
წიგნი ეხება გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებას. აღწერილია პიროვნება, რომელიც ყოველივეს აკეთებდა თავისი მამულისა და ხალხისათვის. ის ნამდვილად იყო გამორჩეული ქართველი და მართლაც რომ ყოველივე გამორჩეულის მფლობელი.
თერგდალეულები ცდილობდნენ, ქართველი ხალხის ცხოვრება და თავისუფლება ნასესხები იდეებით კი არ მოეწყოთ, არამედ ჩვენი ერის ისტორია, ყოფა, ზნე-ჩვეულება, ხასიათი, თვისება ღრმად შეესწავლათ, გაეთვალისწინებინათ და მომავალი ამ ცოდნის გამოყენებით აეგოთ.
— ნიკო ნიკოლაძე
მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არ მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავათ თუ კარგათ როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა. მე შენ მიყვარდი, როგორც ჩვენი ქვეყნის კაცი, ჩემი თანამემამულე და ძმა, როგორც ისეთი პირი, რომლის ბედი და უბედობა, რომლის ავი და კარგი, ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა. მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა.
არც საფრანგეთის ამღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას, არც პეტერბურღის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას, არასოდეს, არც ერთი წამის განმავლობაში, არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შეუცდენივარ და არ მიუზიდივარ, თუმცა ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და დიდი გავლენის იმედს… იმის მაგიერ, რომ იქაურს ცხოვრებას მივებირე და სხვებისავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ყოფილიყო შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა… სხვაგან და ჩვენში მწერალი და გაჩუმებული ნიადაგ შენი ერთგული და შენი მსახური ვიყავი.
— ნიკო ნიკოლაძე