მწარე სინამდვილე
დღეს საქართველოში სიტყვის, გინდ დაბეჭდილს, გინდ ზეპირად თქმულს, ღირებულება, ფასი, მნიშვნელობა დაეკარგა.
მოგეხსენებათ, კომუნისტური რეჟიმის დროს სიტყვას კრძალავდნენ, თუ ხელისუფლებისათვის არასასურველად მიიჩნევდნენ. აკრძალვა შეეძლო რიგით ცენზორსაც და საგანგებო სამთავრობო დადგენილებასაც. თუ, ერთი მხრივ, ეს იმას ნიშნავდა, რომ აზრი ციხეში იჯდა და გარეთ თავის გამოყოფა არ შეეძლო, მეორე მხრივ, იმის მაუწყებელიც იყო, რომ ხელისუფლებას სიტყვის ეშინოდა, მის ძალას აფასებდა, მისი ერიდებოდა. ამიტომ სიტყვას ღირსება შენარჩუნებული ჰქონდა.
პოსტკომუნისტურ საქართველოში ცენზურა, ზედამხედველობა აღარ არსებობს. ყველაფერი იბეჭდება – დედის გინებით დაწყებული პოეზიით დამთავრებული (თუ ფულს გადაიხდი, რა თქმა უნდა). მაგრამ სიტყვას ღირსება დაეკარგა, გაბითურებულია და გაპამპულებული.
სიტყვა თანაბრად გაუფასურდა ხელისუფლებისა და ხალხის თვალში.
ხელისუფლების დამოკიდებულება სიტყვისადმი ასე შეიძლება გამოვხატოთ: წერე და იკითხე, რამდენიც გინდა. ყურებზე ხახვი არ დამაჭრა.
დაბეჭდილ სიტყვას ხელისუფლებისათვის ტუალეტის ქაღალდისოდენა ფასიც არა აქვს.
ყველაზე სავალალო ის არის, რომ ხალხიც აბუჩად იგდებს სიტყვას. ეს გამოიწვია იმან, რომ ტყუილი ტოტალურად გაბატონდა. სიცრუე არც კომუნისტური რეჟიმის დროს აკლდა ხალხს, მაგრამ ამ რეჟიმის დამხობის მერე ტყუილი გაათმაგდა, გაასმაგდა. ტყუის ყველა – ხელისუფლება, ოპოზიცია, მასმედია, კერძო პირი თუ საზოგადოებრივი გაერთიანებანი. საუბედუროდ, ტყუილი ჩვენი ტრადიციული სენია. „მთვარის მოტაცებაში“ კონსტანტინე გამსახურდია ამბობს:
„მე არ ვუთხარი, რა თქმა უნდა, უცხოელს, ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში ყოველი მესამე კაცი რომ ტყუის. „გატყუებენ, როცა გპირდებიან რამეს, ან დროს დაგინიშნავენ და შეგიპირებენ, ამბავს მოგითხრობენ „საკუთარი თვალით ნახულს და საკუთარიყურით განაგონს“. ტყუის რომელიმე მწერალი ან მეცნიერი, თავადაც სჯერა, რომ ტყუის და შენ კი ფული უნდა გადაიხადო მისი სიცრუისათვის“.
ასეთ ქვეანაში რა გასაკვირია ხელისუფლებაც ტყუოდეს და ოპოზიციაც?!
ტყუილების გრძელი ჯაჭვის ერთი რგოლია ის სიცრუეც, რომელიც აფხაზეთსა და შიდა ქართლის იმ ნაწილს უკავშირდება, რომელსაც კომუნისტებმა „სამხრეთ ოსეთი“ უწოდეს და ოსებს აჩუქეს. ერთხელ უკვე ვთქვი (იხ. „დილის გაზეთი“, 1996 წ., No195) და, თუ საჭიროა, კიდევ გავიმეორებ:
საქართველო ვერ დაიბრუნებს ვერც აფხაზეთს და ვერც ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“. ვერც დევნილებს დააბრუნებენ შინ, საკუთარ მიწა-წყალზე და სახლ-კარში.
მწარეა ეს, რასაც ვამბობ, ძალიან მწარე, მაგრამ სიმართლეა. ეს დაამტკიცა განვლილმა დრომაც და დღევანდელმა ვითარებამაც.
რატომ ვერ დაიბრუნებს საქართველო საკუთარ ტერიტორიას? ამას ბევრი ხელისშემშლელი მიზეზი აქვს. ზოგიერთს ჩამოვთვლი.
პირველი: მართალია, სსრკ-ად წოდებული რუსეთის იმპერია დაიშალა, მაგრამ რუსეთი ამას არ ეგუება და ისევ ებღაუჭება მისი აღდგენის უნიადაგო ოცნებას. თუ იმპერიას ძველი სახით ვერ ააღორძინებენ, ახალ ფორმას მოძებნიან. მაგალითად, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს, ძველქართულ პოლიტიკურ ტერმინს თუ ვიხმართ, აქცევენ „ყმადნაფიცი ქვეყნებად“. იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის „ყმადნაფიცი ქვეყანა“ იყოს, აუცილებელია რუსეთს საქართველოში ჰქონდეს საყრდენი ბურჯები. ამ საყრდენი ბურჯების როლი აფხაზეთმა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთმა“ უნდა აღასრულონ. ამდენად, რუსეთი ყოველგვარად და ყოველნაირად შეუშლის ხელს საქართველოსათვის აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნებას. ამას რუსეთი არასოდეს გააკეთებს, სულერთია, ვინ იქნება რუსეთის სათავეში, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება მმართველი. მთელი კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს „ყმადნაფიც ქვეყნად“ ქცევა რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკური მიზანი და ამოცანაა. ამ მიზანსა და ამოცანას უნდა ემსახუროს ყველა, ვინც რუსეთის ტახტზე დაჯდება. საქართველოს მოამაგე რუსეთი ზღაპარი იყო წარსულშიც, ზღაპარია დღესაც და ზღაპარი იქნება მომავალშიც.
სსრკ-ის დაშლამ კვლავ წარმოშვა პრობლემა – ვის დარჩება კავკასია? ვისი „ყმადნაფიცი ქვეყანა“ იქნება იგი – რუსეთისა თუ თურქეთის? თუ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ წავა კავკასიიდან, ვინ დაიჭერს მის ადგილს?
ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ განთავისუფლებული ადგილის დაჭერა თურქეთს სურს. მას მერე, რაც თურქებმა ბიზანტიის იმპერია მოსპეს და მისი ტერიტორია დაიკავეს, შავი ზღვა მათ საკუთარ ტბად მიაჩნდათ და კავკასია ოსმალთა იმპერიის ნაწილად. მერე, როცა რუსეთის იმპერია გაძლიერდა, თურქთა პარპაშს ბოლო მოეღო. შავი ზღვაც და კავკასიაც რუსეთის ხელში გადავიდა. დასუსტებული თურქეთი იძულებული გახდა შეჰგუებოდა რუსეთის ბატონობას. მე-20 საუკუნის ბოლოს ვითარება შეიცვალა. რუსეთის იმპერია დაბერდა და დაჩაჩანაკდა. რღვევა-დაშლის გზას დაადგა. თურქეთისათვის რევანშის ეპოქა დადგა. ამას, ცხადია, თურქეთი ხელიდან არ გაუშვებს.
ამ ვითარებაში სუსტი, გაძვალტყავებული, ტიკინასავით სათამაშო საქართველო თურქეთისათვის მეტისმეტად ხელსაყრელია. ამიტომ, საქართველოს გაძლიერებას, ტერიტორიულ გამთლიანებას იგი არ დაუშვებს. თურქეთი ვერ აიტანს იმას, რომ საქართველომ, თუნდაც მცირე, მეტოქეობა გაუწიოს თურქეთს კავკასიაში. ამასთან ერთად, აფხაზეთი კარებია, რომლითაც თურქეთი ჩრდილოეთ კავკასიაში შედის. ბუნებრივია, რომ თურქეთს დიდი სურვილი აქვს ამ კარების პატრონი იყოს.
მესამე ძალაც არსებობს, რომელსაც არ სურს აფხაზეთი დაუბრუნდეს საქართველოს. ეს ძალაა ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები. ჩრდილო-კავკასიელები შემთხვევით არ ომობდნენ აფხაზთა მხარეს საქართველოს წინააღმდეგ. მათაც თავიანთი მიზანი და ამოცანა აქვთ. ჩეჩნეთში მომხდარმა ამბებმა, იმან, რაც ახლა დაღესტანში ხდება, ცხადჰყვეს, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთი იძულებული იქნება სამუდამოდ დატოვოს კავკასია. იმიერკავკასიაში რაღაც ახალი სახელმწიფოებრივი გაერთიანება ჩამოყალიბდება. ამ სახელმწიფოს შავ ზღვაზე გასასვლელი კარებიც დასჭირდება და თურქეთთან უშუალო ურთიერთობაც. კავკასიიდან წასული რუსეთი, ცხადია, სოჭი-ტუაფსე-ნოვოროსისკის ხაზს არ დათმობს. მით უფრო, რომ ამ ზოლში მთლიანად რუსული მოსახლეობა ცხოვრობს. ამ ზოლში ჩრდილოკავკასიურ სახელმწიფოს გასასვლელი არ ექნება. დარჩა ერთადერთი გასასვლელი – საქართველოსათვის წართმეული აფხაზეთი. ამდენად, არც ჩრდილოეთკავკასია დაუშვებს იმას, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდეს.
რით შეუძლია დღევანდელ საქართველოს დაუპირისპირდეს ამ სამ უდიდეს ძალას? არაფრით.
ეკონომიკური-ფინანსური თვალსაზრისით საქართველო უძლური, ღარიბ-ღატაკი ქვეყანაა. სულს ძლივს იბრუნებს ნასესხები ფულით (რა საშინელი ბედი ელის საქართველოს ამ ვალების გამო, ეს ცალკე საუბრის თემაა).
ასევე სრულიად უძლური და უსუსურია საქართველო სამხედრო კუთხითაც. არ გვყავს არმია. არ გვაქვს სამხედრო მრეწველობა. ამის შექმნას დროც უნდა, ფულიც და ის ადამიანებიც, ვინც ამას შესძლებს. ჯერჯერობით არც ერთი ჩანს, არც მეორე და არც მესამე.
ყველაზე თავზარდამცემი ის არის, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არა აქვს იდეა – რატომ არსებობს იგი, რა მიზნით და რა ამოცანით. თუ აფხაზები და ოსები გააფთრებული გვიტევენ და გვეუბნებიან – მანამ ვერ მოვისვენებთ, სანამ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მიწა-წყალზე პირწმინდად არ მოვსპობთ, არ გავჟუჟავთ და ქართველების სისხლით არ გავძღებთ, ჩვენ ვაგრძელებთ კომუნისტურ თვალთმაქცობას და ფარისევლურ ლაპარაკს: ჩვენ ძმები ვართ, რაკი ერთად ვცხოვრობდით და მომავალშიც ასე იქნება, საუკუნოვან ჩვენს მეგობრობას ვერაფერი მოერევა. ჩვენი თვალთმაქცობა-ფარისევლობის არც აფხაზს სჯერა, არც ოსს, არც „შუამავლად“ არჩეულ რუსს თუ ევროპელ-ამერიკელებს. ამ თვალთმაქცობისა და ფარისევლობისათვის ყველა ზიზღით გვიყურებს.
რაც დღეს ხდება, ძველი ამბავია. აფხაზეთის წართმევა საქართველოსათვის ბიზანტიელებსაც უნდოდათ, თურქებსაც და რუსებსაც. გვართმევდნენ კიდეც, როცა ამის ძალა ჰქონდათ. ჩვენც ვიბრუნებდით, როცა მოვღონიერდებოდით.
ოსებს ყოველთვის სურდათ ქართული მიწა-წყლის დაპყრობა. „ქართლის ცხოვრება“ სავსეა ამის ფაქტებით. მარტო ვახტანგ გორგასლისა და გიორგი ბრწყინვალის ბრძოლის გახსენება კმარა ოსთა წინააღმდეგ. ახლა მათი ოცნების ასასრულებლად ხელსაყრელი დრო დადგა. ისინიც იყენებენ ამას. ჩვენ ამ სიმართლეს არც შინაურს ვეუბნებით და არც გარეულს. Вот придет барин – барин нас рассудит.. ისიც ვიცით, რომ საქართველოს სასარგებლოდ არავინ არაფერს განსჯის, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ საქართველოში ამჟამად რეალურად არ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მოვლა-პატრონობა. ეს პოლიტიკური ძალა არ არის არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში. მართალია, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აკრიტიკებს, ერთმანეთზე კბილებს ილესავს, არც გადაბრალება-გადმობრალებას უჩანს ბოლო, მაგრამ ისიც დღესავით ნათელია, ცხადია და მკაფიო, რომ ორივე მხარე, ქვეყნის მოვლა-პატრონობის საქმეში, ერთნაირად და თანაბრად უნიჭო, უუნარო და უსუსურია. ერთნაირად და თანაბრად უძლურია გადაწყვიტოს უთვალავი პრობლემა, რაც საქართველოს თავს დაატყდა.
ადრე თუ გვიან, დღევანდელი ხელისუფლება შეიცვლება. მარადიული არაფერია ამქვეყნად, მაგრამ თავსატეხი ის გახლავთ – ვინ და როგორი ხელისუფლება მოვა. ისე ხომ არ მოხდება, როგორც ანდაზაშია ნათქვამი – თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სასარგებლო ვერა ვნახე. ვაი, რომ ასე იქნება. ამიტომ, ნუ მოვატყუებთ ისედაც გაუბედურებულ ხალხს. ვუთხრათ მწარე სიმართლე: საქართველო ვეღარ დაიბრუნებს აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ (ღმერთს ის ვევედროთ, სხვა კუთხეებიც არ დავკარგოთ, რადგან ამის სრულიად რეალური საშიშროება არსებობს)… ვერც დევნილებს დავაბრუნებთ შინ. ამ მწარე სინამდვილის გათვალისწინებით უნდა გამოიძებნოს დევნილთა შველის გზა.
ისიც გასაგებია, რომ რაც ვთქვი, იმას არავინ დაიჯერებს. მწარე გამოცდილებით ვიცი ეს. სხვა დროსაც მითქვამს, ასე იქნება-მეთქი, მაგრამ ყურსა ბამბისასა… თავი არავის შეუწუხებია, არც დაზარალებულს და არც დამზარალებელს. ახლაც ასე იქნება, მაგრამ მაინც უნდა გაგაფრთხილოთ: მიუხედავად ჩვენი მწირი გონებრივი შესაძლებლობისა, საქართველოს ბედ-იღბალზე უფრო სერიოზულად დავფიქრდეთ და ღომის ქვაბთან ახლოს ჯდომის გულისავის ერთმანეთის ცემა-ტყეპა შევწყვიტოთ.
1998 6.