაღი (ან თუნდაც არა მოჩვენებითად გალაღებული, სილაღის თუნდაც ილუზიური გარემოცვის გარეშე დარჩენილი) ქართველი კაცი არსებითად უკვე ქართველი აღარ არის“ (V, 140).
რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ქართველი სილაღეს არ ეტრფის, მაგრამ აქ რამდენიმე ნიუანსი მაინც არის დასაზუსტებელი, რომ დახასიათება მომეტებულად ზოგადი არ გამოვიდეს.
ჯერ ერთი, განა მარტო ქართველები არიან ლაღი? განა ესპანელებს, იტალიელებს, ფრანგებს, თუნდაც სხვებს, სილაღე აკლიათ? განა მათ ლიტერატურაში სილაღის ზღვა არ იშლება? ცხადია, ასეა, და ჩვენც ამ ლაღი კაცობრიობის ორგანული ნაწილი ვართ.
მეორეც, ძნელი სათქმელია, რომ ოთარაანთ ქვრივი ან ვაჟა-ფშაველას დარეჯანი, ანდა ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი და რევაზ ინანიშვილის ბარბალე ბადიაური ლაღი ქალები იყვნენ, მაგრამ ისინი ქართველები არიან, თან უკეთესი ქართველები. არც ალუდა ქეთელაური, არც ხევისბერი გოჩა, არც სპირიდონ მცირიშვილი, არც შიო არაგვისპირელისა და ჭოლა ლომთათიძის პერსონაჟები (კიდევ ბევრი სხვა) გამოიყურებიან ლაღად, მაგრამ კარგი ქართველები კი არიან.
მესამეც, არის ავთანდილის სილაღე და არის კვაჭი კვაჭანტირაძის სილაღე, არის ბათა ქექიას სილაღე და არის კირილე მიმინაშვილის სილაღე, არის ბაში-აჩუკის სილაღე და არის იერემია წარბას სილაღე. მათ შორის დიდი ზღვარია. თუ ავთანდილის, ბათა ქექიას, ბაში-აჩუკის და ამ რიგის პროტაგონისტთა სილაღე ქართველი კაცის ღირსეულ თვისებას ავლენს, კვაჭი კვაჭანტირაძის, იერემია წარბას, კირილე მიმინაშვილის და მათი მსგავსი პერსონაჟების სილაღე (უფრო მართალი იქნება ვთქვათ, ჩიტირეკიაობა) კი ქართველი კაცის უარყოფით თვისებას ამზეურებს. ზოგჯერ მათი ჩიტირეკიაობა ბოროტმოქმედებამდე მიდის. მაგალითად, იერემია წარბასი და კვაჭი კვაჭანტირაძისა. თუ ყველაფერი ეს არ გავითვალისწინეთ, შეიძლება შევცდეთ.
გ. ასათიანი ერთ საუბარს იხსენებს (VI, 100).
მაჩაბლის ქუჩაზე მწერალთა კავშირის შენობის წინ, ქართველი მწერლები ერთ პარკინსონით დაავადებულ, სომეხ მოხუცს გამოელაპარაკნენ თურმე. ბერიკაცს გარკვეული შურით უთქვამს – მართალია, თქვენმა თავადაზნაურობამ ყველაფერი გაჰყიდა, ფული ჭამა-სმაში გაფლანგა, ის ადგილ-მამულები ჩვენ ვიყიდეთ, მაგრამ ბოლოს რევოლუციამ ყველაფერი ჩამოგვართვა და მხოლოდ გასტრიტი და კუჭის წყლული შეგვრჩაო. მერე ესეც დასძინა თურმე: „აბა, თქვენ მიბრძანეთ, ვინ გიჟი და ვინ ჭკვიანი?“
ამ ეპიზოდის კითხვისას არ შეიძლება ქვეტექსტისა და თხრობის კილოთი არ შეამჩნიოთ ავტორს ერთგვარი კმაყოფილება, რომ სომხის ბურჟუაზია თითივით გალოკილი დარჩა, ხოლო ქართველმა თავადაზნაურობამ ქეიფი მაინც მოასწრო. ნუთუ მართლა გვჯერა, რომ სხვა უფრო მძიმე შედეგი ქართველი თავადაზნაურობის დიდი ნაწილის ქარაფშუტობასა და ჩიტირეკიაობას არ მოჰყოლია? დღეს საქართველოს ტერიტორიის მოზრდილ ნაწილში ქართველი კაცის ჭაჭანება რომ არ არის, ეს რისი ბრალია?
იაკობ მანსვეტაშვილი გვატყობინებს: „ბორჩალოს მაზრაში მემკვიდრეობით დარჩათ ზემოთ უკვე ნახსენებ კოლა ორბელიანს და გენო ქობულაშვილს ოცი ათასი დესეტინა მდიდარი მამული. ერთიცა და მეორეც, თქმა არ უნდა, „მცონარენი“ იყვნენ, ამიტომ მამული გაექცათ ხელიდგან და ჩაუვარდათ ხელში მანთაშევს და არამიანცს… მოიხმეს თავიანთი დიდრიცხოვანი რაზმები სპეციალისტებისა: აგრონომები, ჰიდრავლიკები, ტექნიკები და უბრძანეს, აბა, გასინჯეთ მამული და გვითხარით, რაშია გამოსადეგიო. გასინჯეს და მოახსენეს: საუცხოო ადგილია ბამბის მოსაყვანადო… სომხეთიდან გადმოასახლეს ბამბის მოყვანის მცოდნე გლეხები, დასვეს ადგილზე და გაჩაღდა საქმე“ („მოგონებანი“, 1936 წ., გვ. 187).
ამიტომ ნურავინ მოიტყუებს თავს და იფიქრებს, რომ, ჩვენი სტუმართმოყვარეობის წყალობით, ისინი ხელგაშლილი მივიღეთ და დავასახლეთ. სტუმრის (ნამდვილი სტუმრის) მიღება სომხებმაც ჩინებულად იციან, ვერავინ დაუწუნებს მასპინძლობას, მაგრამ საკუთარი მიწა-წყალი არავისთვის დაურიგებიათ. არც საქართველოზე ნაკლები შემოსევა, აოხრება-აწიოკება განუცდია სომხეთს, მაგრამ რამდენადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ოჯახი სუფთად შეინახეს. ჩვენ კი სასტუმროს დავემსგავსეთ, სადაც ვისაც უნდა, როგორც უნდა და რამდენ ხანსაც უნდა, ისე ცხოვრობს. ეს სხვა არაფრის ბრალია, თუ არა ცუდად გაგებული იმ სილაღისა, რომელსაც ქართველი თავადაზნაურობა იჩენდა. სწორია, მათ ქეიფი და დროსტარება შერჩათ, მაგრამ ქართველ ხალხს კი სამუდამოდ დაკარგული მიწა-წყალი დაუტოვეს.
ქართველი ხალხი ავთანდილის სილაღეს უნდა ეზიაროს, თორემ კვაჭი კვაჭანტირაძის ჩიტირეკიაობა მას არაფერ კარგს არ უქადის. თუ ჩვენ ეს განსხვავება მკაფიოდ არ გავაცნობიერეთ, მაშინ ბაჩანას ჩივილი რეალობად იქცევა:
ზღვა-ზღვა მივცურავთ, უაზროდ, ნიჩბების მოუსმელადა,
არც რასა ვდარდობთ, უშტარი ბედი გვყავს წინამძღოლადა,
გავალთ თუ დავიღუპებით, არა ვიცით-რა სწორადა
ყველა თვისებას თავის კარგი და ცუდი მხარე აქვს, მათ შორის არტისტიზმსაც. როცა არტისტიზმზე ვლაპარაკობთ, ჩვეულებრივ ორ ელემენტს ვგულისხმობთ: ოსტატობადახვეწილობას და პოზას. თუ პირველი მოსაწონია და მისაღები, მეორე სათაკილოდ უნდა იქნეს მიჩნეული. პოზა აუცილებლად შეიცავს ტყუილს, სიცრუეს, მისტიფიკაციას. ვიღაც თუ რაღაც ნამდვილი არ არის და ასეთად კი უნდა თავი მოგვაჩვენოს. ქართულ ეროვნულ ხასიათში ორივე შეიმჩნევა და გამოკვეთილადაც. გ. ასათიანი ამაზე ვრცლად მსჯელობს, მაგრამ ცოტა რამ ჩემი მხრიდანაც მინდა დავამატო. იმიერ-ქართველი გლეხი, როცა სადილად დაჯდომის წინ ხელის დასაბანად მიგიწვევთ, არასოდეს გეტყვით ხელი დაიბანეთო, არამედ ყოველთვის ასე მოგმართავთ – ხელი დაიმშვენეთო. ანდა დანაყრებული არასოდეს იტყვის უკვე ვჭამე ან უკვე გავძეხიო. მისი პასუხია: უკვე გეახელითო. სამეფო კარისათვის დამახასიათებელი, წინასწარშემუშავებული ეტიკეტის ენაზე მეტყველებს გლეხკაცი. ეს უთუოდ ნაშთია იმ ძველი კოლხური კულტურისა, რომელსაც აღტაცებით შესცქეროდა არგონავტების მითის ავტორი.
მართალია, არის ქართველის ეროვნულ ხასიათში დახვეწილობაც და პოზაც, მაგრამ დახვეწილობას რად სჭირდება პოზა? თანაც, შეიძლება მკაცრად ვამბობ, ავადმყოფური.
„ქართველი კაცი მუდამ სცენაზე გრძნობს თავს. მარტოდ დარჩენილსაც კი ვიღაცის მოუშორებელი მზერა ელანდება და ყოველ თავის მოძრაობაში ამ უხილავ თვალთა დაინტერესებულ ყურადღებას ითვალისწინებს“ (V, 145).
ეს ხომ უმძიმესი მდგომარეობაა მთელი სიცოცხლე სცენაზე გრძნობდე თავს. სულ ვიღაცას ატყუებდე და, რაც მთავარია, უპირველესად საკუთარ თავს. არასოდეს იყო ის, რაც ნამდვილად ხარ.
რატომ გასწირა ამგვარი მდგომარეობისათვის თავისთავი ქართველმა კაცმა? ამის ერთადერთი პასუხი მეგულება: უჭირდა და იმიტომ. იძულებული იყო სულ ეთამაშა, სულ ვიღაცისათვის თავი მოეწონებინა.
ხომ გინახავთ ცირკში ბაგირზე მოარულის თუ მოცეკვავის სახე, რომელსაც ღიმილი დასთამაშებს და უდარდელობა გადაჰფენია. ამ ღიმილით და მოჩვენებითი უდარდელობით მალავს ჩამოვარდნის შიშს, აცახცახებულ მუხლებს და აკანკალებულ გულს. რა უნდა ჰქნას, პუბლიკუმს მაშინ მოეწონება, თუ უშიშარი კაცის პოზით წარმოდგება. როცა ამას ვეღარ მოახერხებს, როგორც ცირკის მსახიობმა, არსებობაც უნდა შეწყვიტოს. ისიც უძლებს, სანამ ნებაყოფა ეყოფა.
ახლა წარმოიდგინეთ, რა მძიმე იყო ქართველი ხალხის ცხოვრება, რომელსაც მრავალი საუკუნის მანძილზე უხდებოდა პოზის შენარჩუნება, რამეთუ მას სულ უჭირდა. აბა, გადავავლოთ თვალი ჩვენს ისტორიას, მის გმირებს და დავინახავთ, ვინ როგორ გაითამაშა მისთვის ცხოვრების მიერ დაკისრებული როლი.
ჩვენი ისტორიის ასპარეზზე ორი პოზა არსებობდა: ქართველი ხალხის ერთგულისა და დამპყრობლის, მტრის თანამდგომელისა. იგი, ვინც არცერთი პოზის დაჭერაშენარჩუნებას არ ცდილობდა, იღუპებოდა, მაგრამ პატიოსნად და ვაჟკაცურად. იღუპებოდნენ ისინიც, ვინც ამა თუ იმ პოზას იყენებდა, მაგრამ ან ლაჩრულად ან მოღალატის სახელით. ეს ერთდროულად ჩვენი ისტორიის ტრაგედიაც არის და ფარსიც.
ჩვენ ხშირად დიდად ვცდილობთ ამა თუ იმ ისტორიულ პიროვნების ანტიეროვნულ საქციელს გამართლება მოვუძებნოთ, ავხსნათ იგი ობიექტური მიზეზებით. მაგრამ ეს ამაო შრომაა. ისტორიასა და ხალხს თავისი კრიტერიუმი აქვს და იმის შესაბამისად აფასებს ყველას – ცოდვილსა და მადლმოსილს. ჩვენი ნაირნაირი ვარიანტების თავმოხვევა არ მოხერხდება. თუ ზოგიერთ ისტორიულ ფაქტს დავაკვირდებით, საგულისხმო გაკვეთილის მიღებაც შეიძლება.
აბა, დავუფიქრდეთ, ქართულმა ეკლესიამ და ჩვენმა ხალხმა ლუარსაბ მეორე წმინდანთა შორის ჩარიცხა, გიორგი სააკაძე კი არა. იმას ნუ ვიფიქრებთ, რომ ვინმეს რაიმე შეეშალა, ან ეს აქტი ეკლესიის ნება იყო და არა ხალხისა. არა, არც არავის არაფერი შეშლია და ეკლესიაც იმას ვერ გააკეთებდა, რაც ხალხს არ სურდა და სამართლიანად არ მიაჩნდა. არც ამა თუ იმ პიროვნების ტრაგიკულ აღსასრულს გადაუწყვეტია საკითხი. ლუარსაბ მეორემაც უბედურად დაასრულა ცხოვრება და გიორგი სააკაძემაც. პირველი მშვილდის საბლით დაახრჩვეს სპარსეთში და მეორეს თავი მოჰკვეთეს თურქეთში. ზვარაკის გაღების თვალსაზრისით, გიორგი სააკაძემ შვილიც კი უმსხვერპლა საქმეს. მაგრამ ერის პატივისცემის სასწორი მაინც ლუარსაბ მეორისაკენ გადაიხარა. ეს იმიტომ მოხდა, რომ არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულს, არამედ იმას – ვინ როგორ, რა გზით მივიდა ამ დასასრულამდე. ლუარსაბ მეორე მაშინვე მიხვდა, რომ, თავგანწირვის გარდა, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. არ უძებნია თავდახსნის ცრუ საშუალებანი და არც სხვისი მსხვერპლი უთხოვნია. ტარიგად საკუთარი თავი დადო. გიორგი სააკაძე კი ნაირნაირ გზებს ეძებდა. მთელი ცხოვრება ბრძოლაში გაატარა, მაგრამ არც ერთი საშუალება უკადრისად არ მიუჩნევია. არც რჯულის გამოცვლის წინაშე დაუხევია უკან და არც სხვათა მსხვერპლს მორიდებია. გიორგი სააკაძე ერთნაირი გამეტებით იქნევდა ხმალს და ერთნაირი თავდადებით ემსახურებოდა საქართველოს, სპარსეთს, თურქეთს. მის მხედრულ ნიჭს სამივე ქვეყანაში თანაბარი წარმატება ჰქონდა. მაგრამ ეს სამი ქვეყანა ერთმანეთის მტერი იყო, თურქეთი სპარსეთს მტრობდა, სპარსეთი თურქეთს და ო-ვე ერთად – საქართველოს. საქართველოც ორივესგან ცდილობდა თავდაცვას. ასეთ სიტუაციაში შესაძლებელია ადამიანი სამივეს ერთგული იყოს? „არავის მონასა ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად“ (ლუკა, 16, 13). ეს პრინციპული მნიშვნელობის საკითხია და მას მეტი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ. თუნდაც იმიტომ, რომ როგორი თავდადებითაც უნდა ემსახურო უცხოს, ბოლოს მაინც მოღალატედ მიგიჩნევს. ამის უტყუარი საბუთია უნდილაძეების ოჯახის თავგადასავალი. რარიგადაც უნდა ვიყოთ მათი პიროვნებით მოხიბლული, უმთავრესის დავიწყება მაინც არ გვმართებს: ქეთევან დედოფალი საწამებლად მათი ოჯახიდან გაიყვანეს. გ. ასათიანი თანაგრძნობით კითხულობს – „რა სამი თვე იყო მისთვის ეს სამი თვე?“ (V, 143). გარდა მშიშრობისა, სხვას არაფერს ამბობს ის სამი თვე, რომლის მანძილზე შირაზის ხანი შაჰ-აბასის ბრძანებას მალავდა. თუ იმამყულიხანი საღად მოაზროვნე და ჭკვიანი კაცი იყო, იგი მიხვდებოდა, რომ ბრძანების დამალვით ქეთევანს ვერ უშველიდა. ამდენად ამ საქციელს აზრი არ ჰქონდა. ეს იყო მოქმედება იმ კაცისა, რომელიც ბუნებით კი არ იყო პატიოსანი, არამედ ნამუსიანი ადამიანის პოზის შენარჩუნება უნდოდა. ამიტომ იმამყულიხან უნდილაძეში მაინც არსებობს ვერაგობა. მის საქციელს მაინც ცბიერება წარმართავს და არა პატიოსნება. პატიოსანი კაცი თავისთავს გასწირავდა და ასე შეეცდებოდა დედოფლის დახსნას. არ დაუწყებდა „კეთილგონიერ“ შეგონებას, იქნება სჯობდეს მაჰმადიანობა იწამოთო. როცა საბოლოო გადაწყვეტილების წუთი დადგა, იმამყულიხანმა საკუთარი კეთილდღეობა ამჯობინა და დედოფალი საწამებლად გაიმეტა. რა გამოდის – უნდილაძეს ხომ უფრო ჰყვარებია თავისთავი, ვიდრე მოყვასი! ეს არის ამოსაცნობი ყოველი კაცის ხასიათში, ვისაც ორ სკამზე ჯდომის სურვილი აწამებს.
ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ისტორიას არ უნდა ვუყურებდეთ მიამიტი თვალებით. კარგად უნდა გავარჩიოთ, ვის ძალუძს თავისთავის მსხვერპლად გაღება და ვის ურჩევნია სხვა იყოს ზვარაკი. როცა ათასების ძვლებსა და სისხლზე გადაივლი, მერე მონანიება ნაგვიანევია. მით უმეტეს დაგვიანებულია ქედის მოდრეკა და თავზე ნაცრის დაყრა.
მართალია, ლუარსაბ მეორე სრულიად ახალგაზრდა მოჰკლეს და მეფობით თავის გამოჩენა ვერ მოასწრო, მაგრამ დაუვიწყარი ზნეობრივი გაკვეთილი დაგვიტოვა. მან კარგად იცოდა, სად მიდიოდა და „რატომ დავსდევ თავი ჩემი ქვეყნისათუის და განერა თემი ჩემი მოოხრებისაგან“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 398).
თითქმის სამი ათეული წელიწადი აზანზარებდა გიორგი სააკაძე წინა აზიას, მაგრამ ამ ზანზარისაგან დაგვრჩა აოხრებული ამიერ-საქართველო, სპარსეთში გადასახლებული რამდენიმე ათასი ქართველი და უდანაშაულო პაატა სააკაძის მოკვეთილი თავი.
ახლა მიამიტად ვიკითხოთ: თავად გიორგი სააკაძისათვის რა სჯობდა – ის, რომ 1624 წელს მარაბდაში მომკვდარიყო თუ ხუთი წელიწადი კიდევ იმისათვის ეცოცხლა, რომ ბაზალეთის სირცხვილი ეჭამა და, როგორც უსამშობლო კონდოტიერისათვის, უცხო ხალხს, უცხო მიწა-წყალზე, მოეკვეთა მისთვის თავი?
მერწმუნეთ, არავის განსადიდებლად ან დასამცირებლად არ დამიწერია ეს სიტყვები. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ლუარსაბ მეორეც, გიორგი სააკაძეც, უნდილაძეებიც ქართველი კაცის თვისებებს ავლენენ და ჩვენი ეროვნული ხასიათის ელემენტებს გამოხატავენ. თუმცა ინდივიდუალურად დიდად განსხვავებულნი არიან. შესაძლებელია ჩვენ ვერც მოვახერხოთ იმ საერთოს ამოცნობა, რომელიც მათ აერთიანებთ, მაგრამ იმის დანახვა კი მკაფიოდ შეგვიძლია, ამ თვისებებიდან რომელი უფრო გამოადგება ქართველ ხალხს სამომავლოდ. ყველაფერი განვითარებადია, მათ შორის ეროვნული ხასიათიც. ამიტომ არის აუცილებელი სამომავლო თვისების ამორჩევა. იმ თვისების მოფრთხილება-განვითარება, რომელიც ბუნება-ზეარსობამდე მიგვიყვანს. უამისოდ ძნელია ჩვენი ხალხის ეროვნული ცხოვრების წარმართვა.
როცა ამა თუ იმ ისტორიული პირის უარყოფით თვისებებს, სისუსტესა და მანკიერებას ახსნას ვუძებნით, ობიექტურ სიტუაციას ვეძებთ მათ გასამართლებლად, ამით დიდსულოვნებასა და შემწყნარებლობას არ ვიჩენთ. პირიქით, გვინდა თუ არ გვინდა, პროპაგანდას ვუწევთ სულმდაბლობასა და სულმოკლეობას, ყველაფერს მისაღებად და დასაშვებად მივიჩნევთ და შეურაცხვყოფთ წამებულთა ხსოვნას. ვალდებული კი ვართ ისე არ მოვიქცეთ, როგორც დავით გურამიშვილი ბრძანებს: „ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო“.
ნურავინ იფიქრებს, რომ ქართული ეროვნული ხასიათის განვითარებას ერთფეროვნებისა და ცალმხრივობისაკენ ვექაჩებოდე. ასე რომ იყოს, ავთანდილს არ მივიჩნევდი ქართული ეროვნული ხასიათის ყველაზე მკაფიო გამოვლენად. როგორც უკვე ვთქვი, ავთანდილის უპირველესი ხიბლი სწორედ ის არის, რომ ორგანულად და ჰარმონიულად ათავსებს სულიერებასა და ნივთიერებას, იცის, სად, როგორ მოიქცეს და არასოდეს ჰკარგავს ჯანსაღი განსჯის უნარს. ჩემი მიზანი სწორედ ამგვარი ბუნება-ზეარსობისაკენ მოწოდებაა, რამეთუ ავთანდილის იდეალი ისეთი ჰარმონიული საზოგადოების შექმნაა, სადაც თხა და მგელი ერთად მოძოვს.
ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.
შესაძლებელია თუ არა ამგვარი საზოგადოების შექმნა, ეს სხვა საკითხია. ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, საით ისწრაფვის ადამიანი და რა თვისებანი მიაჩნია აუცილებლად იდეალის განსახორციელებლად. ამ თვისების ერთი აუცილებელი პირობა ის არის, რომ გადამწყვეტ წუთში სულიერებამ უთუოდ უნდა სძლიოს ნივთიერებას. როცა ამას ვამბობ, შეუძლებელია არ გავიხსენო ერთი კაცი ჩვენი ისტორიიდან – დემეტრე თავდადებული. მას ვერავინ მიიჩნევს ხორცის უარმყოფელ სულის კაცად. როგორც მემატიანე გვაუწყებს, მას ლხენაც ჰყვარებია, ქალებიც და ამქვეყნიური ყველა სიამე. ამის გამო კათალიკოსთანაც კი ჰქონდა შეხლაშემოხლა. მაგრამ, როცა გადამწყვეტი წუთი დადგა, ამ კაცში სულიერებამ სძლია ნივთიერებას. ეს არის არსებითი და უმთავრესი. ყოველი კაცი, დიდი იქნება იგი თუ პატარა, ისე უნდა აღიზარდოს, რომ შეეძლოს ერს ის სიტყვა უთხრას, რომლითაც დემეტრე მეორემ მიმართა დარბაზს ურდოში წასვლის წინ:
„ისმინეთ ჩემი, ყოველთა კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და წარჩინებულთა სამეფოსა ჩემისათა, ვითარმედ შეისუენა მამამან ჩემმან, დავშთი ყრმა მცირე მძლავრებასა შინა თათართასა, და ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან, და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა, და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა, და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშzდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი, და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწმე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთzს, თუ არა წარვიდე ურდოსა. და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი, და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსრვიან. და უკეთუ წარვიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს. და აწ სიბრძნითა თქუნითა განაგეთ საქმე ესე, რამეთუ მე ესრეთ ვგონებ: მრავალმღელვარე არს საწუთო ესე, დაუდგრომელი და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ, და უნებელ და მსწრაფლ თანა-გუაც წარსლვა სოფლისა ამისგან. რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთzს მრავალი სული მოკუდეს და მე ტკრთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 287-288).
ჩვენ ამ სიტყვის არსს ღრმად უნდა ჩავწვდეთ სულ მცირე სამი მიზეზით მაინც.
ჯერ ერთი, ამგვარად იშვიათად მოვქცეულვართ და უფრო იმგვარ საქციელს ვამჯობინებდით, რომელზეც გულისტკივილით წერს დავით გურამიშვილი:
ყეენის სპასალარია,
თავს ირჭვამს მის რაყმობასა!
რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა!
მეორეც, პრომეთეული საწყისი წარმოუდგენელია თავისთავის მსხვერპლად გაღების უნარის თვინიერ. პრომეთეულ საწყისთან არავითარი კავშირი არა აქვს იმას, ვინც მზად არ არის კლდეზე იქნეს მიჯაჭვული და არწივი უკორტნიდეს გულღვიძლს. გ. ასათიანს სწორედ პრომეთე მიაჩნია ქართული სულის ყველაზე ზუსტ ემბლემად (VII, 120-122). ოღონდ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პრომეთეული საწყისი არანაკლებ დამახასიათებელია იმ ხალხისათვის, ვინც ეს მითი შექმნა, და აგრეთვე სხვა ერებისათვისაც.
მესამეც, მიუხედავად საქართველოს გრძელი ისტორიისა, ქართული ეროვნული ენერგიის სრული გამოვლენა ჯერ არ მომხდარა. იგი მომავალში უნდა გამომჟღავნდეს. ამას კი მაშინ შევძლებთ, როცა ყველა ჩვენთაგანი მიხვდება, ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ, როგორ შევათანხმოთ ჰარმონიულად სულიერება და ნივთიერება, ხოლო თუ არჩევანის წუთი დადგება, როგორ ვამჯობინოთ სული ხორცს.
როცა საქართველოს პოლიტიკურ თუ ლიტერატურულ ისტორიას თვალს გადავავლებთ, შეუძლებელია ერთი გულდასაწყვეტი სურათი არ დაინახოთ. ჩვენ ისტორიაშიც და ლიტერატურაშიც გვყოლია საერთაშორისო მასშტაბის მოღვაწენი, მაგრამ ქართულ კულტურას კაცობრიობის ისტორიაში ის როლი არ შეუსრულებია, რაც მას ნიჭიერების ხარისხის მიხედვით ერგება. მე აქ არ ვადარებ საქართველოს დიდ ერებს და არც ძველ ბერძნებს. ვგულისხმობ ჩვენსავე ტოლ ქვეყნებს – პორტუგალიას, დანიას, ნორვეგიას და სხვებს. თუ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები მსოფლიოს ყველა კუთხეში ყოველ ბავშვს უჭირავს ხელში, „ვეფხისტყაოსანი“ ძლივსძლივობით ახლა იკვლევს გზას სხვა ხალხების გულისაკენ. თუ ნორვეგიელი ჰენრიკ იბსენი მთელ კაცობრიობას ელაპარაკება ყოველი ქვეყნის სცენიდან, ქართველი ვაჟა-ფშაველა ჯერჯერობით თავის სამშობლოს საზღვარში რჩება. პატარა ქვეყნის შვილია ჰალდორ ლაქსნესი, მაგრამ ყველგან ცნობილია და ყველა კითხულობს. გალაკტიონ ტაბიძე კი ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი საკუთრებაა და სხვათათვის უცნობია.
ჩვენ არც ისეთი გეოგრაფიული აღმოჩენებით გაგვიმდიდრებია კაცობრიობა, როგორც ეს პორტუგალიელებმა გააკეთეს (ამას გულისტკივილით აღნიშნავს გ. ასათიანიც). არც ჩვენს მუსიკას ჰქონია ის მნიშვნელობა კაცობრიობისათვის, რაც ნორვეგიელ გრიგის შემოქმედებას აქვს. არც ქართულ ფილოსოფიურ ნააზრევს კითხულობს ვინმე ჩვენი ქვეყნის გარეთ იმგვარი გატაცებით, როგორადაც დანიელი სიორენ კირკეგორის თხზულებანი იკითხება. საკაცობრიო ღირებულების თვალსაზრისით, ჯერჯერობით არც ქართულ მხატვრობას უჭირავს ის ადგილი, რაც ჰოლანდიურს. ნუ შევხედავთ ამ საკითხს აზნაურული კუდაბზიკობითა და პატივმოყვარეობით (სხვათა შორის, დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება ისიც არის, რომ ქართული ხასიათის კუდაბზიკური თვისება გამოამზეურა). ეს ფაქტია და ამაზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს.
რისი ბრალია ეს – ჩვენი ეროვნული ხასიათისა თუ ისტორიული გარემო-პირობებისა?
ამის პასუხად, ჩვეულებრივ, ჩვენს მცირერიცხოვანებაზე ავწუწუნდებით. თუ არ ვცდები, ქართველთა სიმცირეზე პირველად დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა დაიჩივლა. „თუ არა ქართველთა ოდენ სპითა ვერცარას ალექსანდრე იქმოდა კარგსა. და თუმცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინმცა გენახნეს ნაქმარნი მისნი, უაღრესნი სხუათა ქებულთანი“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. 1, გვ. 359). შესაძლებელია, დავით აღმაშენებელს უფრო მრავალრიცხოვანი ხალხით მართლაც მსოფლიო იმპერია შეექმნა, მაგრამ რაც გააკეთა, არც ერთი პოლიტიკოსის ღვაწლს არ ჩამოუვარდებოდა ამქვეყნად. მან შექმნა საქართველო, რომელიც ტოლს არ უდებდა იმდროინდელ არც ერთ ქვეყანას არც პოლიტიკურ-სამხედრო და არც კულტურული თვალსაზრისით. დავითის მიერ საძირკველჩაყრილი ასწლიანი პერიოდი (1222 წლამდე, როცა ლაშა-გიორგი გარდაიცვალა) დაამშვენებდა ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას. სავალალო ის არის, რომ ვერ შევინარჩუნეთ და დაცემის გზას დავადექით. ამის მიზეზი კი ის „პოლივალენტური მთლიანობა“ გახლავთ, რომელიც ნარკვევში „სათავეებთან“ ქართული ხასიათის თვისებად არის მიჩნეული (VI, 98).
პოლივალენტურობის, ანუ მრავალნიშნოვანების გამო სადავო არაფერი მაქვს. მართლაც მრავალფეროვანია საქართველოს პეიზაჟი, სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის ზნე-ჩვეულება, ჩაცმა-დახურვა, თვისებანი, საცხოვრებელი, სიმღერა და ა.შ. ოღონდ ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ მრავალფეროვნება მთლიანობად იყოს შეკრული. ისტორიულად არ არსებობდა ეს მთლიანობა და ამის შედეგია ყველა ჩვენი მარცხი. ჩემი აზრით, პოლივალენტური მთლიანობის შექმნის ცდა სამჯერ მოხდა საქართველოში.
პირველად მაშინ, როცა ფარნავაზ მეფემ ერთიანობის საფუძვლად ქართული ენა გამოაცხადა და „არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“…
მეორედ მაშინ, როცა ქრისტიანობა გამოცხადდა საერთო ქართულ რელიგიად და შეიქმნა იდეოლოგიური ფორმულა – „ქართლად ფრიადი ქვეყანა – აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების“.
მესამედ მაშინ, როცა თერგდალეულებმა, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროშის ქვეშ შეკრიბა ქართველობა.
ისტორიულად ქართული კულტურის ყველაზე დიდი აღორძინება-წარმატება სწორედ ამ სამ პერიოდთან არის დაკავშირებული, რამეთუ მაშინ გამოვლინდა შედარებით სრულად ქართული ეროვნული ხასიათის შემოქმედებითი ძალა და უნარი.
ფარნავაზის დროს შეიქმნა მწიგნობრობა ქართული, ე.ი. საძირკველი ჩაეყარა ქართულ კულტურას. იგია ძირი და მერმინდელი ყველაფერი მასზე შენობს.
ქრისტიანული ერთიანობის შედეგია ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშები, „ვეფხისტყაოსანი“ და საერთოდ, მე-10-მე-12 საუკუნეების სასულიერო და საერო მწერლობა, ბექა და ბეშქენ ოპიზარების ჭედური ხელოვნება, ფრესკული მხატვრობა და კიდევ ბევრი რამ, რომელთა ჩამოთვლაც მეტად შორს წაგვიყვანდა.
მართალია, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო, „ვეფხისტყაოსანი“ არ დაწერილა, მაგრამ აღორძინდა დიდი ქართული მწერლობა (ნიმუშად ვაჟა-ფშაველაც კმარა) და რაც მთავარია, მომზადდა ქართული ეროვნული სამეცნიერო სკოლები. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 ასწლეულის პირველი მეოთხედის ყველა გამოჩენილი მოღვაწე ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის იდეით იყო აღზრდილი. მათი საქმიანობის შედეგია ქართული უნივერსიტეტი და დღევანდელი ყველა სამეცნიერო სკოლა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ნაყოფია ქართული პროფესიული მუსიკა, პროფესიული მხატვრობა და პროფესიული თეატრი.
საქართველოს გრძელი ისტორიის მანძილზე ეს სამი მწვერვალი მკაფიოდ მოჩანს და ბეჯითად გვეუბნება – ყოველი ხალხის ეროვნული ხასიათისა და ენერგიის სრულად გამოსავლენად აუცილებელია – ტერიტორიული მთლიანობა, იდეოლოგიური ერთიანობა და თავისუფლება.
სამწუხაროდ, ქართველობა ყოველთვის არ მოქმედებდა ამ შეგნებით. მართალია მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“ ნათქვამი: „ორი ათასი წელიწადი მაინც იქნება, რაც ამერეთ-იმერეთი ერთ ნაჭერ მიწაზე ვცხოვრობთ. ერთად კი, ერთიან სახელმწიფოებრივ და ეროვნულ შენობაში ორასი წელიწადიც არ გვიცხოვრია. ერთმანეთს ჭირიანებივით გავურბოდით და ისე ვერიდებოდით, თითქოს სხვადასხვა ტომისა და სისხლისანი ვყოფილიყავით. მუდმივ ცალ-ცალკე ვიღუპებოდით და ცალ-ცალკე ვშენდებოდით“.
ამის ბრალია, რომ ქართულმა კულტურამ კაცობრიობის ისტორიაში ის როლი ვერ შეასრულა, რის შესრულებაც თამამად შეეძლო. ჩვენი ხასიათის პოლივალენტურობის გამთლიანება იმიტომაც ვერ ხერხდება, რომ არჩევანის გაკეთება გვიჭირდა. ოთარაანთ ქვრივიც მოგვწონდა და კირილე მიმინაშვილიც. ის არ გვჯეროდა, რომ მათი გაერთიანება შეუძლებელია, რაკი ერთმანეთს გამორიცხავენ. აღტაცებული ვიყავით მინდიას სიბრძნითაც და კვაჭი კვაჭანტირაძის მარიფათითაც. ესენი რომ ერთ სახლში ვერ იცხოვრებდნენ, ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ბაღვივაშების, ზურაბ ერისთავების, დარეჯან დედოფლების ციდამტკავლური ინტრიგების ახსნა-გამართლებასაც ვეძებდით და დემეტრე თავდადებულის, ცოტნე დადიანისა და ქეთევან წამებულსაც მოწიწებით ვუხრიდით თავს. იმის დაჯერება კი გვიჭირდა, რომ მათი ხატების ერთ ტაძარში დაკიდება შეუძლებელია. ესენიც ერთმანეთს გამორიცხავენ და იმიტომ. საჭიროა არჩევანი და გამთლიანების საფუძველიც მაშინ გამოიძებნება.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ეროვნული ხასიათი პოლივალენტურად ერთიანი და მთლიანი იყოს, თან შეურიგებლის შერიგება არ ვცადოთ, რაც უთუოდ დაფანტულობამდე მიგვიყვანს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი თათქარიძეობაზე, კვაჭანტირაძეობაზე, ციდამტკავლურ შურისმგებლობასა და ინტრიგაზე, სცენაზე მდგომი კაცის პოზაზე, კირილე მიმინაშვილის ჩიტირეკიაობაზე, აზნაურულ კუდაბზიკობაზე… ხოლო სულიერებასა და ნივთიერებას შორის არჩევანის დროს ავთანდილის ზომიერება დავიცვათ. მაშინ ჩვენ არც მეტისმეტად გავყოყოჩდებით და არც სასოწარკვეთილებას მივეცემით. კარგად დავინახავთ, რომ ჩვენი ავ-კარგით ისეთივენი ვართ, როგორც ყველა ხალხი ამქვეყნად. კაცობრიობის თანავარსკვლავედში უზენაესის მიერ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობასაც პირნათლად შევასრულებთ და თავისუფლად ვისარგებლებთ ყველა იმ უფლებით, რაც ბუნებით გვაქვს მონიჭებული.
ყველა ამ საკითხზე მწვავედ უნდა ვილაპარაკოთ, რამეთუ გ. ასათიანის სამართლიანი თქმით, „ისტორიის გარკვეულ მომენტებში ქართული ხასიათი „მწარე სიმართლეს“ მოითხოვს (გამოფხიზლებას, მკვახე შეძახილს, უტყუარ სარკეს), რომ, უფსკრულის პირას მდგარს, თვლემა არ მოერიოს და საშიშ ზღვარს არ გადასცდეს“ (V, 141).
1980 წ.