მისია და პრინციპები

ჩვენი მისიაა აკაკი ბაქრაძის მწერლობისა და იდეების გავრცელება საზოგადოებაში და მომავალი ლიდერების აღზრდა მისი პრინციპებით: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებითა და მისი დაცვის ვალდებულების გრძნობით; ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნებით; ერის ისტორიული გამოცდილების სიღრმისეულად გააზრებით; და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრაგმატული, თანდათანობითი და თვითდამოკიდებული გზით.

დღესდღეობით, საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება ასეთი ლიდერების ნაკლებობას განიცდის. აკაკი ბაქრაძის სიბრძნე და ზნეობრივი სიმტკიცე გვთავაზობს ინტელექტუალურ და მორალურ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოებისა და ლიდერობის არსებული კრიზისის გადასაჭრელად. ილია ჭავჭავაძის შემდეგ, არცერთ ქართველ მოღვაწეს არ გამოუხატავს ასე სწორად, სიღრმისეულად და ღირსეულად ის, თუ ვინ ვართ ქართველი ერი, რა არის ჩვენი იდენტობა და ღირებულებები, რა არის ჩვენი უნიკალური კულტურული წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში, სად არის ჩვენი სირთულეების სათავე – როგორც შინაგანად, ჩვენს საზოგადოებაში, ისე გარედან, ჩვენ ირგვლივ არსებულ საფრთხეებში – და რა არის საჭირო უკეთესი მომავლის ასაშენებლად.

სამწუხაროდ, მაშინ, როცა აკაკი ბაქრაძის იდეები განსაკუთრებით საჭიროა, მისი ნაშრომები თითქმის უცნობია საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და ხელმიუწვდომელია ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არა მხოლოდ უსამართლობაა ამ დიდი ადამიანის და მისი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის მიმართ, არამედ უდიდესი დანაკარგია ქვეყნის მომავლისთვის.

ამ რწმენის საფუძველზე, ჩვენი საქმიანობა ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს: პირველი, აკაკი ბაქრაძის აზრების დაბრუნება საჯარო დისკუსიებში ქართული იდენტობის, მემკვიდრეობის, ისტორიული გამოცდილებისა და დემოკრატიული განვითარების შესახებ; და მეორე, ინტელექტუალური და მორალური თვისებებით გამორჩეული სტუდენტების აღმოჩენა, მათთვის ცოდნის გაზიარება, და მხარდაჭერა მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

ჩვენ გვჯერა, რომ მისი პრინციპები და იდეები შეიძლება იქცეს გზამკვლევად და შთაგონებად როგორც მოქალაქეების, ისე მომავალი თაობის ლიდერებისთვის.

საზოგადოების პრინციპები დაფუძნებულია აკაკი ბაქრაძის იდეებზე. უპირველეს ყოვლისა, გვწამს, რომ ქართული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაფასება და დაცვა არა მხოლოდ მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სიძლიერის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თანამედროვე დისკურსში, დემოკრატიული განვითარება და იდენტობისა და კულტურის დაცვა ხშირად გამოითქმის, როგორც წინააღმდეგობრივი მიზნები და ღირებულებები. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და პირიქით – გვჯერა, რომ დემოკრატია ადამიანის ღირსების დაცვის საფუძველია და სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტები და ნორმები ქმნის პირობებს ჩვენი კულტურისა და იდენტობის დასაფასებლად და დასაცავად.

ქართული იდენტობის და კულტურული მემკვიდრეობის დაფასება და დაცვა არა მხოლოდ მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, არამედ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სიძლიერისთვის;

დემოკრატიული ინსტიტუტები უძლიერესი საფუძველია როგორც ადამიანის ღირსების დასაცავად, ისე საქართველოს ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად;

ეროვნული განვითარება და აღორძინება დამოკიდებულია ზნეობრივ ლიდერებზე, ისევე, როგორც მათ ეროვნულ შეგნებასა და სახელმწიფო აზროვნებაზე;

წარსულის სიღრმისეულად შესწავლა და გააზრება აუცილებელია, რომ სწორად განვსაზღვროთ, საიდან მოვედით, რა შეცდომები დავუშვით, სად ვართ და საით უნდა წავიდეთ მომავალში;

არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მანკიერებების ცივი გონებით დანახვას, აღიარებასა და მათთან ბრძოლას;

საქართველოს მომავალი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის პასუხისმგებლობაა და უნდა დაეფუძნოს მათ ნიჭს, ენერგიასა და თვითრწმენას;

ჭეშმარიტი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ თანდათანობით, პრაგმატულობითა და გრძელვადიანი გეგმით, რაც ითვალისწინებს და შეესაბამება საზოგადოების რეალურ საჭიროებებსა და მის შესაძლებლობებს;

წარსული უნდა გვახსოვდეს, მაგრამ მისით სიამაყემ არ უნდა გაგვაჩეროს ერთ ადგილას; ჩვენი მზერა, ფიქრი და მოქმედება მუდამ განახლებისა და მომავლისაკენ უნდა იყოს მიმართული.