„სურამის ციხის“ გამო
დიდი ხნის წინათ „სურამის ციხე“ ბატონყმობის წინააღმდეგ დაწერილ თხზულებად მიიჩნიეს და მის ძირითად ღირსებადაც ეს აღიარეს. თუმცა როცა „სურამის ციხე“ გამოქვეყნდა (როგორც ცნობილია, იგი დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის“ 1859 წლის მე-12 და 1860 წლის პირველ ნომერში), რუსეთის იმპერიაში ბატონყმობის გაუქმების საკითხი გადაწყვეტილი იყო. ქართული საზოგადოებაც კარგად იცნობდა იმპერატორ ალექსანდრე მეორის სიტყვას, რომელიც 1858 წელს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა და სადაც აღიარებული იყო ამ რეფორმის ჩატარების აუცილებლობა. მთელ სახელმწიფოში უკვე შექმნილი იყო სათანადო კომიტეტები, რომელნიც რეფორმის შინაარსსა და ხასიათს საბოლოოდ ამუშავებდნენ. ეს დ. ჭონქაძემ შესანიშნავად იცოდა. მას თავად ჰყავს გამოყვანილი „სურამის ციხეში“ იმ ახალგაზრდათა შორის, რომელნიც, დათქმული პირობის თანახმად, რიყეზე იკრიბებოდნენ და სხვადასხვა ამბავს ყვებოდნენ, ლიბერალი თავადი ლ. დ., ვისაც „დიდი გულმოდგინებით სურდა ყმების განთავისუფლება“.
ასე რომ, „სურამის ციხის“ დასტამბვა დ. ჭონქაძეს არ შეიძლება სამოქალაქო გმირობად ჩაეთვალოს. ობიექტურნი თუ ვიქნებით, ეს უფრო იმდროინდელი კონიუნქტურა იყო. თუ მწერალს მაინც უპირებდნენ კუკიის ხიდიდან გადაგდებას ან ცემას, ეს ქართველი თავადაზნაურობის ერთი ნაწილის გონებაჩლუნგობას მოწმობს და არა „სურამის ციხის“ ავტორის გამბედაობას. დ. ჭონქაძემ, უბრალოდ, კარგად აუღო ალღო დროის მოთხოვნილებას, კარგად დაინახა ისტორიული პროცესი. რა თქმა უნდა, ეს მწერლის აზროვნების პროგრესულობის დასტურია, მაგრამ არა უფრო მეტი. როცა გასული საუკუნის 50იანი წლების ბოლოს „სურამის ციხისადმი“ დამოკიდებულებას დღევანდელი თვალით ვუყურებთ, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის უსაშველო ჩამორჩენილობამ უფრო უნდა გაგვაკვირვოს, ვიდრე დ. ჭონქაძის მოქალაქეობრივმა სიმამაცემ. თუ „სურამის ციხეს“ მივიჩნევდით მხოლოდ ბატონყმობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტად, მაშინ უნდა გამოვტყდეთ და ვაღიაროთ, რომ იგი მეტად დაგვიანებული პროტესტია. „სურამის ციხის“, როგორც მხატვრული ნაწარმოების, ღირსება სხვა რამ არის და არა ოდენ ბატონყმობის მხილება. თუმცა ფილიპე მახარაძით დაწყებული დღემდე მიწყივ ამას ვიმეორებთ და მეტი არაფრის დანახვა გვინდა. მართალია, ეს პროტესტი მოთხრობაში მძლავრად ჟღერს, მაგრამ, ვიმეორებ, ეს მაინც არ არის „სურამის ციხის“ აზრობრივი შინაარსი.
ძირითადი აზრობრივი შინაარსის ამოცნობის მიზნით, თვალი გავადევნოთ „სურამის ციხის“ პერსონაჟთა ცხოვრებას.
მოთხრობის პერსონაჟებიდან ყველაზე მწარედ და მწვავედ ნოდარმა, ანუ ოსმან-აღამ, განიცადა ბატონყმური უსამართლობის სისასტიკე. იგი გაყიდეს, დედა უღელში პირუტყვივით შებმული მოუკლეს, მისი საცოლე კი აიძულეს თავი დაეხრჩო.
ოსმან-აღა დაუნდობლად განიკითხავს ბატონყმურ უსამართლობას, ბატონებს, მათ გულქვაობას.
„იმათ (ბატონებს – ა. ბ.) ჰგონიათ, რო ჩვენ კაცნი არ ვიყვნეთ, ჩვენ არ შეგვეძლოს სიყვარული და სიძულე, იმათ ჰგონიათ, რო ჩვენ არა გვქონდეს გული და არ გვქონდეს სჯა“.
„ო, რა საზარელი იყო ის სიცილი დედაჩემის მწუხარებასთან! მე დარწმუნებული ვარ, რომ მასში არ იცინოდა კაცი, კაცში იცინოდა ეშმაკი; იმისთანა დროს მხოლოდ ეშმაკს შეუძლიან გაცინება“.
„…ეძებდა ჩემში ერთგულებას და დარწმუნებული იყო, რო მე ვიყავ იმისი ერთგული; ხა! ხა! ხა! ერთგულებას ეძებდა იმაში, რომელსაცაც დედა მოუკლა უღელში… საკვირველი არიან, შენმა გაზრდამ ეგ ხალხნი!“
მიუხედავად ბატონყმობის ამ მოურიდებელი მხილებისა, ოსმან-აღა ყმის ყიდვა-გაყიდვის წინააღმდეგი არსებითად არ არის. როცა ოსმან-აღამ გადაწყვიტა დურმიშხანისათვის მისი ნათლული მიეთხოვებინა, მაშინ იგი საპატარძლოს მშობლებს ყმა-მამულის ყიდვას დაჰპირდა.
„– აზნაური სხვა რამ არის, ჩემო ნათლია. ერთი გოგო-ბიჭი მაინც ეყოლება მოსამსახურეთ, წყალს მაინც თითონ არ მოიტანს, პურს მაინც თითონ არ გამოაცხობს.
– განა იმის ცოლი კი გამოაცხობს პურს? განა იმას კი არ შეუძლია, რო იყოლიოს გოგო-ბიჭი?
– რატომ, მაგრამ იმან ფული უნდა აძლიოს, აზნაურს თავისი ეყოლება.
– თუ აგრეა, ხვალვე უყიდი ყმებს! (ხაზი ჩემია – ა. ბ.)
– უყიდე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!“
განა ის ყმები, რომელთაც ოსმან-აღა იყიდის, ისევე არ დაიჩაგრებიან, დაიტანჯებიან, ეწამებიან, როგორც ნოდარი, როცა იგი ბატონმა კახეთიდან ჩამოსულ მღვდელს მიჰყიდა? აშკარაა ოსმან-აღა ისეთსავე დანაშაულს სჩადის, როგორიც მისმა ბატონმა ჩაიდინა, მაგრამ ამის შეგნება ყოფილ ყმას არა აქვს. ამიტომ მცდარია აზრი, გამოთქმული ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობაში, თითქოს ნოდარი, ანუ ოსმან-აღა, ქართულ ლიტერატურაში ბატონყმობის წინააღმდეგ პირველი მებრძოლი პროტაგონისტი იყოს. ოსმან-აღა მხოლოდ შურისმგებელია და არა მებრძოლი. ნოდარმა დედის მკვლელობაც კი აპატია ბატონს. თავგასულ არაგველ ბატონს, ნოდარის ნანდაური ნატოც რომ არ გაეუბედურებინა, შურისძიება არ ემუქრებოდა. ყმა, ტკივილითა და ტანჯვით, მაინც შეეგუა ბატონთან ცხოვრებას. ვინ უწყის, ნოდარს ნატოს შერთვის ნებართვა რომ მიეღო, ცხოვრება ყმობაში უდრტვინველად დაემთავრებინა. მხოლოდ უზომო უსამართლობამ და ბოროტებამ დააკარგვინა ნოდარს წონასწორობა და ამოაწყვეტინა ბატონის ოჯახი. ამ დროს ჩაიდინა გონებადაბნელებულმა ყმამ ცოდვა – მოჰკლა უდანაშაულო ბავშვი, შვილი ბატონისა.
„– ნოდარჯან, მე მომკალ ჩემ გიგოს ნუ მომიკლამ, არა დაუშავებია რა შენთვის. მითხრა ქალბატონმა ხვეწნით. – მე ნუ მომკლამ, შენთვის არა დამიშავებია რა, – გაიმეორა ყმაწვილმა“.
ეს ცოდვა ნოდარს ყველგან თან დასდევს და სულსა და გულს უფორიაქებს.
დურმიშხანთან პირველი შეხვედრისთანავე უდანაშაულოდ მოკლული ბავშვი გაახსენდა.
„ღმერთო, ის ბავშვი არ მაძლევს მე მოსვენებას, დღე და ღამე მიდგას თვალწინ და არ ვიცი, საით გავიქცე… ერთხელ მეც ვიყავ ბედნიერი, ერთხელ მეც შემეძლო შემეხედნა წმინდა სინდისით ცისათვის, მაგრამ ეხლა… კაცის მკვლელი, ქრისტეს ორგული, რა ცა შემირიგებს მე!“
ასე ტანჯავს და აწამებს ოსმან-აღას ჩადენილი ცოდვა.
„მოკვლა უბრალო ყმაწვილისა, და უმეტესად განდგომა ქრისტიანობისა (ამ სიტყვებს დააკვირდით – ა. ბ.), არ მაძლევდნენ მე მოსვენებას და არც ეხლა მასვენებენ. მხიარულებაში, ძილში, ომში, ან თუ საცა გინდა, ყველგან სისხლში შესვრილი ყმაწვილი მიდგა წინ და მეუბნება სალმობით:
– მე რა დაგიშავე, რათ მომკალ?
რამტენჯერ მე ვეძიე ომში სიკვდილი, რამტენჯერ გიჟივით გადავარდი გახშირებულ ომში, რო ჩქარა გავსწორებულიყავ ცხოვრებას, მაგრამ მტრის ტყვია არა მპოულობდა მე, და სიკვდილის მაგიერ გამივარდა მამაცობის და გულადობის ხმა და იმან მაშოვნინა ასისთავობა. მაგრამ ამის შემდეგაც არ დამშვიდდა ჩემი სვინდისი, შემდეგ იმ ფიქრით რო გავიქარვო ეს აზრები, დავიწყე ვაჭრობა. ვაჭრობაში მოვიგე ფული, მაგრამ ჩემი სვინდისი არ დამშვიდდა.
– ღმერთო, მომეტევება როდისმე მე ჩემი შეცოდებანი? – სთქო ჩუმად ჩაფიქრებულმა და თითონვე დაატანა; საიდუმლო ხმა მეუბნება, რო არაო.
– ღმერთი მრავალ-მოწყალეა, – უთხრა დურმიშხანმა, – მე გამიგონია, რო არ არის ცოდვა, რომელიც არ მიეტევოსო, თუ წმინდა გულით მოინანიებს.
– არა, ჩემთვის არ არის მოტევება, – ჩაფიქრებით სთქო ოსმან-აღამ, – არა სჩანს მოტევება“.
ცოდვის გამოსყიდვის მიზნით მისცა ოსმან-აღამ დურმიშხან წამალაძეს ქონების ნახევარი.
„მე ვიცი რითაც, მე მივსცემ ჩემი ქონების ნახევარს. რათა?
– ის მე ვიცი! აკი გეუბნები, რო უნდა შეუდგე ღმერთსა: იქნება კიდევ მეღირსოს მოტევება“.
ცოდვის მონანიებისათვის დაუბრუნდა ოსმან-აღა ისევ ქრისტიანობას და ახალი ტანჯვა-გვემისათვის გასწირა თავი.
„რო მივიდნენ სტამბოლში, ოსმან-აღამ ნახევარი ქონება თავისი მართლა მისცა დურმიშხანს, მეორე ნახევარი კი შესწირა ეკლესიას, თვითონ კი შემდგომ დალოცვისა პატრიარხიდგან, ცხადად აღიარა ქრისტე. მოგეხსენებათ რა წვალებას მიიღებდა ის მაჰმადიანთაგან? იმ აზრით, რო როგორმე მიექციათ ისევ მაჰმადიანთა სჯულზე, ოსმალოთ მოლებმა და სხვათა იხმარეს ყოველი შესაძლო მათგან ცბიერება, მაგრამ, რო სიკეთით ვერ შეძლეს იმისი მიქცევა, მემრე იხმარეს ძალა და ამისათვის მოღალეს იმაზე სხვადასხვა ტანჯვანი, მაგრამ იმითაც რო ვერა გახდნენ რა, შემდგომ კრეს შაყა, ესე იგი, გასჭრეს შუაზე“.
მკაფიოდ ვხედავთ, რომ ოსმან-აღას სამშვინველის მოძრაობა მთლიანად განპირობებულია ცოდვით. მისი გამოსყიდვის დაუძლეველი სურვილი წარმართავს მის მოქმედებას.
სოციალურმა უსამართლობამ ჩაადენინა ოსმან-აღას ცოდვა. იგი არასოდეს გახდებოდა ცოდვილი, მისი ბატონი მხეცურად რომ არ მოქცეულიყო. მის პიროვნებაში თავს იყრის, ერთიანდება სოციალური და ზნეობრივი დანაშაულის შედეგი. ოსმან-აღა, ერთი მხრივ, მსხვერპლია ბატონის ბოროტმოქმედების და, მეორე მხრივ, – საკუთარი დანაშაულის. ამიტომ დაიშალა მისი პირონება, რაც მისი ფიზიკური დაღუპვით დამთავრდა.
ზნეობრივი დანაშაულის მთელი სიმძაფრე განსაკუთრებით ნათლად ჩანს დურმიშხანის თავგადასავალში.
დურმიშხანიც ბატონყმური უსამართლობით იყო დაჩაგრული, მაგრამ, როცა მან გულისვარდი მოატყუა, მაშინ მისი საქციელი მხოლოდ პიროვნული უზნეობით იყო განპირობებული და სოციალური უსამართლობა აქ არავითარ როლს არ ასრულებდა.
დურმიშხან წამალაძის მშვინვიერი მდგომარეობა უფრო მრავალპლანიანია, ვიდრე ოსმან-აღასი. იგი წერეთლის უხსნიერი შვილია. მოახლე გოგო აცდუნა ახალგაზრდა ბატონმა და ამის შედეგად გაჩნდა დურმიშხანი. ბავშვობისას მას განსაკუთრებული ტანჯვა არ განუცდია და ბატონის სახლში შედარებით ნებიერად იზრდებოდა. მაგრამ ერთ დღეს მისი „კეთილდღეობა“ დაირღვა. წერეთელთან სტუმრად მოსულ მუხრანბატონს მოეწონა დურმიშხანი და ბიჭიც სასწრაფოდ აჩუქეს მას. ამან დურმიშხანის დედას თავზარი დასცა. „საწყალი დედაჩემი რანაირად იკლამდა თავს, უნდა გენახა, გულოჯან, მთელი ქვეყანა ზედ დაედო, მაგრამ ვერ დააყენეს“, არავის მიუქცევია მისი მწუხარებისათვის ყურადღება. საცოდავი ქალი გადაჰყვა შვილის დარდს. დურმიშხანი ახალი ბატონის ოჯახში მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა. „ვინც რასმეს დააშავებდა, ყველა ჩემი ბრალი იყო; ვინ რა მოიპარა? იმერელმა. ვინ რა გატეხა? იმერელმა. ვის დასცინიან? იმერლის ბიჭს. ვის სცემენ გაჯავრებულ გულზე? იმერლის ბიჭს… მე, ვარდო! ბევრჯელ მიგმია ღმერთი ჩემი გაჩენისათვის, ბევრჯელ მიტირნია მწარე ცრემლითა, მაგრამ ვინ იყო ჩემი ნუგეშისმცემელი? არავინ“.
მართალია, დურმიშხანი ბატონყმური ყოფის მძიმე სურათს ხატავს, მაგრამ მკითხველს უფლება აქვს მის გულწრფელობაში დაეჭვდეს. ამის საფუძველს იძლევა დურმიშხანის რეალური მდგომარეობა და მისი პიროვნება.
როგორც კი გულისვარდმა სთხოვა თავის ქალბატონს დურმიშხანის ყმობისაგან განთავისუფლება, წამალაძე მაშინვე გაააზატეს. ყურადღება მისაქცევია ისიც, რომ ქალბატონის სახელი და გვარი – მარიამ წერეთელი – მოხსენიებულია მოთხრობაში. ეს ქალი ღვთისნიერი, კეთილი და მოწყალე პიროვნებაა. იგი სრულებით არ ჰგავს ოსმან-აღას ურჯუკ ბატონს. აბა, შეადარეთ: ბატონმა ოსმან-აღას ცოლის თხოვნის ნება არ მისცა, მერე კი ნატოს გაუპატიურებაც მოინდომა. დურმიშხანი კი პირველი თხოვნისთანავე გაათავისუფლეს ყმობისაგან. ასევე დაუყოვნებლივ გაააზატა მარიამ წერეთელმა გულისვარდიც, როგორც კი ეს ითხოვა პირისფარეშმა.
„– რათა, გოგო, განა შეგძულდი? – ჰკითხა ქალბატონმა.
– არა, ქალბატონო, ღმერთმანი, არა, – უპასუხა ვარდომ არევით.
– მითხარი… რათ გინდა განთავისუფლება?
– იქნება უფრო კარგმა კაცმა შემირთოს…
– ჰო, თუ აგრეა, ხვალვე თავისუფალი იქნები, მაგისათვის რასა სტირი, ტუტუცო? ამაღამ ბატონი მოვა, ვეტყვი და ხვალვე წიგნს დაგიწერინებ!“
მარიამი არ უშლის ხელს თავის ყმას ეწიოს ოჯახსა და ბედნიერებას. მკითხველმა იცის, რომ ვარდოს ტყუილი ქალბატონმა არ უწყოდა.
როგორც ვხედავთ, დ. ჭონქაძეს ორი სრულიად სხვადასხვაგვარი ბატონის ტიპი ჰყავს მოთხრობაში: ოსმან-აღას ბატონი – დაუნდობელი და მხეცი; მარიამ წერეთელი – მზრუნველი, ყურადღებიანი და შემბრალებელი.
დააკვირდით იმასაც, რომ უკვე ყმობისაგან თავისუფალი დურმიშხანი ვარდოს ეუბნება: „ღმერთი მომიმართავს ხელს, ჩემო ვარდო, წიგნი ვიცი, ენები და რამდენიმე ხელობა“. სად ისწავლა ესენი დაჩაგრულმა ყმამ? ცხადია, მუხრანბატონის სახლში, რაკი იგი სხვაგან არსად ყოფილა. მაშასადამე, ამ სახლში მას მარტო არ დასცინოდნენ, აბუჩად არ იგდებდნენ, – ასწავლიდნენ კიდეც, რაკი წერა-კითხვას დაუფლებია, ენებიც აუთვისებია და რამდენიმე ხელობაც შეუსწავლია.
როცა ყმობისაგან თავისუფალი დურმიშხან წამალაძე ბედის საძებნელად გზას დაადგა, დ. ჭონქაძემ ასე აგვიწერა იგი: „მეორე დღეს დურმიშხანი ლამაზათ მორთული, ვერცხლის ყაწიმებით შევერცხლილი იარაღით შეკაზმული, კარგი შავი ცხენით გავიდა ქალაქითგან“. რაღაც არ ჰგავს ეს დაჩაგრული ყმის პორტრეტს. ამიტომ, დურმიშხანის წუწუნი გულისვარდთან უფრო თვალთმაქცობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მისი რეალური მდგომარეობის ობიექტურ აღწერას. დურმიშხანი რომ მაშინ ვარდოსთან თვალთმაქცობდა, ამას ადასტურებს მისი ფიქრიც, რომელიც მერე უკვე გამდიდრებულსა და გაზულუქებულს უტრიალებს თავში: „რო ის არა ყოფილიყო, ხომ არ განმათავისუფლებდა ბატონი. რა კარგად მოვიქეც, რანაირად ვაჩვენე თავი, რო მითომ მიყვარდა, მაგრამ, ღმერთმანი, ღირდა სასიყვარულოთ, რამტენი ვატყუე საწყალი, რო მოვალ-მეთქი“.
მკაფიოდ ჩანს, რომ მზაკვრობა წინასწარ დაგეგმა დურმიშხანმა. იგი სპეკულაციას ეწევა საკუთარი თავგადასავალით და მას ვარდოს დასაშინებლად იყენებს. მან შესანიშნავად იცის, რა დასცემს ქალს ყველაზე მეტად თავზარს და ამ გარემოება-განწყობილებით ოსტატურად სარგებლობს.
„– მემრე წავა დრო, გაგვიჩნდება შენსავით ლამაზი ბიჭი; შენ გაზრდი დიდი ამბით. განა გეყვარება ჩვენი შვილი, გულო?
– ძრიელ, ძრიელ! – საჩქაროდ სთქო ვარდომ.
– წარმოვიდგინოთ, რო ერთხელ მოვიდა ვინმე ჩვენს ბატონთა და სთხოვა ჩვენი შვილი, რა იქნება მაშინ?“
ამ კითხვამ შეაკრთომა გულისვარდი: საწყალს არასოდეს არ წარმოედგინა, რომ შესაძლებელი იყო წაერთოთ იმისათვის შვილი.
„– ეგ არ შეიძლება! ქალბატონი სადა მყავს, განა ჩემი ქალბატონი ისე დამივიწყებს? არა, ეგ არ იქნება! – რამდენსამე ხანს შემდეგ სთქო ვარდომ ჩაფიქრებით.
– წარმოვიდგინოთ, რო შენი ქალბატონი იმ დრომდინ მოკვდა, იმის ფეხს სულ არ უყვარხარ, მაშინ?
– ოი! ეგ არ შეიძლება, დურმიშხან, არა! უწინ დღე დამელიოს“.
ასე უნერგავს დურმიშხანი ვარდოს შიშს მოსალოდნელი ბედის წინაშე. იგი ყველა ხერხს ხმარობს, რომ ვარდომ არ დაზოგოს ენერგია და მიაღწიოს დურმიშხანის ყმობისაგან განთავისუფლებას.
ვარდოს დახმარებით, დურმიშხან წამალაძემ აზატობა მიიღო. მას უკვე აღარ სჭირდება ეს ქალი. ამიტომ, სრულიად უმტკივნეულოდ დაივიწყა იგი. ამით არ კმაყოფილდება დ. ჭონქაძე და თანდათანობით ავლენს დურმიშხანის ბუნებას.
დურმიშხანმა არა მარტო შეგნებულად მოატყუა და მიატოვა ვარდო, არამედ შეპირებული თანხაც არ გაუგზავნა, იმდენად ხარბი და გაუმაძღარი აღმოჩნდა იგი. „მართლა, ფული რო დავპირდი უკანასკნელ წიგნში, რატომ არ გაუგზავნე? ეჰ, რათ უნდა ფული, ჩემთვის უფრო საჭიროა“. ამის მეტად დურმიშხანს თავი აღარ შეწუხებია ვარდოს ბედით. ამ ქალზე ფიქრი დამცინავი სიტყვებით მოიცილა: „ვინ იცის, როგორ დაბერდა, როგორ გაფუჭდა! ნეტა მომიგონებს ხოლმე კიდევ? მომიგონებს კი არა და მგონია ერთმა ბიჭმა ვინმემ შეირთო და შვილებით აავსო. სად ეცლება ჩემ მოსაგონებლად…“
სიყვარულით არც სურამელი ავთანდილაანთ ქალი შეურთავს. აქაც ანგარება ამოძრავებდა დურმიშხანს. ამ ქორწინებას იგი იმიტომ დათანხმდა, რომ ამით ოსმან-აღას ქონების ნახევარს ეპატრონებოდა. „აი, დურმიშხანი დგას ეკლესიაში ღვთის ტაძრის წინ და აძლევს პირობას თავის მეუღლეს სიკვდილამდე სიყვარულისას, მაგრამ უყვარდა იმას თავის დანიშნული? არა, იმას არ უყვარდა არც ეხლანდელი თავის დანიშნული, არც გულისვარდი და არც ოსმანაღა, ღირსი სიყვარულისა იმა კეთილთათვის, რომელიც უყო იმან დურმიშხანს და არც ღმერთი, შემოქმედი მისი (ყურადღება მიაქციეთ ხაზგასმულ სიტყვებს ა. ბ.). იმას უყვარდა მხოლოდ სიმდიდრე და თავის პატივი და იმათ მოპოვებას შესწირა ყოველივე კეთილი გრძნობა გულისა“.
არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამგვარი ბუნების კაცი ვერაგულად მოექცა კეთილისმყოფელ ოსმან-აღასაც.
„საწყალი ოსმან-აღა! იმან მისცა დურმიშხანს ნახევარი თავისი ქონება იმ აზრით, რო ის ერთხელ მოიგონებდა იმას და აუნთებდა ღმერთს ერთს სანთელს იმისი ცოდვების შესამსუბუქებლად და იმის საფლავზე ჩამოაგდებდა ერთს ერთგულს ცრემლს. საწყალო ოსმან-აღა! რა მწარედ მოსტყუვდი შენ ფიქრებში!“
ყოფილმა ყმამ ისევე არ დაინდო და გასწირა ხანდაზმული ოსმან-აღა, როგორც ახალგაზრდა ნოდარი გაიმეტა ბატონმა. დურმიშხანმა ბატონზე მეტი დანაშაულიც ჩაიდინა. მან არ დამარხა ნაწილები ოსმან-აღას გვამი. „დურმიშხანი კი იმ დროს, როდესაც იმას აწვალებდნენ და შემდეგ ისე საშინლად მოჰკლეს, არა ფიქრობდა არც ერთსა ღონისძიებას იმის შველისათვის და შემდეგ სიკვდილისა იმტენი ვერ შეძლო, რო გამოეთხოვნა სტამბოლის მართებულობისათვის იმისი დამარხვის ნება“. ამ უსულგულობისათვის დურმიშხანს სინდისი არ აწუხებს და სამშვინველი არ სტკივა. ხანდახან თუ გაიფიქრებს თავის საქციელზე, თავს ლიტონი სიტყვებით ინუგეშებს: „საწყალი ოსმან-აღა, აბა თუ ერთი ვაწირვინე იმისათვის, აბა თუ ერთი სანთელი აუნთე! სირცხვილი შენთვის, ჩემო თავო! იმ საწყალმა ნახევარი თავის ქონება მოგცა, იმისი წყალობით ხარ ასე ბედნიერი!… რა ვქნა, ღმერთმანი, ფულები კი არ მშურს, მაგრამ მოცლა არ არის. რა უყო“.
დურმიშხანი თავის თავსაც ატყუებს, როცა ამბობს, ფულები არ მშურსო. ფული გახდა მისი კერპი და სალოცავი. ფულმა ამოაცალა სული და გული. ფულის გამო განუდგა მოყვასს. როცა ცოლმა უთხრა, ბავშვი ჩვენიანთ გოგიას მოვანათვლინოთო, კინაღამ გაცოფდა: „გოგია კი არა, მოგია არ გინდა! უთხარი, რომ თავადიშვილს უნდა მოვანათვლინო-თქო“. გასოვდაგრებულმა ყმამ დაგმო საკუთარი კლასიც.
ასე გამოიკვეთა დურმიშხანის უზნეო ბუნება. იგი ყალბი და ცრუ პიროვნებაა.
დურმიშხანის ბუნებით განპირობებული ტყუილი და ღალატი უშედეგოდ არ დარჩენილა. ამ საქციელის რეზულტატად წარმოიშვა გულისვარდის შურისძიება.
ბევრჯერ გააფრთხილა მკითხავმა ვარდო: „შურისძიება ცოდვა არის, შვილო, ღმერთზედ მიანდე, ღმერთი ილოცე, რო იმან გადაუხადოს მაგიერი“, მაგრამ მოტყუებულმა ქალმა თავისი მაინც არ დაიშალა. მთელი წელიწადი არ ასწავლიდა მარჩიელი თავის ხელობას ვარდოს. ცდილობდა ცოდვა აეცილებინა გაუბედურებული ქალისათვის, მაგრამ ამაოდ: გულისვარდი მაინც გახდა მკითხავი. როცა ვარდოს შურისგების ზარმა დარეკა, თავზარდამცემი რჩევა-დარიგება მისცა ვეზირს: თუ გსურთ სურამის ციხე აშენდეს, დურმიშხან წამალაძის დედისერთა ვაჟი ზურაბი ჩაატანეთო კედელში ცოცხლად.
დურმიშხანის ზნეობრივმა დანაშაულმა დაშალა და დაარღვია ვარდოს პიროვნება. შურისგებაზე ოცნებამ და მისმა მოლოდინმა დააჭკნო, დააბერა და გადააგვარა გულისვარდი. შურისძიებას შეეწირა ზურაბი. იმსხვერპლა დედამისი. შვილის შემზარავი ბედის შემყურე, იგი გაგიჟდა. ქონებრივად მდიდარი, მაგრამ მშვინვიერად ღატაკი დურმიშხანი ვარდოს სატევრით განიგმირა.
ცოდვას ბადებს როგორც სოციალური უსამართლობა, ისე ზნეობრივი დანაშაული. თუ დედის უღელში მოკვლამ და საცოლის თვითმკვლელობამ აიძულა ოსმან-აღა მოეკლა უსუსური ბავშვი, დურმიშხანის ღალატმა და ტყუილმა დააყენა ვარდო შურისძიების გზაზე და ცოცხლად დასამარხად გაამეტებინა უმწიკვლო ზურაბი. ცოდვა იწვევს არა მარტო უდანაშაულო მსხვერპლს, არამედ ბოროტმოქმედებათა მთელ ჯაჭვს. არღვევსა და შლის შურისმგებლის პიროვნებას.
ახლა უკვე დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სურამის ციხის“ პრობლემა ცოდვის პრობლემაა.
არ შეიძლება ყურად არ ვიღოთ „სურამის ციხეში“ ორი პარალელური ამბის არსებობა: ოსმან აღას თავგადასავალი და დურმიშხანის თავგადასავალი. თითქოს ორივე თავგადასავალში ბატონყმური უსამართლობაა მხილებული, მაგრამ ეს პარალელიზმი აჩენს კითხვას: ნუთუ ბატონყმობის სამხილებლად არ კმაროდა ნოდარის, ანუ ოსმან-აღას, ცხოვრება? რა თქმა უნდა, საკმარისიც არის და ბევრად უფრო მძაფრი და შთამბეჭდავია, ვიდრე დურმიშხანის ბედი. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ბატონყმური უსამართლობის ორ მსხვერპლს შორის არსებითი სხვაობაა. თუ ნოდარი მართლაც მსხვერპლია, დურმიშხანი არ არის ასეთი.
დურმიშხანი ეშმაკი და გაიძვერაა. მას ჩინებულად ესმის ბატონყმობის მჩაგვრელი და პიროვნების შემბოჭავი თვისება. იგი მართალს ეუბნება გულისვარდს: „სანამ ჩვენ ბატონის ყმანი ვართ, ჩვენში ბედნიერება არ შეიძლება“, ანდა „სანამ ჩვენ ჩვენი იმდენი არ გვექნება საცხოვრებელი, რო სხვის თავდაუკვრელად ვიცხოვროთ, მანამ ჩვენი განთავისუფლება არ არის“. მაგრამ საკითხავია, რა მიზანს ემსახურება ეს სიმართლე? რა მიზნით სურს დურმიშხანს თავისუფლება? მისმა ცხოვრებამ ამ კითხვის მკაფიო პასუხი მოგვცა: მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის, მხოლოდ ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად. მაშასადამე, სიმართლე და თავისუფლება ყოველთვის არ ყოფილა კეთილის გამოვლენა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ზნეობრივად როგორმა ადამიანმა მოიპოვა თავისუფლება. ამორალური ადამიანის თავისუფლება შესაძლებელია გახდეს სხვათა დამონების საფუძველი და უფრო მეტად ბოროტი დაამკვიდროს, ვიდრე კეთილი. ასეც მოხდა „სურამის ციხეში“: განთავისუფლებული ყმა დურმიშხან წამალაძე თავად იქცა ბოროტებად.
შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ დურმიშხანის პიროვნება დაამახინჯა ბატონყმურმა სინამდვილემ (ამგვარი აზრი გამოთქმულია ლიტერატურისმცოდნეობაში), მაგრამ რატომ ვერ მოერია იგივე პირობები ოსმან-აღას? როგორ შეინარჩუნა მან ზნეობრივი ღირსება? ეს დამოკიდებულია პიროვნების ბუნებასა და მშვინვიერ სიმტკიცეზე. ეს თვისება აქვს ოსმან-აღას. დააკვირდით დ. ჭონქაძის შემდეგ ნაამბობს: ნოდარის უბედურების საბაბი ორჯერ იყო მღვდელი. ერთხელ, როცა იგი კახეთიდან ჩამოსულმა ხუცესმა იყიდა და მეორედ, როცა ქალაქს თავშეფარებული დედა-შვილი გასცა და დაასმინა თბილელმა მოძღვარმა. ამ ფაქტებს ქრისტიანული ზნეობისადმი ნოდარის რწმენა უნდა შეერყია, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, ოსმან-აღა მწვავედ განიცდის ქრისტიანობისაგან განდგომას. ბოლოს იგი უბრუნდება ქრისტიანობის წიაღს, რაც მას სიცოცხლის ფასად უჯდება. ეს ამბავი ნათლად მეტყველებს, ერთი მხრივ, ნოდარის შინაგან უდრეკობას და, მეორე მხრივ, შეგნებულობას. იგი შეუმცდარად ხედავს განსხვავებას ქრისტიანულ ეთიკასა და მღვდლების ზნედაცემულობას შორის.
ადამიანისა და სოციალური სინამდვილის ურთიერთობა მძიმე და სასტიკი ბრძოლაა, მაგრამ პიროვნების მოვალეობაა დაიცვას საკუთარი ზნეობრივი ღირსება და არ გახდეს სათამაშო ტიკინა გარემოების ხელში. ამისათვის სჭირდება ადამიანს სულიერი სიმტკიცე. ადამიანს ყოველგვარ პირობებში შეუძლია იყოს კეთილი, მოწყალე, ღვთისნიერი და კაცთმოყვარე. შეიძლება ებრძოლოს ბოროტს, მაგრამ ეს რომ გააკეთოს, ამისათვის აუცილებელია ცხოვრობდეს და მოქმედებდეს სუფთა სინდისით. ოსმან-აღა ცხოვრობს სინდისით. ამიტომ განიცდის იგი მთელი სიცოცხლე უდანაშაულო ბავშვის მოკვლას. ცდილობს კეთილი საქმით გამოისყიდოს უნებლიეთ ჩადენილი ცოდვა. დურმიშხანი ცხოვრობს უნამუსოდ და ამიტომ არ აწუხებს არც ერთი ბოროტმოქმედება, ჩადენილი სრული შეგნებით.
ასე ძირეულად განსხვავდება ეს ორი პროტაგონისტი ერთმანეთისაგან.
ასევე განსხვავდებიან მარიამ წერეთელი და ოსმან-აღას ბატონი, თუმცა ერთიც ფეოდალია და მეორეც. მაგრამ პირველი ცხოვრობს ზნეობის, მეორე – უზნეობის კანონით.
გამოვლინდა „სურამის ციხის“ მეორე პრობლემაც – პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი. როცა ადამიანი ცდილობს თავიდან მოიხსნას პასუხისმგებლობა და ყველაფერი სოციალურ სინამდვილეს, გარემო პირობებს დააბრალოს, იგი ან თვალთმაქცი და არამზადაა ან მშვინვიერი ლაჩარი. ასეთი თვალთმაქცისა და მშვინვიერი ლაჩრის გამოკვეთილი ტიპია დახატული „სურამის ციხეში“ დურმიშხანის სახით.
მკაფიოა სურამის ციხის ლეგენდის ალეგორიული შინაარსიც. ყოველი სოციალური სინამდვილე სისხლსა და ცრემლზეა აგებული, თუ მას მაღალი ზნეობა არ უდევს საძირკვლად. ცოდვიანი სინდისით ვერც თავისუფლებას მოიპოვებ და ვერც ბედნიერებას ეღირსები.
ეს არის „სურამის ციხის“ აზრობრივი შინაარსი. ბატონყმური უსამართლობის მხილება, ზნეობრივი დანაშაულის გამოაშკარავება კი ძირითადი აზრობრივი შინაარსის ცალკეული მოტივებია. ამიტომ არ არის სწორი და მართალი ცალკეულ მოტივებზე ყურადღების გამახვილება და მოთხრობის ძირითადი აზრობრივი შინაარსის მთლიანობა-ერთიანობის მიფუჩეჩება.
სწორედ ამ აზრობრივ შინაარსს უნდა მივაქციოთ ყურადღება, თორემ დღეს არც ყმაწვილს და არც ხანდაზმულს ბატონყმური უსამართლობის დიდი ხნის წინათ მკვდარი პრობლემა აღარ აინტერესებს. „სურამის ციხის“ ღირსება მარტო ბატონყმობის მხილება რომ იყოს, იგი ქართველ მკითხველს კარგა ხნის დავიწყებული ექნებოდა. მაგრამ, თუ ჩვენი საზოგადოება სათუთად ინახავს ამ პაწია მოთხრობას, ეს იმიტომ, რომ მასში ხედავს ცოდვილი ადამიანის სამშვინველის ტკივილის მარადიულ პრობლემას.
1980 წ.