სისხლიანი ანეკდოტი
1990 წლის ოქტომბრის არჩევნები რომ ახლოვდებოდა, რამდენიმე ხნით ადრე, 17 აგვისტოს, რუსთაველის საზოგადოებამ გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა მიმართვა. ქართველ საზოგადოებას შემდეგს ვთავაზობდით:
„ახლადარჩეულმა უზენაესმა საბჭომ:
- უნდა შექმნას ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც გამოქვეყნდება საერთო-სახალხო განხილვისათვის. შემდეგ კონსტიტუციის საბოლოოდ დამუშავებული პროექტი მიღებული იქნება საერთო-სახალხო რეფერენდუმის გზით.
- უნდა შეიმუშაოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის კანონი. დაინიშნოს მისი არჩევნები ალტერნატიულ საფუძველზე, პირდაპირი, ფარული და საერთო-სახალხო წესით.
- უნდა შეიქმნას ეროვნული, რელიგიური, პარტიული შემწყნარებლობის კანონები. განსაზღვროს ქართველი და არაქართველი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულების გარანტიები.
- ახალი კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ჩაატაროს ჯერ ადმინისტრაციული რეფორმები და შემდეგ – ეკონომიკური.
- უნდა შეიქმნას ეროვნული შეიარაღებული ძალები, რომლის შექმნაშიც თანაბრად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ყოველი მოქალაქე.
- რუსეთთან და ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებთან ურთიერთდამოკიდებულებანი განახორციელოს 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
- ზემოთ ხსენებული პროცესების დამთავრების შემდეგ გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“.
როგორც ხედავთ, რუსთაველის საზოგადოება იმთავითვე თავისუფლების თანდათანობით მოპოვების მომხრე იყო. მაგრამ მაშინ ამ გეგმას არავინ მიაქცია ყურადღება. გულგრილად აუარეს გვერდი. საერთოდ, ქართველმა ხალხმა და ეროვნულმა მოძრაობამ თანდათანობითი განვითარების, ევოლუციის გზა არ გაიზიარეს. თანდათანობითი განვითარებისადმი ქართველი ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა. იგი მკაფიოდ გამოვლინდა ჯერ კიდევ 1989 წლის 11 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე (ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ 1989 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „თბილისში“).
რატომ იყო თანდათანობითობის მომხრე რუსთაველის საზოგადოება? იმიტომ, რომ ამ ხილულ სამყაროში ყველაფერი დიადი, ამაღლებული და მშვენიერი თანდათანობით იქმნება. დედის წიაღში ჩასახული ბავშვი თანდათანობით იზრდება. მას ვერც ვერაფერი დააჩქარებს და ვერც ვერაფერი შეანელებს. თუ ვინმე უგუნური ამას მოიწადინებს, იგი მოსპობს ახალ სიცოცხლეს. მეტს ვერაფერს მოახერხებს.
ყანა თანდათანობით აღმოცენდება მიწიდან. თანდათანობით იზრდება და მწიფდება. არც ამის აჩქარება და დაყოვნება მოხერხდება. უცბათ მხოლოდ მისი განადგურება შეიძლება. ხეხილიც, როცა აყვავდება და მოისხამს, თანდათანობით ამწიფებს ნაყოფს. ამ პროცესსაც ვერავინ ააჩქარებს და დააყოვნებს. უცბათ და ერთბაშად კი ხეხილის აჭრა-აჩეხვა შეიძლება.
ძველი ლათინური ანდაზა გვასწავლის – რომი უცბათ არ აშენებულაო (მერე რუსებმა ისესხეს და ამბობენ – მოსკოვი ერთ დღეში არ აშენებულაო). სამი ათასი წელიწადი შენდებოდა მარადიული ქალაქი. მისი დანგრევა კი თერმობირთვული იარაღით რამდენიმე წუთში შეიძლება. ასეთია კანონზომიერება: უცბათ მხოლოდ ბოროტი კეთდება. კეთილი თანდათანობით იქმნება. უცბათ და ერთბაშად მიწისძვრა შეიძლება მოხდეს, ვულკანის ამოფრქვევა, ზვავების მოვარდნა, ერთი სიტყვით ის, რასაც ნგრევა შეუძლია და არა შენება.
თავისუფალი საქართველო მხოლოდ თანდათან შეიძლება აშენდეს. ამ ზოგადი კანონზომიერების გარდა, საქართველოში თავისუფლების თანდათანობით დამკვიდრება კიდევ რამდენიმე კონკრეტული მიზეზითაც იყო აუცილებელი.
ჯერ ერთი, თეორიულად, ახალი კონსტიტუციის საშუალებით, როგორც უცხოთათვის, ისე საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის ნათელი და მკაფიო უნდა გაგვეხადა როგორი და რა ხასიათის სახელმწიფო იქმნებოდა, ვის რა უფლება ეძლეოდა და რა მოვალეობა ეკისრებოდა. უცხოეთში, დღეს, საქართველოს გარშემო ბევრ მითქმა-მოთქმაა, ბევრი გაუგებრობაა. ყველაფერი ამის პასუხი თავად კონსტიტუცია იქნებოდა. რაკი სხვადასხვა ხალხთა ურთიერთდამოკიდებულების საკითხები წინასწარ იქნებოდა განსაზღვრულ-შეთანხმებული, კონსტიტუციით გარანტირებული, შეიძლებოდა არ მომხდარიყო უთანხმოება ქართველთა და არაქართველთა შორის. თავი დაგვეღწია სისხლიანი ეთნოკონფლიქტებისათვის.
მეორეც: ახლით იყო შესაცვლელი მმართველობის სტრუქტურა. ძველი, კომუნისტური სტრუქტურა არა მარტო აღარ გამოდგებოდა, არამედ ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი იქნებოდა. მმართველობის ახალ სტრუქტურას სერიოზული, ღრმა, დაწვრილებით დამუშავება სჭირდებოდა. ეს არ გაკეთდა. ამიტომ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მმართველობაში სიახლე არ დამკვიდრებულა. უბრალოდ ნაცნობმა სახელმა – რაიკომის მდივანი – ადგილი დაუთმო უცხოურ სახელს – პრეფექტი. პრეფექტში გაერთიანდა რაიკომის მდივნისა და აღმასკომის თავმჯდომარის პოსტები და კიდევ უფრო მოუქნელი ბიუროკრატიული აპარატი შეიქმნა. ყველგან და ყველაფერში ისევ ძველი სტრუქტურა დარჩა. ამან განვითარების პროცესი შებოჭა და ერთ ადგილას გაყინა. ცხადია, ეს არ მოხდებოდა, რომ განვითარების პროცესს თანდათანობით მივყოლოდით და ცვლილება მოგვეხდინა. თითქოს უცბათ, ერთბაშად მოინდომეს განახლება და ნამდვილად კი საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ვერც დაიძვრებოდა. მმართველობის სტრუქტურის შეცვლა ხანგრძლივი პროცესია და თანდათანობით უნდა განხორციელდეს. თან ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს დამუშავებული. არც დამუშავებული ყოფილა და არც თანდათანობის გზას დასდგომიან.
მესამეც: დრო და თანდათანობითობა ყველაზე მეტად ეკონომიკური რეფორმის ჩატარებას სჭირდებოდა. ყოფილ სსრკ-ში საერთოდ, და კერძოდ საქართველოში, ეკონომიკური რეფორმის მოხდენა ურთულესი და უძნელესი საქმეა, რადგან ყველაფერი ძირფესვიანად არის შესაცვლელი. სოციალისტურმა ეკონომიკურმა სისტემამ რომ არ გაამართლა, ეს სადავო და საკამათო აღარ არის. ეს ყველაზე გონებადუხჭირ ადამიანისთვისაც კი ცხადია. სოციალიზმის ეკონომიკური დამარცხება კი იმას ნიშნავს, რომ დამარცხდა საკუთრების საზოგადოებრივი, სახელმწიფო ფორმაც. მაშასადამე, შესაცვლელია საკუთრების ფორმა. სახელმწიფო საკუთრების მაგიერ ისევ უნდა შემოვიღოთ კერძო საკუთრება. მასზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ეკონომიკური სისტემა. ამას დროც უნდა, მოთმინებაც, თანდათანობითობაც, ღრმა ცოდნაც და ბეჯითი საქმიანობაც. ეს პროცესი ხანგრძლივია. უცბათ და ერთბაშად იგი ვერ გატარდება. ვინც ამის გაკეთებას უცბათ და ერთბაშად მოინდომებს, იგი ქვეყანას დაღუპავს.
მეოთხეც: როცა ქვეყნის ცხოვრებაში ცვლილება, ევოლუციის გზით, თანდათანობით ხორციელდება, ქაოსი, ხოცვა-ჟლეტა, ნგრევა-აწიოკება მას არ ახლავს. მაგრამ, თუ ცვლილება, რევოლუციის გზით, უცბათ, ერთბაშად მოინდომეს, მაშინ ქაოსიც გარდაუვალია, ხოცვა-ჟლეტაც, ნგრევა-აწიოკებაც. ამას ისტორიის გამოცდილება უტყუარად ადასტურებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ევოლუციის დროს ე.წ. მანიპულირებადი მედიუმი, ანუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იოლად ემორჩილება ფსიქიკურ ინდუქციას, წყნარად, ჩუმად არის და საქმეში არ ერევა. რევოლუციის დროს კი პირიქით: მანიპულირებადი მედიუმი უაღრესად აქტიური ხდება და წარმმართველ ძალად იქცევა.
1989 წლის 18 აგვისტოს „ლიტერატურულ საქართველოში“ ირინე მელიქიშვილი გვაფრთხილებდა: „კოლექტიური ცნობიერება გაღვიძება არ არის. ეს არის გაცილებით უფრო ღრმა ძილი, ვიდრე ფიზიოლოგიური. ეს არის ჰიპნოტური ძილი, როდესაც ჰიპნოტიზიორი მედიუმს აკეთებინებს იმას…, რაც მას სურს. ძირითადად ასეთია მიტინგური ცნობიერება“. „ერი, რომლის ძირითად მასას მანიპულირებადი მედიუმები შეადგენენ, ძნელად თუ მიაღწევს თავისუფლებას. იგი მისცემს თავის ლიდერებს შესაძლებლობას, კატასტროფამდე მიიყვანოს ის“.
არის ერთი საშინელი წყევლა: შენი არ იცოდე და სხვისი არ გეგონოსო. არავინ მიუგდო ყური ამ გაფრთხილებას და აგვიხდა კიდეც ირინე მელიქიშვილის წინასწარმეტყველება. აგვიხდა იმიტომ, რომ ქვეყნის ბედი მანიპულირებადი მედიუმის ხელში აღმოჩნდა. ეს იმის ბრალიც იყო, რომ ქართველ ხალხს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა მოცილებული ბოლშევიზმის ბანგი. ეს იმითაც გამოვლინდა, რომ საქართველოს მართვა ბოლშევიკური ხერხებით ადვილად გაგრძელდა.
დააკვირდით: ბოლშევიკებმა კერპთაყვანისმცემლობა განაახლეს და დანერგეს (ლენინი მავზოლეუმში და თაყვანისმცემელთა უგრძესი რიგები. ბელადიადა მწერლობასა და ხელოვნებაში). 28 ოქტომბრის ხელისუფლებაც ცდილობდა მის აღდგენას. ბოლშევიკები მანიპულირებად მედიუმს ამხედრებდნენ საზოგადოების უკეთესი ნაწილის წინააღმდეგ. ცილისწამებით, ჭორით, ლანძღვა-გინებით სახელს უტეხდნენ მათთვის არასასურველ მოღვაწეებს. ანადგურებდნენ მათ ზნეობრივად და ფიზიკურად. ამის მაგალითები უხვად შეგიძლიათ იხილოთ 1921-53 წლების პრესაში. 28 ოქტომბრის ხელისუფლებაც მანიპულირებადი მედიუმის საშუალებით ებრძოდა დღევანდელი ქართული საზოგადოების მისგან ათვალწუნებულ ნაწილს. მოუწოდებდა მისი დამცირების, შეურაცხყოფისა და განადგურებისკენაც კი. ამ მასალით სავსეა 1991 წლის ოფიციალური პრესა, რადიო-ტელევიზია, არაფერი რომ არ ვთქვათ ხელისუფლების მიტინგებზე. ბოლშევიკები კოლექტიურ ცნობიერებას ამხედრებდნენ ინდივიდუალური ცნობიერების წინააღმდეგ. ამით აკნინებდნენ პიროვნებას და აბატონებდნენ ლიანგს. ეს მარადიული მონობის საფუძველს ქმნიდა. პიროვნება რომ მუდმივად დაშინებული და მორჩილი ყოფილიყო, უწოდებდნენ „ხალხის მტერს“, „იმპერიალიზმის აგენტს“, „მავნებელს“ და ა.შ. ზუსტად ასე იქცეოდა 28 ოქტომბრის ხელისუფლებაც. ისიც კოლექტიურ ცნობიერებას უპირისპირებდა ინდივიდუალურ ცნობიერებას. „ერის მოღალატის“, კრემლის აგენტის“, „სუკ-ის ჯაშუშის“ იარლიყით აშინებდა და აფრთხობდა ოპოზიციას. ცდილობდა მის წელში გატეხვას და დაქვემდებარებას. ბოლშევიკები ებრძოდნენ წარსულის კულტურულ დანატოვარს. ანგრევდნენ ეკლესიებს. გმობდნენ და ანქიქებდნენ კლასიკურ მწერლობასა და ხელოვნებას. ამ საქმეშიც ბაძავდა 28 ოქტომბრის ხელისუფლება ბოლშევიკებს. 28 ოქტომბრის ხელისუფლების აქტივისტები მიტინგებზე ითხოვდნენ წიგნების დაწვას, ფილმების განადგურებას. მერე ამ მოწოდების პრაქტიკულ განხორციელებას შეუდგნენ. დალეწეს იაკობ ნიკოლაძის ჰოროლეიფები. დაწვეს სოფელ ობუჯში – ნიკოლოზ შენგელაიას, თბილისში – ვახტანგ კოტეტიშვილის სახლ-მუზეუმები. შეიარაღებული კონფლიქტის დროს გადაიბუგა და მოისპო ხელოვნების ისტორიის შენობა, მხატვრის სახლი, პირველი საშუალო სკოლა… ბოლშევიკები საინფორმაციო საშუალებებს იყენებდნენ ადამიანის გონების დასაბნელებლად და არა – გასანათლებლად. ესეც აითვისა 28 ოქტომბრის ხელისუფლებამ. ოფიციალურ პრესაში, რადიო-ტელევიზიაში ფართო ადგილი დაიჭირა სიცრუემ, ცილისწამებამ, ჭორმა, ორპირობამ, თვალთმაქცობამ.
მეტიც შეიძლება ითქვას, მაგრამ, რაც გითხარით, ისიც საკმარისად მიმაჩნია დასკვნისათვის: 1990 წლის ოქტომბერში საქართველოში ინტერნაციონალური ბოლშევიზმი შეიცვალა ნაციონალური ბოლშევიზმით (ბოლშევიზმი არ არის მსოფლმხედველობა. იგი მართვის მეთოდია. ყოველ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გამოიყენოს). ამან გამოიწვია 1991 წლის დეკემბრის კატასტროფა.
ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ ევოლუციის, თანდათანობითობის გზას დასდგომოდა, იგი ძმათა სისხლით არ შეიღებებოდა. ბუნებრივი განვითარების პროცესს გაჰყვებოდა. თავისუფლება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, უცრემლოდ და უსისხლოდ დამკვიდრდებოდა საქართველოში. მაგრამ, სულწასულობის გამო, ქართველმა ხალხმა უარყო თანდათანობითობის გზა. უცბათ და ერთბაშად მოინდომა იმის მიღება, რის მოპოვებასაც დიდი მოთმინება, სიმშვიდე, წესრიგი, შრომა, სიყვარული და გონიერება სჭირდება. ყველაფერს თავის მომწიფების ვადა აქვს. ახლადდაფეხმძიმებულ ქალს რომ დაუყოვნებლივ მოსთხოვოთ ბავშვის დაბადება და ცხრა თვე არ აცალოთ, მკვდარი ნაყოფის მეტს რას მიიღებთ?
თავისუფლება უსისხლოდ და თანდათანობით რომ მოდიოდა, ეს უტყუარად დაადასტურა იმ ბელორუსიამ, იმ თურქმენეთმა (თუ გნებავთ, სხვებმაც), რომელთაც თავისუფლებისათვის ყურიც არ გაუბარტყუნებიათ, ყველაფერი მუქთად, ხონჩაზე დადებული მიიღეს. სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება ესტონეთმა და ლატვიამ ისე მოიპოვეს, რომ „პუგაჩიც“ არ გაუსროლიათ.
ასე იმიტომ მოხდა, რომ კომუნისტები არავის დაუმარცხებია. მათ თავად გამოიჭრეს ყელი და არსებობა თვითმკვლელობით დაამთავრეს. ეს იყო კომუნისტური მოძღვრებისა და კომუნისტური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის ბუნებრივი შინაგანი რღვევა-გახრწნის შედეგი. სოციალიზმის რუსულ მოდელს არსებობა მხოლოდ სახელმწიფო ტერორიზმის ვითარებაში შეეძლო, რასაც ბოლშევიკები ახორციელებდნენ. მისი არსებობის უტოპიური იდეებით მოტყუებული და გაოგნებული ხალხი და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ტერორიზმით დანერგილი საყოველთაო შიში.
ჩადენილი ცოდვა, ბოლოსა და ბოლოს, დამნაშავეს აალაპარაკებს. აიძულებს თვითმხილებასა და მონანიებას. ბოლშევიკებსაც, ბუნებრივია, ასე დაემართათ. სტალინის სიკვდილის შემდეგ მათ თვითმხილება და მონანიება დაიწყეს. ეგონათ, ერთ კაცს ვაკრიტიკებთო და მთელ სისტემას ახადეს ფარდა. როცა ტყუილის ფარდა ჩამოვარდა, სოციალიზმის არსიც გამოჩნდა. ნელ-ნელა და თანდათანობით დაიწყო ხალხის გამოფხიზლება. სოციალიზმი აღარ იყო ბანგი, რომელსაც ადამიანები საღათას ძილში ჰყავდა. დისიდენტური მოძრაობაც გაჩნდა. სახელმწიფო ტერორი მართალია კიდევ არსებობდა, მაგრამ უკვე დაუძლურებული, კბილებჩაცვივნული და მიხრწნილ-დაბერებული.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ტაატით მოვიდა 1985 წელი, როცა ხელისუფლება გორბაჩოვსა და მის კომანდას გადაეცა. მათ დაინახეს, როგორ იყო სოციალიზმი და სსრკ შიგნიდან გამოჭმულ-გამოხრული. ცოტაც და ქვეყანა თავზე დაემხობოდათ. ლიბერალიზაციის გზით გორბაჩოვმა და მისმა კომანდამ სსრკ-ის გადარჩენა მოინდომეს. შემოიღეს „პერესტროიკა“, „გლასნოსტი“, „ნოვოე მიშლენიე“. ამით, ნებით თუ უნებლიეთ, სოციალიზმისა და სსრკ-ს რღვევა-დაშლა დააჩქარეს. არ გაითვალისწინეს ლენინის გაფრთხილება: „При советской политической системе дать свободу слова и печати значит – покончить жизнь самоубийством“.¹
გორბაჩოვის ცდა ეხსნა სსრკ, იმთავითვე განწირული იყო. განა დასნეულებული მგელი ბალახის ჭამით განიკურნება? თუ მოარჩენს, ისევ ხორცის ჭამა, მაგრამ კბილები რომ აღარ აქვს! სსრკ-ს სახელმწიფო ტერორის გასაახლებლად ძალა აღარ შესწევდა. აღარც ხალხს სჯეროდა სოციალიზმისა. ლიბერალიზაცია კი, ანუ „პერესტროიკა“, „გლასნოსტი“ და „ნოვოე მიშლენიე“, საბოლოოდ უღებდა ბოლოს სოციალიზმსაც და სსრკ-საც. ეს ყველასათვის ცხადად ჩანდა, ვისაც ისტორიული პროცესის არსი ესმის.
ამ ვითარებაში ორი რამ იყო აუცილებელი: ეროვნული მოძრაობის ერთიანობა-მთლიანობა და ისტორიული პროცესის თანდათანობით მიყოლა, მის კვალდაკვალ სიარული. არც ერთი მოხდა და არც მეორე. ეროვნული მოძრაობაც გაიხლიჩა და თანდათანობაც უარყოფილი იქნა. გათიშვა-გახლეჩისა და თანდათანობის უარყოფის შედეგი მთელმა საქართველომ თვალნათლივ იხილა 1991 წლის დეკემბრის ბოლო დეკადაში. მაგრამ, რაც მოხდა, მოხდა. გვიანღაა თითზე კბენანი.
ამ რამდენიმე წლის წინათ ტელევიზიამ გაგვაცნო ესტონელი ჟურნალისტის ურმას ოტის საუბარი ერთ ესტონელ პოლიტიკურ მოღვაწესთან (სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს). ეს კაცი პოლიტიკური მოღვაწე, პარლამენტის წევრი ყოფილა სსრკ-ის მიერ ესტონეთის დაპყრობამდეც. პარტიულობით კომუნისტს აქტიურად უბრძოლია ესტონეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის. მოსკოვს მისი ღვაწლი იმით დაუფასებია, რომ დაუპატიმრებიათ და ციმბირში გადაუსახლებიათ დიდი ხნით. სასჯელი მოუხდია. ესტონეთში დაბრუნებულა. ისევ პოლიტიკური საქმიანობა დაუწყია. მინისტრიც გამხდარა და სოციალისტური ესტონეთის მსახურიც. ეს კაცი ურმას ოტს თავის თავგადასავალს უამბობდა. ირონიით, იუმორით გაჟღენთილი საუბარი იყო. დასასრულს ურმას ოტმა ჰკითხა:
– მწერლისაგან წიგნები რჩება, მხატვრისაგან – სურათები, ინჟინრისაგან – აშენებული სახლები, გაყვანილი გზები, აგრონომისაგან – ხეხილის ბაღები, ვენახები… პოლიტიკოსის საქმიანობისაგან რა რჩება? მოხუცმა პოლიტიკოსმა გაიცინა და უპასუხა: – ანეკდოტი.
1992 წ. იანვარი