სევდა ისტორიისა
ჩემი აზრით, ისტორიულ თემას, როგორც მხატვრული ნაწარმოების მასალას, ორ შემთხვევაში მიმართავს მწერალი. პირველად მაშინ, როცა სურს ამა თუ იმ ხალხის ისტორიის სული გადმოსცეს, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ისტორიული მასალა გამოადგება იმისათვის, რომ ალეგორიის მოშველიებით გამოთქვას აზრი. თუ კონკრეტული ნიმუშების დასახელებაა საჭირო, შეიძლება გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობები „მრისხანე ბატონი“, „ჟამთა სიავე“, „რაინდები“ და კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“. მართალია, ნიკო ლორთქიფანიძე ყოველთვის შენიშნავს, რომ მის მოთხრობებში „არაისტორიული ამბავია“ აღწერილი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მწერალს ზუსტად გადმოსცეს საქართველოს ისტორიის სული. „დიდოსტატის მარჯვენა“ კი ძირითადად ალეგორიული რომანია. ამის საბუთად თავად კ. გამსახურდიას ნათქვამიც კმარა: ამ რომანით ჩემი პოეტური მრწამსი გადმოვეციო.
ამ წერილში ნ. ლორთქიფანიძის ზემოხსენებულ სამ მოთხრობაზე იქნება საუბარი. მაგრამ ვიდრე უშუალოდ მათ შევეხებოდეთ, ჯერ ყურადღება მივაპყროთ რამდენიმე კონცეფციას, გატარებულს „ქართლის ცხოვრებაში“, ხოლო მერე კი ვნახოთ, რა გადაიტანა მატიანიდან თავის მოთხრობებში მწერალმა.
ყველას კარგად მოეხსენება ერთი ამბავი, რომელსაც ლეონტი მროველი მოგვითხრობს.
როცა ალექსანდრე მაკედონელს საქართველო დაუპყრია, ქვეყნის მმართველად აზონი დაუსვამს. ალექსანდრეს მოუკლავს მცხეთის მამასახლისი სამარიც და მისი ძმაც. სამარის სამი წლის ძმისწული ფარნავაზი დედას კავკასიის მთებში გაუხიზნავს. ამით გადაურჩენია დედას შვილი სიკვდილისაგან. როცა ფარნავაზი დავაჟკაცებულა, შეუკრებია ყოველნი ქართველნი, შებრძოლებია აზონს, დაუმარცხებია იგი და თავად გამხდარა საქართველოს მეფე. და ბოლოს ლეონტი მროველი დასძენს: „ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლისა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლისა შინა თუინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“.
ბუნებრივია, რომ ამის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდება კითხვა – რატომ დააკავშირა მემატიანემ ქართული ენის გავრცელებისა და ქართული მწიგნობრობის შექმნა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობისა და ბერძენთა მიერ ხელმწიფედ დასმული კაცის აზონისაგან თავდახსნის პერიოდთან? კითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა გავისხენოთ – რას ჩაუყარა საფუძველი ალექსანდრე მაკედონელმა და რა ხდებოდა ელინიზმის დროს. აი, რას ამბობს ინგლისელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი რობინ ჯორჯ კოლინგვუდი:
„იმ დროს ჩვეულებრივი გახდა ბარბაროსთა ელინად მოქცევა. ბარბაროსთა გრეციზაცია ბერძნულად იწოდება ელინიზმად (სიტყვა „ელლენიძეინ“ ნიშნავს ბერძნულად ლაპარაკს, უფრო ფართო აზრით, ბერძნული ზნე-ჩვეულების მიღებას), ხოლო ელინისტური პერიოდი არის პერიოდი, როცა ბარბაროსებმა აითვისეს ბერძნული ზნე-ჩვეულებანი. ასე რომ, ბერძნული ისტორიული შეგნება, თუ ადრე ჰეროდოტესათვის უპირველესად იყო ბერძნებისა და ბარბაროსთა შორის მტრობის შეგნება (ომები სპარსეთში), ახლა იგი ყალიბდება ბერძნებსა და ბარბაროსთა შორის თანამშრომლობის შეგნებად, მაგრამ თანამშრომლობის ისეთ შეგნებად, როცა ბერძნები ხელმძღვანელობენ, ბარბაროსები კი ემორჩილებიან ამ ხელმძღვანელობას, ხდებიან ბერძნები, ბერძნული კულტურის მემკვიდრეები და ამით ბერძნული ისტორიული შეგნების მემკვიდრეებიც“ („ისტორიის იდეა“, 1980წ., ფც. 33).
ახლა შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ელინიზმის გაბატონებულ ტენდენციას – ბერძნული ენის ათვისების გზით, ბარბაროსების, ანუ არაბერძენი ხალხების, გაბერძნების ტენდენციას – ფარნავაზი უპირისპირებს ქართული ენის გავრცელებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას. ამით ინარჩუნებს ის ეროვნულ სახესა და სულს. ასე მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული თავისთავადობისათვის.
ეს არის მთავარი და არსებითი ლეონტი მროველის ცნობაში.
უთუოდ აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაცვისათვის ბრძოლა პასიური არ არის. პირიქით, აქტიურია. ეს გამოხატულია იმით, რომ იდევნება მრავალენიანობა. აღარ იზრახება სომხური, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ქართული ხდება გაბატონებულ ენად. გარდა ამისა, მუშავდება კავკასიის ხალხთა ძმობის თეორია. ლეონტი გვაუწყებს, რომ ქართველთა, სომეხთა, რანთა, მოვაკნელთა, ჰერთა, ლეკთა და კავკასიანთა ერთი მამა ჰყავდათო თარგამოსი. არ მიმაჩნია საეჭვოდ, რომ კავკასიის ხალხთა ძმობის ეს თეორიაც ფარნავაზის დროს არის შექმნილი, რამეთუ ესეც ელინიზმის ტენდენციის საპირისპიროა. თუ ელინიზმი ცდილობს ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში, ბერძნული ენის მეშვეობით, სხვადასხვა ხალხთა ერთიანობა შექმნას, ქართველი მეფე იბრძვის ამ იმპერიას დაუპირისპირდეს კავკასიის ხალხთა ძმობა-ერთიანობის სახელით. ამ ძმობის დუღაბად კი ქართული ენა გამოიყენოს. აქ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს აზრი ახლად აღორძინდება მე-11-12 საუკუნეებში, როცა საქართველოს ხელისუფლება ფაქტიურად მთელი კავკასიის მმართველი ხდება. ქართლოსიანთა დინასტიის თავკაცის ჩანაფიქრის განხორციელებას ამჯერად ბაგრატიონები ცდილობენ, მაგრამ ეს ცდაც მარცხით დამთავრდება მონღოლთა შემოსევის გამო.
როგორც ვხედავთ, ფარნავაზის დროს თავდაცვის კონცეფცია სრულიად მკაფიოა.
დიდი დრო გავა და ქართული ენის, კავკასიის ხალხთა ძმობის გვერდით ქვეყნის სიმტკიცის ახალი ბოძი გაჩნდება ქრისტიანული სარწმუნოება. ქართველი იდეოლოგი ახალ ფორმულას შეიმუშავებს: „ქართულად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.
(სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, რომ ლინგუა ფრანცა-ს როლს კავკასიაში ქართული ენა მე-19 საუკუნის ბოლომდე ასრულებდა. ამის საბუთია 1881 წელს თბილისში რუსულად გამოცემული წიგნი, რომლის სათაურია „ქართული ენის სახელმძღვანელო-თვითმასწავლებელი, შედგენილი თბილისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლის გაბრიელ ტერ-გაბრიელიანცის მიერ“). ამის მერე წერია: „აუცილებელი წიგნი ყველასათვის, ვინც ამიერ-კავკასიაში ცხოვრობს“ (ყურადღება მიაქციეთ ამ შენიშვნას).
ამრიგად, ქართული ეროვნული თავდაცვა სამ ძალას ეყრდნობა: ქართული ენა, კავკასიის ხალხთა ძმობა, ქრისტიანობა. მაგრამ ასე იქნება მონღოლთა შემოსევამდე. მათი გაბატონების შემდეგ მდგომარეობა არსებითად შეიცვლება. დაიწყება თავდაცვის პასიური იარაღის გამოყენება – ქვეყნის გადარჩენის მიზნით ზვარაკად თავის დადება. ეს პასიური კონცეფცია მთლიანად შეცვლის ძველ აქტიურ კონცეფციას. ქვეყნის და ერის საკურთხეველზე მიტანილი ტარიგია ცოტნე დადიანი, დემეტრე მეორე, ქეთევან დედოფალი, ლუარსაბ მეორე, შალვა, ბიძინა და ელიზბარი… ეს მსხვერპლის გაღების კონცეფციაა. თანდათანობით კნინდება და კნინდება ჩვენი ქვეყანა. ამგვარი ცვლილება საფუძველი გახდა არა მარტო პოლიტიკური დაცემისა, არამედ კულტურული დაქვეითებისაც. დაქვეითების პროცესი ბუნებრივია, რამეთუ ერი აღარ აქტიურობს. ხალხი პასიურად ელის გმირს, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში მსხნელად მოევლინება ქვეყანას.
იმ დროს, როცა ზრუნავდნენ ქართული ენის გავრცელებისათვის, კავკასიის ხალხთა ძმობის პროპაგანდისათვის, ქრისტიანობის ქადაგებისათვის, აქტიური და მოქმედი იყო მთელი ქართველი ხალხი. ეს ერის მისია იყო და იმიტომ. ცალკეული ადამიანები, რარიგ ნიჭიერიც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ამ ამოცანის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ. ხალხის აქტიურობა ყველაფერში ვლინდება: პოლიტიკურ, კულტურულ, სამეურნეო, რელიგიურ ცხოვრებაში. ამის საბუთია იმდროინდელი მწერლობა, რელიგიურ-ფილოსოფიური ლიტერატურა, ხუროთმოძღვრება, პოლიტიკური და სამეურნეო ძლიერება.
იმ დროს კი, როცა ქვეყნის ხსნა მსხვერპლს, ზვარაკს დაევალა, ხალხი პასიური გახდა. როგორც ითქვა, დაიწყო მოლოდინი იმ კაცისა, რომელიც მარტოდმარტო იკისრებს ტარიგის მოვალეობას და ამით დროებით შეანელებს, შეარბილებს მტრის მრისხანებას. მოქმედების ნაცვლად ხალხის თვისებად ხდება მოლოდინი. მოლოდინი პასიური ბუნების არის და ამის შედეგია, რომ მონღოლთა ბატონობის შემდეგ დაცემულია ქართველი ხალხის პოლიტიკური, კულტურული, სამეურნეო, რელიგიური ცხოვრება. პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყანა იშლება ცალკეულ სამეფოსამთავროებად, მეურნეობრივად ღარიბდება, რამდენიმე საუკუნის მანძილზე არ ჩანს ჩვენში დაწერილი წიგნი. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ხალხმა დაივიწყა წერა-კითხვა. დაეცა რელიგიური ცხოვრებაც.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკური, კულტურული, სამეურნეო და რელიგიური გამოფხიზლების ახალი პერიოდი იწყება მაშინ, როცა ერის მხსნელი ზვარაკის კონცეფცია შეიცვალა ახალით – თავშესაფრის ძებნის კონცეფციით. მართალია, არსებითად ესეც პასიური კონცეფციაა, მაგრამ გარკვეულ აქტიურობას მაინც შეიცავს. მისი განხორციელება დამოკიდებული არ არის მხოლოდ ცალკეულ პირებზე. აქაც აუცილებელია ხალხის მონაწილეობა და მხარდაჭერა. მოლოდინის მაგიერ მაინც მოქმედებაა საჭირო. ხალხის ამოქმედებას ბუნებრივად მოჰყვა ცხოვრების ყველა სფეროს გამოცოცხლება. განახლდა მწერლობა (თეიმურაზ I, არჩილი, სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI და სხვანი), რელიგიური მოღვაწეობა (დავით გარეჯის სკოლა, ანტონ პირველი და სხვანი), პოლიტიკური საქმიანობა (ორიენტაციის აქტიური ძიება, ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანება და ა.შ.).
თუ არ ვცდები, მე-19 საუკუნემდე ამ სამი კონცეფციით არის გამოვლენილი ძირითადად საქართველოს ისტორიის სული. ახლა იმიტომ გავიხსენე ისინი, რომ მკაფიოდ დავინახოთ, რომელია გამომჟღავნებული ნიკო ლორთქიფანიძის უკვე მოხსენიებულ სამ მოთხრობაში. ამის დადგენაში მოგვეხმარება ის საერთო სევდიანი განწყობილება, რომლითაც გაჟღენთილია მოთხრობები. რა იწვევს სევდას?
სევდას იწვევს უაზრო შინამტრობა. ვისღა ახსოვს მთელი კავკასიის ხალხთა ძმობა და ერთობა. ერთმანეთს მტრად მოჰკიდებიან კუთხეები და გვარები. „რაინდებში“ ერთმანეთს ებრძვიან იმერეთი, ოდიში, აფხაზეთი. თან არც იციან რატომ, რისთვის და რა მიზნით. დიდი-დიდი რამდენიმე ყმა და მიწის ნაჭერი წაგლიჯონ ერთმანეთს. ოდიშის მთავარს ეწყინა იმერეთის მეფე რომ მცირე ჯარით მოვიდა დასახმარებლად. სამეგრელოს დედოფალი აბუზღუნდა:
„– აი დახმარება, თუ გინდა სიძე-ბატონისაგან, ამას ჰქვია!.. თითქოს სანადიროდ მოსულიყოს! სასაცილოდ აგვიგდო!.. თუ გავიმარჯვეთ, სახელი მისია, თუ დავმარცხდით – ჩვენ აგვიანცებენ…“
მოთმინებიდან გამოსულმა მეფემ მოკლედ მოსჭრა:
„– ცოტაა თუ ბევრი ჩემი ჯარი, გამარჯვება ჩემს კისერზე იყოს… თქვენი ჯარი სრულიად ნუ გამოვა! თუ გაწყრა ღმერთი და დამამარცხეს, ჩემი სამეფო თქვენთვის დამითმია – მოგახმაროთ ღმერთმა!..“
დააკვირდით მეფის პასუხს: ჩემი სამეფო თქვენთვის დამითმია. რა გულუხვია და ხელგაშლილი იგი. რატომ? იმიტომ, რომ მტერს კი არ ებრძვის, შინაურს ეომება. თუ დამარცხდება, იმერეთის ტახტი ან დადიანს დარჩება ან შარვაშიძეს. ამას მეფისათვის პირადი პატივმოყვარეობის მნიშვნელობა აქვს და არა ქვეყნის ბედის გადაწყვეტისა. რა მნიშვნელობა აქვს ხალხისათვის – ქუთაისში ვინ დაჯდება ტახტზე – ბაგრატიონი, დადიანი თუ შარვაშიძე? ასე გამხდარა ეროვნული საქმე ამა თუ იმ ფეოდალური გვარის პატივმოყვარეობის საგნად.
მართალია, ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ უგულოდ და უხალისოდ: არჩილს, – წერს ნიკო ლორთქიფანიძე, – „ორი-სამი შეტაკების შემდეგ რაღაც გული აუვადრა და მხოლოდ მეფის ხათრით ვერ ტოვებდა ბრძოლის ველს“. ასე ამიტომ დაემართა, რომ ქვეცნობიერად მიხვდა, რასაც აკეთებდა, უაზრო და უმიზნო სისხლისღვრა იყო.
არჩილის მსგავს მდგომარეობაშია ასტამურ ინალიპაც, ანუ ინალიშვილი. იგი „აბჟანდზე ცერებით შედგებოდა და მიმოიხედავდა. ვინც შეუტევდა, უგულოდ გზას უთმობდა და მეომრებიც შორდებოდნენ – ზოგს შუა კაცი ეგონა, ზოგს მგლოვიარე“. როცა ასტამურ ინალიპას ერთი ჯარისკაცი არ მოეშვა, თოფი გულზე მიაბჯინა და უთხრა: „წადი, ძმაო, სხვა მონახე – შენთვის არ მცალია…“ ინალიშვილს ბრძოლა არ უნდა და თუ ვინმეს შეერკინება, ეს აგიაშვილია, რადგან მასთან პირადი მტრობა აქვს. ისინი შეხვდებიან ერთმანეთს ბრძოლის ველზე. აგიაშვილი სასიკვდილოდ დაჭრის ინალიპას. მაგრამ ეს არ გახარებია აგიაშვილს. „ამ გამარჯვებით ცოტა არ იყოს დანაღვლიანებული აგიაშვილი მივარდა ვიღაც აფხაზს და უთხრა: ინალიპა ძლიერ დაჭრილია, აი იქ… მიეშველეთ“. სინდისატკივებულმა გიორგი აგიაშვილმა ვერ მოითმინა და ისევ ასტამურ ინალიპასთან მიბრუნდა. თურმე ეს ომი და მტრობა არც ინალიშვილს მოსწონს. ასტამური გიორგის ეუბნება:
„ახია ჩემზე, რაც მომივიდა: არ მომწონს დაუსრულებელი ომი ოდიშთან და იმერლებთან… არ მიყვარს მთავარი და მისი ოჯახი. შემეშინდა მოღალატეთ არ გამოვსულიყავ პატრონის წინაშე, არავის ეფიქრა, რომ შიშმა ამიტაცა და ბრძოლის ველი დამატოვებია გუშინ ცხარე სიტყვიერი შეტაკების შემდეგ, კიდეც დავტოვე ბანაკი, მაგრამ დავბრუნდი. მინდოდა მოვალეობა შემესრულებია, გესლიანი ენისათვის კლიტე დამედვა და წავსულიყავ… თქვენ აგირჩიეთ – გვარიშვილობით ერთი ვართ და თქვენთან შებრძოლებაც სასახელოა. თანაც თქვენ ჩემი ძმის სისხლი გმართებდათ. გადაეცით მეფეს, რომ მისი გამარჯვება მახარებს…“
რა შეიძლება იყოს უფრო მეტად სევდის მომგვრელი, ვიდრე იმის შეცნობა, როგორ იღუპება მშვენიერი და მამაცი ვაჟკაცი ცრუმოვალეობის შესრულების გამო? რა შეიძლება იყოს უფრო დიდი უაზრობა, ვიდრე სისხლისღვრა იმისათვის, რომ ვინმე ენაწაგდებულმა ლაჩრობა არ დაგწამოს? მაგრამ ყველაზე ტრაგიკული და ტკივილის აღმძვრელი ის არის, რომ ასტამურ ინალიპას სიკვდილი „მტრებს“ – იმერლებს და ოდიშელებს – არ გაუხარდებათ, მაგრამ ესიამოვნება და სიხარულს მოგვრის „მოყვრებს“ – აფხაზეთის მთავრის ოჯახს.
„– ვაი საწყალო! რაც იარაღს არ უქნია, იმას საწამლავი დამართებს, – ჩაილაპარაკა იქვე მდგომმა ჩიჩუამ.
– როგორ?
– მაგი არის ინალიშვილების ერთი ბუდის ერთადერთი ვაჟი-მემკვიდრე; ქალი კი მთავრის შვილს ჰყავს და დიდი ხანია უთვალთვალებს მემკვიდრეობას.
– დანარჩენი ინალიშვილები, ნათესაობა რას იტყვის?
– ჰო, ვინ იცის… იქნება მთავრის ოჯახს იმედები გაუცრუვდეს. მაგრამ ცდას არ დააკლებენ… მორიგდებიან ნათესავებთან… ბევრი რამ მაინც დარჩებათ“.
დაკარგულა ეროვნული მასშტაბით აზროვნება. იგი შეცვლილა პიროვნული ინტერესით. გამქრალა სახელმწიფო აზროვნება. იგი დაუკავებია ოჯახურ აზროვნებას. გლეხი, თავადი, მთავარი, მეფე მხოლოდ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრობს, წუხს, ზრუნავს. სახელმწიფო ყველას დავიწყებია. იმის შეგნების უნარიც აღარ აქვთ, რომ თუ სახელმწიფო მოუწყობელია, არეულ-დარეული და ქაოსით მოცული, შეუძლებელია ოჯახური და პირადი ბედნიერების მოგვარება.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნება დაკარგა არა მარტო მმართველმა ფენამ, არამედ მთელმა ხალხმაც. ამან მშრომელი გლეხი მაროდიორად გადააქცია. ლაზიკა, ექვთიმე, თეიმურაზი („რაინდები“) ბრძოლის ველზე დაძვრებიან და დახოცილებს ძარცვავენ.
„თვალებში რომ ჩამჩერებიხართ, რა მზეთუნახავი იშოვეთ, გავიდოდით, მოვიარდით ამ ველს, ერთი მარჩილის საღირალს მაინც ვიშოვიდით…
– ვინ დაგიწყობს ახლა მინდორში ოქრო-ვერცხლს.
– შე ვირისთავო, ოქრო და ვერცხლი მამაშენს არ ქონდა და დედაშენს და ერთ გაწყვეტილ აღვირს ან აბჟანდს ქე ნახავს კაცი… ნალს მაინც ააძრობდი მკვდარ ცხენს!..
– ნალი არა, ბიჭო და მართლა ცხენი მაინც გავატყავოთ – ქალაბნად გამოგვადგება.
– ჰო და… – დაუკრა კვერი ლაზიკამ.
წავიდნენ, საღამომდის არ დაბრუნებულან.
– რა იშოვეთ?
ორივემ გაიკრიჭა.
– კაცო, ვერცხლის მოყვითლული ბუნუკი.
– ხომ გითხარით, თქვე სულელებო!..
– ნალიც ვიშოვეთ, სამი ორ ცხენს მეტი არ ქონდა და ის ცხენებიც გავატყავეთ.
– ბარაქალა…“
ვერცხლის ბუნუკი, სამი ნალი და ორი ცხენის ტყავი – აი, ალაფი და დავლა, რომელიც „გამარჯვებულმა“ მეომრებმა იშოვეს. ჯერ ეს „დავლა“ რა ღირებულებას წარმოადგენს და იმასაც თუ არ დავივიწყებთ, რომ იგი მეზობლების, ახლობლების, მოყვრების გაჟუჟვის გზით მოინადირეს, უნდა გულახდილად ვთქვათ, რომ გადაგვარებისა და დაკნინების უფრო მძაფრი სურათი ძნელად წარმოსადგენია. ბუნებრივია, რომ სევდა და ტკივილი ავსებს მკითხველს გულს.
ნამუსი დიდიხანია აღარავის ახსოვს. მთავარია გამორჩენა, თუნდაც ღირსების დაკარგვის ხარჯზე.
ნადიმის დროს იულონს ერთი გლეხის გოგო მოეწონა („ჟამთა სიავე“). მასთან ღამის გატარება გადაწყვიტა. მოურავი შეშინდა და ბატონი გააფრთხილა – „ახლავე არ შეიძლება, იმ გოგოს ძმები და მამა ახლავს“. არ დაიშალა იულონი თავისი. მოურავი იძულებული გახდა გოგოსთან მიპარულიყო ბატონის ხვაშიადის გასამჟღავნებლად. თურმე გოგოს მამასა და ძმებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იულონის სურვილი. აღშფოთებისა და პატიოსნების დაცვის მაგიერ, ქალს ასწავლიან – „არ დაგავიწყდეს, რაც გასწავლე: ყველაფერში დაეთანხმე და ხვალაც არ გაგიწყრეს ღმერთი, არაფერი სთხოვო. ისე აჩვენე მხოლოდ თავი, რომ ჩვენი გეშინია და ღამით დაბრუნდი უკანვე, რომ ქვეყანამ ვერაფერი შეგნიშნოს…“
ასე უბიძგებენ მამა შვილს და ძმები დას მრუშობისაკენ, რომ ბატონის მცირე საჩუქარი მოიპოვონ.
სევდას იწვევს ისიც, რომ დაიკარგა ნათესაობა, ნდობა, პატივისცემა.
ვახტანგი ძმისწულია ლევანის („მრისხანე ბატონი“), მაგრამ თავდავიწყებით სძულთ და მტრობენ ერთმანეთს. შუღლი დაბადა სურვილმა მიითვისონ ერთმანეთის ქონება.
„არ გეყო, რომ მამაჩემს, შენს ძმას, რისხვა მეფისა თავს მოავლინე. მეფის ბრძანებით ჩაჰკალი და ეხლაც უცნობ ადგილს გდია. დედა ზაფრაზე გარდამეცვალა. რაც მოძრავი, თეთრი თუ სამკაული მქონდა, წაიღე. თუ შეგარგებს, შეგარგოს ღმერთმა. ახლა კი იმ სამის სოფლიდანაც მიპირებ განდევნას, რომელიც დამრჩა“, – სწერს ვახტანგი ბიძას.
ლევანი მართლაც ცდილობს საერთო ენა გამონახოს აფხაზეთის მთავრის შვილთან, ოდიშელ პაატა ბატონიშვილთან, რომ საბოლოოდ მოსპოს ძმისწული. ეს შეთანხმება არ გამოვიდა, მაგრამ შემთხვევის წყალობით ვახტანგი მაინც ჩაუვარდა ხელში ლევანს და ბიძამ ძმისწული საზარელი სიკვდილით დასაჯა.
მართალია, იულონი არჩილისა და გაიანეს მალული და არაკანონიერი ურთიერთობის შედეგად გაჩნდა („ჟამთა სიავე“), მაგრამ მამა მამაა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, იყო თუ არა ეკლესიის მიერ ნაკურთხი დედაკაცისა და მამაკაცის სიყვარული. მამა-შვილობას ხელი არ შეუშლია არჩილისათვის მოტყუებით მიეგვარა იულონი მეფისათვის დასასჯელად. იულონს ბრალად დასდეს შეთქმულებაში მონაწილეობა და თვალები დასთხარეს. ამ სურათს უყურებდა არჩილი, მაგრამ მისი სული და გული არ შეძრწუნებულა ამით.
ტყისპირელები უზომოდ შეაწუხა ლევანის თავნებობამ და სიმკაცრემ („მრისხანე ბატონი“). მოციქულები გაგზავნეს ოდიშის მთავართან თხოვნით: შეგვიფარეთ და გვიხსენით ლევანის ბატონობისაგან. ჯერ ეამა და გაუხარდა ეს მთავარს. აპირებდა კიდეც ტყისპირელების მფარველობას, მაგრამ აზრი პაატა ბატონიშვილმა შეაცვლევინა, ურჩია – რა სარგებელს მოგცემს ცხენისწყლის გაღმა ერთი სოფელი. უკეთესია მოციქულები შევიპყრათ, ლევანს გავუგზავნოთ, როგორც მოღალატენი და ამით მისი ნდობა და მეგობრობა მოვიპოვოთო. საქმისათვის ეს აჯობებსო. მთავარი მაშინვე დაეთანხმა ცბიერსა და ვერაგ პაატას. ტყისპირელთა მოციქულები შეიპყრეს და ლევანს გაუგზავნეს.
როცა ოდიშის მთავრის ბადრაგს დატყვევებული მოციქულები მიჰყავდა, გზაში ვახტანგი და მისი მხლებლები შეეყარათ. ვახტანგი მიხვდა, რაც იყო მომხდარი და უდანაშაულო ტყვეების განთავისუფლება გადაწყვიტა. გაათავისუფლა კიდეც. გადარჩენილები შინ დაბრუნდნენ. ვახტანგიც ისტუმრეს. „ყოფილი ტყვეების დედები, ცოლები მფარველ ანგელოზს უძახდნენ ვახტანგს. ვაჟები მორჩილებას უცხადებდნენ. პატივსაცემლად დიდი ნადიმი გადაიხადეს“. ყველაფერი თვალთმაქცობა გამოდგა. როცა პირველმა სიხარულმა გაიარა, კითხვა დაებადათ – რა ვქნათ ახლა? ლევანი შეიტყობს ჩვენს ღალატს, მისგან განდგომა და ოდიშის მთავართან თავშეფარება რომ გვინდოდა და არ შეგვარჩენს ამას. მდგომარეობიდან გამოსავალი ვახტანგის ღალატში იპოვნეს. სოფლის თავკაცებმა დაასკვნეს: ვახტანგი დავიჭიროთ, ლევანს მივგვაროთ და მრისხანე ბატონი ორგულობას გვაპატიებსო. ასეც მოიქცნენ. მათი კეთილისმყოფელი და გადამრჩენელი ვახტანგი დაატუსაღეს და სისხლისმსმელ ბიძას მიუყვანეს. სინდისის წინაშე კი თავი იმით იმართლეს, რომ ამ საქციელით სოფელი გადავარჩინეთო დარბევას.
გაიანესა და არჩილის გარდა, არავინ უწყის, რომ იულონი ბუშია („ჟამთა სიავე“). დედა თითქოს უფრთხილდება შვილის ღირსებას, მაგრამ საკმარისია იულონმა აწყენინოს არჩილს, რომ გაიანემ წონასწორობა დაჰკარგოს და ყველაფერი იკადროს.
მოხდა ისე, რომ იულონმა ციხე-სიმაგრეში არ შეუშვა არჩილი. სტუმრად მოსული უკან გააბრუნა. გაიანეს მოთმინების ძაფი გაუწყდა.
„– როგორ გავჩუმდე?.. იმიტომ ვიტანდი ყოველივეს, ვითმენდი საზიზღარ ლეზვს მამაშენისას, რომ ბოლოს ჩემმიერ ფეხზე დაყენებულ ოჯახში ჩემს საყვარელ არსებას არ გაევლებოდეს?..
– გაჩუმდი, ვინმე ყურს მოკრავს.
– ყურიც მოკრან და თავიც.
– ნუ მჭრი თავს, ნუ მარცხვენ ქვეყანაში!
– რა მენაღვლება, თავი მოგეჭრება თუ არა, თუ ჩემი ურგები იქნება სახელიც და პატივიც?..
– გაკმინდე ხმა.
დილით წინ წაიწია.
– არა…“
თუ ვეღარ მოითმინა იულონმა და ქალმა:
„– აი, შე ბუშო, შენ! – მიაქაქანა ქალმა და უეცრათ აღვირს სტაცა ხელი და მთელი ძალ-ღონით გადაჰკრა“.
ასეა, ბიძა არ ინდობს ძმისწულს, მამა-შვილს, თავადი – გლეხს, გლეხი – თავადს, დედა – შვილს, შვილი – დედას. გადარჩენის საშუალებად მხოლოდ ღალატი, გაყიდვა, დასმენა, დაუნდობლობა, ორგულობა მიაჩნიათ.
ამგვარ ატმოსფეროში, ცხადია, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მასშტაბით აზროვნება დანაშაულია. დანაშაულია იმიტომ, რომ წინ ეღობება დაკნინებულ ადამიანთა სურვილების განხორციელებას, მათ ციდამტკავლურ გეგმებს.
მოხუცი მწიგნობარი ოტია ერთიან, ძლიერ, განუყოფელ საქართველოზე ოცნებობს („ჟამთა სიავე“). ამ ერთიანობის აზრს უქადაგებს იგი იულონსაც.
„– აი, რა, შვილო, საქართველო ირგვლივ მტრებითაა გარშემოცული… ოსმალო, სპარსი, ლეკი. ახლა სხვებიც ძლიერდებიან. ცალ-ცალკე ქართლი, კახეთი, გურია, ოდიში ვერ გაუძლებს მოზღვავებულ მტერს… ნელ-ნელა გვწეწენ, გვანიავებენ… ხომ უყურებ როგორ თათრთდება საქართველოს საუკეთესო ნაწილი სამცხე, მესხეთი – სამშობლო პეტრიწისა, ნიადაგი ოპიზისა. მაგრამ თუ ერთად ვიქენით, თუ შინაური შფოთი მოისპო, მეფე თუ გვეყოლა ძლიერი და დიდებულთაგან დამოუკიდებელი, არაფერი გვიჭირს. დრო თამარისა და დავით აღმაშენებლისა ისევ განანათლებს ღვთისმშობლის ხვედრ ქვეყანას. საქართველოს მესამედი ოსმალეთს უპყრია; დიდი ნაწილი სპარსეთმა დაიუფლა; თავისუფალი ჩვენი პატარა იმერეთი-ღა დარჩა… და ჩვენ უნდა გადავუხადოთ წინათ ჩვენზე გაწეული ამაგი საქართველოს დანარჩენ კუთხეებს…
– და მერე ვინ უნდა გააერთიანოს?
– მე, შენ, ყველა ჩვენგანმა…“
მოხუცის სიტყვებით შთაგონებული იულონი იწყებს ფიქრს და მოქმედებას დიდი მიზნის განსახორციელებლად. მაგრამ იულონს მსტოვარნი და ქვეგამხედვარნი მეფესთან, „იმერეთის მასხარა მეფესთან“, როგორც მას მწიგნობარი ოტია უწოდებს, დაასმენენ. მერე მოტყუებით შეიპყრობენ და თვალებს ამოსწვავენ, თუმცა არავინ იცის დანამდვილებით დამნაშავეა თუ არა იულონი.
„რას ერჩით, კაცო, ვინაა მოწმე, რომ მართლა დამნაშავეა… იქნებ უდანაშაულოა… კაცის ცოდვაში ნუ ჩავიდგამთ ფეხს…“ – მკრთალად გაისმა აქა-იქ. ხმა იგი საერთო სურვილის წინააღმდეგი ქრებოდა ღრიანცელში…
რა საჭიროა საქმის გამოძიება, გამოკვლევა, როცა უბრალო სურვილიც კი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერებისა დანაშაულია, რადგან ემუქრება იმერეთის მეფის, წერეთლების, აბაშიძეების, აგიაშვილების და სხვა ბობოლა თავადების პირად კეთილდღეობას. ემუქრება მათ თავაშვებულ პარპაშს, თავნებობას, თავხედობას, თავგასულობას. ამღვრეულ წყალში ისინი თევზს თავისუფლად და იოლად იჭერენ. მტერია ყველა, ვინც წყლის დაწმენდას, ქვეყნის დაწყნარებას, კანონ-სამართალს მოითხოვს და უნდა განადგურდეს. ჯერ ძალა მათ ხელშია და ამიტომ დრო არ უნდა დაჰკარგონ. უნდა მოსპონ ყველა, ვინც საეჭვოა და მაშინ დამშვიდდებიან. ისინი დაამხობენ იულონს. მწიგნობარ ოტიას მოკვლაც სურდათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ჭკვიანი მოხუცი შინიდან გაიპარა და ტყეს შეაფარა თავი. მეფის ჩაფრები პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ. როცა ოტია გაექცათ, ყველა დროისა და ყოველი ჯურის ავაზაკის დემოგრაფიული ლოგიკა მოიშველიეს: „რათ უნდა გაქცეულიყო, თუ დამნაშავედ არ გრძნობდა თავს?“ ასე, ჯალათებს გული ეთუთქებათ, როცა ვინმე ჭკუით აჯობებს და მიამიტობით ამართლებენ საკუთარ ქვებუდანობას.
რა თქმა უნდა, სევდის აღმძვრელია ყოფა, რომელიც ქვეყნის მთლიანობაზე, ერთიანობაზე, სიძლიერეზე მზრუნველს მიიჩნევს შეთქმულად და მოღალატედ, ხოლო მის მოსამართლედ და გამსჯელად დასვამს უნიათო, უგუნურ, ღვარძლითა და ვერაგობით სავსე ადამიანებს. როცა ამგვარი ატმოსფერო გაბატონდება, კეთილშობილება ადამიანის ზნეობის შინაარსი კი არ არის, არამედ ნიღაბი, რომელიც მალავს მზაკვრულსა და ცბიერ საქციელს.
დაპატიმრებული იულონი რომ ქუთაისში ჩამოიყვანეს, მას მეფე შეხვდა („ჟამა სიავე“). იგი მიეგება ქვეშევრდომს და მიუსამძიმრა: „თქვენი ღრმად პატივცემული დედის გარდაცვალებამ დიდად დამაღონა. განსვენებული ჩვენი ქვეყნის მშვენება იყო, როგორც ძველი ქართველი ქალი, ოჯახის პატრონი და ოჯახისთვის მზრუნავი. საუკუნოთ იყოს ხსენება მისი და განისვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ; თქვენ კი იობის მოთმინება მოგცესთ ღმერთმა, რომ გადაიტანოთ ასეთი დედის დაკარგვა…“
ამ სამძიმარმა იულონი ცრუ იმედით გაამხნევა. იფიქრა: ასეთი შეხვედრის შემდეგ მეფის სასჯელი მეტისმეტად მკაცრი იქნებაო. ყალბი გამოდგა იულონის ვარაუდი. ამ ცბიერებით და ვერაგობით სავსე სიტყვების შემდეგ, დიდ დროს არ გაუვლია, რომ იულონი, მეფის თანხმობით, თვალების დათხრით დასაჯეს. კეთილშობილება ნიღაბი აღმოჩნდა, მომარჯვებული ნამდვილი მზაკვრული განზრახვის დასამალავად.
აფხაზთა ლაშქრიდან ვიღაც მხედარი გამოვიდა და იმერლები ორთაბრძოლაში გაიწვია („რაინდები“). გავიდა ავალიანი, უცნობმა მაშინვე ჩამოაგდო ცხენიდან. გავიდა აბაშიძე, ისიც თვალის დახამხამებაში განგმირა უცნობმა. „ე, რავა უცადო, სანამ ყველას გაწყვეტს!“ – გაბრაზდა არჩილი და უცნობთან საბრძოლველად გაემართა. მაგრამ აქ უცნაური ამბავი მოხდა.
„უცნობი არჩილის დანახვაზე ცხენიდან გადახტა და საყელოს ღილი გაიხსნა.
– ვინა ხარ? – დაეკითხა უცნობს უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბატონიშვილი.
– ალანელი, თქვენი ძიძიშვილი.
– მოდი აქ.
ალანელი ეახლა. არჩილი ცხენიდან გადმოიხარა – და ალანელმა გულზე აკოცა, არჩილმა – თავზე“.
ძიძიშვილობის კეთილშობილ ტრადიციას იცავენ. მაგრამ ამას უკვე ფასი აღარ აქვს. ძმათა მკვლელი ომი იმერლებს, მეგრელებს და აფხაზებს შორის დასაშვებად და მისაღებად მიაჩნიათ. ამგვარი შეგნების ადამიანისათვის რაღა მნიშვნელობა აქვს ძუძუმეტობის ტრადიციას? არაფერი, ოღონდ მექანიკურად ასრულებენ ერთხელ შთაგონებულს. მისი აზრი და ღირებულება კი გაუგებარია.
ბრძოლის დროს იმერეთის მეფე და აფხაზეთის მთავრის შვილი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ აფხაზმა ხმალი არ მოუქნია იმერელს („რაინდები“). რატომ? მოისმინეთ აფხაზეთის მთავრის შვილის პასუხი: „მირონცხებული მეფე ჩემზე ხნითაც უფროსია და გვარიშვილობითაც უმაღლესი. პირველად მას უნდა ენებებია ხმლის მოქნევა“. არც მეფეს შემოუკრავს მოწინააღმდეგისათვის მახვილი. ეს რატომღა მოხდა?
ახლა მეფის პასუხს დაუგდეთ ყური: „როგორც კი პირველად შევხედე, გავიფიქრე: ასეთი ვაჟკაცის გაფუჭებას ღმერთი არ შეუნდობს კაცს-თქო და ჩაუარე გვერდი…“
თითოეული მათგანის საქციელი შეიძლება კეთილშობილების სახელმძღვანელოში შეიტანოთ სანიმუშოდ. მაგრამ ერთი კითხვა მაინც აწვალებს მკითხველს: თუ ასეთ პატივს სცემენ ერთმანეთს, რაღად ომობენ, რაღად ღვრიან უმიზნოდ უდანაშაულო ადამიანების სისხლს? რაღად აჩანაგებენ და აქცევენ საკუთარ მიწა-წყალს, სახლ-კარსა და მამულს? ამას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – უგუნურობის გამო. როცა დაკარგულია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიზანი და იდეალი, როცა ერს აღარ აქვს ისტორიული მისიის შეგნება, მაშინ, როგორც მთელი ხალხის, ისე მისი საუკეთესო შვილების ენერგია, უნარი, ნიჭი ფუჭად იხარჯება. უფრო ბოროტების სამსახურში დგება, ვიდრე კეთილის. ამგვარი უაზრობისა და ბოროტების მონაწილენი არიან „რაინდების“ პერსონაჟებიც და ამიტომ მათ კეთილშობილებას ღირებულება არ აქვს. იგი უმიზნო ქმედების ნიღაბია და ამ ადამიანთა სულიერ გამოფიტულობას მეტყველებს.
თავზარდამცემი, მწარე ირონიით იმსჭვალებით, როცა კითხულობთ, როგორ სხედან დილიდან მტრები საღამოთი ნადიმზე და ერთმანეთს ამკობენ და ადიდებენ.
„როცა არჩილის სადღეგრძელოს სვამდა, აფხაზეთის მთავრის შვილმა ხოტბასა და ქებას ღიმილით დაუმატა:
– შემარცხვინე, ბატონიშვილო არჩილ, ტყვედ ქმნილს, დღეს უარარაოს ისეთი საჩუქარი მიბოძე, რო ვერ გადაგიხდი.
– თქვენ ბრძანეთ, ბატონიშვილო, და გადამხდელი მე ვიყო…
– ვაკოცოთ ერთმანეთს! – სთქვა არჩილმა და ფეხზე წამოიწია, მაგრამ სანამ მთლად ადგებოდა, მის წინ გაჩნდა ახალგაზრდა აფხაზი და უპირებდა გულზე კოცნას; არჩილი არ დანებდა, ერთმანეთს ლოყები დაუკოცნეს“.
როგორც ვხედავთ, არაფერი ჰქონიათ გასაყოფი. პირიქით, ერთმანეთი ჰყვარებიათ. მაგრამ ამას მაშინ მიხვდნენ, როცა ვნება დაცხრა, ენერგია დაიხარჯა და გონება გამოფხიზლდა. მანამდე კი უმიზნო და უაზრო სისხლი ღვარეს. ასე რომ არ მოხდეს, მათ საერთო მიზანსა და იდეალს უნდა მიაგნონ, უნდა მიხვდნენ, სად არის მტერი და სად – მოყვარე. ენერგია, მამაცობა და ნიჭი ტყუილად კი არ უნდა ფლანგონ, არამედ საერთო იდეალის სამსახურში დახარჯონ. ამის გაუგებრობა და შეუგნებლობა აწუხებს ნიკო ლორთქიფანიძეს. ამით არის გამოწვეული სევდა, რომელსაც მოთხრობის ყოველ სტრიქონში გრძნობთ. ამას აღნიშნავს და მიანიშნებს ის სტრიქონებიც, რომელიც ეპიგრაფად აქვს წამძღვანებული „რაინდებს“.
„ვისაც გამოუცდია დიდი ავადმყოფობა, ახსოვს ბოდვა, ტკივილების დროს ჩანგი თუ არა, ზღაპარი მაინც მოუსმენია, იგი გაიგებს ჩემს სულის კვეთებას და სასიამოდ დარჩება არეული ისტორიის, დავიწყებული ზეპირგადმოცემების და დაღლილი ოცნების ხლართი, მწარე ღამეებში ნაღვლიანი ფიქრების გასაფანტად შეკონილი“.
ახლა ამ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვას თუ მივუბრუნდები, უნდა დავასკვნა, რომ ნიკო ლორთქიფანიძეს ამ მოთხრობებში გადმოცემული აქვს საქართველოს ისტორიის იმ პერიოდის სული, როცა დაიკარგა კავკასიის ხალხთა ძმობის იდეა, ქართველი ხალხის მთლიანობისა და საქართველოს ისტორიული მისიის შეგნება. ამის შედეგად ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნება გაღატაკდა და იგი გვაროვნულს, ოჯახურს, პირადულს ვეღარ გასცდა, მასში ჩაიკეტა. აქედან დაიბადა ყველა ზნეობრივი მანკიერებაც. ამის შედეგად მივიღეთ ეროვნული ყოფის სურათი, რომელიც ნიკო ლორთქიფანიძის მიერ ასეა აღწერილი:
„ვინც კი მოდის ჩვენში უცხოელი, ფარჩა და აბრეშუმი აცვია, ვერცხლსა და ოქროში არის ჩამჯდარი, ფული აქვს და საქონელი, ჩვენ კი გაძვალტყავებული, განაწამები ველით სიკვდილის დღეს… სხვაგან თურმე ცხოველსაც არ სტოვებენ უაქიმოთ, უწამლოთ, ჩვენში კი დიდებულნი ვერ ღირსებიან ქინაქინას. მეფისათვის ვერ აგვიშენებია ხეირიანი სასახლე და იქ თურმე უბრალო მოქალაქეთაც კი ორ-სამ სართულიანი სახლები აქვთ.
წერა და კითხვა არ ვიცით, ღმერთს ვერ შევვედრებივართ წესიერად!.. სხვაგან მდაბიონიც მეცნიერები ხდებიან, ჩვენში დიდებულები ხელის მოწერის მაგიერ საბუთზე ჯვარს ძლივს სვამენ…
სწავლა გვაკლია, ერთობა და მშვიდობიანი ცხოვრება; ესაა ჩვენი უბედურება… ქალაქში ნახშირი ვერ წაუღია კაცს, რომ გზაზე ორი მორჩილისათვის კაცი არ გაუკოჭონ სააღდგომო გოჭივით“ („ჟამთა სიავე“).
ამ მდგომარეობიდან თავდახსნა შეიძლება უკვე მომხდარის გაცნობიერებით, მისი დარღვევა-დაშლით და ახლის აღორძინებით. ნიკო ლორთქიფანიძის აზრით, ახალი აღორძინდება მაშინ, როცა მოხდება ცოდვის მონანიება, ანუ ყოველი კაცი შეიცნობს საკუთარ დანაშაულს და გამოისყიდის მას.
როგორც მკითხველს ახსოვს, ისეთი მხეციც კი, როგორიც ლევანია („მრისხანე ბატონი“), ჩაწვდება თავის დანაშაულს და ბერად აღიკვეცება. „დაყუდებული ბერი ყველას მორჩილებით, მორიდებით ეპყრობოდა. ჩიტები თამამად ჯდებოდნენ მის თავზე და ნისკარტს იწმენდნენ თმაზე. შველი წყალზე ჩამოსული ხელიდან ართმევდა ჭადის ნატეხს. მოხუცი კი ლოცულობდა ხატის წინ. განუწყვეტლივ კითხულობდა სახარებას; უფალს შენდობას ევედრებოდა ბალახის გადათელვისათვის, მზის სხივის შეურაცხყოფისათვის, ორიოდე ლუკმისათვის, რომელსაც შორი ახლოს უტოვებდნენ მცხოვრებნი“.
ასევე დღედაღამ ცოდვის გამოსყიდვაზე ფიქრობს იულონიც („ჟამთა სიავე“), რომელსაც დედა შემოაკვდა. მან იცის, რომ ამ დანაშაულს ხალხი არ აპატიებს. ამიტომ უნდა მონახოს გზა, რომელიც დაეხმარება მონანიებაში და შეამსუბუქებს სასჯელს.
მაგრამ ცოდვის მონანიება ორგვარია – პასიური და აქტიური. ლევანი პასიურად ინანიებს ცოდვას. იგი განდეგილობით ცდილობს დაადგეს კეთილის გზას. იულონი კი აქტიური საქმიანობის, ქვეყნის კეთილდღეობისათვის ბრძოლის გზით აპირებს ჩადენილი დანაშაულის მონანიებას. „…თავს დავდებ მთელი საქართველოსათვის და მხოლოდ შემდეგ წავალ მონასტერში“. იულონი იწყებს საქმიანობას საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიზნისათვის. თუ მოხერხდება საქართველოს გაერთიანება, ეროვნული მთლიანობა აღდგება, „მაშინ დაიბადება მეორე შოთა და აშენდება გელათი და სვეტიცხოველი“. მოხდება არა მარტო პოლიტიკური, არამედ კულტურული აღორძინებაც. ამისათვის თავის გადადება მადლია, რომელიც წარხოცავს ცოდვას.
ასეთი აქტიური მონანიების მომხრეა ნიკო ლორთქიფანიძე. იგი ქვეყნისა და ხალხის სამსახურს გულისხმობს და იმიტომ. აქ ღვიდება ოპტიმიზმისა და ისტორიული პერსპექტივის ნაპერწკალი. მაგრამ ნაპერწკალი ცეცხლად მაშინ აგიზგიზდება, როცა ერი არსებულს გააცნობიერებს და მკაფიოდ ჩამოაყალიბებს თავის ისტორიულ ვალსა და მისიას კაცობრიობის წინაშე: აქტიურად იბრძოლებს მის განსახორციელებლად; წარსული ისტორიაც სევდის აღმძვრელი კი აღარ იქნება, არამედ – შემოქმედებითი ენერგიისა.