მამელუკური ცნობიერება
ჯერ პატარა განმარტება: კარგა ხნის წინათ, კინორეჟისორმა დავით რონდელმა კონდრატე თათარაშვილის-უიარაღოს მოთხრობის „მამელუკის“ მიხედვით გადაიღო ფილმი. მაშინ არაბული ენის მცოდნეებმა დავით რონდელს ურჩიეს ფილმისათვის „მამლუქი“ და არა „მამელუკი“ დაერქმია. „მამლუქი“ ამ არაბული სიტყვის უფრო სწორი გამოთქმაა, ვიდრე „მამელუკიო“. ასეც უწოდეს ფილმს „მამლუქი“. იმჟამადაც და ახლაც არ ვიზიარებ ამ დამოკიდებულებას. „მამელუკი“ ქართულ მეტყველებაში კონდრატე თათარაშვილის მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ დამკვიდრდა და პოპულარული გახდა. ჩემი აზრით, ქართულ მეტყველებაში „მამელუკი“ იმ ფორმითა და სახით უნდა დარჩეს, რა ფორმითა და სახით შემოვიდა. ამიტომ დავარქვი ჩემს სტატიას „მამელუკური ცნობიერება“ და არა „მამლუქური“…
ახლა უფრო არსებითზე გადავიდეთ. რას ვგულისხმობ ცნებაში „მამელუკური ცნობიერება“?
1798 წელს რევოლუციური საფრანგეთის ლაშქარი, ნაპოლეონის სარდლდობით, ეგვიპტეში შევიდა. საომარი მოქმედების დაწყების წინ მომავალმა იმპერატორმა პროკლამაციით მიმართა ეგვიპტელებს: „…დიდზე დიდი ხანია, რაც კავკასიაში და საქართველოში ნაყიდი მონების ხროვა მსოფლიოს უმშვენიერეს კუთხეს მტარვალურად სტანჯავს“ („წყაროთმცოდნეობა“, ტ. 3, გვ. 313). ჩანს, ფრანგთა მხედართმთავარს ცოტათი მაინც ეშინოდა კავკასიელი და ქართველი „მონების ხროვის“, რაკი ადგილობრივ არაბ მოსახლეობას მხარდაჭერას ეხვეწებოდა. მართლაც საარაკო ვაჟკაცობა გამოიჩინეს მამელუკებმა. იმდროინდელი მსოფლიოს უპირველესმა მეომრებმა, ფრანგებმა, ვერ გატეხეს მათი წინააღმდეგობა.
სწორედ იმ დროს, როცა გაყიდული ქართველი ბიჭები სხვის ქვეყანაში მეომრულ სასწაულებს ახდენდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი მეცამეტეს პირადი დაცვისთავის ათასორასი ლეკი ჰყავდა დაქირავებული (პ. იოსელიანი – „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, 1978 წ., გვ. 196). საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე საწყალ და საცოდავ მეფეს, მიუხედავად სიღარიბისა, იმდენი ფული მაინც ჰქონდა, რომ ათასორასი კაცის დაქირავება შეეძლო და თან თითოეულისათვის თვეში ოცდაათი მანეთი მიეცა. კითხვა გაგიჩნდება: თუკი დაქირავება შეეძლო, რაღა ლეკს ქირაობდა და არა ქართველს? და ისიც იმ დროსა და
ვითარებაში, როცა „ლეკისა“ და „ლეკიანობის“ ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა ყოველ ქართველს. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ კითხვას? ალბათ, ერთადერთი პასუხი არსებობს: გიორგი მეცამეტე ვერ ენდობოდა ქართველებს. არ შეასრულებდნენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას, ითაღლითებდნენ. ლეკი კი, თუნდაც ქირის ხათრით, ერთგული იქნება. ღალატი არ არის (ან ნაკლებ არის) მისგან მოსალოდნელი. აბა, სხვაგვარად როგორ ახსნით ამ ფაქტს – მეფე ლეკს ქირაობს და ქართველს არა?
დიდად სამწუხაროა, მაგრამ ასეა: ეგვიპტეში ქართველი თავგამოდებული იბრძვის ქვეყნის დასაცავად, საქართველოში კი საკუთარი მეფის დაცვის სამსახურს გაურბის (ნუ ვიტყვით იმას, რომ მამელუკები პირწმინდად გათურქებული იყვნენ. უმრავლესობას კარგად ახსოვდა – ვინ იყო და საიდან. ზოგიერთი მაღალი თანამდებობის ქართველი მამელუკი სამსახურსაც კი სთავაზობდა ქართველ მეფეებს).
როგორც უნდა გაგვიკვირდეს, ქართველთა ჯარში სამსახური, ჩანს, ყოველთვის თავსატეხი პრობლემა იყო. 1101-1118 წლებში დავით აღმაშენებელმა დიდი ომები გადაიხადა. ყველა ბრძოლა მოიგო. თითქოს მეფეს სხვისი დამარცხება უკვე აღარ სჭირდებოდა, მაგრამ 1118 წელს იგი მაინც გადაწყვეტს ყივჩაღთა საქართველოში ჩამოსახლებას და როქის სპის შექმნას. გააკეთა კიდეც ასე. რატომ დასჭირდა დავითს ყივჩაღთა ჩამოსახლება? ნაირნაირი ვარაუი აქვთ ისტორიკოსებს ამის გამო გამოთქმული, მაგრამ დამაჯერებელი არცერთია. ამიტომ კიდევ ერთი ვარაუდის გამოთქმით არაფერი დაშავდება: არც დავით აღმაშენებელს მიაჩნია ქართველი მუდმივი სამხედრო სამსახურისათვის ვარგისად. როგორც საწყალი და საცოდავი გიორგი მეცამეტე ვერ დაეყრდნობოდა ქართველებს, ასევე ვერ დაეყრდნობოდა მხოლოდ ქართველებს ყოვლად ძლიერი, ბრძენი ხელმწიფე და დაუმარცხებელი მხედართმთავარი დავით აღმაშენებელი.
დააკვირდით პარადოქსს:
ლეკებს ებრძვიან და თავდაცვისათვის ლეკებს ქირაობენ. თურქ-სელჩუკებს ებრძვიან და თავდაცვისათვის თურქული მოდგმის ხალხს, ყივჩაღებს, ქირაობენ.
ქართული ძალისადმი დამოკიდებულების ერთიანობაა დამაფიქრებელი, თორემ შედეგის სხვადასხვაობა ყველასათვის კარგად არის ცნობილი: დავითმა უცხო მოიყვანა და დიდი საქართველოს სამსახურში ჩააყენა. გიორგიმ უცხო მოიყვანა და საქართველო მტერს მისცა.
ქართველი რომ სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა, ამას გიორგი ბრწყინვალის სამართალიც მოწმობს. „სამხედრო სამსახურს გაურბოდნენ არა მარტო ერთეულები, არამედ ხშირად მთელი სოფლები და თემები“, – წერს ისიდორე დოლიძე ნარკვევში „გიორგი ბრწყინვალის სამართალი“ (1957 წ., გვ. 16). მეფე იმათთვის, ვინც ლაშქრად არ გავიდოდა, საგანგებო სასჯელს აწესებს. „რომელიც ქუეყანა და თემი აწვივნეს ბრძანებითა ერისთავმან და განმგებელმან და ჟამიერად არ გამოვიდნენ, – ქუეყანამან თუ სოფელმან და ანუ ერთმან კაცმან და რაზომცაღა კაცმან დააკლოს ლაშქრობა, ერთს წელიწადს არ შეენდოს და მამული დაეჭიროს სასეფოდ, და თუითო ხარი წაეგვაროს სასეფოდ…“ (გვ. 111).
მეტად დამაფიქრებელ ამბავს გვიყვება მეფე-პოეტი არჩილი. მარაბდის ომის დაწყების წინ ქართველი სარდლების თათბირი გამართულა. ქართველები ტაბახმელას მდგარან, სპარსელები მარაბდის ველზე. გიორგი სააკაძესა და ბაადურ ციციშვილს უთქვამთ: დაუყოვნებლივ ბრძოლის დაწყება არ ივარგებს. ვაკეში, გაშლილ მინდორში, ისიც პაპანაქება სიცხეში ჩვენ სპარსელებს ვერ ვაჯობებთ, დავმარცხდებით. უკეთესია დავიცადოთ, მტერი სიმაგრეში შემოვიტყუოთო, ხევ-ხუვებში სპარსელთა ლაშქარი ვერ გაიშლება და ადვილად გაუმკლავდებითო. სხვები ბარათა ბარათაშვილი, ძმები თეიმურაზ და ქაიხოსრო მუხრანბატონები, იესე ქსნისერისთავი, მანუჩარ ათაბაგი და მესხნი დარბაისელნი, კახელი დიდებულები ომის დაუყოვნებლივ დაწყებისა და მარაბდის მინდორზე ბრძოლის მომხრე ყოფილან. და იცით, რა იყო ომის დაუყოვნებელი დაწყების მომხრეთა ძირითადი არგუმენტი, გარდა ჩვეულებ რივი ქართული ყოყლოჩინობისა – „ორჯერ გალახულს თათრებსა საომრად ვინ შეუღონდა?“ ის, რომ ჯარი, ბარათა ბარათაშვილის სიტყვით, დაიფანტება, მეომრები წავლენ-წამოვლენ და ომს ვეღარ შევძლებთო.
„შეყრილის საქართელოსა ყოვნა არს არ სამართალი,
აქა-იქ დაგვეფანტვიან“. უქეს: „ამან თქვა მართალი“.
და მართლაც, ომი დაუყოვნებლივ იმის შიშით დაუწყიათ – ჯერი არ დაგვეფანტოსო, რადგან მებრძოლთა ერთი ნაწილი ბრძოლის ველს გასცლია.
„ამ რჩევაზედ ბარათაანთ, წასვლის ეჭვი შეგვივიდა,
არ ჭორად თქვეს ეს ამბავი, მედასტურე მოგვივიდა,
თქვეს თუ: „ღვთის მადლს ამ ჯარშიგა არამც ეს ხმა გაგვივიდა,
ამად გვიჯობს ადრე შებმა, თუ ესენი წაგვივიდა“.
ადრე ამგვარ საქციელს ფეოდალურ თვითნებობას ვაბრალებდით. ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ ფეოდალური თვითნებობა არაფერ შუაშია. ეს საერთო ქართული თვისებაა. ამ თვითნებობისაგან გლეხიცა და მუშაც ისევე არ არის თავისუფალი, როგორც ფეოდალი.
სადღა იყვნენ ფეოდალები 1921 წლის მარტის პირველ რიცხვებში სოფელ ოსიაურთან, ქართლში, როცა იგივე გამეორდა, რაც მარაბდაში მოხდა 1624 წელს? მარტის იმ დღეს ქართულმა ჯარმა შემოსეული წითელი არმია დაამარცხა. მეორე დღეს უკვე გადამწყვეტი, გამანადგურებელი დარტყმისათვის ემზადებოდა ქართული სარდლობა. როცა დილით გენერლები ფრონტის ხაზს ათვალიერებდნენ, თავზარდამცემი სურათი წარმოუდგათ თვალწინ. მენშევიკურ-კომუნისტურ გვარდიას ფრონტი მიეტოვებინა, ფლანგები გაეშიშვლებინა და ახლო-მახლო სოფლებში მიმალულიყო (მენშევიკურ-კომუნისტური გვარდია ხომ ძირითადად მუშებისა და გლეხებისაგან შედგებოდა!). ბრძოლის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ქართულმა ჯარმა ისევ უკან დახევა დაიწყო, ხოლო ბოლშევიკურკომუნისტურმა წითელმა არმიამ, უკვე გათამამებულმა, შეტევა გააგრძელა.
უცნაურია: თუ ქართული არისტოკრატია ტრადიციულად მეომრობით იკვეხნიდა და თავი მოსწონდა, თავად ჩვენი ხალხი სამხედრო სამსახურის დიდი მოყვარული, როგორც ჩანს, არასოდეს ყოფილა. უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი – გუნება-განწყობილების მიხედვით ეპყრობოდა სამხედრო სამსახურს. თუ გუნება-განწყობილება ჰქონდა იომებდა და მერე როგორ – სანიმუშოდ. არ ჰქონდა, დაიხურავდა ქუდს თავზე, ბრძოლის ველს მიატოვებდა და შინ წავიდოდა, ან საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად ან მოსალხენად. მაგრამ იგი ასე იქცეოდა მაშინ, როცა საკუთარ, ქართულ არმიაში მსახურობდა. თუ უცხო ქვეყანაში მოღვაწეობდა, იგი ერთგულების, დისციპლინის, თავდადების ნიმუში იყო. ალბათ, იმიტომ ხდებოდა, რომ საქართველოს ქართველი არ უყურებდა (დღესაც არ უყურებს) როგორც სახელმწიფოს, რომელსაც თავისი მიზანი და მისია აქვს. იგი საქართველოს ყოველთვის რომელიმე დიდი სახელმწიფოს ნაწილად თვლიდა. სახელმწიფო ბიზანტია იყო, ხოლო საქართველო მისი ნაწილი, სახელმწიფო არაბეთი იყო, ხოლო საქართველო მისი ნაწილი, სახელმწიფო სპარსეთი იყო, ხოლო საქართველო მისი ნაწილი. სახელმწიფო თურქეთი იყო, ხოლო საქართველო მისი ნაწილი. სახელმწიფო რუსეთი იყო, ხოლო საქართველო მისი ნაწილი. ეს ცნობიერება მკაფიო ფორმულით ჩამოაყალიბა დიმიტრი ყიფიანმა: „მე რუსი ვარ ჩემის სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვსჭამ და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართელი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით“. საუკუნეების მანძილზე ამ ფორმულაში არაფერი იცვლებოდა, გარდა ბატონი ერის სახელისა. რუსის მაგიერ ხან ბერძენი ეწერა, ხან არაბი, ხან სპარსელი და ხან თურქი.
რა თქმა უნდა, მე საერთო განწყობილებაზე მოგახსენებთ, თორემ ძალიან კარგად ვიცი ცალკეული პიროვნებანი, გნებავთ მე-19 საუკუნეში და გნებავთ უფრო ადრე, როგორ იბრძოდნენ საქართველოს ღირსებისათვის, მისი თავისუფლებისათვის.
ემსახურო სხვას და ან არ იფიქრო ან ნაკლებ იფიქრო საკუთარ სამშობლოზე – გახლავთ სწორედ მამელუკური ცნობიერება. ფართო მნიშვნელობით, მამელუკური ცნობიერება რომ ჰქონდეს ადამიანს, აუცილებელი არ არის იგი მოპარული ან გაყიდული იყოს. ნაპოლეონს ეგვიპტელი მამელუკები სძულდა, მაგრამ სრულებით არ უფიქრია, რომ თავადაც მამელუკი იყო, ოღონდ ფრანგების მამელუკი და თან ნებაყოფლობითი. კორსიკელმა კაცმა, სისხლით, ენით, ისტორიით იტალიელმა საფრანგეთის სახელმწიფო დიდებას შესწირა თავი. მამელუკურ ცნობიერებას ატარებდნენ ახალციხის ფაშებიც, ეროვნებით ქართველები, მაგრამ გამუსლიმებული და თურქეთის თავგადადებული მსახურები. ასევე მამელუკური ცნობიერება ჰქონდათ მე-19 საუკუნეში რუსეთის არმიის ქართველ გენერლებსა და ოფიცრებს (თუ მამელუკური ცნობიერება არა, როგორ შეიძლებოდა 1832 წლის შეთქმულების ყველა მონაწილე რუსეთის ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარიყო?). მამელუკური ცნობიერება ჰქონდათ ქართველ ბოლშევიკ-კომუნისტებსაც… შეუძლებელია პოლიტიკის ასპარეზზე ადამიანმა უფრო დიდ გამარჯვებას მიაღწიოს, ვიდრე სტალინმა, მაგრამ ისიც მამელუკი იყო. ამას დღევანდელ რუსეთში მისდამი დამოკიდებულებაც ადასტურებს. კარგად მახსოვს, როგორ აკრძალეს დავით რონდელის ფილმის ჩვენება სსრკ-ის იმ ქალაქებში, სადაც ეგვიპტის საკონსულოები იყო: ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი უარყოფითად აფასებს მამელუკების საქმიანობას და ვაითუ ეწყინოს ამ ქართული ფილმის ჩვენებაო. ნასერისაგან დაწუნებული მამელუკები კი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ ეგვიპტისათვის. ასევე არ დაემართა სტალინს?
დღეს, ჩვენ მამელუკური ცნობიერება გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მტრის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიას – აფხაზეთსა და შიდა ქართლს – მშვიდობიანი გზით დაგვიბრუნებენ. ქვეცნობიერად ჩვენ თავს ისევ რუსეთის ნაწილად ვთვლით და გვიკვირს – საქართველო თავად რუსეთის სახელმწიფოს ნაწილია და რატომ წაართმევს მას რუსეთი ან აფხაზეთს ან შიდა ქართლს? ეს დროებითი გაუგებრობაა. დღეს იქნება თუ ხვალ ლანგარზე დადებულს მოგვართმევენ აფხაზეთსაც და შიდა ქართლსაც.
ჩვენ ადვილად ვეგუებით ჩვენი ტერიტორიის დაკარგვას. როცა ის მიწა-წყალი წაგვართვეს, რომელიც ამჟამად „თურქეთის საქართველოდ“ იწოდება, ჩვენში გოდება არ ატეხილა. აბა, ნახეთ, ბიბლიაში, როგორ გოდებენ ებრაელი წინასწარმეტყველები ისრაელის ყოველი დამარცხების გამო. მაშინდელ ქართულ ლიტერატურაში? არც ფერეიდანში გადასახლებულ ქართველთა მოთქმა ისმის ჩვენს ისტორიულ თუ სიტყვაკაზმულ მწერლობაში. დღეს „თურქეთის საქართველო“ იმდენად გვახსენდება, რამდენადაც იქ კიდევ არის შემორჩენილი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ნიმუშები და მათი დათვალიერება, უკეთეს შემთხვევაში, შესწავლა გვაინტერესებს. მაგრამ „თურქეთის საქართველო“ რომ ჩვენი დანგრეული სახელმწიფოს ნაწილია, მისი სისხლი და ხორცი, ნაკლებად გვიბურღავს ტვინს. ერთადერთხელ ჩვენს მეცნიერებასა და მწერლობაში დიდი ფორიაქი მაშინ ატყდა, როცა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სტალინმა თურქეთს დაპყრობილი ქართული და სომხური ტერიტორიის გამო პრეტენზია წაუყენა. როცა იგი გარდაიცვალა, გვიბრძანეს – ხმა გაიკმინდეთო – და ჩვენც გავჩუმდით. მეტი რა ჩარა იყო.
ასევე იოლად შევეგუებით ჩვენ შიდა ქართლისა და აფხაზეთის წართმევასაც. ნახეთ, დღეს გაზეთების კორიანტელის ეპოქაში, არცერთი გაზეთი, გარდა „კავკასიონის“ (თუმცა შიდა ქართლი იმასაც ავიწყდება), არ ისტამბება მოწოდებით – გახსოვდეთ აფხაზეთი! გახსოვდეთ შიდა ქართლი! მტრის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის გამო ჩვენში განუწყვეტელი გმინვა უნდა ისმოდეს, თორემ სიმშვიდე და მოლოდინი შეგუების საფუძველია.
მამელუკური ცნობიერების შედეგია ისიც, ქართველი მეცნიერები, ხელოვანნი, სპორტსმენები უცხოეთში რომ იხიზნებიან. შეიძლება მკითხველმა გაიოცოს: ასეთი ამბები უცხოეთშიაც ხდება. იქაც ფულისა და კეთილდღეობის გამო ერთი ქვეყნიდან მეორეში სახლდებიან ადამიანები. მართალია ეს, მაგრამ იქ, უცხოეთში, არა მარტო მიდიან, არამედ მოდიან კიდეც. მაგალითად, თუ ჰოლანდიელი სპორტსმენი (თუ გნებავთ მეცნიერი ან ხელოვანი) გერმანიაში, იტალიაში ან სხვაგან გაიყიდება, ჰოლანდიაც ყიდულობს სხვა ქვეყნებში იმ სპორტსმენებს, ხელოვანთა თუ მეცნიერებს, რომელნიც სჭირდება. საქართველო ყიდის, მაგრამ ვერავის ყიდულობს. ჩვენი ნიჭი სხვაგან მიდის, მაგრამ ჩვენში არავის ნიჭი არ მოდის. არსებითად ისევე ხდება, როგორც ძველად: საქართველოში მოპარული და გაყიდული ადამიანები უცხო ქვეყნების სამხედრო ძლიერების საფუძველს ჰქმნიდნენ, ჩვენ კი თავდაცვისათვის ხალხი აღარ გვყოფნიდა, აღარ გვყავდა.
ცოცხალია და განსახორციელებელი ილია ჭავჭავაძის არა მარტო პირველი დევიზი – ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდესო, – არამედ მეორეც – „შენ რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ოსმალეთსა?“ (მკვლევარები ამბობენ, რომ ხელნაწერში „ოსმალეთის“ ნაცვლად „ჩრდილოეთსა“ ეწერა, ხოლო ლექსს „იანჩარის“ მაგიერ „კანვოიელი“ ერქვაო. მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა ნაკლებ აქვს. აზრი ისედაც ცხადია და ნათელი).
მე-20 საუკუნის დამთავრებამდე ძალიან მცირე დრო დარჩა. ამ დროში უნდა გადაწყდეს საბოლოოდ: მარადიულად დარჩება საქართველო სხვა სახელმწიფოებისათვის მამელუკების მიმწოდებელ ქვეყნად თუ, ბოლოსა და ბოლოს, იგი მართლაც იქნება თავისი ბედის გამგებელი.
1996 წ.