მიამიტობა

ქართული პოლიტიკური აზროვნება ძალიან გულუბრყვილოა. ამას წინათ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (1996 წელი, №14) ვახტანგ გოგუაძის მონოლოგი წავიკითხე. იგი გულდაწყვეტილი ამბობს:

„ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, რომელთა შორის განხეთქილებისათვის მილიარდები დაიხარჯა. ვინც რუსეთი და საქართველო გადაამტერა, ის მტერია რუსეთისა და საქართველოსი“.

ამ ორ წინადადებაში საქმე ისეა წარმოდგენილი, თითქოს საქართველო და რუსეთი ორი თანაბარი სამხედრო, პოლიტიკურ-ეკონომიკური ძლიერების სახელმწიფო იყოს და მსოფლიოს აინტერესებდეს მათი დაპირისპირება-გადამტერება. საქართველო რომელი ჩინეთია, ან გერმანია, ან დიდი ბრიტანეთი, რომ ვინმემ მილიარდები დახარჯოს რუსეთ-საქართველოს წაკიდებისათვის? განა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებით მსოფლიო ძალთა განლაგებაში რაიმე შეიცვლება? არსებული წონასწორობა დაირღვევა? ისე ხომ არ გვემართება, როგორც ბაყაყისა და ხარის იგავ-არაკში? მილიარდებს იქ ხარჯავენ, სადაც მსოფლიო ბალანსის შეცვლაა შესაძლებელი. სხვაგვარად ერთ გროშსაც არავინ გადააგდებს.

თუ საქართველოს თავისუფლება-დამოუკიდებლობა უნდა, რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს. საქართველოს დამპყრობელი რუსეთია და საქართველო სწორედ მისგან უნდა გათავისუფლდეს. საქართველო-რუსეთის გადამტერება ბუნებრივად გამომდინარეობს იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო თუ რომელიმე სხვა სურვილებიდან, რომელიც ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას აქვს. კეთილმეზობლური ურთიერთდამოკიდებულება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე სახელმწიფოს, ჩვენი ახლო მეზობლები იქნებიან თუ შორეული ქვეყნები, ყურმოჭრილი ყმა გავხდეთ. კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს რუსეთსა და ფინეთს, მაგრამ ფინეთი არც „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრია და არც მისი პრეზიდენტი დარბის წამდაუწუმ მოსკოვში. არც რუსის ჯარი დგას ფინეთში და არც რუსეთის სამხედრო ბაზები არსებობს იქ. რუსეთის დღევანდელმა დაბდურმა ხელისუფლებამ კი არა, სტალინმაც ვერ მოახერხა ფინეთი რუსეთის მსახური გაეხადა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ფინურმა პოლიტიკურმა აზრმა, ფინელმა ხალხმა იცოდა რა სურდა: რუსეთის ბატონობისაგან გათავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ. ამ მიზანს ემსახურებოდა ფინეთში ყველა, განურჩევლად პოლიტიკური მიმართულებისა.

სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის. ჩვენ თან გვინდა დამოუკიდებლობა-თავისუფლება და თან გვინდა რუსეთის ყმობაც. ხან იმას ვამტკიცებთ, რომ უნდა გავთავისუფლდეთ რუსეთის ბატონობისაგან და ხან იმის დასაბუთებას ვცდილობთ – ურუსეთოდ საქართველო ვერ იარსებებსო. ერთ ქვეყანას არ შეიძლება ორი სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს. ქვეყანა ან თავისუფალი უნდა იყოს ან მონა. თავისუფლება და მონობა ერთდროულად წარმოუდგენელი რამ გახლავთ. კაცობრიობის ისტორიამ არ იცის მონობისა და თავისუფლების შეხმატკბილება. ქართული პოლიტიკური აზრის უბედურება ის არის, რომ მას მერე, რაც საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დაეცა, ტაქტიკურ გზებს კი არ ცვლის, არამედ სტრატეგიულ მიზანს. სტრატეგიული მიზნის წარამარა ცვლამ ქართველი ხალხი უკიდურესად დააბნია და საქართველოს დამოუკიდებლობა-თავისუფლება ჩიხში მოამწყვდია.

საქართველოსათვის, როგორც პატარა და უმწეო ქვეყნისათვის, გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ორიენტაციას. ორიენტაციის პრობლემა აქტუალური იყო მაშინაც, როცა ფარტაძე და აიეტი ეკამათებოდნენ ერთმანეთს და აქტუალურია დღესაც. მაშინაც იდგა საკითხი რომი თუ სპარსეთი, ანუ აღმოსავლეთი თუ დასავლეთი. დღესაც დგას საკითხი რუსეთი თუ ევროპა-ამერიკა, ანუ ისევ აღმოსავლეთი თუ დასავლეთი. ასე დგას ეს საკითხი საუკუნეების მანძილზე. თუ ჩვენ საბოლოო არჩევანი ვერ გავაკეთეთ და ხან ერთ მხარეს მივაწყდით და ხან მეორეს, მაშინ საქართველოს ბედ-იღბალი საბედისწერო ხიფათის პირდაპირ აღმოჩნდება. საბოლოო არჩევანის თვინიერ ჩვენ ჩვენს ქვეყანას ხიფათისაგან ვერ გადავარჩენთ.

ორიენტაციის განსაზღვრა მოკავშირის მოძებნას ნიშნავს: ვინ არის საქართველოს მოკავშირე თავისუფლება-დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში? ამ საქმეში რომ რუსეთი არ გამოგვადგება მოკავშირედ, ეს სადაო და საკამათო არ არის. როგორიც უნდა იყოს რუსეთის ხელისუფლება, მონარქიული, კომუნისტური, დემოკრატიული, თეოკრატიული თუ რომელიმე სხვა, იგი არასოდეს არ დათანხმდება ნებაყოფლობით რუსეთის დიდი იმპერიული სახელმწიფოს დაშლას. რუსეთის ყველა და ყველანაირი ხელისუფლება იბრძოლებს რუსეთის დიდი იმპერიული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. ეს ჩეჩნეთის ომმაც ცხადად დაადასტურა. რაც ვთქვი, ისეთივე მარტივი აზრია, როგორც ერთს მივუმატოთ ერთი უდრის ორს. ამდენად, არც მსჯელობის საგანია იგი, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, თურმე ამაზეც შეიძლება ვიპაექროთ.

თავისუფლება-დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს მოკავშირის დაუხმარებლად. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ომს ბრიტანეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ დიდი დახმარება გაუწია საფრანგეთმა. საფრანგეთი შველოდა აჯანყებულებს ნივთიერადაც, ფულითაც და მეომარი ძალითაც (საბუთად მარტო გენერალ ლაფაიეტის საქმიანობაც კმარა). მე-19 საუკუნეში არც იტალიას უბრძოლია დამოუკიდებლობისათვის უმოკავშირეოდ. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის წინააღმდეგ მას საფრანგეთიც უწვდიდა ხელს, დიდი ბრიტანეთიცა და რუსეთიც. ასე ხდებოდა მე-20 საუკუნეშიც. ვერავითარი ისრაელის სახელმწიფო ვერ შეიქმნებოდა სსრკ-ს რომ არ მოენდომებინა სულითა და გულით (ის სხვა პრობლემაა, მერე ისრაელი სსრკ-ს რომ განუდგა და აშშ-ს მიემხრო). მართალია, ამ მოკავშირეებს მარტო თავისუფლების იდეალი არ ამოძრავებდათ, საკუთარი ანგარიშიც ჰქონდათ, მაგრამ მთავარი და არსებითი ის იყო, რომ მათ დახმარებას კარგად იყენებდა დამოუკიდებლობა-თავისუფლებისათვის მებრძოლი ქვეყანა.

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა ისიც გახლავთ, რომ მას მოკავშირე არ უძებნია, როცა მოქმედება დაიწყო. რომელი სახელმწიფო შეიძლებოდა ამოდგომოდა საქართველოს გვერდით? ცხადი ერთი იყო: ირან-თურქეთი ამისათვის არ გამოდგებოდა. არც ერთს შესწევს ძალა და არც მეორეს (ჯერჯერობით მაინც) რუსეთის უნებური რამ მოიმოქმედოს. ორივე თვალში შესციცინებს რუსეთს არა ეწყინოს რაო. იყო კი ევროპა-ამერიკა სისხლ-ხორცეულად დაინტერესებული საქართველოს დამოუკიდებლობა-თავისუფლებით? ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნდა. ისე ვყვიროდით ნატოს ჯარები მოვიდნენ და დაგვიცვანო. მიამიტმა და გულუბრყვილო „პოლიტიკოსებმა“ არ ვიცოდით, რომ ნატოს ჯარი ასე უთავოდ არსად მიდის. პოლიტიკაში ყოველთვის უზარმაზარი ანგარიში არსებობს. თუ ამ ანგარიშში რაიმე ადგილი არ გიჭირავს, ისე დასახმარებლად ყურს არავინ გააბარტყუნებს. ამის პირდაპირი საბუთია ამერიკა-ბრიტანეთის სურვილი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, შეექმნათ დიდი სომხეთის სახელმწიფო. მათ უნდოდათ დიდი სომხეთის სახელმწიფო გაეხადათ ბრიტანულ-ამერიკული კოლონიალიზმის საყრდენად წინა აზიაში. მაგრამ, როგორც კი ეს გეგმა ჩაეშალათ, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც დიდ ბრიტანეთს სომხეთის ბედით თავი არ შეუწუხებიათ. ისინი, ვინც დიდი სომხეთის შექმნაზე ოცნებობდნენ, სრულიად გულგრილი დარჩნენ, როცა სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო ბოლშევიკურ-კომუნისტური რუსეთის არმიამ დაიპყრო 1920 წელს.

ჩიხში სწორედ იმიტომ ვართ მომწყვდეული, რომ, ერთი მხრივ, ვერ გაგვირკვევია – რამდენად რეალურად აინტერესებს ევროპა-ამერიკას საქართველოს დამოუკიდებლობა-თავისუფლება და, მეორე მხრივ, ისევ რუსეთს ვებღაუჭებით თუ გვიშველის, ეს გვიშველისო. სანამ ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში ეს ქაოსია, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა (სოციალურიც, ეკონომიკურიც, კულტურულიც) სავალალო იქნება.

მოკავშირის ძებნის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რელიგიურ ორიენტაციას. ვახტანგი გახარებულია იმით, რომ ქართველები და რუსები მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხები არიან. რა თქმა უნდა, მას პიროვნულად სრული უფლება აქვს ეთაყვანოს ქრისტიანული მოძღვრების მართლმადიდებლურ მიმართულებას, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ღრმად უნდა დაფიქრდეს – რა დიდი და მძიმე ბორკილია, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსათვის ერთმორწმუნეობის დოგმა. საუკუნეების მანძილზე ქართული სამეფო კარიც ერთმორწმუნეობის იდეით იყო შთაგონებული. ამიტომ ევედრებოდა რუსეთს მფარველობას და დაცვას. მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ერთმორწმუნეობის იდეა არ გამართლდა. არც არაბებს, არც სპარსელებს, არც თურქებს ქართული ეკლესია არ გაუუქმებიათ. პირიქით, ხშირად პატივისცემით ეპყრობოდნენ. საქართველოს პატრიარქები სპარსეთის შაჰისაგან ხელფასსაც იღებდნენ. მაგალითად, კათალიკოს ანტონ პირველს ათასი თუმანი ჰქონდა დანიშნული ნადირშაჰისაგან (იხ. „საღვთისმეტყველო კრებული“, 1991 წ., გვ. 53). თუ ისლამური ხელისუფლება ასე ექცეოდა ქართულ ეკლესიას, ერთმორწმუნე რუსეთმა იგი გააუქმა. ქართული ეკლესიის ავტოკეფალია უარყვეს, ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეცვალეს, კათოლიკოსატის მაგიერ ეგზარქატი დაამკვიდრეს. ეს გააკეთეს სწორედ ერთმორწმუნეობის დოგმის მოშველიებით – თუ შენც მართლმადიდებელი ხარ და მეც, რაღად გინდა ან ავტოკეფალია, ან ქართული წირვა-ლოცვა ან კათოლიკოსატი, ვიყოთ ერთიანი რუსული ეკლესიის კალთას შეფარებულიო, – გვითხრეს და საქმეც მოათავეს. ასე რომ, ერთმორწმუნეობის იდეის წყალობით საქართველო რუსეთის უღელქვეშ აღმოჩნდა სახელმწიფოებრივადაც და ეკლესიურადაც.

ეს პრობლემის ერთი მხარეა. არის მეორეც. ვისთვის არის უცნობი, რომ გარკვეული დროის მანძილზე გაიგივებული იყო ეროვნება და სარწმუნოება. თუ ქართველი მონოფიზიტურ ქრისტიანობას აღიარებდა, სომხად ითვლებოდა. ანდა, თუ ქართველი კათოლიკობას მისდევდა, ფრანგად იწოდებოდა. მუსლიმი ქართველი ხომ თათარი იყო და თათარი. ასე იყო შებრუნებითაც: თუ სომეხი, აზერბაიჯანელი ან რომელიმე სხვა ერის კაცი მართლმადიდებლურ ქრისტიანობას მიიღებდა, ის თავადაც ქართველობდა და ქართველებიც ასე თვლიდნენ. ეს პრიმიტიული შეგნება დღესაც ცოცხალია. დღესაც ბევრი ასე ფიქრობს. ამან გამოიწვია ის, რომ ქართველს (უმრავლესობას მაინც) სჯერა – მართლმადიდებელი რუსი მისი ძმა, მეგობარი და მშველელია. ხოლო რუსი დარწმუნებულია: რაკი ქართველიც მართლმადიდებელია, მაშასადამე, ისიც რუსია. ამიტომ უკვირთ რუსებს გულწრფელად – რატომ უნდა საქართველოს რუსეთის სახელმწიფოდან გასვლა და დამოუკიდებლობა-თავისუფლების მოპოვება.

არასოდეს დამავიწყდება ერთი შემთხვევა, როცა სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე ლიტველებმა, ლატვიელებმა, ესტონელებმა მოითხოვეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ბათილად ცნობა და მისი აღიარება, რომ სსრკ-მა ბალტიისპირეთი ძალით დაიპყრო, ეს რუს დეპუტატებს არც გაჰკვირვებიათ და არც უცხოდ მიუღიათ. უბრალოდ, ცოტა აბუზღუნდნენ და შეეჩვიენ იმ აზრს, რომ ბალტიისპირელები არაფერს დათმობდნენ. მაგრამ მერე, როცა ქართულმა დეპუტაციამ ანალოგიური საკითხი დასვა და მოითხოვა 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ანექსიის აღიარება რუსეთის ბოლშევიკურ-კომუნისტური ხელისუფლების მიერ, ამან რუსი დეპუტატების გულწრფელი გაკვირვება-გაოგნება გამოიწვია. ისინი მოდიოდნენ ქართველ დეპუტატებთან და ალალი გაოცებით გვეკითხებოდნენ (მაგალითად, ბორის ვასილევი რეზო თაბუკაშვილს, კირილე ლავროვი თემურ ჩხეიძეს და ა.შ.) – რა ხდება გაგვაგებინეთ, ნუთუ თქვენ, ქართველებსაც არ გინდათ ჩვენთან ყოფნა? ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ, ერთი მართლმადიდებელი ხალხი! ის გასაგებია, რომ კათოლიკურ-პროტესტანტულ ბალტიისპირეთს არ უნდა რუსეთის სახელმწიფოში ყოფნა, მაგრამ თქვენ? საქართველო ხომ მართლმადიდებელია და გაურბის მართლმადიდებელ რუსეთს? ისინი ხაზს უსვამდნენ სწორედ იმას, რომ ორივე ხალხი მართლმადიდებელია და როგორ შეიძლება მათი დაშორება.

მეორე დღეს კრემლის ყრილობათა დარბაზის ბოლო სართულის ფოიეში კედლებზე გაკრული იყო ქართველი მეფე-მთავრების უთვალავი წერილი რუსეთის მეფეებისადმი. ამ წერილებში, როგორც მოგეხსენებათ, ქართველი მეფე-მთავრები რუსეთის მეფეებსა და იმპერატორებს მფარველობასა და შველას ევედრებოდნენ სწორედ ერთმორწმუნეობის საფუძველზე.

ასე რომ, ერთმორწმუნეობის დოგმა ურთულესი პრობლემაა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში ერთმორწმუნეობის დოგმა არ წაიშალა, საქართველო რუსეთის ბატონობას თავს ვერ დააღწევს.

1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნების შედეგად საქართველოში პოლიტიკური რეჟიმი შეიცვალა. მას მერე თითქმის ექვსი წელიწადი გავიდა და აღმოჩნდა, რომ არჩევანი ვერ გავაკეთეთ. არ ვიცით, რა გვინდა. თუ ჩვენ მართლა გვინდა დამოუკიდებლობა-თავისუფლება, მაშინ ევროპულ-ამერიკული ორიენტაციის გზას უნდა დავადგეთ მტკიცედ და განუხრელად. პოლიტიკურ ორიენტაციასთან ერთად რელიგიური ორიენტაციაც უნდა შეიცვალოს. თუ არ გვინდა საქართველო რელიგიურადაც დაიშალოს, ეკლესიის რეფორმაც ისევე აუცილებელია, როგორც ყველა სხვა რეფორმა. სხვაგვარად რეალური დამოუკიდებლობა-თავისუფლების მოპოვება შეუძლებელია.

თუ ჩვენ ისევ რუსეთი მიგვაჩნია საქართველოს ძმად, მეგობრად და მშველელად, მაშინ ამდენი რატომ ვიფაფხურეთ, ამდენი სისხლი რატომ დავღვარეთ, თითქმის ნახევარი საქართველო რატომ მივეცით მტერს და, საერთოდ, რა ვაკეთეთ? ეს ტრაგიკული ვითარება ქართული პოლიტიკური აზრის გულუბრყვილობამ და უმწიფრობამ შექმნა. თუ ცალკეულ პირს პოლიტიკური უმწიფრობა და გულუბრყვილობა შეიძლება, ასე თუ ისე, ეპატიოს, მთელ ერს ეს არც ეპატიება და არც შეეფერება.

1996 წ.