„დათვალიერება კმარა?“ — ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია და გზა მოქმედებისკენ

“დათვალიერება კმარა?” — ამ კითხვით დაიწყო ჩვენი ხუთდღიანი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში.

გამგზავრებამდე, პირველი დღე  “დათვალიერება კმარას” შინაარსის გააზრებას დავუთმეთ. აკაკი ბაქრაძის ნაშრომებზე დაყრდნობით, ვისაუბრეთ სიტყვასა და საქმეს შორის არსებულ მუდმივ აცდენაზე, თუ რატომ არის ბევრად მარტივი პასუხისმგებლობაზე საუბარი, ვიდრე მისი შესრულება. ასევე ვიმსჯელეთ, თუ რას ნიშნავს ზრუნვა საკუთარ მემკვიდრეობაზე, არა სხვისი ან მხოლოდ სახელმწიფოს გულხელდაკრეფილი ლოდინით, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებითა და ინიციატივის ხელში აღებით. 

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება კეთილი განზრახვით დაწყებული საქმეც კი მცდარი მიმართულებით წარიმართოს, თუ ის პირად წარმოდგენას დაეფუძნება და არა ადგილობრივ საჭიროებას. ამიტომ, სანამ მოქმედებას გადავწყვეტთ, ჯერ რეალობა უნდა შევისწავლოთ, გარემოებებს კარგად გავეცნოთ და მხოლოდ შემდეგ განვსაზღვროთ, რა შეიძლება იყოს სასარგებლო.

ეს დისკუსიები გახდა ის ინტელექტუალური საფუძველი, საიდანაც ექსპედიცია დაიწყო. 

მომდევნო დღეს კი ტაო-კლარჯეთში ჩავედით.

მომდევნო დღეებში ის იდეები, რომლებზეც თავდაპირველად მაგიდასთან ვმსჯელობდით, იმ რეალობას შეხვდა, რომლის სრულად აღქმაც შორიდან შეუძლებელი იყო. ხანძთაში, ოშკში, ოთხთასა და ბანაში სტუდენტები იმ ძეგლების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა მასშტაბი და დიდებულება საუკუნეების მერეც გაოცებას იწვევს.

საამაყო იყო იმის დანახვა, თუ როგორი შრომით, ცოდნით, თავდადებითა და თავდაჯერებით შეიქმნა ეს დიადი ძეგლები, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც დღესაც კი ჭირს მიღწევა. ექსპედიციის ერთი მონაწილე, კესანე კაციაშვილი წერს: „ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნებისას გამიათმაგდა რწმენა როგორც ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ისე მთელი ქართველობისა და, შესაბამისად, საკუთარი თავისაც.“ 

თუმცა, სიამაყესთან ერთად იყო სევდა. ნაგებობები, რომლებიც ოდესღაც მარადიული ჩანდა, დღეს დაუცველია და ნელ-ნელა ქრება. როგორც სტუდენტი ბარბარე ჩხარტიშვილი აღნიშნავს, ამ გამოცდილებამ მას დაუტოვა “სევდანარევი სიამოვნება”, სიამაყე და აღტაცება შექმნილის მიმართ, რომელიც გადაჯაჭვულია იმ ტკივილთან, რაც ამ ძეგლების დაკარგვით არის გამოწვეული. თამთა გიორგაძე კი წერს, რომ ეს ადგილები მას ახლაც, დაბრუნების შემდეგაც ცხადად ახსოვს: „თვალების დახუჭვისას დღემდე ჩრდილებად ვხედავ თაღთა რიტმულ მონაცვლეობასა და ზეცისკენ აზიდულ სვეტებს.“

ისტორიულ მემკვიდრეობასთან კავშირის პარალელურად, ექსპედიციის მონაწილეები ერთმანეთსაც დაუახლოვდნენ.

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

ხუთი დღის განმავლობაში, თხუთმეტი სტუდენტი, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის წარმომადგენელი იყო, თანდათან ერთ ჯგუფად ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ ძეგლების ირგვლივ რთულად მისავლელ ადგილებამდე მიღწევაში, ერთმანეთს უზიარებდნენ იმას, რასაც ხედავდნენ და მსჯელობდნენ, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. ოთხთაში სალამურის ხმამ და მათმა გალობამ წამიერად გააცოცხლა ტაძარში არსებული სივრცე. სასტუმროში დაბრუნებულებმა კი საქართველოს შესახებ მეგობრული ვიქტორინა მოაწყვეს, ხოლო სასტუმროს ქართული წარმოშობის მფლობელთან საუბარმა მემკვიდრეობის, ენისა და მეხსიერების საკითხები უფრო უშუალო და ხელშესახები გახადა.

დათვალიერების შემდეგ

ამ გამოცდილებებში დაიბადა იდეები, კითხვები და მოქმედების შესაძლო გზები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ექსპედიციის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ სტუდენტებზე შთაბეჭდილების მოხდენა. თბილისში დაბრუნება შეიძლებოდა ფოტოებით, ემოციებითა და იმის შეგრძნებით, რომ რაღაც განსაკუთრებული ვნახეთ. მაგრამ ეს მაინც პასუხგაუცემელს დატოვებდა მთავარ კითხვას:

თუ დათვალიერება არ კმარა, რა უნდა მოჰყვეს მას?

სტუდენტები დაბრუნდნენ კითხვებით, ახალი ურთიერთობებითა და სამომავლო ხედვით. ახლა ისინი ამ იდეების დახვეწაზე მუშაობენ, სადაც მთავარი გამოწვევა ისაა, თუ როგორ აქციონ იდეა საქმედ. საბოლოო ნამუშევრებს კი ექსპედიციის მონაწილეები ოქტომბერში პროექტების სახით წარადგენენ. როგორც ლიზი ტაბატაძე წერს, „მიღებულ ცოდნას თან ახლდა ძლიერი ემოციები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო მიზნისკენ გვიბიძგებს — მოქმედებისკენ.“

მომდევნო კვირების განმავლობაში Instagram-ზე (@akakibakradzesociety) გაგიზიარებთ სტუდენტების თვალით დანახულ ტაო-კლარჯეთის ექსპედიციას, მათ მიერ შერჩეულ ფოტოებს და მათივე მონათხრობს, თუ რატომ დარჩა სწორედ ეს კადრები მათთვის ამ გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად.

ქვემოთ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ მონაწილეთა შეფასებები მათივე სიტყვებით.

სტუდენტების შეფასებები

ანი თათარაშვილი

კასპი, შიდა ქართლი

ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულ მოგონებებს უკავშირდება, როგორც შემეცნებითი/პროფესიული კუთხით, ისე ახალი მეგობრების გაცნობისა და მათთან ნაყოფიერად გატარებული დროის მხრივ. 

ექსპედიცია სწორედ ისეთი გამოვიდა (თუ უკეთესი არა), როგორც წარმოდგენილი მქონდა. ტაო-კლარჯეთი ისტორიული საქართველოს ის ნაწილია, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქვეყნის დიად საუკუნეებს. ბანა, ოშკი, იშხანი და სხვა გრანდიოზული ძეგლები ამის კარგი მაგალითებია. ამ დიდებული ადგილების დათვალიერება და კვალიფიციური ადამიანებისგან მათი ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა დაუვიწყარ ემოციებს იწვევდა, რომელიც ახლაც არ ნელდება. 

ექსპედიციის გახსენებისას, გარდა შემეცნებითი კუთხისა, საუკეთესოდ გამახსენდება იმ ადამიანებთან გატარებული დღეები, რომლებიც ძალიან მალე ჩემი ახლო მეგობრები გახდნენ და რომელთა წყალობითაც ეს რამდენიმე დღე კიდევ უფრო სახალისო და დაუვიწყარი გახდა. 

საბოლოოდ, ექსპედიცია ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და დაუვიწყარი გამოვიდა, რისთვისაც უღრმესი მადლობა აკაკი ბაქრაძის საზოგადოებას და ექსპედიციის თითოეულ მონაწილეს.

ანრი გორგილაძე

გორგაძეები, აჭარა

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციის 5 დღე ჩემი 19-წლიანი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ მონაკვეთად იქცა. მან თავი მრავალი ასპექტით დამამახსოვრა: ისტორიით, რელიგიური კონტექსტით, წარსულის ხსოვნითა და შთამბეჭდავი გეოგრაფიით. ეს ყოველივე კი კიდევ უფრო ძვირფასი გახადა სწორად შერჩეულმა გუნდმა. 

​იმ დიდმა ტკივილმა, რომელსაც ჩვენ მიერ დათვალიერებული ტაძრები და მათი შემოგარენი ტერიტორიები, ინახავენ, კიდევ უფრო გაამძაფრა დანაკლისის განცდა და შიში იმისა, რომ ეს ყოველივე ოდესმე შესაძლოა ისტორიას ჩაბარდეს, განადგურდეს და ჩვენს შემდგომ თაობებს წაერთვას მათი ხილვის შესაძლებლობა. ამავდროულად, ამ განცდამ გააძლიერა მათი შენარჩუნების სურვილი და დამარწმუნა, რომ მხოლოდ დათვალიერება ნამდვილად არ კმარა!

​ჩემს უამრავ მეგობარს უკვე ვესაუბრე და გავუზიარე ხუთდღიანი ემოციები, მრავალმა უკვე იცის ამ პროექტის შესახებ და ბევრსაც კეთილი შურით შურს, ამიტომაც იმედი მაქვს, მომავალში ისინიც გახდებიან ამ ექსპედიციის მონაწილეები.

ბარბარე ჩხარტიშვილი

თბილისი

ერთ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ტაო-კლარჯეთს დღემდე ვერ ვივიწყებ. ახლაც სიზმარში მესიზმრება იქ ნანახი ნანგრევები, ორნამენტები და მოზაიკები. ამდენი სევდა და სიხარული ერთად არასდროს მიგვრძნია. ჩვენს მოგზაურობას „სევდანარევი სიამოვნება“ დავარქვი და  ვფიქრობ ზუსტად ასეა.

ამ სევდას კი იქ, ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები მიმსუბუქებდნენ, იმედით მავსებდნენ.

ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაბრუნება ძალიან გამიჭირდა. რთულია, როცა გინდა მუდამ განცდილ ემოციებზე ისაუბრო, მაგრამ იცი, რომ ყოველდღიური პრობლემების ფონზე გარშემომყოფებს ამაზე გამუდმებით ვერ დაელაპარაკები.

უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ტაოს მონახულების შესაძლებლობა მომეცა, რადგან არაერთი თაობაა, ვისაც იქ ყოფნის შანსი არასდროს ჰქონია. ჩემი სურვილია, ეს საოცარი ემოციები მხოლოდ ჩემში არ დარჩეს, ჩემნაირად აღფრთოვანებული და გაბრუებული კიდევ ბევრი ახალგაზრდა დაბრუნდეს ტაო-კლარჯეთიდან.

როცა ფოტოები სოციალურ ქსელში გავაზიარე, მათ დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. მაშინ წარმოვიდგინე, რა ემოციებს განიცდიან ისინი, ვისაც ამ ადგილების საკუთარი თვალით ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ.

მადლობა ამ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის. ვისურვებდი, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ამ საოცარ საზოგადოებასთან ერთად ტაოს ისტორიული ადგილები საკუთარი თვალით მოინახულონ. 

თამთა გიორგაძე

ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი

ერთიანად დაგროვილი ემოციების და შთაბეჭდილებების დალაგების შემდეგ ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი 23 წლის ცხოვრების განმავლობაში მსგავსი გასვლა ჯერ არ მქონია, სადაც ერთდროულად სხვადასხვა ემოციებით ვიქნებოდი დატვირთული, ხან ბედნიერების ნაპერწკალი გამკრავდა გულში, ხან უზადო სევდის და ტკივილის, რასაც ალბათ ნებისმიერი ქართველი გრძნობს, როცა ტაო-კლარჯეთის გზას მიუყვება და დიდებულ ოთხთას, ბანას, ოშკს და სხვა დანარჩენ ტაძრებს მოინახულებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩემზე, როგორც არქიტექტორზე, თითოეულმა მათგანმა იმდენად იმოქმედა, რომ თვალების დახუჭვისას დღემდე ჩრდილებად ვხედავ თაღთა რიტმულ მონაცვლეობას, ზეცისკენ აზიდულ სვეტებს, შეიძლება ითქვას ექსპედიციაში გატარებულმა დღეებმა “არქიტექტურული შოკი” დამმართა. და ეს ყველაფერი ვერ გამოვიდოდა სწორი და გამართული მენეჯმენტის გარეშე, იმ ურთიერთობების გარეშე, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში ვეზიარე, გიორგის შესანიშნავი გიდობის გარეშე. ექსპედიციამ ყველა ასპექტში გამიმართლა და გადააჭარბა კიდეც იმ მოლოდინებს, რასაც წამოსვლამდე ვამყარებდი.

ნებისმიერი პროფესიის სტუდენტს ვურჩევდი ამ პროგრამის ნაწილი გამხდარიყო, რადგან ისეთი რუდუნებით ვიყავით შერჩეული თითოეული მონაწილე, მიუხედავად ჩვენი სრულიად განსხვავებული პროფესიული მიმართულებებისა, ექსპედიციამ ყველა გაგვაერთიანა-ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, ერთად ვისწავლეთ, მიზნები დავისახეთ, ერთადაც ვიცინეთ. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი აღმოვჩნდი და საშუალება მექნება ერთად გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება.

თორნიკე გოგალაძე

ხაშური, შიდა ქართლი

ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი მოგზაურობა აღმოჩნდა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი კუთხე, რომელიც დღემდე ინახავს ქართული კულტურისა და სულიერების კვალს. ექსპედიციის განმავლობაში მოვინახულეთ არაერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი, რომელთა სილამაზემ, არქიტექტურამ და მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. თითოეული მონასტერი, ტაძარი და ციხესიმაგრე გვიამბობდა საქართველოს დიდებულ წარსულზე და გვახსენებდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას. 

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ის გარემო, რომელიც ექსპედიციას ახლდა. ერთად ვიმოგზაურე ძალიან კარგ და საინტერესო ადამიანებთან, რომლებთანაც არაერთი სასიამოვნო და საინტერესო საუბარი, გამოცდილება და ემოცია გავიზიარე. მეგობრული ატმოსფერო, ურთიერთპატივისცემა და საერთო ინტერესი ისტორიის მიმართ ამ მოგზაურობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.

ექსპედიცია მხოლოდ ისტორიული ადგილების დათვალიერება არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, უკეთ გაგვეაზრებინა ჩვენი ეროვნული იდენტობა, შეგვეგრძნო წინაპრების მიერ დატოვებული კულტურული სიმდიდრე და კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. ტაო-კლარჯეთმა თავისი ულამაზესი ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ეს მოგზაურობა დიდხანს დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც ცოდნით, შთაბეჭდილებებითა და ახალი მეგობრობით სავსე დაუვიწყარი გამოცდილება.

ლაშა სამხარაძე

თბილისი

ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა მას შემდეგ იქცა ჩემს ოცნებად, რაც საქართველოს ისტორიის შესწავლა დავიწყე და უზომოდ მოხარული ვარ, რომ ახლა ამის შესაძლებლობა მომეცა. აღნიშნულ ექსპედიციას სრულიად ობიექტურად ვაძლევ უმაღლეს შეფასებას შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე – მეგობრული გარემო, სწორად შერჩეული მონაწილეები, თბილი და ყურადღებიანი სტაფი, თავისი საქმის შესანიშნავად მცოდნე ხელმძღვანელი და ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელსაც საოცრად შეუძლია თითოეული დეტალის გათვლა, დაგეგმვა და ორგანიზება. მადლობა ყველას ასეთი შთაბეჭდილებებისთვის. ტაო-კლარჯეთის სიდიადე ჩემს გონებაში მარადიულად იარსებებს და დარჩება ახალგაზრდობის წლების საუკეთესო მოგონებად.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია უდავოდ საუკეთესო იყო ყველა იმ ექსპედიციას შორის, რომელშიც კი ოდესმე ვყოფილვარ. ჯერ-ჯერობით არსად არასდროს მინახავს ერთდროულად ასეთი ბუმბერაზი, პომპეზური და დიადი, თუმცა ამავდროულად მომაკვდავი და საოცარი ტრაგიზმით აღსავსე ისტორიული ძეგლები, რომლებიც საქართველოს შორეული და თითქოს მივიწყებული წარსულის შესახებ საუბრობენ. მათი ხილვისას სიამაყისა და სიბრალულის შეგრძნება ერთდროულად მეუფლებოდა, რაც მათთან განშორებას კიდევ უფრო ართულებდა, თუმცა, როგორც ყველა ლამაზი სიზმარი, ეს ექსპედიციაც დასრულდა.

კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს და მომავალ შეხვედრამდე.

ლიზი ტაბატაძე

რუსთავი, ქვემო ქართლი

ეს იყო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ემოციებით სავსე გამოცდილება, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მომეცა შესაძლებლობა, უფრო ღრმად გამეაზრებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამავდროულად, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერ ღირებულს დაცვა, ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. მიღებულ ცოდნას თან ახლდა ძლიერი ემოციები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ექსპედიციის თითოეულ მონაწილეს ერთი საერთო მიზნისკენ გვიბიძგებს – მოქმედებისკენ. ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ჩვენი ისტორიისა და კულტურის შესახებ ერთდროულად ძალიან ბევრიც ვიცით და, ამავე დროს, კიდევ იმდენივე გვაქვს აღმოსაჩენი. სწორედ ეს აღმოჩენის სურვილი და პასუხისმგებლობის განცდაა ის, რაც მომავალშიც გამაძლიერებს, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში ჩემი წვლილი შევიტანო. 

მეგობრებს უკვე ექსპედიციის პერიოდშივე ვუზიარებდი ჩემს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. ყველას ვურჩევ, რომ გახდნენ ამ საოცარი პროგრამის ნაწილი, რათა აღმოაჩინონ ის, რაც აქამდე მათში უბრალოდ დამალული იყო. აღმოაჩინონ ძალა, იმისა, რომ მოქმედება შესაძლებელია!

კესანე კაციაშვილი

თბილისი

პირველ რიგში იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მიხარია, აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მიერ ორგანიზებული ტაო-კლარჯეთის ექსპედიციის მონაწილე რომ მქვია. ეს რამდენიმე დღე უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო ჩემთვის და ბედნიერი ვარ, ჩვენი მოგზაურობა ამით რომ არ დასრულებულა. 

ტაო-კლარჯეთზე ფიქრისას რატომღაც წარმომედგინა, რომ უცხო ქვეყნის გავლენა ამ ტერიტორიაზე საგრძნობი იქნებოდა. რამდენად დიდი იყო ჩემი გაკვირვება და სიხარული, როცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ტაოს ბუნება საქართველოსგან, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა და მართლა მეგონა, თითქოს ექსპედიციაზე საქართველოს რომელიმე მხარეში ვიყავი.  გამიგია, გრიგოლ ხანძთელის ღვაწლს ჯეროვნად მანამ ვერ დააფასებ, სანამ ხანძთის მონასტერში შენი ფეხით არ ახვალო. ახლა უკვე შემიძლია, რომ ეს სიტყვები დავადასტურო. ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნებისას გამიათმაგდა რწმენა როგორც ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ისე მთელი ქართველობისა და, შესაბამისად, საკუთარი თავისაც.

მთელი ექსპედიცია ძალიან კარგად იყო ორგანიზებული დაწყებული სამზადისით და დასრულებული საბოლოო პროექტების გეგმით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელობას: მადლობა ისტორიკოს ალექსანდრე ქავთარაძეს, რომლის ჩვენდამი უშუალო დამოკიდებულებამაც არაერთი ფერადი მომენტი და სამახსოვრო მოგონება შექმნა. მადლობა ისტორიკოს გიორგი მაღრაძეს, რომლის პროფესიონალიზმმაც ქართული ტაძრები თვალწინ გაგვიცოცხლა (და რომელთანაც ჯგუფის რამდენიმე წევრმა ,,მესხთა კავშირიც” კი შევქმენით). მადლობა მარკეტინგის ასისტენტ ანა ალიაშვილს, რომელმაც თითოეულ ჩვენგანთან გულითადი მეგობრობა დაამყარა და თავი ძალიან შეგვაყვარა. დაბოლოს, მადლობა აკაკი ბაქრაძის საზოგადოების ხელმძღვანელ ვალერი სიხუაშვილს, რომელმაც ეს ექსპედიცია იდეიდან რეალობად აქცია, რომელიც თავისი გაწონასწორებულობითა და სიმშვიდით არასდროს გვაგრძნობინებდა, თუ რაიმე პრობლემა იყო და რომელმაც თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალურად გამონახა საერთო ენა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თუ რამდენად მარტივად დავამყარე ურთიერთობა თითოეულ სტუდენტთან. მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა უსათუოდ გაგრძელდება. ვერასდროს ვიფიქრებდი, ამდენად განსხვავებული სფეროს წარმომადგენელ ადამიანებთან ამდენ საერთოს თუ გამოვნახავდი.

 ჯერ-ჯერობით კიდევ მიჭირს ემოციების თავმოყრა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თავს დიდი ამბის მონაწილედ აღვიქვამ.

მარიამ ოთარაშვილი

თბილისი

ტაო-კლარჯეთის ეს ექსპედიცია ნამდვილად უნიკალურ მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. აღუწერელია ის სილამაზე, რომელიც ეგრედწოდებულ ახალ ქართლში ვნახეთ. ამის გარდა, ექსპედიციამ გამააზრებინა, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტული თვალით დათვალიერება, არამედ კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ფიზიკური ძეგლების, ასევე იქ მცხოვრები ხალხის და მათი მნიშვნელობის, დაფასება და მის დასაცავად აქტიურად მუშაობა. ყველა ახალგაზრდას გავუწევდი ასეთ პროექტებში მონაწილეობის რეკომენდაციას. 

ნათია ტურიაშვილი

ახალსოფელი, კახეთი

ბანას ტაძრის შუაგულში, ალბათ ოდესღაც დიდებული გუმბათიდან მიწას დანარცხებულ ქვებზე იისფერი „უკვდავება“ ყვავის. ეს ყვავილი შესანიშნავად ახერხებს ისეთ გარემოში არსებობას, სადაც სხვა მცენარეები ფესვს ვერ იდგამენ. თუ უკვდავებას მიწიდან მოთხრი, ის მაინც უცვლელად ინარჩუნებს საკუთარ სახეს, ხმება, მაგრამ წლების განმავლობაში მისი სილამაზე არ ქრება. 

როცა ბანას ტაძარი — ან, უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა — უკან, მოვიტოვეთ, ვფიქრობდი იისფერ ყვავილებზე, რომელსაც მიწიდან მოგლეჯით ვერ უკარგავ დიდებულებას, მაგრამ თუკი მათ აღარავინ დარგავს, ქარი კი მათ მტვერს ირგვლივ აღარ მოაბნევს, სილამაზე აღარც მიწაში დაგვხვდება და ვერც შეკონილს წავიღებთ თან.

რთულია სიტყვებად აქციო ამ ექსპედიციის გამოცდილება, თუ როგორ ენაცვლება ერთმანეთს აღტაცება და სევდა.

ნია ფოფხაძე

ხარაგაული, იმერეთი

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ რადგანაც ზედაპირული ცოდნა გამაჩნდა ტაო-კლარჯეთის ისტორიის შესახებ, არ მოველოდი, რომ მსგავსი დიდებულებისა და ზომის მქონე ძეგლებს მოვინახულებდით. როდესაც ბატონი გიორგი ეკლესიების შექმნის ისტორიას და არქიტექტურულ დაგეგმარებას ხსნიდა, ყოველ ჯერზე პირღია ვრჩებოდი. არ წარმომედგინა, რომ ამდენად განვითარებული და დახვეწილი იყო ხუროთმოძღვრება.

ბანა განსაკუთრებით სამახსოვრო იყო და ყველა ახლობელსა და მეგობარს ვუთხარი, რომ ამის ნახვის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყო, მეც ძლივს შეველიე და, ალბათ, მომავალში კვლავ მოვინახულებ. დაუჯერებელი იყო იმ ნანგრევებთან ყოფნა, რომელიც ადრე მხოლოდ მეორე იყო აია-სოფიის შემდეგ. ძალიან დიდი ნაღველითაც ავივსი, წამოსვლისას გულს მატკიებდა ის ფაქტი, რომ ასეთი დიდებული ისტორიის ნაწილი უბრალოდ ნადგურდებოდა, ჩვენი კვალი იშლებოდა ნელ-ნელა ისტორიიდან. მადლობელი ვარ ამ პროგრამის, რომ მაჩვენა, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ ადრე ქართველებს, რა სიწმინდეები გაგვაჩნია და რატომაა ისინი დასაცავი. მეც აუცილებლად წვლილს ჩავდებ მათ შემონახვაში! 

საბა ბოლქვაძე

ქვედა აჭყვა, აჭარა

შეფასება: მოცემული პროექტი არ იყო მხოლოდ სტანდარტული ექსკურსია, არამედ ის იყო ცოდნის ტრანსფერის და სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიქსი, რაც მონაწილეებს მაქსიმუმის მიღების საშუალებას აძლევდა პროექტიდან. ასევე მნიშვნელოვანი იყო პროგრამის გაწერის ხარისხი, რადგან მაღშრუტები და დასათვალიერებელი ძეგლები ლოგიკურ ბმაში იყო ერთმანეთთან და ერთზე ინფორმაციის მიღება მეორესთან კავშირის დანახვისა და ამის საფუძველზე ანალიზის შესაძლებლობას იძლეოდა. პროექტს დიდ ღირებულებას ანიჭებს ისიც, რომ დროის მენეჯმენტი ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული და მონაწილეებს პრობლემა არ შექმნიათ არც ერთი მიმართულებით. ხოლო საბოლოო მნიშვნელობა აქვს იმ იდეას, რომ ექსპედიციის შემდეგ იწყება პროექტზე მუშაობა, რამაც ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების პრობლემა რაღაც კუთხით მოაგვაროს, რაც უმნიშვნელოვანესია და პროექტს უფრო საინტერესოს ხდის.

რაც შეეხება მომავალ მონაწილეებს, მათ ვუსურვებდი, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ერთი აგური მათაც დადონ ქართული საქმის კეთების გზაზე. წარმატებებს ვუსურვებ აკაკი ბაქრაძის საზოგადოებას და იმედია მსგავსი ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

საბა ფარჯიკია

ზუგდიდი, სამეგრელო

ისტორიის წიგნებიდან სწავლა და ცოდნის მიღება სასიამოვნო პროცესია, თუმცა ამ ისტორიის საკუთარი თვალით ნახვა ენით აღუწერელი სიამოვნება და გამოცდილებაა, რომლის შესაძლებლობაც მომეცა. ბავშვობიდან მაინტერესებდა ისტორიული ტაო-კლარჯეთი და იქ არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები. იმ დროს ვერც კი წარმომედგინა რეალურად როგორი იყო ტაძრები, გეოგრაფიული გარემო და არც ის, თუ როდის მოვახერხებდი მათ დათვალიერებას, თუმცა ეს დღეც დადგა. ყოველი ძეგლის ნახვისას ვცდილობდი წარმომედგინა ათასწლეულის უკან როგორ მიმდინარეობდა იქ ცხოვრება და როგორი გარემო იქნებოდა, ვცდილობდი არ გამომრჩენოდა არც ერთი წვრილმანი და ნიუანსი და დეტალურად მენახა ყოველი კედელი, ორნამენტი თუ გაფორმება. იმის გააზრება, თუ როგორი სიზუსტით და გულმოდგინებით იყო მათზე ნამუშევარი, კიდევ უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში ტაძრების მასშტაბებთან ერთად. 

განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი ექსპედიციის მონაწილეებისგან, ხელმძღვანელებისა და სტუდენტებისგან დამრჩა, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანური ურთიერთობებია იმის საფუძველი, თუ როგორ ჩაივლის აქტივობა, ამ მხრივ კი რეალობამ მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა, რისი მადლიერიც ვარ თითოეული მათგანის მიმართ. 

რაც შეეხება ექსპედიციას, ყოველმხრივ საუკეთესოდ შეფასება ეკუთვნის ჩემი მხრიდან, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე და პროფესიონალურად ჩატარდა და ეს იმ მომენტში, როდესაც მხოლოდ დასაწყისია.

საბა ცეცხლაძე

ხულო, აჭარა

ტაო-კლარჯეთში მოგზაურობამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, რადგან იქ თითოეული გატარებული წუთები მეგობრებთან ერთად განსაკუთრებული იყო და ამასთანავე იმ უნიკალური, უძველესი და უდიდესი ტკივილის მატარებელი ტაძრების ნახვა იყო ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო, რადგან მათ შესახებ მხოლოდ წიგნებიდან მქონდა გაგებული. ასევე შევხვდი ჩვენ ქართველებს ან თურქებს რომლებმაც განსაკუთრებული სიყვარულით დაგვხვდნენ და ვეცნობოდით ერთმანეთს.

ხოლო მთელ ექსპედიციას შევაფასებდი 10/10 მადლობას ვუხდი ამ პროექტის ორგანიზატორებს, რომ ასეთი საშუალება მოგვცა და კარგად დაგეგმა ყველაფერი.

ქრისტი ჭანკვეტაძე

ზესტაფონი, იმერეთი

ექსპედიციაში მონაწილეობა იყო ჩემი ზაფხულის ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი წერტილი. საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა უმოკლეს დროში უამრავი ადამიანის გაცნობა, დაახლოება და სამომავლო გეგმების ერთად დაწყობა. ეს, რაღა თქმა უნდა, განპირობებულია ზუსტი და დეტალური ორგანიზებით, რისთვისაც მადლობას ვუხდი გუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ექსპედიცია არ დამთავრებულა 5 დღეში და მეტიც, არც არასდროს დამთავრდება. პროგრამის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის კავშირი სამუდამო დარჩება, ხოლო საქმით ამ ექსპედიციის გაგრძელების დამტკიცებას 14 სექტემბრიდან ღირსეულად შევუდგებით თითოეული ჩვენაგნი. ძალიან მინდა, რომ ეს შესაძლებლობა ბევრ ახალგაზრდას მიეცეს საქართველოში და ხანგრძლივი გამოცდილების შემდეგ საინტერესო იქნება უცხოელი მოსწავლეების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში.

ვფიქრობ, ეს სრულიად განსხვავებულ და ღრმა ემოციებსა თუ განცდებს გამოიწვევს ყველასათვის, რის შემდეგაც უფრო მეტი ადამიანი იარსებებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ დათვალიერება არ კმარა. ისტორიული, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების მიუხედავად, მაინც არსებობს გზები, რომ ეს საოცარი სანახაობები დავიწყებას არ მიეცეს და ყოველი ქართველის მისია იყოს, რომ ისინი გადარჩნენ. 

მინდა კვლავ მადლიერება გამოვხატო ორგანიზატორების მიმართ და იცოდეთ, რომ უაღრესად დაფასებულია თქვენი შრომა და პროექტსაც ეტყობა თითოეულ დეტალზე ნაფიქრი რომ არის. მიხარია, რომ ამის ნაწილი ვიყავი და ყოველთვის ვიქნები, რადგან ისევ, ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა.

კარგია დათვალიერება. მართლაც დიდებული და თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც ბუნებას შეუქმნია, ოღონდ ყველაფერს ადამიანის ხელიც უნდა დავატყოთ! ამან დამაფიქრა და მტკივნეული კითხვა გამიჩინა – სადამდე უნდა ვათვალიეროთ ჩვენივე მამული?!

– აკაკი ბაქრაძე, დათვალიერება კმარა?

შემაჯამებელი პროექტი 

ექსპედიციის დასრულების შემდეგ, თითოეული მონაწილე 14 სექტემბრამდე წარმოადგენს შემაჯამებელ პროექტს ერთ-ერთი მიმართულებით. პროექტი შეიძლება მომზადდეს როგორც ინდივიდუალურად, ისე რამდენიმე სტუდენტის თანამშრომლობით:

  1. საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავების პროექტი: პროექტის მიზანია ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა. ასეთი პროექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ვიდეო-რეპორტაჟი ან ვლოგი სოციალური ქსელებისთვის, პრეზენტაცია უნივერსიტეტში, ფოტო-გამოფენა, საჯარო ლექცია, საინფორმაციო კამპანია ან სხვა შემოქმედებითი ინიციატივა. საუკეთესო პროექტებს აკაკი ბაქრაძის საზოგადოება განსახორციელებლად 750–1,000 ლარის ფარგლებში დაუჭერს მხარს.
  2. ინსტიტუციური პროექტი: პროექტის მიზანია კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან სახელმწიფომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძო სექტორმა, საქველმოქმედო ფონდებმა, დონორებმა ან სხვა შესაბამისმა ინსტიტუტებმა ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის. საუკეთესო მემორანდუმის ავტორი (ან ავტორები) დაჯილდოვდება 1,000 ლარით. გარდა ამისა, საზოგადოება ითანამშრომლებს პარტნიორ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს გამორჩეული იდეების პრაქტიკულ განხორციელებას.

პროექტების მოსამზადებლად მონაწილეებს შესაბამისი სამუშაო შაბლონები უკვე გადაეცათ. პროექტების ელექტრონულად ჩაბარების შემდეგ, ოქტომბერში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც თითოეული მონაწილე 10–15-წუთიანი პრეზენტაციით წარადგენს საკუთარ იდეას და საზოგადოების მმართველ საბჭოსთან ერთად იმსჯელებს მისი განხორციელების გზებზე.