ჯავახეთო, ჯავახეთო… 

შარშან ზაფხულს ჯავახეთი მოვიარე. ვინც ოდნავ მაინც იცის საქართველოს ისტორია, ისიც კარგად ეხსომება, რა დიდი როლი შეასრულა ამ კუთხემ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ აღორძინებაში. მარტო ის რად ღირს, რომ ერთ დროს ჯავახეთი საუფლისწულო მამული იყო. მარტო სიტყვა „საუფლისწულოც“ მკაფიოდ მეტყველებს რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჯავახეთს ისტორიული საქართველოს მესვეურები. სხვანაირად არ შეიძლებოდა. სულ მცირე 2000 წლის მანძილზე მაინც ჯავახეთზე გავლით მოდიოდა საქართველოში მოყვარეც და მტერიც, სინათლეც და სიბნელეც, კარგიც და ავიც. თუ ჯავახეთი ჰყვაოდა, ეს საქართველოს ძლიერებას მოწმობდა. თუ ჯავახეთი პარტახდებოდა, ეს საქართველოს უძლურებას ადასტურებდა. ამიტომ იყო იგი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ყოველთვის. 

დღეს როგორღაა საქმე? სამწუხაროდ და სავალალოდ, დღეს ჯავახეთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით ვერ დავიკვეხნით. თუნდაც ეს ერთი ფაქტი რად ღირს: თბილისიდან ავტომანქანით ახალქალაქს რომ გაემგზავროთ, აუცილებლად ახალციხის გავლნით უნდა წახვიდეთ. შეიძლება ბაკურიანის გავლითაც წასვლა, მაგრამ მაინც ახალციხის გავლით სჯობს, რამეთუ გზაა შედარებით უკეთესი. ახლა დააკვირდით ამ ციფრებს: თბილისიდან ახალქალაქამდე ახალციხის გავლით 289 კმ-ია; ბაკურიანის გავლით კი 248 კმ; ბოდგანოვკა-წალკის გავლით კი 

190 კმ. ხედავთ რამდენად ახლოა თბილისიდან ახალქალაქი წალკა-ბოგდანოვკის გავლით? მაგრამ ამ გზით თავზეხელაღებული კაცის მეტი არავინ დადის. აბა, როგორ უნდა იარონ, როცა წალკა-ბოგდანოვკას შორის არსებული 71 კილომეტრიანი მონაკვეთი გზა კი არა ჯოჯოხეთის შარაა. საკმარისია ამ გზაზე ერთხელ გაიარო კაცმა მანქანით, რომ აღარც კაცი ივარგებს კაცად და ავტომანქანა – ავტომანქანად. კაცს ჭკვიანი მეზობელი იმიტომ უყვარს, რომ მისგან კეთილი საქმის სწავლა შეიძლება. აბა, შეადარეთ ბოგდანოვკა-წალკის გზას ლენინაკან-ახალქალაქის გზატკეცილი და მიხვდებით, როგორ უნდა გზების მშენებლობა და მოვლა-პატრონობა. 

მართალია, ანდაზა ამბობს – შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო, – მაგრამ ეს სიბრძნე თბილისსა და ახალქალაქს შორის უგზოობას ვერ გაამართლებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, თბილისსა და ახალქალაქს შორის პირდაპირი ხეირიანი გზატკეცილის გაყვანა ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ის ხარჯებია, რასაც წლითიწლობით, ახალციხის გავლით, თბილის-ახალქალაქს შორის საქონლის გადატანა-გადმოტანასა და მგზავრობის დროს იკარგება. ბოლოს და ბოლოს ამის შემოწმება იოლად შეიძლება. ყოველი სპეციალისტი მოგვცემს ამის გამო გონივრულ დასკვნას. 

ჯავახეთი ეკონომიკურად უმდიდრესი მხარე იყო და არის. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „ცხოვარნი, მროწლენი და ჯოგნი მრავალნი. თევზნი მრავალნი. ფრინველნი, რომელნიც მთათა გუარობენ, მრავალნი თაფლნი მრავალნი“. მეცნიერი მეფისწულის დასკვნას ხალხიც მხარს უჭერს. 

მე ჯავახეთს რა მიშავდა, 

მთვარე იყო მზესავითა, 

კალმახი და ქერის პური 

წინ მეყარა ბზესავითა. 

მეორე ლექსი უმატებს – „შენ მირაშხანა (სოფელი ჯავახეთში ა.ბ.) ბაღდადო, წალკოტო ყვევილიანო“. 1933 წელს აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილისათვის ერთ ჯავახ ქალს, 70 წლის ლაზრიშვილს უთქვამს – „ჰავა აქ მეტად კარგია, გასაძლისი. ადამიანი აქ ოცოცდახუთ წელიწადსა მეტსა ცოცხლობს, ვიდრე სხვაგან. ავადმყოფობა აქ იშვიათია. კაცი თავის დღით კვდება და ამას რა სჯობს? ჯავახეთი მდიდარია, საქონელი, პური უხვი იცის“. 

წარსული და აწმყო ერთნაირად ლაპარაკობს ჯავახეთის სიმდიდრეზე. თუ ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონით, ჯავახეთი შეიძლება გავხადოთ მეცხოველეობის ცენტრად საქართველოში, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის ბეღლად. ასე რომ მოხდეს, ჯავახეთმა ჩვენი ავბედითი ისტორიისაგან მიყენებული ჭრილობები უნდა მოიშუშოს. ზემოთ აკად. ნიკო ბერძენიშვილი ვახსენე. 1933 წელს იგი საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის შესწავლის მიზნით მოგზაურობდა ჯავახეთში. ნ. ბერძენიშვილს უამრავი ნასოფლარი და ვერანა ადგილი უნახავს – ნავარძიები, შაშალეთი, გომანერი, საბატე, ხიდიჯვარი, მიმინეთი, კარანთა, ხუნსი, ჭერულა, კალთუბანი, ჭობარეთი, თეთრობი, ზიარეთი, ვარდციხე, ოდისები და მრავალი სხვა. ეს არც არის გასაკვირი. ყველა ისტორიულმა ქარიშხალმა ჯავახეთზე გადაიარა და კვალიც შესაფერი დატოვა. მაგრამ ყოფილა დრო, როცა „ჯავახეთის ისტორიულ წარსულში 240-250 ცოცხალი სოფელი მაინც ითვლებოდაო“, დასძენს ნ. ბერძენიშვილი. დღეს როგორღაა საქმე? დღეს რამდენი ცოცხალი სოფელია ჯავახეთში? აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ისტორიული ჯავახეთი დაახლოებით დღევანდელი წალკის, ბოგდანოვკისა და ახალქალაქის რაიონებს მოიცავდა (სხვათა შორის, არ შეიძლება არ შევნიშნო: დიდად სასაცილო ამბავი გვჭირს. ისტორიულად ძვირფასი გეოგრაფიული სახელები – მარტვილი, სენაკი, ხონ და სხვანი შევცვალეთ და ბოგოდანოვკას კი ვერ შეველიეთ ვერაფრით. კაციშვილმა არ იცის, ვინ იყო ეს დუხაბორი ბოგდანი, მაგრამ მოწიწებით კი ვხრით თავს მის წინაშე. ახლა ავიღოთ წიგნი – „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა“ და ჩავიხედოთ შიგ. აღმოჩნდება, რომ ამჟამად ამ რაიონებში 149 სოფელია. ე.ი. 100-110 სოფლით ნაკლები, ვიდრე ისტორიულად ყოფილა. 

დღევანდელი საქართველოს უპირველესი ამოცანა ამ ნასახლარების ისევ დასახლებაა, ამ ნასოფლარების ისევ გაცოცხლებაა. ამის ყველა შესაძლებლობა გვაქვს – პოლიტიკუი, ეკონომიკურიც და კულტურულიც. ოღონდ სურვილია საჭირო. თუმცა სურვილიც გამოითქვა, მაგრამ არავინ მიაქცია ამას ყურადღება. 1971 წლის მაისში ქართველ მწერალთა ყრილობა მიმდინარეობდა. ამ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პოეტი ფრიდონ ხალვაში. ვიდრე იმას ვიტყოდე, რა თქვა ფრიდონ ხალვაშმა, უნდა გაგახსენოთ, რომ 1971 წლის ზამთარში მთიანი აჭარის სოფლებში ტრაგედია დატრიალდა თოვლის ზვავებმა რამდენიმე სოფელი დამარხა. მთელი საქართველო იგლოვდა მაში ამ უბედურებას. ეს გაიხსენა ფრიდონ ხალვაშმა მწერალთა ყრილობაზე და განაცხადა – რაკი მთიანი აჭარის სოფლებში, გეოგრაფიული გარემოს გამო, მძიმე საცხოვრებელი პირობებია, იქაური მოსახლეობა მესხეთ-ჯავახეთის ნაყოფიერ, მაგრამ დაუსახლებელ ტერიტორიაზე დავასახლოთო. ეს ორმაგი სიკეთე იქნებოდა: ისტორიულ ჭრილობებსაც მოვიშუშებდით და მოსახლეობასაც ცხოვრების უკეთეს პირობებს შევუქმნიდითო. მახსოვს, პოეტის ამ წინადადებას მთელი ყრილობა ტაშის გრიალით შეხვდა, მაგრამ ის ტაში ტაშად დარჩა. იმ დარბაზიდან გასულებმა ეს ფრიად გონივრული, მამულიშვილური სიტყვა ერთ ყურში შეუშვეს და მეორეში გაუშვეს. 

ფრიდონ ხალვაშის ეს წინადადება ჩვენი საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. 

ჯავახეთის ეკონომიური და კულტურული აღორძინება სადღეისო საკითხია და მისი გადადება არ იქნება. 

ამ რამდენიმე წლის წინათ ჩვენ დავიწყეთ მესხეთ-ჯავახეთის კულტურულ აღორძინებაზე ზრუნვა, როცა ახალციხეში მესხეთის თეატრი გავხსენით, მაგრამ ეს კეთილშობილი საქმე მერე აღარ გავაგრძელეთ. ახლა მესხეთის თეატრი, როგორც კულტურის კერა იმ მხარეში, მარტოდმარტოა. თუ მას კულტურის სხვა დაწესებულებანიც გვერდით არ ამოვუყენეთ, მესხეთის თესტრს დაკისრებული მისიის შესრულება გაუჭირდება. 

ახალციხის გვერდით ისტორიული ახალქალაქი ყოველთვის მნიშვნელოვანი და ღონიერი ცენტრი იყო როგორც ეკონომიკურად, ისე კულტურულად. ახლა მისმა ნახვამ არ შეიძლება გული არ დაგწყვიტოთ. პირფერობა რა საჭიროა და ახალქალაქი ახლა ერთი ჭუჭყიანი, უკულტურო დაბაა. 

ჩვენ გვიყვარს ისტორიული წარსულით ტრაბახი. მაგრამ კვეხნას მაშინ აქვს ფასი, თუ ისტორიის გაკვეთილებს აწმყოს ასაშენებლად ვიყენებთ. ახალქალაქიდან რამდენიმე კილომეტრზე კუმურდოს კათედრალური ტაძრის ნანგრევებია კუმურდო იმ ტიპისა და იმ მნიშვნელობის ძეგლია, რაც სვეტიცხოველი (ქართლში), ალავერდი (კახეთში), ბაგრატი (იმერეთში), ბედია (აფხაზეთში), ოშკი და ბანა (ტაო-კლარჯეთში). მე საგანგებოდ მივუთითე ტაძრებიც და საქართველოს კუთხეებიც, რომ მეჩვენებინა როგორ თანაბრად ნაწილდებოდა ძველ საქართველოში კულტურული ცენტრები. არც ერთი ზემოთ მოხსენიებული ტაძარი არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ცენტრი. ისინი დიდი კულტურული კერები იყვნენ უპირველესად. კუმურდოს არსებობა სვეტიცხოვლის, ბაგრატის, ალავერდის, ბედიის გვერდით იმის მიმანიშნებელია, რომ ჯავახეთში ისევე ვივოდა დიდი კულტურული ცხოვრება, როგორც საქართველოს სხვა რაიონებში. ეს ისტორიული ტრადიცია უნდა გაცოცხლდეს. ახალციხესა და ახალქალაქს უმაღლესი სასწავლებლები სჭირდება. თუ გორსა, თელავსა, ცხინვალსა და სხვაგან არსებობს უმაღლესი სასწავლებლები, ახალქალაქმა ან ახალციხემ რა დააშავა? ვითომ რა მოხდება, რომელიმე თბილისური უმაღლესი სასწავლებელი სამხრეთ საქართველოში რომ გადავიდეს? ხომ არის საქვეყნოდ ცნობილი ესტონური უნივერსიტეტი პატარა ტარტუში და არა დედაქალაქ ტალინში. ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ შეიძლება ზოგიერთმა ქუჩაში ქვა მესროლოს – თბილისიდან მიგვერეკებაო. არსად არავის არ მივერეკები. მხოლოდ მინდა დავფიქრდეთ: ვზრუნავთ თუ არა ჩვენ ჩვენი ქვეყნის აღორძინებაზე ისე, როგორც ამას დღევანდელობა მოითხოვს? 

საერთოდ, საქართველოს თანაბარი კულტურულ-ეკონომიკური განვითარების საკითხი ახლა არ დასმულა პირველად. ამაზე პრინციპული საუბარი იყო ჯანსუღ ღვინჯილიას და რევაზ ჯაფარიძის წერილებში (იხ. „ლიტერატურული საქართველოს“ 1973 წლის 21 დეკემბრისა და 1974 წლის 1 თებერვლის ნომრები). მაგრამ ამ წერილებში წამოჭრილ საკითხებს სამარისებური დუმილით შევხვდით. უცნაურია, რომელიმე ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარს ბურთი რომ ააცდინოს, მთელი საქართველო შეიძვრის. ატყდება კამათი, დისკუსია, მსჯელობა, პაექრობა – ეს რა გვჭირს, რა გვემართება, როგორ წავხდით, მოწინააღმდეგის კარში ბურთი ვერ შევაგდეთო. ყველა მწერალი თუ მეცნიერი, ინჟინერი თუ ექიმი, მუშა თუ გლეხი ამ საკითხით დაინტერესდება. გაზეთი არ დარჩება არ გამოეხმაუროს და აზრი არ გამოთქვას. მაგრამ ფრიად საჭირბოროტო პრობლემას, რომელიც მთელ ჩვენ ხალხს ეხება, შეიძლება გულგრილად ავუაროთ გვერდი. ამ გულგრილობის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს. სამწუხაროდ, იგი ჩვენი სუბიექტური თვისებაა და მას დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ. 

ბევრი მოუგვარებელი საკითხი რომ ჩვენი გულგრილობის შედეგია, ამას კარგად ადასტურებს ერთი შემთხვევა. 

ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოში გერმანელი სტუმრები იყვნენ. მასპინძლებმა სტუმრები საგარეჯოში წაიყვანეს. სტუმრებმა გზად ამდენი ხრიოკი რომ ნახეს, გაიკვირვეს და იკითხეს – რაშია საქმე, ეს მიწები რატომ არ დაგიმუშავებიათო. შეცბუნებულმა მასპინძლებმა თავი იმართლეს – ჩვენ ისტორიულად მტრები გვაოხრებდნენო და ესეც ამ აოხრების ნიშანიაო. უკანასკნელად როდის მოხდა თქვენი აოხრებაო – იკითხეს დაინტერესებულმა სტუმრებმა. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის დროსო – უპასუხეს მტკიცედ მასპინძლებმა. სტუმრებმა გაკვირვებისაგან პირი დააღეს და თქვეს – თქვე კაი ხალხო, მას მერე რომ ყოველ ქართველს თითო ხე დაერგო და მოევლო, ახლა ამ ადგილებში უზარმაზარი ორასწლიანი ტყე იშრიალებდაო. 

თავის მართლება გვიყვარს, მაგრამ იმას კი აღარ ვუფიქრდებით, არგუმენტი გამოდგება თუ არა თავის გასამართლებლად. მეც ხომ ასე გავამართლე ზემოთ ჯავახეთის პარტახი. 

საუბარმა გამიტაცა და ძირითად გეზს გადავუხვიე. დაბოლოს ის მინდა ვთქვა, რომ კარგა ხანია დადგა დრო ჯავახეთისაკენ მივიხედოთ. გულგრილობა დავძლიოთ და სერიოზულად, გულითა და სულით ვუპატრონოთ ამ მხარეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უცებ, ხელის ერთი დაკვრით არ გაკეთდება, მაგრამ საქმე კი ახლავე უნდა დავიწყოთ. 

1974 6.