ხვალ გვიან იქნება

საქართველოს ისტორიაში მეორედ ხდება ჩვენი ქვეყნის კატასტროფიული დამარცხება. პირველად მაშინ, როცა ის ტერიტორია დაკარგა, რომელიც ამჟამად „თურქეთის საქართველოდ“ იწოდება და მეორედ ახლა, როცა რუსეთმა აფხაზეთი მოგლიჯა საქართველოს. პირველ დამარცხებას, ავად თუ კარგად, საქართველომ გაუძლო. გაუძლებს კი მეორეს? ეს კითხვა ყველა გონიერ ადამიანს აწამებს დღეს საქართველოში. ამ კითხვას მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი პასუხი რომ გავცეთ, ჩვენი დამარცხების მიზეზები უნდა გავარკვიოთ.

პირველი: საქართველო ორ დაპირისპირებულ მტრულ ბანაკად არის გახლეჩილი. ომში გამარჯვებისათვის ყოველ ქვეყანას ერთიანობა სჭირდება. გაყოფილი ქვეყანა გამარჯვებას ვერ მოახერხებს. იგი ერთმანეთთან ქიშპსა და მტრობას გაცილებით მეტ დროს უთმობს, ვიდრე საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. როგორ გაიმარჯვებს ქვეყანა, როცა მისი ერთი ნაწილი სისხლს ღვრის და მეორე ნაწილს დუშმანის ყველა წარმატება გულს უხარებს. მტერი სოფელსა თუ ქალაქს რომ წაგართმევს, სიხარულის ყიჟინას დასცემს და ქუდს ჭერში ისვრის. ასეთ ვითარებაში საქართველოსთანა ერთი ბეწო ქვეყანა კი არა, მილიარდიანი ჩინეთი ვერ გაიმარჯვებს. თუ საქართველოს გამთლიანება არ მოხერხდა, თუ ერთმანეთს მორიგების ხელი არ გავუწოდეთ, საქართველოს რღვევა გაგრძელდება. ეს კი ქვეყანას სრულ დაქცევამდე მიიყვანს. ამ უმწარესმა დამარცხებამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. თუ ახლაც ვერ მივხვდით, რაოდენ სახიფათოა ქვეყნის გახლეჩა, მაშინ ჩვენი საშველი აღარ ყოფილა და ეგ არის.

მეორე: თავისთავის მოტყუება. ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვიცოდით, რომ რუსეთი გვეომებოდა. ეს ომი დიდი ხანია დაიწყო, 1801 წელს. მას მერე ომი სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მაგრამ შინაარსი ყოველთვის ერთი აქვს: საქართველოს დაჩოქება. მისი წელში გატეხვა და დამორჩილება. ამისათვის მოსკოვმა დიდი მუშაობა გასწია. დიდძალი ფული დახარჯა. აფხაზთა ერთი ნაწილი გადაიბირა, საქართველოს დაუპირისპირა, მერე ეს დაპირისპირება ოსტატურად გამოიყენა. დაპირისპირების გამოვლენა, დროდადრო, უკვე 1921 წლიდან ხდებოდა, საბჭოთა ხელისუფლების არსებობის მთელ მანძილზე, აფხაზთა ერთი ნაწილის ჭირვეულობა რუსეთის სიგნალები იყო: გაბედავს საქართველო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, მოისურვებს რუსეთის ტყვეობიდან გაქცევას, მაშინვე წავართმევთ აფხაზეთს.

თუ საქართველოს აფხაზეთის თუნდაც ფორმალური შენარჩუნება უნდა, იყოს ჩუმად, გატრუნული და კრინტი არ დასძრას. საქართველო არ შეეპუა რუსეთს და თავისუფლება-დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყო. როგორც კი რუსეთმა ეს დაინახა, მაშინვე ჩართო წინასწარმომზადებული ბერკეტები – ჯერ ოსები, მერე აფხაზები. დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში, მაგრამ არ ითქვა – ეს რუსეთ-საქართველოს ომია. ოფიციალური დოკუმენტები, პრესა, ტელე-რადიო შეხმატკბილებულად აფხაზთა სეპარატიზმის წინააღმდეგ ალაპარაკდა. რუსეთს თუ ახსენებდნენ, მორიდებით. თითქოს რაღაც რეაქციული ნაწილი ეხმარებოდა აფხაზებს, თორემ კეთილი რუსეთი ამ ომის რაც შეიძლება მალე დამთავრებით არის დაინტერესებული. თითქოს ორი რუსეთი არსებობს – ერთი კეთილი და მეორე ბოროტი. აფხაზებს ბოროტი რუსეთი ეხმარება, თორემ კეთილ რუსეთს საქართველოს სიყვარული ბურთივით აქვს ყელში გაჩრილი. მთელი წელიწადი, 1992 წლის 14 აგვისტოდან დღემდე, ამას ვამტკიცებთ. ახლა კი, როცა დავმარცხდით და სამარცხვინო შეთანხმებაზე ხელი მოვაწერეთ (შეთანხმების ხელმოწერილი ტექსტი დაბეჭდილია 1993 წლის 29 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკაში“ და „სვობოდნაია გრუზიაში“), ყველა ერთხმად ალაპარაკდა, ხელისუფლებაც კი: რუსეთს ომს როგორ მოვუგებთ? შეთანხმება აუცილებელია, რომ საქართველო სისხლით არ დაიცალოს.

როგორ? ვინ არ იცოდა 1992 წლის 14 აგვისტოს, როცა ომი დაიწყო, რომ რუსეთი გვეომებოდა? ყველამ იცოდა. ვინც იტყვის, არ ვიცოდით, არ გვეგონა რუსეთი თუ გვეომებოდაო, იგი არა მარტო ცრუპენტელაა, არამედ უნამუსოც. რა, 14 აგვისტოს არ ვიცოდით, რომ საქართველო რუსეთს ვერ დაამარცხებს ომში? ვიცოდით. ჩინებულად ვიცოდით. მაშინ რატომ გავწელეთ მთელი წელიწადი ომი? რატომ გავიღეთ უზარმაზარი მსხვერპლი? როგორც კი სოხუმში პირველი ტყვია გავარდა, გვეთქვა მაშინვე – რუსეთმა ომი დაგვიწყო, ამ ომში ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, უზარმაზარ მსხვერპლს სამარცხვინო ზავი სჯობს, სხვა გამოსავალი უღონო და უძლურ საქართველოს არა აქვსო.

თუ ომი ქართველთა სამარცხვინო დამარცხებით დამთავრდებოდა, განა არ ჯობდა ეს მაშინვე გვეთქვა და მსხვერპლი არ გაგვეღო. რატომ არ ვთქვით? იმიტომ, რომ ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ, ყველაფერი გართობა და თამაში გვგონია. ერთი გვპირდებოდა: ახალ წელს გაგრაში შევხვდებითო. მტერი შეხვდა ახალ წელს ისე, როგორც ჩვენ გაგრაში შევხვდით.

მეორე ულტიმატუმს აყენებდა. იკვეხნიდა: საქართველო-რუსეთის საზღვრამდე სულ მარშით გავალთო. მტერს გადავთელავთ და სულ ნაცარტუტად ვაქცევთო. ამის მაგიერ კაპიტულაციას მოვაწერეთ ხელი. მესამე ბაქიბუქობდა: სოხუმში მტერი ცხვირს ვერ შემოყოფს. მისი დაცვა გარანტირებულია და ქალაქს არავითარი საფრთხე არ ემუქრებაო. ახლა ვამტკიცებთ: შეთანხმება რომ არ დავდოთ, სოხუმს ვერ დავიცავთ, ტყვია-წამალი არ გვაქვს, ჯარისკაცები არ გვყავს. მტერი ქალაქს აიღებს და გაუგონარ უბედურებას დაატრიალებსო.

ახლაც ვიტყუებთ თავს. საქართველოსათვის სასარგებლო შეთანხმება დავდეთო. როგორ შეიძლება საქართველოს სასარგებლო იყოს შეთანხმება, რომელშიც არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ აფხაზეთი საქართველოს მიწა-წყალია, რომ საქართველოს ტერიტორია ხელუხლებელია და მისი მთლიანობა დაცული უნდა იყოს?

როგორ შეიძლება საქართველოსათვის სასარგებლო იყოს შეთანხმება, რომელიც უფლებას ანიჭებს გუდაუთის ხროვას დაბრუნდეს სოხუმში, როგორც კანონიერი ხელისუფლება? როგორც უნდა გძულდეს გუდაუთის ხროვა, უპრინციპობას ვერ დააბრალებ. იგი თავის პრინციპს მტეიცედ იცავს: საქართველო სხვა და აფხაზეთი – სხვა. ეს ორი სხვადასხვა სახელმწიფოა და მათ შორის დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთი, როგორიც არისო ორ სხვადასხვა სახელმწიფოს შორის. ამ პრინციპის დამცველი „კანონიერი ხელისუფლება“ სოხუმში დაბრუნდება და ეს საქართველოსათვის სასარგებლოა?

როგორ შეიძლება საქართველოსათვის სასარგებლო იყოს შეთანხმება, რომელიც აფხაზეთს საქართველოს თანაბარ იურიდიულ სუბიექტად მიიჩნევს და არა საქართველოს ნაწილად? ეს ხომ არსებითად აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას ნიშნავს? სრულიად სამართლიანად ამბობს აპოლონ სილაგაძე („საქართველოს რესპუბლიკა“, 1993 წ., 27 ივლისი): ამ ომის მანძილზე აფხაზებმა მიაღწიეს იმას, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინეს – „აფხაზეთი, ეს არის ტერიტორია, რომელიც აფხაზებს ეკუთვნით, რომელიც შედის საქართველოს შემადგენლობაში, რომ აფხაზებს თავიანთი ტერიტორიით წასვლა უნდათ, მაგრამ საქართველო არ თმობს“. ე.ი. საქართველო დამპყრობელია და აფხაზებს თავისუფლების მოპოვების საშუალებას არ აძლევს. ვისაც ისტორიული დოკუმენტის კითხვა შეუძლია, იგი დაგვეთანხმება, რომ სოჭში ხელმოწერილი შეთანხმება ამ ანტიქართულ აზრს ადასტურებს. ეს არის საქართველოსათვის სასარგებლო?

რატომ ვეწევით თვითმოტყუებას? ამით ხომ მტერი რჩება გამარჯვებული და არა ჩენ? ნუთუ ქართველი იმდენად უგუნურია, რომ ვერ ხვდება – თავისთავის მოტყუება მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა?

მესამე: პროპაგანდა მტრის სასარგებლოდ. რაც მსოფლიოში ომები ჩატარებულა, უძველესი დროიდან დღემდე, იმის მსგავსი მაგალითი არ არსებობს, რომ საქართველოში ხდებოდა. ვებრძოდით რუსეთს და ქართული პრესა, ტელე-რადიო, ხელისუფლებაც კი, გულმხურვალედ ეწეოდა რუსეთის უძლეველობის პროპაგანდას. რა არ იწერებოდა ქართულ პრესაში, რას არ ამბობდნენ ტელე-რადიოში, რას არ ქადაგებდნენ ჩვენი მინისტრები და პარლამენტარები.

რუსეთს აქვს ლაბორატორიები (მათ შორის, აფხაზეთშიც), რომელთაც შეუძლიათ ხელოვნურად გამოიწვიოს მიწისძვრები, ქარიშხლები, წყალდიდობები, ვულკანის ამოფრქვევა და რაგინდა რა სტიქიური უბედურებები. ურუსეთოდ საქართველოს ეკონომიკა ვერ გამოცოცხლდება. თუ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები არ აღვადგინეთ, შიმშილით სიკვდილი გველის. თუ რუსეთთან ხელშეკრულება არ დავდეთ, საქართველოს ვერაფერი გადაარჩენს. ასე იქმნებოდა მტრის უძლეველობის ხატი.

ამის სანაცვლოდ ქართველი მას-მედია აძაგებდა ქართულ არმიას. ვინ არ იყვნენ ქართველი ჯარისკაცები – ქურდები, ყაჩაღები, მძარცველები, ჯალათები, ლოთები, უდისციპლინოები, მატყუარები და ვინ მოთვლის კიდევ რა. მართალია, დამარცხების სუნი რომ გვეცა, იცოცხლეთ, მერე კი დავიწყეთ ჩვენი მეომრების ქება, მაგრამ რაღა დროს იყო. მტერი უკვე კისერზე გვყავდა მომჯდარი და როგორც უნდოდა ისე დაგვაჭენებდა. კაცობრიობის ისტორიამ არ იცის ქვეყანა, რომელსაც მტრის ქება-დიდებით, საკუთარი არმიის ლანძღვა-გინებით და უძლურების ქადაგებით დაემარცხებინოს დუშმანი.

მეოთხე. საქართველოში ვერ შეიქმნა ომის ფსიქოლოგიური განწყობილება. მთელ საქართველოში ისეთი ატმოსფერო სუფევდა, თითქოს აფხაზეთი აფრიკაში იყო და არა ჩვენში. მართალია, ვყვიროდით – სამამულო ომი გვაქვსო, მაგრამ ეს ლიტონ მოწოდებად რჩებოდა. არავინ ყურადღებას არ აქცევდა. როცა მცირერიცხოვანი თავგამეტებული და თავგანწირული ადამიანები საქართველოს მთლიანობასა და ღირსებას იცავდნენ, დანარჩენ საქართველოს გულამოსკვნილი მოუწოდებდა რეკლამები ნაირნაირ ქვეყნებში, ნაირნაირ ქალაქებში წაბრძანდითო დასასვენებლად, დროის სატარებლად, სასპეკულაციოდ, საქართველოს ქონების უცხოეთში გასანიავებლად…

პრესაში არ გამოქვეყნებულა არც ერთი მაგალითი იმისა, რომ ვინმე დასჯილია ლაჩრობისა და დეზერტირობისათვის, საბოტაჟისათვის. არც ერთი ქარხანა არ ამუშავებულა ომის ვითარების შესაბამისად. არც ერთი დირექტორი და მინისტრი არ მოხსნილა იმისათვის, რომ იგი ვერ მუშაობდა და ფრონტს მხარს ვერ უბამდა. არც ერთ სასოფლო-სამერნეო ობიექტს არ უმუშავია საგანგებოდ ფრონტისათვის, რომ ჯარისკაცებს სასმელ-საჭმელი არ მოჰკლებოდა. იყო ვიშვიში იმის გამო, რომ ხალხის მიერ შეგროვებული და ფრონტზე გაგზავნილი ამანათები გზაში იძარცვებოდა და ქურდბაცაცები ითვისებდნენ. მწერლობა, ხელოვნება, მეცნიერება არ უნერგავდა მხნეობას მეომრებს, არ გმობდა ლაჩრობას, სიმხდალეს, ქალაჩუნობას, დეზერტირობას.

ახლაც, დამარცხების მერეც, გრძელდება ლაჩრობისა და ქალაჩუნობის აპოლოგია, ვაჟკაცობისა და გმირობის გმობა. რუსთაველის აფორიზმიც აღარ მოსწონთ – „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ იმის მაგიერ რომ ხალხი გაამხნევონ, სიმტკიცე, მომავალი გამარჯვების იმედი ჩაუნერგო, მიმდინარეობს დამარცხების ფსიქოლოგიის პროპაგანდა, თურმე ომს მშვიდობა სხობს. აი, რა ბრძნული აღმოჩენა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. იყო ერთი ბელადი, რომელსაც ხალხის გაპამპულება უყვარდა და ზოგჯერ ასეთ სენტენციებს წამოისროდა იქნება მომავალი, იქნება პური. ხალხი ხელებს იხეთქავდა ტაშის ცემით, ეს რა გაუგონარი სიბრძნე გავიგონეთო. რით არის უკეთესი „აფორიზმი“ ომს მშვიდობა სჯობს – „აფორიზმზე“ – იქნება მოსავალი, იქნება პური?

საქართველოში არ დადის ჭკუათმყოფელი კაცი, რომელსაც მშვიდობა არ ერჩიოს ომს. არ სძულდეს ხოცვა-ჟლეტა, სისხლისღვრა და ყველა უბედურება, რაც ომს ახლავს. მაგრამ კითხვა ისმის როგორ, რის ხარჯზე მოვიპოვეთ მშვიდობა? ან მოვიპოვეთ კი მშვიდობა? ვინ არის იმის გარანტი, რომ გამარჯვებით თავბრუდახვეული გუდაუთის ხროვა ქართულ მოსახლეობას არ ამოწყვეტს, ლტოლვილად და უსახლკაროდ არ აქცევს? რუსეთი და გაერო ამის გარანტი ნამდვილად არ არის. ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება. საქართველოს მშვიდობიანი ცხოვრების გარანტი ქართველი ხალხი უნდა იყოს, ქართული არმია უნდა იყოს. ნუ შევქმნით იმ მდგომარეობას, რასაც დავით გურამიშვილი ხატავდა: „დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდნენ მამლადა“.

დღევანდელ საქართველოში არ არის (შეიძლება არც მომავალ საქართველოში იყოს) ვაჟა-ფშაველაზე უფრო დიდი ჰუმანისტი, კაცთმოყვარე და მშვიდობის მეტრფე. უნივერსალური სიყვარულის იდეისა და მინდიას ავტორმა დიდებულად იცოდა – რა უბედურებაც არის ომი. მაგრამ არსებობს ომზე უფრო დიდი უბედურება – ღირსების დაკარგვა. ამიტომ წერდა „ფშაველი ჯარისკაცის წერილში“:

მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა, კვლავ მეძახიან ბრძოლაზე: საჩხუბრად, სისხლის საღვრელად, თოფის, ზარბაზნის სროლაზე. მხნედ მივალ. ვერვინ დაგცინებს ლაჩარის შვილის ყოლაზე.

ეს ლექსი პირველი მსოფლიო ომის დროს არის დაწერილი. მაშინ ქართველი სხვისი მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდა. ახლა საკუთარს იცავს.

მეხუთე: ზურგში ვერ აღიკვეთა დანაშაულობანი – მკვლელობა, ძარცვა-გლეჯა, ქურდობა, სპეკულაცია, სახელმწიფო ქონების მითვისება და სხვანი. თუ რომელიმე უწყებას აღრიცხული აქვს ის მკვლელობანი, რაც 1992 წლის 14 აგვისტოდან დღემდე მოხდა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ავაზაკთა და მკვლელთა ხელით ზურგში მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ფრონტზე.

მეექვსე: გუდაუთის ხროვამ გამოძებნა მოკავშირენი, ჩვენ – ვერა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს დამხმარე არ სჭირდებოდა, რაკი რუსეთი ომობდა აფხაზების ნიღბით. მათ მაინც მოძებნეს (უფრო სწორად: რუსეთმა დაუქირავა) მოკავშირეები ჩრდილოეთკავკასიელთა, სომეხთა, კაზაკთა თუ სხვათა სახით. ეს საჭირო იყო მსოფლიოს თვალში ქართველთა მიერ დაჩაგრული აფხაზეთის სახის, ანუ, როგორც დღეს ამბობენ, იმიჯის შესაქმნელად. შეეძლო თუ არა საქართველოს მოკავშირის პოვნა? ვფიქრობ, რომ შეეძლო.

ჩვენც უნდა შეგვექმნა „როქის სპა“ (დაქირავებული არმია), როგორც ეს დავით აღმაშენებელმა გააკეთა თავის დროს. დაქირავებული არმიის შესანახად ფული სად გვქონდაო, – იკითხავს მკითხველი. როცა იმ ფულის რაოდენობა გამოქვეყნდება, რაც საქართველოს ბანკებიდან გაიტანეს სხვადასხვა ფირმებმა თუ პირებმა და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ ფინჩხა პურიც არ შემოუტანიათ, მაშინ ყველა ცხადად დაინახავს, როგორი დაქირავებული არმიის შექმნა შეგვეძლო ჩვენ. ამ არმიაში დიდი სიამოვნებით იმსახურებდნენ უკრაინელებიც, თავად რუსებიც და სხვებიც. როცა რუსეთს პირისპირ დაუდგებოდნენ პროფესიონალი რუსი, უკრაინელი თუ სხვა მეომრები, იმასაც ვნახავდით, როგორი გუნება-განწყობილება შეიქმნებოდა მოსკოვში. როგორ დაიწყებდნენ მაშინ თბილისში ლაპარაკს რუსეთის ემისრები. სავალალოდ, საქართველოს საბედისწერო განსაცდელის ჟამს, ჩვენს ქვეყანაში უხვად აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ჯიბის გასქელება ამჯობინეს სამშობლოს ბედ-იღბალს.

თუ გვინდა საქართველოს რღვევა-დაშლა შევაჩეროთ, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ იმ მიზეზთა ლიკვიდაცია, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. გახლეჩილი ერი უნდა გამთლიანდეს. ხალხი ერთი მიზნით საქართველოს გადარჩენის მიზნით დაირაზმოს. წესრიგი და დისციპლინა აღვადგინოთ. არ ავყვეთ პანიკასა და ისტერიას. სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ. სიმტკიცე, მხნეობა, ვაჟკაცობა, ქედუდრეკელობა აღვზარდოთ ერის სულში. შევწყვიტოთ ლაჩრობისა და ქალაჩუნობის აპოლოგია. საქმეს მოვკიდოთ ხელი. თავაუღებელი, მკლავებდაკაპიწებული შრომით გამოვაცოცხლოთ ჩვენი ჩანავლული ეკონომიკა. მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ მშრომელი და გმირი ერი ვართ და არა ქურდების, ავაზაკების, მძარცველების, სპეკულანტებისა და ლაჩრებისა. ქართველ ხალხს შეუძლია ამის გაკეთება და, ცისქვეშეთში არსებობა თუ სურს, უნდა გააკეთოს კიდეც.

1993 წ., ივლისი


1995 წლის 8 მარტს მინაწერი: სრულიად მართალია ალექსანდრე ონიანი, როცა ამბობს, რომ ეთნონიმ აფსუა-ს ქართულად შეესატყვისება აფსარი და არა აფხაზი („საქართველოს რესპუბლიკა“, 1994 წ., 19 მაისი). აფხაზი ქართული ტომის სახელია. აფსუა/აფსარი კი – ჩრდილოეთ კავკასიიდან არის მოსული და საქართველოში შემოხიზნული. აფხაზი რომ ძირეული ქართული ტომის სახელია, ამას, გარდა მატიანისა, უტყუარად ადასტურებს ქართველ მეფეთა ტიტულიც „მეფე აფხაზთა და ქართველთა…“ დედამიწის ზურგზე ჯერ არ არსებულა მონარქი, რომელიც თავის ტიტულს უცხო ტომის სახელით იწყებდეს. ამის მაგალითს ვერავინ მოიტანს, აფსუა-ისტორიკოსებიც კი.

მაგრამ დავაგვიანეთ, ძალიან დავაგვიანეთ ჭეშმარიტების დადგენა. კაცობრიობას მტკიცედ ჩავუჭედეთ ტვინში, რომ აფსუას აფხაზი ჰქვია. ამას უკვე ვერარა ძალა ამოაგდებს მათი ცნობიერებიდან და აფსუას შესატყვისად დაამკვიდრებს აფსარს. ამდენად, ისევ ძველებურად ვწერ აფხაზს. არ მინდა ისედაც თავგზადაკარგული მკითხველი სულ მთლად დაიბნეს.