დათვალიერება კმარა?
ჭიმღა, კვირიწმინდა, კალოთანა, ღორღუ, მალოზანა, ოხერხევი, საბერწე, ფაფარენა, გარბანი, უკანახო, აჭეხა, მაღრანი, ხორიელი, ღელე, ზენდათვისი, ლებაისკარი, ზეზეიჯე, გურო, სადუცე, ორწყალა, ხორუ, ჭუჭყეთი, აცეხი, მიცუსჭალა, ზენხახაბო, წუქიო…
ეს ტოპონიმები თუ გაგიგონია, მკითხველო? ხევსურული სოფლების სახელებია, იმ სოფლებისა, ოდესღაც რომ არსებობდა, შემდეგ დაცარიელდა და დღეს ნასოფლარად რომ იწოდება. სხვა სოფლებიც არის ამ მდგომარეობაში, ოღონდ ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა.
უყვარს ხევსურს თავისი მიწა-წყალი, მაგრამ მაინც ბარში წამოვიდა მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა. თუ რაოდენ ვერ ეგუებიან ღვიძლი სოფლების დაცარიელებას, იქიდანა ჩანს, რომ ძეძეურთას ისევ სოფლად იხსენიებენ, თუმცა იქ ორად ორი კაცი ცხოვრობს – ღრმად მოხუცი ცოლ-ქმარი. სანამ ეს ორი ადამიანი მაინც დაჩოჩავს ძეძეურთაში, არ უნდათ მას ნასოფლარი დაარქვან!..
არ არის იოლი, საერთოდ, ხევსურეთის სოფლებში ცხოვრება! ეს საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ. ოღონდ ერთი კითხვა მინდა დავსვა – რა მოხდა, რატომ ვუყურებთ ჩვენსავე მიწა-წყალს უცხოელი ტურისტის თვალით?
ახლახან ათი მშვენიერი სახლი აშენდა გუდანში. რაც მართალია მართალია, ჭეშმარიტად კარგი და ლამაზი. მაგრამ ნათქვამია, მადლი ჰქმენ და მარილიც მოაყარეო! სამწუხაროდ, ეს მადლი აკლია ამ სახლებს.
ჯერ ერთი, ათიდან ერთი სახლი „ხატის ადგილზეა“ აშენებული და შიგ ხევსური არ შევა. როცა კეთილ საქმეს აკეთებ, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. მათ შორის, ადგილობრივი ზნე და ჩვეულება! ყველაფერ ამას პატივისცემა უნდა!
მეორეც, გუდანში კი არა, ბევრ ქალაქშია მოუგვარებელი კანალიზაცია და როგორ მოიხმარონ გუდანელებმა იმ სახლებში მოწყობილი აბაზანები და ტუალეტები? ჰოდა, რაკი დანიშნულებისამებრ ვერ იყენებენ ამ „კეთილმოწყობილ“ აბაზანებსა და ტუალეტებს, ბაგად გამოიყენეს. შიგ თივა ყრია, საქონელია დაბმული და არხეინად იცოხნება. როცა ამგვარი სახლები იგეგმებოდა, უპირველესად კანალიზაციაზეც უნდა ეფიქრათ!
მესამეც, გუდანი მწირი სოფელია. ადამიანს მარტო სახლი ხომ არ სჭირდება?! გუდანში სათიბიც ცოტაა, ქერიც ნაკლებად მოდის, არც კარტოფილია უხვად. იქნებ სჯობდა, ასეთი სახლები უფრო მოსავლიან სოფელში აგვეშენებინა?
მიუხედავად ამ შენიშვნებისა, იმ სახლების დამგეგმავთ და ამგებთ მაინც დიდი მადლობა ეკუთვნით, რამეთუ კარგია, როცა ზრუნვა პრაქტიკული საქმით არის გამოხატული.
ზაფხულობით ბარისახოში უამრავი ხალხია ტურისტები, მწყემსები, საქმიანი თუ უსაქმო მოგზაურები… მაგრამ ღამის გათევა ჭირს. ის პაწია, ძველი შენობა, რომელიც სასტუმროდ იწოდება, გაჭირვებით 10-12 კაცს თუ დაიტევს. დანარჩენი ხალხი კი ღისცის ქვეშ ათევს ღამეს. რა მოხდა, რატომ გაგვიჭირდა ბარისახოში ერთი წესიერი სასტუმროს აშენება? კარგი, ბატონო, ხელისუფლებას სხვა მრავალი საჭირბოროტო პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და ამ საკითხს ვეღარ მიხედა. ჩვენ რას ვაკეთებთ? ხომ ვართ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრონი? ნუთუ საქართველოს მდიდარ სოფლებს არ შეუძლიათ ცოტ-ცოტა თანხა, ცოტ-ცოტა სამშენებლო მასალა გადადონ და საკუთარი ინიციატივით ბარისახოში ერთი კარგი სასტუმრო ააგონ? ჰაი, ჰაი, რომ ძალუძთ!
ამას წინათ ერთი ნაცნობი მიამბობდა: გურიაში, სოფელში ვიყავი, ქორწილში ვსტუმრობდიო. თურმე ათასი კაცი ყოფილა მიპატიჟებული. სუფრა რადიოფიცირებული იყო და თამადა მიკროფონით ლაპარაკობდა!.. ნათურები ხეებს მსხლებივით ესხა და ყველაფერი ჩირაღდანივით ბდღვრიალებდა, პირდაღებულმა ვკითხე, რა დაუჯდებოდა-მეთქი ეს ქორწილი? მიპასუხა, 60 ათასი მანეთიო. თან დააყოლა, კი, ძალიან ძვირი დაუჯდა, მაგრამ შემოსავალს არ იკითხავო? 120.000 მანეთი შემოუვიდა, ქორწილის ხარჯიც გაისტუმრა და ნახევარი კიდევ მოგებად დარჩაო.
დავიჯერო, ეს ადამიანები, რომელნიც ასე ხელგაშლილი ნადიმობენ, უარს იტყვიან ნებაყოფლობით გაიღონ ფული ბარისახოს სასტუმროს ასაშენებლად? დარწმუნებული ვარ, არავინ დაიხევს უკან. ჰოდა, გურიაში გადახდილი სამი ქორწილის თანხა, ბარისახოს სასტუმროს კი არა, ვერსალს ააშენებს, ოღონდ ადამიანებს მადლის ქმნა უნდა ვასწავლოთ, ღრმად გავაგებინოთ ანდაზის სიბრძნე – მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება!
ხევსურეთის სხვა სოფლებზე არაფერს ვამბობ, ბარისახოც კი მოკლებულია ყოველგვარ კულტურულ მომსახურებას. თუმცა არის ერთი შენობა, რომელშიც მოთავსებულია სასოფლო საბჭოც, ბიბლიოთეკაც, შემნახველი სალაროც და… კულტურის სახლიც. აქ შეუძლებელია რაიმე კულტურული ღონისძიების ჩატარება, რამეთუ არ გააჩნია არაფერი ამისათვის აუცილებელი. ხანდახან ფილმებს აჩვენებენ, მაგრამ, ვაი ამ ჩვენებას! – ფილმს აღარც გამოსახულება აქვს შერჩენილი და აღარც ხმა, იმდენად ძველია. არც ამ „კულტურის“ სახლის კინოსადემონსტრაციო აპარატურა ვარგა.
ნუთუ ამ „კულტურის“ სახლის ოდნავ უკეთ მოწყობა არ შეიძლება?
ზაფხულობით ვის არ შეეყრებით ხევსურეთში! თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობასაც მრავლად ნახავთ. თუ ჰკითხავთ, რას აკეთებთო, ხევსურეთს ვათვალიერებთო, გიპასუხებენ, თან აღტაცებით დაუმატებენ: რა დიდებულია, არა?!
ექიმებიც შეგხვდებათ. ისინიც გაბრწყინებული თვალებით მისჩერებიან ყველაფერს, მაგრამ პრაქტიკულ დახმარებას თუ მოსთხოვ, აღმოჩნდება, რომ ექიმებს წნევის გამზომი აპარატიც კი არ წამოუღიათ. ისინიც მხოლოდ ათვალიერებენ და იმიტომ.
მთელი სოფელი აღტაცებული შეხვდა ისტორიის მეცნიერებათა ერთ დოქტორს. ეგონათ, ლექციებს მაინც წაგვიკითხავს, ახალ მოვლენებზე გვესაუბრებაო. გაგიგონიათ? ხინკალს მიირთმევდა მადიანად და თან მასპინძლებს ეტრაბახებოდა: „ვატიკანი გაგიგონიათ? ერთადერთი ქართველი ვარ, რომელიც ვატიკანში ვიყავიო!“ რას იზამდა, ისიც დასათვალიერებლად იყო ჩამოსული!
ყველაზე სამწუხარო ის იყო ჩემთვის, რომ მეც დასათვალიერებლად ვიყავი ჩასული.
კარგია დათვალიერება. მართლაც დიდებული და თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც ბუნებას შეუქმნია, ოღონდ ყველაფერს ადამიანის ხელიც უნდა დავატყოთ!
ამან დამაფიქრა და მტკივნეული კითხვა გამიჩინა – სადამდე უნდა ვათვალიეროთ ჩვენივე მამული?!
1980 წ.