ვასალური აზროვნება 

უკანასკნელი ათიოდე წლის მანძილზე საქართველოში დიდი მოვლენები მოხდა. ამ მოვლენებს დადებითი შედეგებიც მოჰყვა და უარყოფითიც. ამჯერად დადებით მხარეზე არაფერს ვიტყვი. ყურადღებას მხოლოდ უარყოფითზე გავამახვილებ, რადგან მის აღმოფხვრაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ბედ-იღბალი მომავალში. 

ახლა ამ მოვლენათა ბევრი მონაწილე და მოწმე წერს და ლაპარაკობს რა როგორ ხდებოდა, რატომ და რისთვის. ვეძებთ მტყუანსა და მართალს. უდავოა, მტყუანისა და მართლის დადგენა საჭიროა, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი არის მიგნება – ქართველის სულიერი წყობის რა მანკიერი თვისება იწვევს საქართველოს პერმანენტულ დამარცხებას. 

ჩვენ თვალწინ მოხდა, ჩვენ ვიყავით უშუალო მოწმე იმისა, რომ ჩვენზე გაცილებით მცირერიცხოვანმა ხალხმა – ჩეჩნებმა ჩეჩნებმა – ბრძოლით, იარაღით როგორ დაამარცხა რუსეთი და ჩეჩნეთიდან განდევნა. რატომ ვერ შევძელით ჩვენ ის, რაც ჩეჩნებმა შესძლეს? როგორ გვაჯობა მტერმა, წაგვართვა აფხაზეთი და შიდა ქართლი? ჩვენ ხომ უკვე 1921 წლიდან ვიცოდით, რომ თუ საქართველო დამოუკიდებლობას დააპირებდა, რუსეთი მაშინვე წაგვგლეჯდა აფხაზეთსა და შიდა ქართლს? ამას, დოკუმენტების გარდა, ის მუქარაც ადასტურებს, რომლითაც ლევ ტროცკი საქართველოს უქნევდა თითს 20-იან წლებში – თუ საქართველოს დატოვება დაგვჭირდა, კარებს ისე გავაჯახუნებთ, ქვა ქვაზე აღარ დარჩებაო („ქართული აზრი“, 1971 წ., No87). ეს მუქარა რუსეთმა, აკად. სახაროვის პირით, 80იანი წლების ბოლოსაც გაიმეორა: საქართველო მცირე იმპერიაა და იგი უნდა დაიშალოსო. ვიცოდით ყველაფერი ეს და მაინც თავდაცვა ვერ მოვახერხეთ. რატომ? 

მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელში“ გენერალი და პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებს ეუბნება: „ხელი აიღეთ. შესაძლებელია რუსები გავრეკოთ, მაგრამ ვერ შევიმაგრებთ და ისევ შემოვლენ, ისევ ჩვენს თავადებს მოისყიდიან, ჩვენსავე მამულებს დაურიგებენ და ჩვენივე ხელით დაგვიმორჩილებენ. ეს აჯანყება უკანასკნელი გაფრთხილება იქნება ჩამოხრჩობილი ხალხისა“. 

როცა მიხეილ ჯავახიშვილი წერდა – „ჩვენივე ხელით დაგვიმორჩილებენო“, – მარტო იმას არ გულისხმობდა, რაც განათლებით, ისტორიის შესწავლით იცოდა, არამედ იმასაც, რისი მომსწრეც და მხილველიც თავად იყო. 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა რუსეთმა საქართველო ხელმეორედ დაიპყრო, კარგად მოგეხსენებათ, ოკუპანტი წითელი არმიის არა მარტო მეთაურთა შორის იყვნენ ქართველები მრავლად, არამედ ჯარისკაცთა შორისაც. ისევე მოხდა, როგორც წარსულში ხდებოდა. საქართველოს დასარბევად და ასაწიოკებლად გამოგზავნილ სპარსეთისა და თურქეთის ჯარს უმაღლესჯერ გამაჰმადიანებული ქართველები და სომხები სარდლობდნენ. ისლამმიღებულ ბატონებს არც მათი ყმები ჩამორჩებოდნენ და თავგამეტებული იქნევდნენ ხმლებს ნახევარმთვარისა და მწვანე დროშის გასამარჯვებლად. ეს გაყოფა, ნაწილი აქეთ და ნაწილი იქით, საქართველოს გრძელ ისტორიას წითელ ხაზად გასდევს. იგი, ალბათ, იმის ბრალია, რომ თავისუფლებას სარგებლიანობის არშინით ვზომავდით. იმავე „არსენა მარაბდელში“ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში სტუმრად თავმოყრილ ქართველ თავადაზნაურობას პლატონ იოსელიანი უმტკიცებს: „ზოგი ეშმაკისაკენ იყოს, ზოგიც – ღვთისკენაო. რუსმა ლეკი და თათარი მოგვაშორა, რჯული შეგვანახვინა, იმერეთ-ამერეთი გააერთიანა, ევროპული განათლება მოგვიტანა და კანონი დაადგინა. ახლა ბრძანეთ, რა უფრო მეტია, წაგება თუ მოგება?“ ამის საწინააღმდეგო პასუხი არავის აღმოაჩნდა იქ მყოფთაგან, ალექსანდრე ორბელიანსაც კი, ვისაც ყველაზე გამოკვეთილი ანტირუსული პოზიცია ეჭირა. თუ თავისუფლება აბსოლუტურ ღირებულებად არ მიგაჩნია და მას წაგება-მოგების, სარგებლიანობის კუთხით უყურებს, მაშინ, ცხადია, პლატონ იოსელიანს ვერ შეედავები. 

იმ შეხედულებას, რაც რომანში პლატონ იოსელიანის პირით ითქვა, წარსულშიც მრავლად ჰყავდა მომხრე და არც დღეს აკლია. ამას ამჟამინდელ პრესაში გამოქვეყნებული წერილებიც ადასტურებენ და რუსეთში გახიზნული მოქალაქენიც, სულერთია, იქნებიან ისინი გეშეფტმახერები, ხელოვნების კულტის მსახურნი თუ ნაირნაირ უწყება-დაწესებულებებში შემძვრალ-შეპარული ჩინოვნიკები. როგორც კვაჭი კვაჭანტირაძეს უყვარდა „საქმის გაიმასქნება“, ისინიც წარმატებით „აიმასქნებენ საქმეს“. კვაჭის ანდერძსაც წამდაუწუმ იმეორებენ – „რას ჩააცივდით ერთ მტკაველ საქართველოს, ერთ მუჭა ხალხს!.. გადაჰხედეთ დიდ რუსეთს, მსოფლიოს მეექვსედია, ორას მილიონამდე ხალხი ჰყავს! თუ შნო, უნარი და ხალისი გაქვთ, ფრთები გაშალეთ და ამ ულეველ სივრცეში ინავარდეთ“. 

კვაჭი კვაჭანტირაძე ქართულ ნიჰილიზმს კარიკატურული ფორმით გამოხატავს. ქართული ნიჰილიზმი მარტო კარიკატურის საგანი რომ იყოს, მაშინ იგი შედარებით ადვილი დასაძლევი იქნებოდა. ჩვენდა სავალალოდ, მას მყარი და გრძელი ფესვები აქვს და, ამასთან ერთად, ჩვენი ვასალური აზროვნების ნაყოფია. ცნება ვასალური აზროვნება – მარტო იმ პერიოდში ჩამოყალიბებულ აზროვნებას არ გულისხმობს, როცა ქართულმა სამეფო კარმა მფარველისა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო, არამედ ბევრად უფრო ადრინდელსაც. სამაგალითად „ქართლის ცხოვრებას“ მოვიშველიებ, განსაკუთრებით მის იმ ნაწილს, რომლის ავტორად ლეონტი მროველი ითვლება. 

„ქართლის ცხოვრება“ ოფიციალური წიგნია. იგი საქართველოს სამეფო კარის იდეოლოგიას გამოხატავს. მაგრამ ბევრჯერ ისეთ მოსაზრებას შეხვდებით, რომელსაც პირადად მე ახსნას ვერ ვუძებნი. ვერც ჩვენს მეცნიერ-ისტორიკოსთა ნაშრომებში იპოვნით მეტ-ნაკლებად დამაჯერებელ განმარტებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი წარმოქმნილი არიან ვასალური აზროვნების ნიადაგზე. კერძოდ რას ვგულისხმობ: 

ყველას კარგად მოეხსენება, რომ მემატიანე ლეონტი მროველი, ვინც „მეფეთა წიგნის“ ავტორად ითვლება, კავკასიის ხალხებს ძმებად მიიჩნევს და მათ მამამთავრად თარგამოსს თვლის. ყველა კავკასიელი ხალხი ამ თარგამოსის შვილია. ძმებს შორის უფროსი ჰაოსია, ანუ სომეხთა თავურწინაპარი. ყველა ძმა გმირია, მაგრამ „ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა“. ამის მერე იწყება ჰაოსის უნაპირო ქება-დიდება. 

„ამათ შუიდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოსს“. „ჰაოს ჰყო თავი თვისი მეფედ ძმათა თუისთა ზედა“. „იყვნეს მორჩილ ჰაოსისა“. 

ჰაოსმა ასწავლა ძმებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. მას ეკუთვნის, მან შთააგონა ყველას ის დევიზი, რომელსაც ხშირად იმეორებენ ქართულ პოეზიაში. 

„აწ შეწევნითა დამბადებლისა ვიყვნეთ არავისა მონა და არავის ვმსახუროთ თუინერ ღმრთისა დამბადებლისა“. 

რას ნიშნავს ეს? რატომ აქვს ქართულ მატიანეში ისეთი უპირატესობა მინიჭებული სომეხ ხალხს? ეს რომ მარტო კეთილმეზობლური ურთიერთობის გამომხატველი არ არის, ცხადია. მას უფრო ღრმა შინაარსი აქვს, მაგრამ რა? როგორც გითხარით, მე ვერ ვუძებნი მას სხვა საფუძველს, გარდა ვასალური აზროვნებისა. 

ლეონტი მროველი აგრძელებს და გვეუბნება – „აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს“. 

რას ნიშნავს „აქამომდის“? მანამდე, სანამ ნაბუქოდონოსრ მეფე იერუსალიმს ააოხრებდა, ლტოლვილი ებრაელები მცხეთაში მოვიდნენ და მცხეთის მამასახლისი მათ ზანავში დაასახლებდა. ეს ამბავი კი ძველი წელთაღრიცხვით 605-562 წლებში უნდა მომხდარიყო, რაკი, მეცნიერთა ვარაუდით სწორედ ამ ხანებში მეფობდა ნაბუქოდონოსორ მეორე, რომელმაც წარტყვევნა იერუსალიმი და დაატყვევნა ებრაელნი. მაშასადამე, ამ დიდი მოვლენის შემდეგ დაუწყვიათ ქართველებს ქართულად მეტყველება, თორემ მანამდე თურმე სომხურად ლაპარაკობდნენ. „…ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლისა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული“. 

რასაც ქართველი მემატიანე ამბობს, ის, მეცნიერული თვალსაზრისით უფრო მკაცრი სიტყვა რომ არ ვიხმარო, სრული გაუგებრობაა. კაცობრიობის ისტორიამ არ იცის, რომ ხალხს ჯერ ერთ ენაზე ელაპარაკოს და მერე მეორე ენაზე ამეტყველებულიყოს. ისტორიამ იცის, რამდენიც გნებავთ, ხალხისა და ენის გაქრობა-მოპობა, ხალხის სრული ასიმილაცია, მაგრამ ენის გამოცვლისა – არა. შეიძლება ენა განვითარდეს და ამის გამო ნაწილობრივ სახეც იცვალოს. მაგალითად, ძველი ბერძნული და ახალი ბერძნული. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და საფუძვლიანადაც, მაგრამ ორივე ბერძნული ენაა, თავისი ბუნებით, არსით, თვისებით. სომხური და ქართული ენები სწორედ თავისი ბუნებით, არსითა და თვისებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, თორემ ლექსიკურ მარაგში როგორც ერთ, ისე მეორე ენაში უამრავი ბერძნულ, არაბულ, სპარსულ სიტყვას იპოვნით. ეს ბუნებრივი ამბავია. ენები ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. სიტყვები მოგზაურობენ ენიდან ენაში. რამდენი ფრანგული და გერმანული სიტყვაა რუსულში, მაგრამ რუსული რუსულია, ფრანგული ფრანგულია, გერმანული გერმანულია, რადგან ბუნება, არსი და თვისება მათი განსხვავებულია. 

ისტორიას რომ იხსენებ, ბუნებრივად გაწვალებს კითხვა – რაღა მარტო საქართველოში მოხდა ის, რაც არსად მომხდარა? რაღა მარტო ქართველ ხალხს მოუვიდა ის, რაც არცერთ სხვა ხალხს არ მოსვლია? რატომ წერს ასეთ გაუგებრობას ქართველი მემატიანე? ეს კითხვები მხოლოდ ისტორიული კვლევის საგანი არ არის. ისინი ოდენ ისტორიკოსს ან ენათმეცნიერს არ უნდა აწუხებდნენ. ეს ყველას უნდა აფიქრებდეს. ამაში ქართული ცნობიერების ხარვეზი, ნაკლი მოჩანს და იმიტომ. თუ ამ ძველთაძველ კითხვებზე პასუხს ვიპოვნით, შეიძლება, დღევანდელი მოვლენებიც უფრო ზუსტად ამოვხსნათ. ისტორიის ჯაჭვი არ წყდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისტორიულ პროცესს ენის თვისება-ხასიათის კუთხით ვუყურებთ. ქართული თავსი ბუნება-თვისებით, ხასიათით ისეთივეა, როგორიც წარსულში იყო. მნიშვნელობა არა აქვს იმას, ეს წარსული ძალიან შორეულია თუ შედარებით ახლობელი. 

არც ის უნდა იფიქროს მკითხველმა, რომ ეს ძველი პრობლემაა და ახლა მისი გახსენება არ ღირს. არ არის იგი ძველი პრობლემა თნდაც იმიტომ, რომ „ქართლის ცხოვრება“ მარად ცოცხალი წიგნია. მას ქართველთა მოდგმის ყველა თაობა კითხულობს და არა ერთგზის. იგი ქართველთა არსებობის განუყრელი ნაწილია. აკადემიკოსი ნიკო ბერძენივილი ამბობდა, რომ ქართული კულტურა სამ დიდ ბოძს ეყდნობაო – „ბიბლიას“, „ქართლის ცხოვრებას“ და „ვეფხისტყაოსანს“. თითოეული მათგანი გამოხატავსო იდეოლოგიას, ტრადიციას, კულტურას. ასეთი უკვდავი და მარადიული წიგნი არა მარტო გამოხატავს ერის შეხედულებებს, არამედ ყველა ეპოქისა და თაობის ადამიანებზე ახდენს გავლენას. ამიტომ აუცილებლად უნდა ამოიხსნას – რატომ არის გაჟღენთილი „ქართლის ცხოვრება“ ვასალური აზროვნებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც ქართულმა მეცნიერებამ და ვერც ქართულმა მწერლობამ ეს ვერ მოახერხა. მართალია, არის პერიოდი, როცა საქართველო, ქართველი ხალხი იმარჯვებს და ვასალური აზროვნება თითქოს დავიწყებას ეძლევა, მაგრამ ეს ძალიან მცირე ხანს გრძელდება. არსებითად, ერთი საუკუნე, დავით აღმაშენებლის მეფობით დაწყებული ლაშაგიორგის ზეობით დამთავრებული. მონღოლთაგან დამარცხებულ საქართველოში ისევ აღორძინდა ვასალური აზროვნება და დღესაც არ დამთავრებულა. 

ერთი შეხედვით ადვილად გასაგებია რატომ არის ჩვენში ფეხმოკიდებული ვასალური აზროვნება. საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქართველ ხალხს როგორც ქვეშევრდომს, უფრო დიდხანს უცხოვრია, ვიდრე თავისუფალსა და დამოუკიდებელს. რომაელები, ბიზანტიელები, სპარსელები, არაბები, მონღოლები, თურქები, რუსები მონაცვლეობით ბატონობდნენ ჩვენში. თითქმის უწყვეტია ამ ბატონობის ჯაჭვი. ასეთი ვითარებაში ბუნებრივად ყალიბდებოდა ვასალური აზროვნება. მაგრამ ასეთ ვითარებაში სხვა რამეც იბადება ოცნება თავისუფლებაზე, ლტოლვა თავისუფლება-დამოუკიდებლობისაკენ. დაიბადა კიდეც, მაგრამ „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, თავისუფლების იდეა სომეხთა თაურწინაპარმა ჰაოსმა გამოთქვა და არა ქართველთა თაურწინაპარმა ქართლოსმა. რა, უცხომ, სხვამ გვასწავლა თავისუფლების ფასი? რატომ ამბობს ამას ქართული კარის იდეოლოგიური წიგნი? ეს არის დამაფიქრებელი. ეს არის თავსატეხი კითხვა. 

თუ თავისუფლება ჩვენი შინაგანი სულიერი მოთხოვნილება არ ყოფილა, თუ იგი სხვამ შთაგვინერგა გარედან, მაშინ გასაგებია რატომ ვმარცხდებით პერმანენტულად. გასაგებია, რატომ გვიყვარს სილაჩრის კეთილგონიერებად გასაღება. 

მე-20 საუკუნის დასასრულს ქართველმა ხალხმა გამანადგურებელი დამარცხება განიცადა. საქართველოს რუსეთმა წაართვა აფხაზეთი და შიდა ქართლის დიდი ნაწილი. ეს დამარცხება უფრო დიდია, ვიდრე თურქთაგან სამხრეთ საქართველოს მიტაცება. როცა ამ დამარცხებაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის ცალკეულ პირებს ვადანაშაულებთ. ამა თუ იმ პირის უპასუხისმგებლობა მოქმედებასაქციელს ვაბრალებთ. იმას კი არ ვაღიარებთ, რომ ამ დამარცხებაში ყველა ვართ დამნაშავე. 

აბა, დააკვირდით: ფაქტია, რომ რუსეთი დაგვესხა თავს. ჩვენ ეს არ ვაღიარეთ. 

რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთისათვის მოვნათლეთ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად. ამით მოვლენას ნამდვილი შინაარსი გამოვაცალეთ. საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთი უდანაშაულოდ წარმოვადგინეთ. აგრესორს მშვიდობის მომტანის ფუნქცია დავაკისრეთ. 

ეს დამოკიდებულება ჩვენი ვასალური აზროვნების პირდაპირი ნაყოფი იყო. 

ფაქტია, რომ არსებობდნენ ედ. შევარდნაძის მომხრეები და ზ. გამსახურდიას მომხრეები. ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს. ამით საქართველოს ერთიანი ძალა სუსტდებოდა, ძაბუნდებოდა. არ ვმოქმედებდით პრინციპით: ჯერ მომხდური მტერი დავამარცხოთ ერთიანი ძალით და მერე გავარკვიოთ ურთიერთდამოკიდებულება. ვმოქმედებდით პრინციპით: ვისარგებლოთ მტრების შემოსევით და ერთმანეთს ანგარიში გავუსწოროთ. 

ფაქტია, რომ საქართველოში არ აღმოჩნდა ძალა, რომელიც მოახერხებდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ბანაკების თუნდაც დროებით მორიგებას. 

ფაქტია, რაკი საბედისწერო განსაცდელის პირისპირ ვერ გავერთიანდით, ერთიანი ძალით ვერ შევებრძოლეთ მტერს, შინაგანი მტრობა-შუღლით გათიშულნი იოლად გავხდით მტრის მსხვერპლი. 

ესეც ჩვენი ვასალური აზროვნების შედეგია. 

მართალია, ხელისუფლებას ევალება ქვეყნისა და ხალხის დაცვა, მაგრამ ხალხსაც ეკისრება თავისთავისა და მამულის პატრონობა. როცა ქვეყანა მარცხდება და მისი ტერიტორიის დაპყრობა ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ხელისუფლებამ შეასრულა თავისი მოვალეობა და ვერც ხალხმა. 

ამდენად, ყველა დამნაშავე ვართ. ეს უნდა ვაღიაროთ, თუ გვინდა, რომ მომავალში მაინც მოვირეცხოთ დამარცხების სირცხვილი. მაგრამ ამას ვერ მოვახერხებთ, თუ ვასალური აზროვნებისაგან არ გავთავისუფლდით. 

შარშან, 27 სექტემბერს, ტელეჟურნალისტი ქუჩაში გამვლელ-გამომვლელ ახალგაზრდებს ეკითხებოდა – 27 სექტემბერს საქართველოს ისტორიის რა მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდაო. ახალგაზრდები მხრებს იჩეჩავდნენ და დაბნეული პასუხობდნენ – არ ვიცითო. ზოგიერთი აბუჩადაც იგდებდა ჟურნალისტს და ეუბნებოდა – არ ვიცი და არც მაინტერესებსო. 

ქვეყანა ამა თუ იმ პირის (თუნდაც უმაღლესი ხელისუფლების) უპასუხისმგებლობის, უუნარობის, უძლურების გამო კი არ მარცხდება, არამედ მისი მოქალაქეების ლიანგური გულგრილობის შედეგად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ ცალკეული ადამიანები, რომელნიც დაუფიქრებლად წირავენ მამულს სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, არსებობენ. ისინი იყვნენ და არიან დღესაც. ეს აფხაზეთისათვის რუსეთ-საქართველოს ომშიც მკაფიოდ გამოჩნდა. მაგრამ ცალკეული არ კმარა. არის დრო, როცა ერი ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული. ერი და ბერი, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და ვაჟი ერთ ფიქრს უნდა ფიქრობდეს და ერთ საქმეს აკეთებდეს. სხვაგვარად იგი გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. 

როცა საკუთარი სამშობლოს ბედ-იღბალის მიმართ მოქალაქე საერთოდ გულგრილია, მაშინ მას, ცხადია, სრულებით არ აწუხებს – იცის თუ არა თავდაცვის მინისტრმა ქართული. ამას მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. გინდ იცოდეს, გინდ არა. ეს გულცივი, სულერთია დამოკიდებულება ვასალური აზროვნებისაგან მომდინარეობს. იმასაც კი არავინ აქცევს ყურადღებას, რა სასაცილო მდგომარეობაში ვვარდებით. საქართველოს მოქალაქე ვერ გახდები, თუ ქართული ენა არ იცი, მაგრამ თავდაცვის მინისტრი კი შეიძლება იყო. 

ერთი ამბავი მახსენდება. 60-იანი წლების დასაწყისში მწერალთა და ხელოვანთა დიდი კრება ჩაატარა საქართველოს კომპარტიის ცკ-მა მოხსენებით თავად ვასილ მჟავანაძე გამოვიდა. ამ კრებაზე სიტყვა კონსტანტინე გამსახურდიამაც თქვა. როცა 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, – ამბობდა მწერალი, 

და საქართველოს სათავეში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღზრდილი პოლიტიკოსები ჩაუდგნენ, ხოლო ქართული არმიის მეთაურად რუსეთის არმიის ქართველი ოფიცრები და გენერლები მოიწვიეს, მე საჯაროდ განვაცხადე – ვისაც რუსულ სკოლაში უსწავლია, ის რუსს თოფს ვერ ესვრის-მეთქი, აკი ვერც ესროლეს. 

მაქსიმალისტური განცხადებაა, მაგრამ არსით მართალი. მაშინაც და დღესაც ვითარება გვაიძულებს რუსეთის არმიის ქართველ ოფიცრებსა და გენერლებს ჩავაბაროთ ქართული არმიის ბედი. სხვაგან აღზრდილი სამხედრო პირები არ გვყავს და იმიტომ. მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად უნდა ვითვალისწინებდეთ. ქართული არმია დღეს ყალიბდება. იგი ქართული სახელმწიფო ცნობიერებით, აზროვნებით, იდეოლოგიით უნდა ჩამოყალიბდეს. ამას ცნობიერებით რუსი გენერალი ვერ გააკეთებს. არა იმიტომ, რომ არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლია. ცნობიერება ხელწამოსაკრავი საქმე არ არის. წარმოუდგენელია კაცმა იგი თვალის დახამხამებაში სხვაგვარი გახადოს. შეიძლება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჰაოსივით თქვას – ვიყვნეთ არავისა მონა და არავის ვემსახუროთ – მაგრამ ამას რუსეთის პოზიციიდან იტყვის და არა რუსეთის საწინააღმდეგოდ, ისევე, როგორც ჰაოსი თავისუფლებისაკენ სომხეთის პოზიციიდან მოუწოდებდა და არა საქართველოს. 

ჩვენ კი დღეს ის არმია გვჭირდება, ვისაც რუსეთის არმიასთან შეეძლება ბრძოლა. საშიშროება რუსეთის მხრიდან არ გამქრალა. 24 თებერვალს ტელე-რადიო კორპორაციის მოსკოვის ბიუროს მიერ მომზადებული გადაცემა აჩვენეს. ტელეჟურნალისტს გიორგი მერკვილიშვილს ეუბნებოდა ტვინდასეტყვილი ჟირინოვსკი: საქართველოს დანაკუწება ჯერ არ დამთავრებულა. აჭარას თურქეთი წაიღებსო, ჯავახეთს სომხეთი, აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიას აზერბაიჯანი. ქუთაისიც კი არ შეგრჩებათ. იგი სამეგრელოს სახელმწიფოში შევაო. შევარდნაძე თბილისის კომენდანტი დარჩებაო. ეს სასაცილოდ გარეგნულად ჟღერს, თორემ შიგნი დიდ ხიფათს შეიცავს. ჟირინოვსკი მარტო იმას კი არ ამბობს, რასაც თავად ოცნებობს, არამედ რუსეთის ხელისუფლების გეგმასა და მიზანს ამჟღავნებს. ხომ აგვიხდა ანდრია სახაროვის „წინასწარმეტყველება“, ასევე აგვიხდება დედით რუსისა და მამით იურისტის „წინასწარმეტყველებაც“, თუ ჭკუით არ მოვიქეცით. 

ასეთ ვითარებაში არაფრით არ შეიძლება ვასალური აზროვნება. საქართველო ბევრჯერ ყოფილა მძიმე განსაცდელში, მაგრამ ასე თუ ისე თავი დაუღწევია. მაგრამ ეს ცრუ იმედის უფლებას არ გვაძლევს. ახლა სრულიად სხვა დროა. ძველად დამპყრობელი პრიმიტიული იარაღით – ხმლით, ისრით, შუბით მოდიოდა. დღეს მოდის არა მარტო უნივერსალური იარაღით, არამედ უნივერსალური კულტურული საშუალებებითაც – რადიო, ტელევიზია, პრესა. უცხოური უნივერსალური კულტურის შემოტევას ვასალური აზროვნებით ვერ გაუძლებ. მართალია, უცხოურის დაფასება უნდა იცოდე, მაგრამ საკუთარი ღირსება არ უნდა დაკარგო. უცხოური უნდა ისწავლო, მაგრამ არა საკუთარი ღირსების უარყოფის ხარჯზე. 

1921 წელსაც და 90-იან წლებშიც საქართველოს დამოუკიდებლობა-თავისუფლებას სამი დაუძინებელი მტერი ჰყავდა – რუსეთის იმპერია, კომუნისტური რეჟიმი და ვასალური აზროვნება. მაგრამ განსხვავებაც არის. თუ 20-იან წლებში სამივე მტერი – რუსეთის იმპერიაც, კომუნისტური რეჟიმიც და ვასალური აზროვნებაც უძლიერესი იყო, 90-იან წლებში ძველი ძალმოსილებით მხოლოდ ვასალური აზროვნება არსებობს. დანარჩენი ორი – რუსეთის იმპერია და კომუნისტური რეჟიმი – კაპიტალისტური სამყაროს პოლიტიკის შედეგად უკვე ძირგამოთხრილია. კაპიტალისტურმა სამყარომ რუსეთის იმპერიასა და კომუნისტურ რეჟიმს მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა. დაშალა და დაანგრია. მიუხედავად ამ ვითარებისა, საქართველო მაინც დამარცხდა. ეს კი ძირითადად ჩვენი ვასალური აზროვნების ბრალი იყო. 

ახლა უმთავრესი ამოცანა ვასალური აზროვნებისაგან განთავისუფლებაა. იგი ხელ-ფეხს გვიკრავს, სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, გვაიძულებს სხვის იმედად ვიყოთ, საკუთარის არ გვჯეროდეს. თუ ვასალურ აზროვნებას თავს დავაღწევთ, მაშინ ჩვენ თავს დატეხილი პრობლემების მოგვარება შესაძლებელი გახდება – მსხვილმანისაც და წვრილმანისაც. 

1997 წ.