მხოლოდ გამარჯვება 

არც აქამლდე იყო რაიმე საეჭვო, მაგრამ დღეის ამას იქით, ყველაზე ურწმუნო თომამაც უნდა დაიჯეროს, რომ ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთში მიმდინარე ომი მოწყობილია რუსეთის მიერ. ამის გაცნობიერებამ ქართველში შიში, სასოწარკვეთილება და ისტერია არ უნდა გამოიწვიოს. თუ ხალხი ერთ მუშტად არის შეკრული, ყველაზე მცირერიცხოვანი ერიც კი მოახერხებს უძლიერესი მტრის დამარცხებას. ამის მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში რამდენიც გნებავთ იმდენია. 

ახლა ჩვენში ხშირად გაიგონებთ ყველა ომი, ბოლოს და ბოლოს, სამშვიდობო მოლაპარაკებით მთავრდებაო. ამდენად, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უნდა ვიზრუნოთო. მართალია, მაგრამ ომი სამშვიდობო მოლაპარაკებით მთავრდება იმის მერე, როცა ერთერთი მხარე დამარცხდება. მეორე მსოფლიო ომიც სამშვიდობო მოლაპარაკებით დამთავრდა, მაგრამ იმის შემდგომ, რაც გერმანია და იაპონია დამარცხდნენ. საქართველო-რუსეთის ომიც სამშვიდობო მოლაპარაკებით დამთავრდება, მაგრამ იმის მერე, როცა ერთერთი მხარე ომს წააგებს. 

ამ ომში ქართველმა ხალხმა საქართველოს დამარცხება არამც და არამც არ უნდა დაუშვას. ეს არ იქნება ჩვენი უბრალო დაჯაბნა. ეს იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მოსპობა და ქართველი ხალხის, როგორც ერის გადაშენების დასაწყისი. უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი დღეს არ აპირებს საქართველოს დაპყრობას ისე, როგორც ეს გააკეთა მან 1801 და 1921 წლებში. მას უფრო მზაკვრული და ვერაგული მიზანი აქვს: დაშალოს, დააქუცმაცოს, დაანაწილოს საქართველო. ჩააგდოს იმ დღეში, როგორშიაც იყო მე-18 საუკუნეში, ანუ მანამდე, სანამ რუსეთის მმართველობა დამკვიდრდებოდა ჩვენში. ამას რუსეთი შურისძიების მიზნით აკეთებს. 

რუსეთი გაბოროტებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ დაეშალა უზარმაზარი იმპერია, რომელსაც იგი ვერასოდეს აღადგენს. ზესახელმწიფოდან გადაიქცა ჩვეულებრივ რიგით ქვეყნად. 

მეორეც იმიტომ, რამდენიც უნდა ეცადოს რუსეთი გადარჩენას, მისი სახელმწიფოს რღვევა მაინც გაგრძელდება. რუსეთის ფედერაციაც ისევე დაიშლება, როგორც დაიშალა სსრკ. 

მესამეც იმიტომ, რომ მოსკოვმა ზედმიწევნით იცის: თუ საქართველო იქნება ეკონომიკურად და პოლიტიკურად აღორძინებული, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი, რუსეთი ვერასგზით ვერ შეინარჩუნებს კავკასიას, ვერც ამიერს და ვერც იმიერს. 

მეოთხეც იმიტომ, რომ რუსეთს  – ბატონს – არ სურს ყმას – საქართველოს – აპატიოს თავისუფლებისმოყვარეობა, დამოუკიდებლობის სურვილი. მოგეხსენებათ, ყოველი ბატონი თმა-წვერს იგლეჯს, ყმა თუ გაექცა. 

ამიტომ საქართველო უნდა დაისაჯოს. იგი უნდა დაიშალოს, გაღატაკდეს, დაუძლურდეს. ეს რომ მოხდეს, რუსეთმა ყველა საშუალებას უნდა მიმართოს ომს, ეკონომიკური დივერსიას, ნარკოტიკების შემოზიდვას, ქურდ-ბაცაცების, ყაჩაღების, ავაზაკების თოფ-იარაღით მომარაგებას, ერთმანეთს წაკიდებული პოლიტიკური ორგანიზაციების მალულად დაფინანსებას, დესტაბილიზაციას, საბოტაჟს, ცილისწამებას, ჭორების გავრცელებას, ერთი სიტყვით, ყოველგვარ ზნედაცემუოლბას და სისაძაგლეს. 

ეს ახალი არ გახლავთ. ამ გზებს, მეთოდებს, საშუალებებს რუსეთი უკვე მე-18 საუკუნიდან ამუშავებს, მარტო ის რად ღირს, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა 1795 წელს რუსეთის მიერ იყო დაფინანსებული. თუმცა ახლა ისეთი შორეული ისტორიული ექსკურსის დრო და ადგილი არ არის. არც 1921 წლის შემდეგ დავიწყებია რუსეთს ძველი მრავალნაცადი ხერხი და ილეთი. რამდენჯერ თქმულა და ისევ გავიმეორებ: 20-იან წლებში აფხაზეთის აო და სამხრეთ ოსეთის აო იმიტომ, შეიქმნა, რომ მაშინვე აფეთქებულიყო, როგორც კი საქართველო დამოუკიდელობას მოიწადინებდა და აკი აფეთქდა კიდეც. 

ვინც ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის აო რომ არ გაეუქმებინათ, შიდა ქართლში ომი არ დაიწყებოდა, იგი უფრო მწარედ რომ არ ვთქვა, მიამიტია და პოლიტიკის ინჩიბინჩი არ ეყურება. 

ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდა, ქართული ჯარის გადაადგილება რომ არ მომხდარიყო, ისიც გულუბრყვილოა და პოლიტიკის უმეცარი. 

ომი, როგორც უკვე ითქვა, ჯერ კიდევ 1921 წელს იყო დაგეგმილი და ყველა ვითარებაში დაიწყებოდა, რაკი საქართველო რუსეთს ჩამოსცილდა და დამოუკიდებელი გახდა. 

გაუპატიურებული ქალის მოთმინებით რომ შეხვედროდა საქართველო შეურაცხყოფას, დამცირებას და დაჩაგვრას, როგორც შიდა ქართლის, ისე აფხაზეთის ომი მაინც დაიწყებოდა, რადგან ეს რუსეთისათვის აუცილებელი იყო საქართველოს ასაწიოკებლად. 

ეს ყველაფერი კარგად და ნათლად უნდა გავიცნობიეროთ, ავწონ-დავწონოთ და ისე მოვიქცეთ, როგორც დრო-ჟამს შეეფერება. ვითარება კი ქართველებისაგან ომის მოგებას მოითხოვს. მაგრამ ომს მარტო ჯარისკაცები არ იგებენ. ომს მთელი ერი იგებს, ერთი მიზნით, ერთი ნებით შეერთებული და შეკავშირებული. 

ვინც დღეს იპარავს, შარაგზაზე ყაჩაღობს, მოსახლეობას ძარცვავს, მარტო სისხლის სამართლის დამნაშავე არ არის. იგი ქვეყნის ძლიერებას ძირს უთხრის და ისე უნდა დაისაჯოს, როგორც ამას ომის კანონი მოითხოვს. 

ვინც დღეს პარტიულ-პოლიტიკურ კინკლაობისაკენ მოუწოდებს, განხეთქილებას და შუღლს თესავს, უბრალო ბრიყვი არ არის. იგი, ნებით თუ უნებლიეთ, ქვეყნის ძლიერებას ძირს უთხრის და ისე უნდა დაისაჯოს, როგორც ამას ომის კანონი მოითხოვს. 

ვინც დღეს პარტიულ-პოლიტიკურ კინკლაობისაკენ მოუწოდებს, განხეთქილებას და შუღლს თესავს, უბრალო ბრიყვი არ არის. იგი, ნებით თუ უნებლიეთ, ქვეყნის ძლიერებას ძირს უთხრის და ისე უნდა დაისაჯოს, როგორც ამას ომის კანონი მოითხოვს. 

ვინც დღეს არ შრომობს, მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს, საბოტაჟს ეწევა, მჩოდარობს ჯიბეს ისქელებს, მაქინატორობს, თაღლითობს და ყალთაბანდობს, მარტო არამზადა და სინდის-ნამუსგარეცხილი არ არის, იგი ქვეყნის ძლიერებას ძირს უთხრის და ისე უნდა დაისაჯოს, როგორც ამას ომის კანონი მოითხოვს. 

ახლა საქართველოს ერთიანობა, დისციპლინა, წესრიგი და თავდადება სჭირდება. ამას მარტო ხელისუფლება ვერ მოახერხებს. ეს მთელი ქართველი ერის სულის მოთხოვნილებად და შეგნებად უნ-და იქცეს. თუ ამას მივაღწიოთ, რუსეთი კი არა, ვერარა ძალა ვერ დაგვამარცხებს. თუ ჩვენ გავაგრძელეთ ჩვეული ლაზღანდარობა, ჩიტირეკიაობა, შარახვეტიაობა, სუფრულ-თამადური ბლოყინსიტყვაობა, მაშინ უმძიმესი მომავალი გველის. 

მხოლოდ გამარჯვება! 

1993 წ., ივლისი