„მთვარის მოტაცება“ ეპოქის სიკვდილი

კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცებაში“ აღწერილი ამბები ძირითადად ერთი წლის მანძილზე ხდება – 1931 წლის აპრილიდან 1932 წლის აპრილამდე. ზოგიერთი რეტროსპექციული უკანდახევა (მაგალითად, თარაშ ემხვარის დღიურში ნაამბობი) არ ცვლის დროის საკითხს. მართალია, ამ დროს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების არსებობა ათ წელს ითვლიდა, მაგრამ დამარცხებული ეპოქის სიკვდილი გრძელდებოდა. როგორც ვიცით, დამარცხება ჯერ კიდევ არ არის სიკვდილი. დამარცხებულს, თუკი მას სასიცოცხლო ენერგია კიდევ აქვს შენარჩუნებული, ისევ შეუძლია ძალა მოიკრიბოს და გამარჯვებულს ხელმეორედ შეებას. ვინ იცის, ამ მეორედ შერკინების დროს, დამარცხებულმა გაიმარჯვოს და გამარჯვებული დამარცხდეს. მაგრამ 30-იან წლებში საქმე ასე საჭოჭმანოდ უკვე აღარ იყო: 1921 წლის თებერვალში დამარცხებული ეპოქა საბოლოოდ სულს ღაფავდა, მეორედ შებრძოლების თავი და ენერგია მას უკვე აღარ ჰქონდა. ერთადერთი, რაც დამარცხებულ ეპოქას დარჩენოდა, სიკვდილი იყო და ისიც კვდებოდა.

მაგრამ ეპოქა განყენებული, ცარიელი ცნება არ არის. ეპოქა ადამიანებია, საგნებია, შეხედულებათა სისტემაა, ადამიანთა შორის კავშირია. და როცა ეპოქა კვდება, მასთან ერთად ირღვევა და კვდება ყველაფერი ეს. სიკვდილი კი ყოველთვის აღიქმება, როგორც ტრაგედია, რადგან არყოფნაში გადადის ის, რაც ცოცხალი იყო, რაც არსებობდა თავის ავითა და კარგით, რასთანაც დაკავშირებული იყო ადამიანთა ბედი. ეპოქის სიკვდილი ტრაგიკულია მით უმეტეს, რომ კვდება არა მარტო ის, რაც უვარგისი და მახინჯია, არამედ ხშირად ისიც, რაც ვარგისი და მშვენიერია.

ეპოქის სიკვდილი გრძელი, რთული და მრავალფეროვანი პროცესია. ამ პროცესის გადმოსაცემად „მთვარის მოტაცებაში“ მრავალი ადამიანის სიკვდილია აღწერილი. როგორც სხვადასხვაგვარი იყო მათი ცხოვრების ფორმები, ასევე სხვადასხვაგვარი იყო მათი სიკვდილიც.

გულმშვიდად, თავმოდრეკილი შეეგება სიკვდილს მაია ემხვარი. „მაია ოქტომბერში გაცივდა, შაბათ საღამოს ილოცა, ჩაწვა ლოგინში და მეორე დღეს მკვდარი იპოვნა ცირუნიამ იგი“. „მივედი დილით, დიდხანს ვაღვიძე. ადექი-მეთქი სულე, ხმა არ გაიღო, ნათელი დაადგა მის სულს, ისე სპეტაკად და კოხტად ეძინა, როგორც მას სჩვეოდა, ნათელი დაადგა მის სულს“ (ტ. 3, გვ. 177).

მაია ემხვარს არც ძალა შესწევდა და არც სურვილი ჰქონდა თავისი კლასის გადარჩენისათვის ებრძოლა. მას უცხოეთში გადახვეწილი ქმრისა და შვილის ბედი აწუხებდა. თუკი მისი თარაში ბედნიერი იქნებოდა, იგი არას დაგიდევდათ ვარდანიძე-ემხვარების გვარის კლასობრივ ტრაგედიას. მისი არსება შვილის სიყვარულით ცხოვრობდა და არაფერი აკავშირებდა – არც მტრობა, არც სიძულვილი, არც მოყვრობა და არც სიყვარული იმ სოციალურ ძვრებთან, რაც 20-იან წლების საქართველოში მოხდა. იგი, დადიანის ასული და ემხვარის ცოლი, ლოპინარის წვენით ირჩენდა თავს, ოღონდ მისი თარაში კარგად ყოფილიყო და, როცა თარაშ ემხვარის სიცოცხლის გზა გაურკვევლად დაინისლა, მაია ემხვარის სული იმქვეყნად წაბრძანდა, რადგან მას ამ ქვეყანასთან აღარაფერი აკავშირებდა. მაიასებრ უდრტვინველად მიიცვალა ბიძია ქაიხოსროც: „ძია ქაიხოსრო ფერისცვალების დღეს მისულიყო მაიას სანახავად. ცირუნიას ახლად ნაკურთხი ყურძენი მიერთმია, სადილობისას ქათმის ერთი ბარკალი შეუჭამია ბიძია ქაიხოსროს, ერთი ჭიქა ღვინო დაულევია, ერთი მარცვალი უგემნია მწიფე ყურძნისა… მერმე ემანდ მუთაქაზე მიეძინა ბედშავს და სული ზედ არ აყოლია უხანოს“ (ტ. 2, გვ. 239). ეს ორი ადამიანი ლანდივით გაჰყვა თავის ეპოქას, რადგან სხვა ცხოვრებას მათთვის დანიშნულება და აზრი არ ჰქონდა.

ნოშრევან ფარჯანიანი დამარცხებას შეგუებოდა, რადგან დამარცხება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღირსების ჩამორთმევას. ამასთანავე ღირსებას იგი მწარე იუმორითაც ინარჩუნებდა. ამით იგი უპირატესობის შეგნებას არ კარგავდა. მაგრამ მისთვის ყველაფერი გათავდა, როცა დაამცირეს, როცა მისი ქალი ანული უგვარო მანჯგალაძეს მისთხოვდა. დამარცხება და დამცირება ბერიკაცმა ერთად ვეღარ აიტანა და თავი მოიკლა, რადგან ბრძოლისათვის არავის მოუმზადებია იგი და მასაც არასოდეს უფიქრია ამაზე. მისი სიკვდილი უძლურების პროტესტი იყო.

ასეთივე უძლურების მაჩვენებელია ქორა მახვშის სიკვდილიც. არამარტო თვისებები და ხასიათი ქორა მახვშისა, არამედ მისი გარეგნობაც გარკვეული ეპოქის გამომხატველია. „იგავ-მიუწვდენელი დიდებულება გამოკრთოდა მის პატრიარქალურ წვერებსა და მდევურ გარეგნობაში. აღმოსავლეთში წარმოუდგენელია ამ ომახიანობის გარეშე რომელიმე ტომის, თემის, ან გვარის მეთაურობა. ღრმა მიხრწნილებაში გადასულ მოხუცს საოცრად მოვლილი თმაწვერი მოსავდა. ეს იყო წვერ-ულვაში ტუჩპირის გარშემო შეყვითლებოდა. დამწვარი ვერცხლით შემკული სატევარი ორი ხელის დადება იქნებოდა. ხოლო ქამარი, ქამარს ნუღარ იკითხავთ. ზღვის კიმილებისდარი ვერცხლის ფიგურები მიჯრით მიწყობილად გარს ევლებოდა ქამარს და გვერდებში საქონეები, საწამლეები და სალეკურე ეკიდა. თაგვისფერი ჩოხა ეცვა მახვშს და ამავე ფერის პაჭიჭები სვანურ ჯაბრალებამდის სწვდებოდა“ (ტ. 3, გვ. 37).

ქორა მახვში განუყრელად, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად შერწყმია თავის დროს. ცხადია, როცა დრო გამოიცვლება, დაწყდება და მოკვდება ქორა მახვშის ყველა სასიცოცხლო ძარღვი. დროს გამოცვლა არ ნიშნავს სოციალიზმის სიტყვიერ აღიარებას. ამიტომ მახვში გულმშვიდად იტანს ორ კომკავშირელს – შვილიშვილ საურს და სტუმარ არზაყან ზვამბაიას. ამათი არსებობა ჯერ-ჯერობით ნომინალურად ნიშნავს ახალ დროს. მაგრამ როცა მოვა გზა, მაშინ კი შეიცვლება დრო, რადგან გზას მოჰყვება სხვა რწმენა, სხვა საგნები, სხვა ზნე-ჩვეულება, სხვა წესი ცხოვრებისა. ამას საოცარი გამჭრიახობით გრძნობს ბერიკაცი: „როდესაც გზა ჩემ კოშკამდის მოვა, მე აღარ მინდა ვიცოცხლო“ (ტ. 3, გვ. 90). იგი ბიბლიური სიმშვიდით ელის სიკვდილს, რადგან მისთვის სიკვდილი შვებაა გარდაუვალის წინაშე. იგი მართლაც იმ დღეს მოკვდა, როცა გზის მშენებლებმა ლაღუმები ნაწისქვილართან ააფეთქეს და ლაფარიანების კოშკს მიადგნენ. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ქორა მახვშს სურვილი და წინასწარმეტყველება აუხდა, არამედ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, სიმბოლურად იმ დღესვე მოკვდა ძველი ეპოქა სვანეთში და მეორეც, ქორა მახვშში ადამიანი და დრო შერწყმულიყო და ერთარსებად ქცეულიყო. მათი გათიშვა შეუძლებელიყო.

ქორა მახვშის სიკვდილი ტრაგედიაა იმ კაცისა, ვისაც სიკვდილი დაუგვიანდა, რადგან თავის დროზე სიკვდილი ბედნიერების ერთ-ერთი სახეობა ყოფილა. ლაფარიანების მახვშმა მისთვის განკუთვნილი ეპოქის სამანს გადააბიჯა და სიცარიელეში აღმოჩნდა. ყველაფერი, რითაც თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს, რასაც შეჩვეულია იგი, იქნება ეს თვითმფრინავი, გემი თუ სხვა რამ, შიშის ზარს სცემს ბერიკაცს. მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები მარადიული შიშია მისთვის უცნაურის, მიუწვდომელის და შეუცნობელის წინაშე. ამ შიშში დალია მან სული. მიწა თავისას მოითხოვს და ქორა მახვშს დაუგვიანდა მიწისკენ მიბრუნება, რამაც განაპირობა მისი აღსასრულის ტრაგედია.

ეპოქის სიკვდილის მსხვერპლნი არიან ის ადამიანები, რომელნიც უკვე მოვიხსენიეთ (მაია, ქაიხოსრო, ნოშრევან ფარჯანიანი, ქორა მახვში). მათ აქტიური ბრძოლა არ გაუმართავთ არც ეპოქის დასაცავად, არც საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად. ეს ბრძოლა აზრ და მიზანდაკარგული იყო. ქვეშეცნეულად მათ ეს გაიგეს და, ამდენად, ნებაყოფლობით ერგოთ ზვარაკის როლი. მათი ბედი ტრაგიკულია, როგორც, საერთოდ, ყოველი ზვარაკის ბედი. ერთი შეხედვით, მათი სიკვდილი არ მომხდარა ფიზიკური ძალდატანებით, მაგრამ არც ბუნებრივი, თავის დღით სიკვდილია მათი გარდაცვალება, რადგან მათი სულიერი სამყაროს შერყევა მოხდა ძალდატანებით. ძალა იხმარეს მათი სულის გარდაქმნისათვის, მათთვის ახლობელი და შეჩვეული ყოფის შესაცვლელად. ამ სულიერი ტკივილის გადატანა ვერ მოახერხეს და მას ემსხვერპლენ კიდეც, არც ერთ მათგანს რომანში დიდი როლი და ადგილი არ უჭირავს, მაგრამ ისინი ზუსტად ქმნიან ეპოქის ატმოსფეროს, საერთოდ ტრაგიკულ განწყობილებას, ფერსა და ცხოველმყოფელობას ანიჭებენ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ატეხილი ბრძოლის მარად ძველსა და მარად ახალ ამბავს.

პერსონაჟთა ამ რიგს ეკუთვნის ლომკაც ესვანჯიაც, თუმცა იგი ბევრად აქტიურია მათზე და თავისი პოზიციებიც ნებით, უბრძოლველად არ დაუთმია. ლომკაც ესვანჯია ღვიძლი შვილია სოციალურად თავადაზნაურულ-ბურჟუაზიული და რწმენით წარმართულ-ქრისტიანული საქართველოსი.

არავინ და არაფერი გააჩნდა ლომკაც ესვანჯიას: „არამც თუ ნათესავი, თანაკბილაც არ შერჩენოდა 120 წლის მოხუცს. თითქმის ასი წლის მანძილზე გიორგობის წინა დღეს ილორის ტაძარში ამწყვდევდნენ ლომკაც ესვანჯიას. მეორე დღეს დავარდებოდა და „ამცნობდა“ ხალხს წმინდანის ნებას. დიდმუხის ქურუმიც ესვანჯია იყო, დარისა და ავდარის უშუალო მაცნე… ექიმბაშიც იგი იყო, ბალახებით მკურნალი, შესანიშნავი დოსტაქარი და შემლოცველი. თანაბრად ებრძოდნენ ლომკაც ესვანჯიას როგორც ძველი დროის ქრისტიანი მისსიონერები, ისე ახალი დროის ექიმები, კომუნისტები და მასწავლებლები. საოცარი ის იყო, წმ. გიორგისა და მუხის კულტის დიდი ქურუმი ქრისტიანობაშიაც ეჯიბრებოდა ძველათაცა ყველაზე „მართლმადიდებელ“ დეკანოზებს და ეს სატევრიანი მოგვი ქრისტესა და წმ. გიორგის ნების მეურვედ სთვლიდა თავის თავს ამ „ცოდვილ მიწაზე“ (ტ. 3, გვ. 196).

ზოგჯერ ყველაზე გამჭრიახი, ჭკვიანი და კეთილგონიერი ადამიანიც კი ებღაუჭება არსებობის იმ ფორმას, რომელიც დრომ გასწირა. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ამ ადამიანს განწირვის პროცესი არ დაუნახავს ან ვერ შეუგნია, არამედ იმიტომ, რომ არსებობის იმ განწირულ ფორმასთან არის დაკავშირებული მთელი მისი შეგნებული ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში არსებობის განწირული ფორმის უარყოფა უდრის საკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმას, რადგან სხვა სიცოცხლე მას არ ჰქონია, მით უმეტეს, თუ ადამიანი ხანდაზმულიც არის, ხანდაზმულობაში ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლებელია. ამისათვის აღარც ფიზიკური ძალებია და აღარც სულიერი. აქედან გამომდინარე, ადამიანი ებღაუჭება მიჩვეულსა და ნაცნობს, თუმცა ამ მიჩვეულს და ნაცნობ ცხოვრებას მისთვის დიდი სიკეთე და ბედნიერება არ მოუტანია. ასეთ მდგომარეობაშია ლომკაც ესვანჯია. 120 წლის მოხუცს აღარ შეუძლია ახალი ცხოვრების დაწყება, თორემ კომუნისტებისაგან დასაცავი მას არაფერი აქვს. ქონება არ გააჩნია, ოჯახი არ ჰყავს და თანამდებობა არასოდეს ჰქონია. ერთადერთი, რითაც სულდგმულობდა, რწმენა იყო – ნახევრად წარმართული, ნახევრად ქრისტიანული რწმენა. მას ამ რწმენისათვის ძველ დროშიც ებრძოდნენ და ახალ დროშიც ებრძვიან. ასე, რომ განსხვავება აქ თითქმის არ არის. ამიტომ მთელი მისი ბრძოლა შეჩვეული უკუღმართობის დაცვაა. მაგრამ ბერიკაცს დიდხანს აღარ ეყო ძალა მის დასაცავად: იგი მიიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით.

ლომკაც ესვანჯიას ცხოვრება ტრაგედიაა იმ კაცისა, რომელიც იბრძვის იმის დასაცავად, რაც მას არსებითად არასოდეს ჰყვარებია, მაგრამ უმძიმს და ეჭირვება არსებობის შეჩვეული ფორმის დათმობა.

არიან ადამიანები, რომელთა მიმართ თანაბრად უსამართლონი არიან ღმერთი, ბუნება, სოციალური სინამდვილე და ადამიანები. მათ უარი ეთქვათ ამქვეყნიურ ყველა სიამაზე. მხოლოდ უსამართლობა, დამცირება, დაჩაგვრაა მათი ხვედრი. მიუხედავად ამისა, ისინი არიან ყველაზე ერთგულნი მოყვარულნი მჩაგვრელისა. მათ არასოდეს გაუვლიათ გულში მტრობა და სიძულვილი. ისინი წმინდანის მოთმინებით იტანენ მათზე დაკისრებულ კირთებას. ისინი მუდამ უარესის მოლოდინში არიან და უკეთესის იმედი სამუდამოდ წარკვეთილი აქვთ.

ასეთ ადამიანებს ეკუთვნის ლუკაია ლაბახუა.

გიორგობის დღეს მას ილორის ტაძრის კარებში დაამხობდნენ, დიდი და მცირე გადაჯეგვავდა და ისე შედიოდნენ ტაძარში. მაგრამ ლუკაიამ სიკვდილის დღემდე შეინარჩუნა სიყვარული და ერთგულება ქრისტიანული ეკლესიის მიმართ.

ბუნებამ იგი მახინჯი გააჩინა: „ტანად გოჯა იყო ლუკაია. ძვალმსხვილა, გრძელწვერა, კისერმოკლე, ღაწვმაღალი, გრძელხელა და მოკლეფეხება. მარჯვენა ფეხი მოქცეული ჰქონდა, მარცხენა მხარი ამოვარდნილი“ (ტ. I, გვ. 44). მაგრამ ლუკაიას არასოდეს უთქვამს საყვედური ბუნების მიმართ – ეგზომ მახინჯი რად გამაჩინეო. იგი სიგონჯესაც მოწამებრივი მოთმინებით იტანდა.

დედა გაუყიდეს ლუკაია ლაბახუას. თავად კი მასხრად და გასართობად გაუხდიათ ადამიანებს. არავინ არის მისი მომფერებელი, არავინ ეუბნება მას ტკბილ სიტყვას (ორად-ორ კაცს ეცოდება იგი თამარ შარვაშიძესა და თარაშ ემხვარს), არავის აწუხებს მისი ბედი. მაგრამ ამასაც მოთმინებით იტანს და არც ამის გამო ამბობს საყვედურს.

მთელი სიცოცხლე ტარიელ შარვაშიძის ოჯახის სამსახურში გაატარა. მადლიერების მაგიერ ურტყამდა, სცემდა ნახუცარი, მაგრამ შარვაშიძეების ოჯახს არ ჰყოლია ლუკაიაზე უერთგულესი კაცი. მას არც შარვაშიძეების ოჯახის მიმართ დასცდენია რაიმე საყვედური.

ყველა ბოროტების მიმართ დამუნჯებულმა კაცმა ერთადერთხელ საკუთარი სიცოცხლე დასწყევლა მხოლოდ.

და ეს მოსდიოდა ლუკაია ლაბახუას არა იმის გამო, რომ იგი შლუ და ლენჩი იყო, არამედ ბედისწერისადმი უკიდურესი მორჩილების შედეგად, თორემ თავისი მდგომარეობა ლუკაია ლაბახუას ისე ნათლად და შეგნებით აქვს წარმოდგენილი, რომ იგი მისტიკურად ნათელმხილველი გეგონებათ. აბა, ვის შეეძლო, თუ არა ნათელმხილველს, ასე გამოეტირა თავისი ბედდამწვარი ცხოვრება?

„არ მოსულიყო ამ ქვეყნად სინათლე ნეტავი, სიცოცხლე ღამეს ჰყოლოდა უბეში…
ასე ერჩივნა ლუკაია ლაბახუას.
ამიტომაც ბორგავდა.
როკავდა.
რეკავდა.
აქ გაიარა მისმა სიჭაბუკემ, ამ ცაცხვებისა და ჭადრების ჩრდილში. ილორში ცხოვრება მოაგონდა, მოსაწყენი და გრძელი, როგორც თორმეტი სახარების კითხვა ვნების კვირაში.
ახლა ოქუმი…
დეკანოზის ჭირვეულობა…
გინება…
ლანძღვა და ფეხების ფხანა…
ოჰ, ცაო მაღალო,
ოჰ, მრუმე ღამევ,
წეულიმც იყავ,
ხანგრძლივო სიცოცხლევ!
და კრული სიბერე, სხვის სახლში სიბერე…
დაცინვა…
გვემა…
ნარჩენი ულუფა.
ოჰ, ცაო მაღალო,
ოჰ, მრუმე ღამევ,
წყეულიმც იყავ,
ხანგრძლივო სიცოცხლევ!
აენთო მის გულში შურისგების გრძნობა. მაგრამ ვისზე იძიოს მერმე მან შური?
ეს ქვეყანაო,
ნაქურცვენად.

ფიქრობდა ლუკაია,

არ ღირებულაო ნივრის
ღმერთიო?
რა ღმერთი? დაცლილი ეჩვენება ეს უცნაური მიწაცა და ზღვისფერი ციონიც.

როკავდა, რეკავდა ლუკაია ლაბახუა, რადგანაც ლხენა გამოელეოდა ამქვეყნად. არც არავის უყვარდა, არც არავინ აფასებდა და მეწყერს წაეღო მისი წილი მიწის ნაჭერი. ყველასათვის უცხო და მიუსაფარი, იდგა და რეკავდა სამრეკლოს ბნელ თაღს ქვეშ.
ოჰ, ცაო მაღალო, ოჰ, მრუმე ღამევ,
წყეულიმც იყავ,
ხანგრძლივო სიცოცხლევ!“ (ტ. I, გვ. 248-249).

ლუკაია ლაბახუამ სიკვდილშიაც სიყვარულისა და ერთგულების წმინდა მაგალითი აჩვენა: მან იმ დღეს მოიკლა თავი, რა დღესაც თამარ შარვაშიძე მიიცვალა.

ლუკაია ლაბახუას ცხოვრება ტრაგედიაა კაცისა, ვისაც მხოლოდ ერთგულება და სიყვარული ასწავლა არსთაგამრიგემ, სამაგიეროდ კი არგუნა მარტოობა, უსიყვარულობა, მიუსაფრობა და დამცირება. ეს არის ტრაგედია ქრისტეს ბუნების ადამიანისა: ყველა სულიერი ძალა და სითბო გაიღო სხვებისათვის და ამ სხვებმა იოტისოდენა მადლიერების გრძნობითაც კი არ გადაგიხადონ სამაგიერო.

მომაკვდავ ეპოქასთან არის გადაჯაჭვული თამარ შარვაშიძის ბედიც. მისი ქალობა, სილამაზე და სათნოება ორი მამაკაცის თარაშ ემხვარისა და არზაყან ზვამბაიას – საცილობელი გამხდარა ორი ეპოქის მიჯნაზე. პირველთან მას აკავშირებდა გვარიშვილობა, აღზრდა, შეხედულებანი, ცხოვრების წესი, მეორესთან კი ყოველი ამის უარყოფა. ასეთი იყო ეპოქის მოთხოვნილება და არზაყან ზვამბაიას სურვილიც.

თამარ შარვაშიძე ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ არ შეიძლებოდა ძველის შენარჩუნება. იგი ფიქრობდა მისგან გათავისუფლებულიყო, მაგრამ არ იცოდა როგორ. ძველის უარყოფა ნიშნავდა ოჯახის – ცოცხალი მამისა და გარდაცვლილი დედის – უარყოფას, ზნე-ჩვეულებათა, შეხედულებათა, საყვარელი საგნების დათმობას. ეს თამარის მხრიდან ამბოხებას მოითხოვდა. თამარის ადამიანური შინაარსი კი სათნოება იყო. სათნოებას ამბოხება არ შეუძლია. სათნოებისათვის უცხოა ძალდატანება და ამ გზით მიზნის მიღწევა. ამიტომ არზაყან ზვამბაიასაკენ მიმავალი გზა მისთვის მოკვეთილიყო. რაკი სათნოებას — მხოლოდ თავისთავის მსხვერპლად მიტანა შეუძლია, თამარ შარვაშიძეც ემსხვერპლა თარაშ ემხვარის სიყვარულს.

თამარ შარვაშიძის ცხოვრება არის სათნოების ტრაგედია, რადგან ორი ეპოქის მკაცრი და დაუნდობელი ბრძოლის დროს არავის ეცალა მის (სათნოების) მოსავლელად და საპატრონოდ. დროს სჭირდებოდა უხეში ძალა და სათნოებისათვის ადგილი არ დარჩენილიყო.

განსაკუთრებით მძაფრად ეპოქის წინააღმდეგობებმა თავი ზვამბაიების ოჯახში იჩინა. აქ მამა-შვილი შეეჯახა ერთმანეთს. რადიკალურად განსხვავებული პიროვნებები არიან კაც ზვამბაია და არზაყან ზვამბაია. არ არსებობს ცხოვრებისადმი დამოკიდებულების რაიმე ფორმა, რაშიაც მამა-შვილი ერთმანეთს ეთანხმებოდეს.

კაც ზვამბაიას იმდენად სძულდა კომუნისტები, რომ „არასოდეს ახსენებდა ბოლშევიკებს. თუ შვილს მიმართავდა „თქვენო“ ეტყოდა, თუ სხვას, მაშინ „ისინი-ს“ იტყოდა“ (ტ. I, გვ. 26). მას მტკიცედ სჯერა, რომ მისი ოჯახიცა და მთელი ქვეყანა კომუნისტებმა დაღუპეს.

არზაყან ზვამბაიას კი თავდავიწყებით უყვარს პარტია: „მისთვის პარტია თითქოს ზენარული რამ ერთარსება იყო მუდამ… პირდაპირ რელიგიური ფანატიზმით უყვარდა არზაყანს პარტია…“ (ტ. I, გვ. 112).

ვაჟკაცობის სიმბოლო იყო კაც ზვამბაიასათვის ცხენის ქურდობა. „ოდესღაც მთელი სააფხაზოს, სამურზაყანოს და ყაბარდოს ცხენის ქურდები კაც ზვამბაიას სახლში იყრიდნენ თავს. არც კაც ზვამბაია და არც მისი სტუმრები მარტოოდენ ანგარების გამო არ ეწეოდნენ ამ საქმეს. ცხენის ქურდობა იმ დროებში ვაჟკაცობის მაღალი მარკა იყო“ (ტ. I, გვ. 128).

არზაყანი კი პირიქით: „თავათ ილაშქრებს მამისა და სიყრმის მისის მეგობართა წინააღმდეგ“ (ტ. I, გვ. 128) და პოლიტსამმართველოს დავალებით ყაჩაღებს სდევნის.

შვილმა აქაც „გატეხა მამის ძვალი“.

მამის არც ერთ რჩევას არ ათხოვა არზაყანმა ყური: „კომკავშირში ნუ შეხვალო და მთელ სოფელში პირველი ჩაეწერა. ჩალმაზს რაიკომის მდივანს ნუ აჰყვებიო და ლამისაა სულში ჩაიძვრინოს ჩალმაზი. აკვანში დანიშნული ქალი მიატოვა და თამარს გადაეკიდა, შარვაშიძის ქალს“ (ტ. I, გვ. 9).

კაც ზვამბაიას ჭირის დღესავით სძაგს თბილისი: „გაზეთები და წიგნები იქიდან მოდისო, სოციალისტები, აჯანყება და ტიფი იქ იწყებაო პირველად.

ტფილისში არიანო უღმერთოები და „საკატორღო ხალხი“, სოციალისტები და „ქვეყნის დამქცევლები“, ყველა, ვინაც ძველი, ტკბილი დროის მყუდროება დაარღვია, მამა და შვილი ურთიერთს გადაჰკიდა, ვინც გაზრდილი მამამძუძეს წაჰკიდა. ვინც ქალს სადავე დაუგრძელა და ვინც ოჯახის ფუძე შეარყია სამუდამჟამოდ“ (ტ. 2, გვ. 112).

პირიქით, არზაყანს უყვარს თბილისი, იქ ყოფნა და ცხოვრება ეოცნებება: „ტფილისი წარმოდგენილი აქვს არზაყანს როგორც განათლებისა და რევოლუციის ვეება კოცონი… და უკვე მოესმის მის წარმოდგენას ტფილისის ქარხნების ზუილი, ავტოების ზუზუნი, ბღავილი და ტრამვაების ნერვიული რეკვა“ (ტ. 2, გვ. 114).

მიუხედავად ამ შეურიგებელი წინააღმდეგობისა, მამას თავდავიწყებით უყვარს „ძვლის გამტეხი“ შვილი. ეს სიყვარული კიდევ უფრო ამძაფრებს მამა-შვილს შორის არსებულ ტრაგიკულ მტრობას, რადგან გამორიცხულია შვილის საქციელისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ასევე გამორიცხულია მათი მტრობის კომპრომისული გადაწყვეტა: არც მამა და არც შვილი დათმობაზე არ წავლენ. ორივეს უდრეკი და უჯიათი ხასიათი აქვს. მათი შუღლი მხოლოდ სიკვდილით შეიძლება მოგვარდეს. ასეც მოხდა. მამა-შვილს შორის მრავალგზისი შერკინება, ბოლოს მკვლელობით დამთავრდა: არზაყანმა მოკლა კაც. მერე მწერალმა კრიტიკის ძალდატანებით ეს ტრაგიკული სცენა შეცვალა: კაც ზვამბაია მოკლეს მისმა მოსისხლე ტარბებმა. ეს მოხდა არზაყანის სახის შეფერადების მიზნით, რადგან მამის მოკვლით მას წარუხოცელი ჩირქი ეცხებოდა. მაგრამ არსებითად ამას არაფერი შეუცვლია მკითხველის არზაყანისადმი დამოკიდებულებაში. ეს იმიტომ, რომ არზაყანმა ფაქტიურად მამა დიდი ხნით ადრე მოკლა. კაცის ფიზიკურად განადგურებამ მხოლოდ მკვლელობა დაასრულა.

ზემოთ ითქვა, რომ მამა-შვილს შორის შეურიგებელი მტრობა იყო, რადგან არზაყანი იმ ეპოქას ებრძოდა, რომლითაც მამამისი სულდგმულობდა. კაც ზვამბაიას ძველი ეპოქის გარეთ ცხოვრება არ შეეძლო. იგი გულის ფესვებით იყო მასთან შეზრდილი. ნებით იტყოდა უარს ძველ დროზე კაც ზვამბაია თუ ძალით, ეს სულერთია, იგი მაინც მოკვდებოდა ძველ ეპოქასთან ერთად. შვილს კი დათმობა არ შეეძლო. იგი ვერც მამას დაუთმობდა და ვერც ძველ ეპოქას. დათმობასა და უკანდახევას არზაყან ზვამბაია ვერც თვითონ აპატიებდა თავის თავს და არც სხვები აპატიებდნენ მას. ამ ტრაგიკული კოლიზიის გახსნა მხოლოდ სიკვდილს შეეძლო. კაც ზვამბაიას სიკვდილი მაშინ დაიწყო, როცა მან საკუთარი საქონელი ამოწყვიტა, რათა კოლექტივში არ შეეყვანა. ისეთი გლეხისათვის, როგორიც კაც ზვამბაია იყო, ეს თვითმკვლელობას უდრიდა. და თუ იმ ღამეს ეს ფაქტიც არ მოხდა, ამის მიზეზი შემთხვევა იყო: არზაყანს მოსისხლე ტარბები დაესხნენ თავს და მამამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა მოღალატე შვილი. ამის შემდეგ, კაც ზვამბაია მექანიკურად ცხოვრობს. ცხოვრების გაგრძელებაში ისევ ძველი ტრადიცია ეხმარება: მოსისხლეებს არ უნდა დაუთმოს. როცა მას ეს უკანასკნელი საარსებო ფაქტორიც უნდა მოსპობოდა (არზაყანი უარს ამბობდა სვანეთში დარჩენილიყო და თბილისში წასვლა მტკიცედ გადაეწყვიტა), მამა-შვილს შორის არსებული მოჩვენებითი წონასწორობა საბოლოოდ დაირღვა – ან მამა, ან შვილი უნდა დაცემულიყო მკვდარი. დაეცა მამა. ამას სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა: შვილი ახალი ეპოქა იყო, მამა ძველი. ამ მკვლელობით ახალი ეპოქა კიდევ ერთხელ უსწორებდა ანგარიშს ძველს. მართალია, ეს ბუნების საწინააღმდეგო სისხლიანი ტრაგედია იყო, მაგრამ ასეთი იყო დროის კარნახი და მოთხოვნილება. ტანჯვის ჯურღმულებში უნდა იაროს კაცობრიობამ, რათა რისხვისა დღეს ცად ამაღლდეს სული კაცისა! ჰოი, აფთარო, კაცის სისხლის უხვად მხვრეპელო“ (ტ. 2, გვ. 54).

კაც ზვამბაიას ცხოვრება ტრაგედიაა მუხისა, რომელსაც გრიგალის დროს ლერწმის თვისება არ აღმოაჩნდა. ეს არის ტრაგედია შეგუების უნარს მოკლებული ადამიანისა. კონფორმიზმი უცხო იყო კაც ზვამბაიასათვის მისი გლეხური ბუნების, მამაკაცური ხასიათისა და ადამიანური პატიოსნების გამო.

ასე დასრულდა იმ ადამიანთა სიცოცხლე, რომელთა ცხოვრება გაპირობებული იყო ძველი ეპოქით და პირიქით: რომელთა ცხოვრება იყო ძველი ეპოქის შინაარსი და სახე. მაგრამ ეპოქის კვდომის პროცესი მაინც გრძელდებოდა. ადამიანებთან ერთად კვდებოდნენ საგნებიც.

„საოცარიაო, ამბობდა კაროლინა, ჩვენს ახლოს დიდხანს ყოფნის გამო საგნები ისე გვეთვისებიან, თითქოს სხეულის ჩვენის ნაწილი ხდებიანო. ლხენათა და მწუხარებათა ჩვენთა თანაზიარი“ (ტ. 2, გვ. 22).

ადამიანი საგნების გარემოცვაში ცხოვრობს და სრულიად ბუნებრივია, რომ მათ შორის ემოციური კავშირი მყარდება. საგნები იჟღინთება ადამიანური სულით: ადამიანი მათში აქსოვს ეპოქის გემოვნებას, მშვენიერებაზე წარმოდგენას, სოციალურ დამოკიდებულებათა შინაარსს. თავის მხრივ კი საგნები ადამიანს ანიჭებენ ტკბობასა და სიამოვნებას, იქცევიან აუცილებელი მოხმარების ნივთებად. და ბოლოს, ისინი არიან საშუალებანი ადამიანის სოციალური და ესთეტიკური განმტკიცებისა მოცემულ კონკრეტულ სინამდვილეში. ამიტომ ეპოქათა რყევისა და ბრძოლის დროს საგნები ადამიანთა ნაკლებ არ მონაწილეობენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.

დააკვირდით „მთვარის მოტაცებაში“ აღწერილ ერთ ეპიზოდს: ტრაქტორი ჩაფლულიყო ტლაპოში. ხალხი დახვეოდა და ტრაქტორის ამოყვანას ცდილობდა. გვანჯ აფაქიძემ თარაშ ემხვარიც მოახედა: – „შეხე, რა ეშმაკებია მაგ გველისწიწილები!“ – ეუბნებოდა ემხვარს. – ეგერ რამდენი კამეჩი ყრია ტლაპოში, კამეჩები არ მოიშველიეს განზრახ, თავად დაქვეითდნენ და ისე ამოყავთ“.

„რაო მერე, კამეჩები რად არ მოიშველიეს, ძია გვანჯ?“ „იციან, ხალხი დასცინებს მაშინ ტრაქტორს“ (ტ. 1, გვ. 201). როგორც ვხედავთ, ხალხის თვალში ტრაქტორისადმი დამოკიდებულება გაიგივებულია საბჭოთა ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებასთან. საგანი მთელი სოციალური სინამდვილის სიმბოლოდ არის გადაქცეული.

როცა საგნები ასეთ შინაარსსა და მნიშვნელობას იძენენ, ისინი საშიშნი ხდებიან. ამიტომაც შეაძრწუნა ხალხი ლუკაია ლაბახუას მიერ ილორის ზარების რეკვამ, ამიტომაც გაიცა განკარგულება ჩამოხსენითო ზარები.

„და მერმე აცოცდნენ ახალგაზრდები სამრეკლოს ზეთავზე, ჯერ ილორის დიდ ზარს შემოაჭრეს თოკი.

რახრახით, გრუხუნით წამოვიდა ეს უზარმაზარი მუზარადი. დაეცა სამრეკლოს ქვითკირის ძგიდეზე, აღრიალდა (დაჭრილი მდევი) და მერმე ბუბუნით დაეცა მიწაზე.

შემდეგ მეორე ზარი დაუშვეს ძირს, მეორეს მესამე და მეოთხე მოჰყვა და დილამდის ისმოდა მთელ სოფელში, თუ როგორ ღმუოდნენ, ზმუოდნენ, ღრიალებდნენ ილორის ზარები. ისინი ბზრიალით მოჰქროდნენ ჯერ ჰაერში და მერმე შემკრთალი ბღავილით, ჟღრიალით ეცემოდნენ მიწაზე და კიდევ ცოტა ხანს ისმოდა მათი საწყალობელი ხმა, თითქოს ათასეული წლების დანარეკს ინანიებენო“ (ტ. 1, გვ. 249).

აქ ზარების სიკვდილის შინაგანი თრთოლვა და ტკივილი გადმოცემულია ისე, თითქოს ცოცხალი არსება ეთხოვებაო სიცოცხლეს. მართლაც ცოცხალი იყო ის ზარები, რადგან მათი ყოველი ხმა საუკუნეების მანძილზე ადამიანთა გულში პოულობდა გამოძახილს. ისინი რეკავდნენ და ადამიანთა ბედს იზიარებდნენ ჭირისა და ლხინის დროს, გამარჯვებისა და დამარცხების წუთებში, ქორწილისა თუ გარდაცვალების დღეს. ამასთანავე ზარები ეპოქის ფორმა და საშუალება იყო სიხარულისა და მწუხარების, დღესასწაულისა და გლოვის გამოსახატავად. ახალი ეპოქა სხვა ფორმასა და სხვა საშუალებებს ეძებდა. ძველის გამოყენება კი არ ინდომა. ამიტომ ილორის ზარების გლოვა ეპოქის სიკვდილის გამოტირებაც იყო.

ერთი შეხედვით, უბრალო ნივთი თავისთავში ატარებს მრავალგვარი ასოციაციის გამოწვევის თვისებას. მარულაზე თარაშ ემხვარმა ერთი მოხუცის ქამარ-ხანჯალი შეამჩნია: „სატევრის ქარქაშის ზედაპირზე გასაოცარის ოსტატობით ამოკვეთილი იყო ოდნავ შესამჩნევი მინიატიურების დარად ვაზის ფოთლების, კლერტოების, პწკალების ჩუქურთმები, ხოლო ქამრის ენებისა და საქონეების კიდურებზე ნახევარი მთვარე“ (ტ. 1, გვ. 157). ამ სატევარმა შეუძლებელია არ აღძრას ფიქრი არა მარტო მისი გამკეთებლის ოსტატობაზე, არამედ ეპოქის გემოვნებაზე, საქმიანობის ხასიათსა და ფორმაზე, თავად ნივთის შინაარსსა და დანიშნულებაზე. თავის დროს ეს სატევარი „ცოცხალი“ საგანი იყო: იგი საქმისა და ბრძოლისათვის სჭირდებოდა ადამიანს. ახლა ფუნქცია დაუკარგავს და წელის დამამშვენებელ ნივთად ქცეულა. უფრო მეტიც: მალე იგი აღარც ფუფუნების საგანი იქნება, აღარც წელის დამამშვენებლად გამოდგება. სხვაა ეპოქა, სხვა ნივთები დაამშვენებენ ადამიანებს. სატევარი მკვდარია, როგორც ფუნქციონალური ნივთი და როგორც ესთეტიკურად ღირებული საგანი.

ესეც ეპოქის სიკვდილის ნიშანი იყო.

იმ სატევარივით მოუხმარებელი ნივთი იყო თამარ შარვაშიძის ოქროს ჯვარიც. მაგრამ მის დაკარგვას მეტად მტკივნეულად განიცდიდა ქალი. ამ ნივთით იგი დაკავშირებულია ისეთ ამბებთან, ურომლისოდაც მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს არის დედაც, ბავშვობაც, რწმენაც, ჩვეულებაც. აღზრდამ ჯვართან დააკავშირა მისი სულიერი სიმშვიდე. ადამიანს წარსულის, მოგონების, ხსოვნის, სულიერი სიმშვიდის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. არზაყან ზვამბაიას არ ჰყოფნის სულიერი სიმდიდრე ამას მიხვდეს. მისთვის ჯვარი მხოლოდ დამარცხებული და უარყოფილი ეპოქის განსახიერებაა. ამიტომ უკვირს, რად განიცდის თამარი ეგზომ მწვავედ ჯვრის დაკარგვას. თამარის წუხილს ვერც სულიერად ფაქიზი თარაშ ემხვარი მიხვდა. ამრიგად, თამარის დარდი ახლობელთათვის გაუგებარი გახდა. ჯვრის დაკარგვამ კი დააჩქარა თამარის შეგნებაში წარსულის დაღუპვის შეგრძნება. სანამ მას დედისეული ჯვარი ჰქონდა, წარსული რაღაცნაირად ისევ არსებობდა. დაიკარგა ჯვარი და საბოლოოდ გაწყდა წარსულთან დაკავშირებული ძაფები, აწმყოსთან მისასვლელი გზები კი თამარს ჯერ კიდევ გამოძებნილი არ ჰქონდა. იგი წარსულსა და აწმყოს შუა დარჩა. ამან გაამძაფრა მისი ტრაგედია. ასე თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში ნივთი (საგანი) საბედისწერო როლს. თამარის ცხოვრების მაგალითზე ჩანს, როგორ ებღაუჭება და თავისაკენ ეზიდება ადამიანს მომაკვდავი ეპოქა ნივთების საშუალებით. ეპოქასაც აქვს სული. მასაც ეშინია მარტოხელა სიკვდილის.

თუ ძველ ეპოქას მარტოხელა სიკვდილი უჭირს, ახალს მარტო ხელა არსებობა უმძიმს. ამიტომ მიერეკება, აძევებს ერთს და ამკვიდრებს მეორეს; მოდიოდნენ იერიშით მაღალი, დიდი, ნაცრისფერი სახლები. ხარაჩოების ტყეს იცვლიდნენ ისე სწრაფად, როგორც აბრეშუმის ჭია გამოიცვლის ხოლმე კანს, სახენაცვალი ასეთის სისწრაფით ამოდიოდნენ დიდი, ნაცრისფერი სახლები ბალავრებიდან ტფილისში და ისრისებოდნენ მათ შორის ძველებური პაწია სახლები, კოხტა, ქართული ხის აივნები და რიკულები…“ (ტ. 2, გვ. 158).

მიდიოდა ეპოქა და საგნებიც ეთხოვებოდნენ სიცოცხლეს. მიდიოდა ეპოქა და კვდებოდა ყოფაც. არა მარტო ცოცხლად დარჩენილთა ყოფას დასტყობოდა იავარქმნის ნიშანი, არამედ მიცვალებულთა სამყოფსაც. მათ მდგომარეობათა შორის წაშლილა განმასხვავებელი ზღვარი.

შეადარეთ ერთმანეთს თარაშ ემხვარის ოჯახის მდგომარეობის სურათი და ჯახანა შარვაშიძის სასაფლაოს პეიზაჟი.

თარაშ ემხვარის ოჯახი:

„ოქუმის სასახლე იავარქმნილ იყო სავსებით. ჩუქურთმიანი სვეტები შექანებული ეჩვენა თარაშ ემხვარს, თავკიდურები ფრინველებს წაებილწათ სკორეთი. ურთხელის რიკულები დაეძროთ, კიბის ტერასზე გადმოსულ სახურავის ყავარი დაელპო წვიმას. კირი შემოსცლოდა თეთრ სასახლეს ამაყად გადმომდგარს ბექობზე.

პაპისეული დიდი ცაცხვი მართლაც მოეჭრათ, ჭადრისა და მუხის ხეებს ხმობა შეპარვოდათ, მოხუცებულ მსხლის ხეებს ფითრი მორეოდათ, ბაღჩას მესრები მორღვეოდა, მაგნოლიები თოვლს ჩამოელეწა, გუნდის ხეები დაემსხვრია გასული ზამთრის ქარსა და თოვლს. ხულას, მარანს, სამზარეულოს, საბაზიეროს ისლი გადასცლოდა, განზე მოეღრიჯა ჟამთა სიავეს ძველთაძველი წაბლის სახლები“ (ტ. 2, გვ. 233).

ჯახანა შარვაშიძის სასაფლაო:

„იავარქმნილ იყო მთელი სასაფლაო. გალავანი აეღოთ ჩრდილოეთისაკენ, უზარმაზარი ცაცხვი მოეჭრათ, ღორები ჩიჩქნიდნენ მიწას, ბატების სკორეთი წაბილწულიყო სამარის ლოდები. წამოექციათ ფრთაგაშლილი ანგელოსები, ისინი პირქვე დამხობილნი ეყარნენ მიწაზე, თითქოს მეორეთ მოსვლას შეგებებიანო. უწესრიგოდ ეყარა მიწაზე ლოდების ნამუსრევი, ქვის ჯვრების ნამსხვრევები, „ინფანტერიის გენერლების“, „კოლეჟსკი ასესორების“, „კნiazების“, ეპისკოპოსების, „მისი იმპერატორული უდიდებულესობის კონვოის ოფიცრების“ ტიტულებიანი წარწერები. მათი სახელი ფეხით გაეთელათ ღორებს, სკორეთი და კურკლით წაებილწათ და მოესვარათ“ (ტ. 3, გვ. 100).

არავითარი განსხვავება. მათ დასახასიათებლად მწერალს მხატვრული საშუალებანიც კი ერთნაირი აქვს გამოყენებული. და ეს სრულად შეგნებულად, რადგან არსებითად ორივე მკვდარი სურათია. ცოცხალი, მოქმედი, აქტიური ადამიანი სჭირდება კაცთა როგორც ამქვეყნიურ, ისე იმქვეყნიურ სამყოფლოს მოვლა-პატრონობას.

ადამიანის ორივე საცხოვრისი თანაბრად ლაპარაკობს მათი პატრონის მდგომარეობაზე. მათი პატრონები კი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდნენ. რაკი აღარ იყო პატრონი, აღარ იყო ყოფაც. ძველი ეპოქის სახეც ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც თარაშ ემხვარის ეზო-კარი და ჯახანა შარვაშიძის სასაფლაო. ყოფაში არეკლილიყო ძველი ეპოქის სურათი.

ძველი ეპოქის კვდომის პროცესი ჩანდა ადამიანთა ცხოვრების კიდევ ერთ ასპექტში – ურთიერთდამოკიდებულებაში. ასრულებულიყო წინასწარმეტყველის სიტყვები: „და აჰა ესერა არიან უკანასკნელნი, რომელნიც იყვნენ პირველ და არიან პირველნი, რომელი იყვნენ უკანასკნელ“.

არაბიაზე ამხედრებულ გლეხ არზაყან ზვამბაიას ფეხით მისდევს ქოშინით გულამოვარდნილი ყოფილი თავადი გვანჯ აფაქიძე. ეს სიამით ავსებს არზაყანის გულს: მას კარგად ახსოვს თორმეტი წლისას როგორ უთავაზა მათრახის წვერი გაზულუქებულმა გვანჯ აფაქიძემ. ახლა კი ძუნძულით უკან ასდევნებია თავადი გლეხს და ეპოქათა ცვლილების სურათად ქცეულა ეს ფაქტი.

მაგრამ ამაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულში მომხდარ ცვლილებას, სულიერი მონობის დაძლევას. სწორედ ამ სულიერი მონობის დაძლევის გამოხატულებაა არზაყანის სიყვარული თამარისადმი. აქ, აზრობრივი თვალსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს თამარ შარვაშიძე შეიყვარებს თუ არა არზაყანს. მთავარი ის არის, რომ არზაყანს ღრმად სჯერა თავისი ადამიანური ღირსება და ისიც, რომ არავითარი ადამიანური უპირატესობა არა აქვს მასთან შედარებით თამარ შარვაშიძეს არისტოკრატიული წარმოშობის გამო. „ახლა ზვამბაიების დროა, ახლა ჩვენი დროა, ვფიქრობდა არზაყან ზვამბაია, სახნავიც ჩვენია და სათესიც, ზღვაც და ცაც. ზღვისფერი თვალებიც და ცისფერი სისხლიცო (ტ. 1, გვ. 111). ამიტომ არ ეპუება იგი თამარ შარვაშიძეს: „მან მხევალსავით წაავლო ხელი ამ ურჩსა და უდრეკელ თავადის ქალს. ისე, როგორც ათასგზის წაუვლიათ ხელი შარვაშიძეებს ზვამბაიას ქალებისათვის“ (ტ. 1, გვ. 171). არზაყან ზვამბაიას სულში უკვე მკვდარია ძველი ეპოქით ნაკარნახევი მორჩილების გრძნობა, ყმური მოკრძალება. იგი თავისუფალი კაცია. მისი ადამიანური ღირსება არამარტო სოციალურად, არამედ სულიერადაც ამაღლებული და გაამაყებულია თანასწორობის შეგრძნებით.

არზაყანის სულში ეს გრძნობა დაბადა და განამტკიცა ძველი ეპოქის სიკვდილმა და ახლის გამარჯვებამ.

როგორც ცნობილია, ღვთისა და ბუნების წინაშე ყოველი ადამიანი თანასწორია. ოღონდ ამას შეგნება უნდა, ოღონდ ეს უნდა იწამო. საპირისპირო აზრი ჩაუნერგა ძველმა ეპოქამ გვანჯ აფაქიძეს. ამიტომაც „მას ურყევად სწამდა თავადის უპირატესობა გლეხის წინაშე“ (ტ. 1, გვ. 182). და ფიქრობდა – თარაშ ემხვარი უთუოდ დაამარცხებსო არზაყან ზვამბაიას მარულაში. მაგრამ არ გამართლდა. თავადი და გლეხი თანასწორი აღმოჩნდა: „ამასობაში გუნტერ და არაბია გაუსწორდნენ ურთიერთს. ისინი მეტეორებსავით მიჰქროდნენ უკვე გალურჯებულ ტრამალ ველზე. გუნტერი ცეცხლისფერი და რახსი არაბია ისე ავსებდნენ და ამშვენებდნენ ურთიერთს, როგორც აპოლონის ეტლის დიოსკურები“ (ტ. 1, გვ. 162-163).

გუნტერზე თარაშ ემხვარი იჯდა, არაბიაზე – არზაყან ზვამბაია. ისინი აპოლონის (ე. ი. მშვენიერების) წინაშე ტყუპის ცალებივით თანასწორნი იყვნენ.

ეს თანასწორობაც ძველი ეპოქის სიკვდილის შედეგი იყო. ამ სიკვდილმა განაპირობა ისიც, რომ ნათავადარი გვანჯ აფაქიძე კომუნისტ არენბა არლანს მიათხოვებს თავის ქალს. ასე, რომ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების ყოველ სფეროში ახალი ეპოქის პრინციპები იმარჯვებს. რა თქმა უნდა, ამ პრინციპით სარგებლობას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მიზნით ფიქრობდა, მაგრამ ეს ახლა არაფერს ნიშნავს: ანგარიშს უწევენ, ემორჩილებიან მხოლოდ იმას, რაც ცოცხალი და ძლიერია, რაც გამარჯვებულია.

გამარჯვებულმა ეპოქამ სამუდამოდ უარჰყო დამარცხებული ეპოქა თავისი ადამიანებით, საგნებით, ყოფით, რწმენით, ადამიანთა შორის ურთიერთობით. როცა ამ დამარცხების სურათს წარმოიდგენთ, არ შეიძლება არ გაგახსენდეთ ნაბუქოდონოსორის სიზმარი, რომელიც შარდინ ალშიბაიამ უამბო თანამეინახეებს ტარიელ შარვაშიძის ოჯახში. მით უმეტეს, რომ თავად მწერალი ამბობს ამ სიზმრის „ახსნა ნათხრობის ჩემის გასაგებად უთუოდ საჭიროაო“ (ტ.1, გვ. 67).

ნაბუქოდონოსორმა სიზმარში იხილა კერპი, რომელსაც ოქროს თავი ჰქონდა, ვერცხლის – მკლავნი, რვალის – მუცელი და თეძო, რკინის – ბარკალნი და კეცის – ფეხნი. მერმე მთას მოსწყდა ლოდი და დაფშვნა ეს კერპი. დამსხვრეული კერპის ადგილი კი თავად დაიჭირა ლოდმა და აავსო ქვეყანა.

შემადგენელ ელემენტებიანად (კლასობრივი საზოგადოებრივი წყობა, ქრისტიანული რელიგია, ყოფა, ზნე-ჩვეულება, საგნები) მილეწა რევოლუციის გრიგალმა ძველი ეპოქის კერპიც, როგორც ნაბუქოდონოსორის სიზმარში მთის ლოდმა ოქროს იდოლა. ძველი ეპოქის ადგილი რევოლუციურმა ეპოქამ დაიჭირა. მაგრამ ეპოქათა მიქცევისა და მოქცევის მიჯნაზე გრიგალმა ჩამობერტყა და განაბნია აგრეთვე „ფურცელნი შვენიერ და ნაყოფი მრავალ“, როგორც ეს მეორედ ეზმანა ნაბუქოდონოსორს. ეს იყო რევოლუციის ტრაგიკული ხასიათი. ამ ტრაგიკულმა ხასიათმა განაპირობა „მთვარის მოტაცებაში“ კაც ზვამბაიას, თამარ შარვაშიძისა და თარაშ ემხვარის შემაძრწუნებელი თავგადასავალი. რომანის ჟანრიც ამავე მიზეზით არის განსაზღვრული – ტრაგიკული ეპოპეა.