თენგიზ აბულაძის კინოტრილოგია

თენგიზ აბულაძის სამივე ფილმს აერთიანებს ერთი პრობლემა, ძალადობის პრობლემა. სამივე ფილმში რეჟისორი სერიოზულ ყურადღებას აქცევს ამ პრობლემას და მართალია, სხვადასხვა კუთხითა და სხვადასხვანაირად განიხილავს, მაგრამ ერთი საერთო ნიშან-თვისება აქვს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ „ვედრებაში“ ვაჟა-ფშაველამ მისცა მას ამის საშუალება. საკმარისია გავიხსენოთ „სტუმარ-მასპინძელი“, სადაც ეს საკითხი მკაფიოდ არის გამოხატული. ზვიადაური და ჯოყოლა თემის ძალადობის მსხვერპლნი არიან, რადგანაც თემი თვლის, რომ ჯოყოლამ დაარღვია თემის უმთავრესი წესი და მან სახლში მიიღო თემის მოსისხლე, აიძულებს ჯოყოლას, დათმოს ზვიადაური, რომელსაც დასჯიან. აგრეთვე, „ნატვრის ხეში“ ძალადობას დიდი ადგილი უჭირავს. ციციკორე და სოფელი მოძალადეა გედიასა და მარიტას მიმართ, რადგან ისინი თვლიან, რომ ცოლქმრული ერთგულების პრინციპს უღალატეს და ამიტომ უნდა დაისაჯონ. აქ მხედველობაში ნაკლებად არის მისაღები, რომ თითო-ოროლა ქომაგი ჰყავს მარიტას. არსებითად მთელი სოფელი ციციკორეს მეთაურობით მარიტას წინააღმდეგია და ეს უკვე მთელი სოფლის ძალადობაა. მესამე ფილმში ხომ საერთოდ ეს პრობლემაა უმთავრესი. არავიძისა და მისი ჯგუფის ძალადობა საზოგადოების მიმართ და თუ გნებავთ მხატვარ ბარათელის მიმართ.

ამ მკაფიოდ გამოხატულ ძალადობის პრობლემის უკან დგას სხვა პრობლემები, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობენ მთავარი საკითხიდან და მეტისმეტად აქტუალური და საყურადღებოა დღევანდელ ვითარებაში. იგი უშუალოდ ეხმიანება იმ მოვლენებს, რასაც თვალყურს ვადევნებთ, რასთანაც უშუალო კავშირი გვაქვს და ბუნებრივად ხსნის იმ ზოგიერთ რთულ საკითხს, რასაც საბჭოთა საზოგადოებამ მიაქცია ყურადღება და რა პროცესიც საბჭოთა საზოგადოებამ გაიარა.

აი, ერთი საყურადღებო ვითარება, რომლიდანაც ჩანს თუ როგორ უკავშირდება ტრილოგიაში დასმული პრობლემები დღევანდელ მდგომარეობას. როდესაც თემი მიუვარდება ჯოყოლას, რომელიც ზვიადაურის დახსნას ცდილობს, თემი ასე ეუბნება: „თემს რაც სწადია მას იზამს, თავის თემობის წესითა“.

თემი იცავს რაღაც წესს, მაგრამ იცავს არა იმ თვალსაზრისით, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, არამედ წინასწარ აკვიატებული აზრის მიხედვით. თემს ასე სურს და მაშასადამე ასე უნდა მოხდეს. თემს არ სურს გაარკვიოს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ასევე „ნატვრის ხეში“, სოფელს არ სურს გაარკვიოს მართალია თუ არა გედია და მარიტა, ან მათი სიყვარული უნდა დაინდონ თუ არა. სოფლისთვის მთავარია, რომ დაირღვა მათთვის პატივსაცემი ცოლქმრული ერთგულება და მაშასადამე, ისინი უნდა დაისაჯონ. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი სიყვარული დგას ამის უკან. ასევე „მონანიებაში“. არავიძესა და მის ჯგუფს მიაჩნიათ, რომ რაღაც მიზნით, რაღაც იდეალების თვალსაზრისით, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და ისინი ისჯებიან კიდეც. ესე იგი: არ ხდება განსჯა, ხდება კოლექტივის ძალდატანება პიროვნებაზე. ვაჟა-ფშაველას ფრაზა ძალიან ეხმაურება პარტიის XIII ყრილობაზე ლევ ტროცკის მიერ ნათქვამ სიტყვებს: „არ შეიძლება პიროვნება მართალი იყოს პარტიის წინაშე. პიროვნება მართალი შეიძლება იყოს მხოლოდ პარტიასთან ერთად“. ესე იგი პიროვნების სიმართლე კი არა, საერთო კოლექტიური სიმართლე. ამ კოლექტიური სიმართლის უკან რანაირი სიმართლე იმალება, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ამ კოლექტიურ სიმართლეს როგორი პიროვნებაც არ უნდა შეეწიროს, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს. აქედან იბადება ის უარყოფითი შედეგი, რომელიც ამ ფილმებშიც არის და ცხოვრებაშიც გვხვდება. მაშასადამე, ხდება პიროვნების დათრგუნვა საზოგადოების სახელით წინასწარ აკვიატებული დებულების დაცვის მიზნით.

ასე რომ, ვაჟა-ფშაველას თხზულებანი დიდი ხნით ადრეა დაწერილი, პირველი ფილმის გადაღების შემდეგაც ოცი წელი გავიდა. მაინც ერთი საერთო ხიდია გადებული იმ საფუძველზე, რომ ძალადობა ვლინდება კოლექტივისა და პიროვნების მიმართ და აქედან იბადება ტრაგედია.

დღევანდელი ჟღერადობა ამ ფილმისა ის გახლავთ, რომ ყურადღება ექცევა ისეთ პრობლემას, რაც დღეს არის განსჯის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება გადატანილია სხვაგან და რეჟისორი სხვადასხვა კუთხით აჩვენებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს. მე პირადად შეიძლება არ ვიზიარებდე იმ პრინციპს, რომ განზოგადოებისათვის საჭიროა სხვადასხვა ეპოქის ტანსაცმელი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნიშნები, სხვადასხვა ადგილი, მაგრამ ეს უკვე ავტორის საქმეა, მისი მხატვრული ხერხია, მხატვრული ხედვაა და ყველა ავტორს აქვს იმის უფლება, იმ ხერხებით, იმ საშუალებებით იაზროვნონ, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. ჩემთვის, მაყურებლისათვის ის არის საინტერესო, აქედან რა გამომდინარეობს და რამდენად ახლობელია ის პრობლემატიკა ჩვენს დღევანდელობასთან.

ყოველგვარი ძალადობის დროს იღუპება საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და იღუპებიან ის პიროვნებები, რომელნიც ადამიანის ჯიშში საუკეთესონი არიან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად უდიდესი ზარალი ადგება თვითონ ხალხს, საზოგადოებას. თუმცა ყოველგვარი ძალადობა, ყველა დროში ხორციელდება ხალხის კეთილდღეობის სახელით. ასევეა ფილმებშიც: თემის კეთილდღეობის სახელით ხდება ძალადობა „ვედრებაში“, სოფლის კეთილდღეობის სახელით „ნატვრის ხეში“ და საერთოდ საზოგადოების სახელით „მონანიებაში“. არსებითად ხდება თვითდასჯა, რადგანაც საზოგადოება იცილებს თავის საუკეთესო ნაწილს. ეს მხარეც არის გამაერთიანებელი ხაზი ფილმებისა და საერთოდ საყურადღებო მოვლენა, რომელსაც ღრმად უნდა ჩავხედოთ და შევაფასოთ.

თუ ჩვენ ვერ მივხვდით რაშია საქმე, რამ გამოიწვია ჩვენი წარსული შეცდომები, უფრო მეტად დავუშვებთ შეცდომებს, ვიდრე საქმეს გამოვასწორებთ. თუ ჩავთვლით, რომ ის სასტიკი მოვლენები, რაც მოხდა, იყო ერთი პიროვნების სურვილი, რომელიმე ერთი პიროვნების მიერ განხორციელებული, მაშინ ვერ ამოვხსნით ურთულეს მოვლენებს, რასაც ისტორიაში ჰქონდა ადგილი და გამოვა ზერელე დამოკიდებულება იმ ტრაგედიის მიმართ, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, მაგრამ თუ ჩვენ მივხვდებით, რომ ამის უკან იდგა სერიოზული პროცესი და ამ პროცესს უნდა გაანალიზება, ცხადია, ეს ფილმებიც გარკვეულ როლს შეასრულებენ და ჩვენც სწორ დასკვნას გავაკეთებთ.

როგორც მოგახსენეთ, ძალადობა არასოდეს არ ხდება ერთი პიროვნების ნებით, ძალადობას მუდამ მხარში უდგას საზოგადოება და საზოგადოება თვლის, რომ ეს ძალადობა მიზანშეწონილია. ამ შემთხვევაში ყურადღების მიქცევა სჭირდება იმ პროცესს, რაც საზოგადოების ცხოვრებაში მოხდა, რა ცნობიერების საფუძველზე მოხდა ესა თუ ის დანაშაული. მე შემთხვევით არ გავიხსენე ტროცკის სიტყვები. აქ ჩანს პიროვნების ნიველირება, გამტყუნება კოლექტივის სახელით. ისევე, როგორც თემი ამტყუნებს ჯოყოლას და ყურს არ უგდებს მის პიროვნულ შეხედულებებს, ასევე, ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ სხვადასხვა ისტორიულ ვითარებაში საზოგადოების ძალდატანება იწვევს იმ მსხვერპლს, რაც მომდევნო თაობისათვის მიუღებელია და ტრაგიკული.

1920 წელს გამოვიდა ბუხარინის წიგნი „გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა“. ამ წიგნში იგი წერს, რომ „დახვრეტები არის ერთ-ერთი ფორმა კომუნისტური საზოგადოების ჩამოყალიბებისა“. ძალდატანება მას პრინციპად მიაჩნია ახალი საზოგადოების შესაქმნელად. თუმცა შემდეგ თვითონ გახდა ამ პრინციპის მსხვერპლი. სწორედ ეს არის საყურადღებო. არა ის, რომ ვიღაც კონკრეტული პიროვნება ახორციელებს ძალადობას, არამედ თვითონ საზოგადოება ატარებს ამ პრინციპს და მისი წევრები თავად ხდებიან მსხვერპლნი იმისა, რასაც იცავენ. 1919 წლის სახალხო დახვრეტებით თვითონ იყო ბუხარინი შეძრწუნებული და მოითხოვდა, რომ შეეჩერებინათ ის განაჩენი, რომელიც გამოჰქონდა ჩეკას. და მიუხედავად იმისა, რომ ის ასე შეძრწუნდა ამ პროცესებით, თეორიულად მაინც თვლიდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ფორმა კომუნისტური საზოგადოების ჩამოყალიბებისა. მაშასადამე, ხდება კოლექტიური ცნობიერების დამახინჯება და ამას მოჰყვება ის ტრაგიკული შედეგები, რომელთაც მტკივნეულად განვიცდით დღეს. ამ პრობლემაზეა საუბარი ფილოსოფიური თვალსაზრისით აბულაძის ფილმებში, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტურად, თუ არ ჩავთვლით ბოლო ფილმს, ამ პროცესებთან არავითარი კავშირი არა აქვთ.

ამიტომ ეს საერთო ხაზი, ფიქრი და განსჯა უკან გვაბრუნებს ჩვენი კლასიკური მწერლობისაკენ და გვაფიქრებინებს, რომ ბევრი პრობლემა მაშინ უკვე გადაწყვეტილი იყო და გარკვეული პასუხიც გვქონდა. როდესაც მათ ვიხსენებთ, ვხედავთ, რომ დღევანდელ ვითარებასაც აძლევენ პასუხს და ამდენად მარად ცოცხალი ნაწარმოებები არიან. ბუნებრივია, როცა მას კინოხელოვნება მიმართავს, იძლევა საინტერესო შედეგს და დღევანდელ ვითარებაზე პასუხს. ამიტომ ეს ფილმები, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარეგნულად ერთმანეთს არ ჰგვანან, ამ კუთხით არიან ერთი მთლიანი და ამ კუთხით აქვთ ერთნაირი ხასიათი.

ეკრანიზაციის პრობლემა სხვადასხვა თვალსაზრისით შეიძლება განიხილოს კაცმა. მე პირადად არ შემიძლია ვთქვა, რომელ ნაწარმოებებს შეიძლება დაერქვას აშკარა ეკრანიზაცია. არის შემთხვევები, როცა ავტორი პრობლემას სესხულობს და მას თავისებურად იაზრებს. ასევეა ნაწილობრივ აბულაძესთან, მაგრამ „ვედრებაც“ და „ნატვრის ხეც“ ახლოს არიან პირველწყაროსთან, თუმცა, ყურადღება ისეთი ელემენტებისადმია მიქცეული, რომლებიც შეიძლება პირველწყაროში წინა პლანზე არ იყოს წამოწეული. ასე რომ, შესაძლოა, ერთდროულად მივიჩნიოთ ეკრანიზაციად და არც მივიჩნიოთ, რადგან მისი პრობლემატიკის, ანალიზისა და მხატვრული საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით, სხვანაირად არის დაყენებული საკითხი აბულაძესთან და ამდენად აქტიურ ეკრანიზაციას ვერ დავარქმევთ. იყო კიდეც თავის დროზე გარკვეული საყვედურები „ვედრების“ მიმართ, რომ აქ ვაჟა-ფშაველა არ არის ისე ზუსტად გადმოტანილი და მეტი თავისუფლება გამოიჩინა რეჟისორმა. მე ვფიქრობ, რომ ამის უფლება რეჟისორს აქვს, რადგან იგი ცდილობს იმ პრობლემატიკის ამოკითხვას, რომელიც მისთვის არის საინტერესო და მას სჭირდება. საერთოდ, როცა რეჟისორს ლიტერატურული ნაწარმოებები გადააქვს ეკრანზე, ეს არის მხოლოდ მისი დამოკიდებულების გამოვლენა და ჩვენ მას ერთი კუთხით უნდა მივუდგეთ, არის თუ არა საინტერესო თვითონ ეს ფილმი და გველაპარაკება თუ არა იგი საინტერესო საკითხებზე.

სამივე ფილმი ტრაგიკულ ჟანრს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ მათ იგავური, პარაბოლური ხასიათი აქვთ. მაგრამ თავისთავად ყველა მხატვრული ნაწარმოები შინაგანად შეიცავს იგავს, პარაბოლის ელემენტს. სამივე ფილმი ტრაგიკულია, რადგან სამივეში ასახულია ადამიანის ტრაგიკული ბედი, სინამდვილის მსხვერპლი ადამიანის ბედი.

რეჟისორი ცდილობს, ფილმები სხვადასხვა სამეტყველო ენით, სხვადასხვა საშუალებებით გააკეთოს. ეს მრავალფეროვნება საინტერესოს ხდის მხატვრულ ნაწარმოებს და კიდევ უფრო მეტად ამყარებს კონტაქტს მაყურებელთან. ერთფეროვანი ხერხები მოსაწყენს ხდის ნაწარმოებს. ეს არ ნიშნავს, რომ აბულაძეს არა აქვს თავისი ხელწერა, სტილისტიკა, მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალური დამოკიდებულება მხატვრული ხერხებისადმი. მაგრამ აბულაძე სულ მოძრაობაშია ამ მხრივ და ერთი წერტილიდან სულ აღმავალი წერტილისაკენ მიდის. შეიძლება ზოგს მოსწონდეს ეს, ზოგს არა, მაგრამ ერთფეროვანი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ არც არსებობს და არც უნდა არსებობდეს.

„მონანიება“ აგრძელებს იმ პრობლემატიკას, რაზედაც ვისაუბრე, მაგრამ ერთგვარი წერტილიც არის დასმული – თუ გზა ტაძართან არ მიგვიყვანს, მაშინ რა საჭიროა ეს გზა. ეს ნათქვამი ჰკრავს ყველაფერს, რაც თენგიზ აბულაძემ სამ ფილმში გადმოსცა. პრობლემა ტაძრისაკენ მიმავალი გზისა მხოლოდ და მხოლოდ ამ ფილმს არ ეკუთვნის. ის დიდი პრობლემაა არა მარტო ხელოვნებისა, არამედ ჩვენი საზოგადოებისა. რადგან, სწორედ ეს კითხვა დიდი საზოგადოებრივი კითხვაა. დიდად დამაფიქრებელი, რადგან მთელი საზოგადოება რაღაცას აშენებს და ერთ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ამ მშენებლობის დროს, გაცილებით მეტი შეცდომა იყო დაშვებული, ვიდრე სწორედ ის გზა, რომელზეც ჩვენ უნდა გვევლო. ამიტომ დასკვნამ, ამ ფინალმა გაარღვია ხელოვნების საზღვარი და დიდ საზოგადოებრივ კითხვად გადაიქცა. ამიტომ ის დაკავშირდა იმ ცვლილებებთან და ძვრებთან, რომელიც დღეს ხდება საბჭოთა კავშირში. დაკავშირდა იმიტომ, რომ მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ პასუხი გასცეს კითხვას – რა გავაკეთეთ ამ სამოცდაათი წლის მანძილზე? აღმოჩნდა, რომ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, არ გაგვიკეთებია. ყოველ შემთხვევაში, დღეს რაც პრესაში იბეჭდება იქიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ჩვენ ვცდილობდით რაღაც გაგვეკეთებინა, მაგრამ თურმე სხვა მიმართულებით მივდიოდით. ერთი სიტყვით, არ წავსულვართ ტაძრისაკენ. ესე იგი, ბუნებრივია, რომ ამაზე დავფიქრდეთ და რაღაც გადაწყვეტილება გამოვიტანოთ.

და რადგან ფილმში ეს კითხვა დაისვა და იგი მთელი საზოგადოების კითხვა გახდა, ბუნებრივია, პასუხის გაცემა უნდა ვცადოთ. აბულაძე, მართალია არა პირდაპირ, მაგრამ მაინც იძლევა პასუხს თავისი ფილმებით.

ჩვენ რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ რაღაც კონკრეტული სინამდვილე, კონკრეტული მოვლენა, თუ პოზიტიური აზრით არ გამოვთქვით, მაშინ ეს კრიტიკა არსად არ წაგვიყვანს. ჩვენ ვიტყვით ეს ცუდია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რა არის კარგი. ჩვენ შეიძლება დავანგრიოთ გზა, რომელიც ტაძართან მიდის, მაგრამ უნდა ავაშენოთ სხვა გზა, შეიძლება ტაძარი დავანგრიოთ, მაგრამ ეს არ კმარა, ტაძარი უნდა ავაშენოთ. სხვანაირად აღმოვჩნდებით დიდი კრიზისის უფსკრულში, რომლიდან გამოსვლაც არც ისე ადვილია.

მე წეღან ვთქვი, რომ ივიწყებენ პიროვნების სიმართლეს, მნიშვნელობასა და დანიშნულებას და კოლექტიური სიმართლით ცდილობენ პიროვნების დათრგუნვას. ეს იწვევს მსხვერპლს მთელი საზოგადოებისას. ამიტომ, ერთი დასკვნა, რომელიც ამ ფილმებიდან უნდა გამოიტანოს ადამიანმა, არის ის, რომ პიროვნების ხელყოფა არ შეიძლება, რადგან პიროვნების თავში იბადება ყოველი აზრი, სიახლე. კოლექტივის თავში აზრი არ იბადება. კოლექტივი მხოლოდ შემსრულებელია, მხოლოდ მორჩილია. თუ პიროვნებას დავსჯით, მაშინ კოლექტივს უთავოდ დავტოვებთ. მას აღარა აქვს უნარი სადმე წავიდეს. ამიტომ პიროვნების თავისუფლების პრობლემა დგება. როდესაც ისჯებიან ისეთი საუკეთესო ადამიანები, როგორებიც არიან ზვიადაური და ალუდა ქეთელაური, მარიტა და გედია, მხატვარი ბარათელი, ისჯება ის ნაწილი საზოგადოებისა, რომელმაც საზოგადოება უნდა წაიყვანოს წინ. ესე იგი, ამ ხალხს სჭირდება მოვლა, გაფრთხილება, რათა საზოგადოება არ დარჩეს უგზოდ, არ გაიყინოს და არ გაქვავდეს.

მეორე დასკვნა ისაა, რომ, როდესაც რამე ხდება, აუცილებელია განსჯა. განუსჯელად არ არსებობს რაიმე კანონი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს სიმართლეს. სიმართლე ყოველთვის უნდა დადგინდეს, როგორც კონკრეტული ვითარების გამოკვლევა და აქედან მიღებული გარკვეული დასკვნა და არა წინასწარ აკვიატებული აზრი. შესაძლოა მართალია დებულება, რომ თემმა უნდა დასაჯოს თავისი მოსისხლე, ისევე, როგორც მართალია დებულება, რომ ცოლქმრული ერთგულების დაცვა აუცილებელია, ასევე უნდა დაისაჯოს ოპოზიციაში მდგომი ესა თუ ის პიროვნება, მაგრამ თუ კონკრეტულად არ გამოვიკვლიეთ, ჩვენც დანაშაულს ჩავიდენთ. ცოლქმრული ერთგულება „ნატვრის ხეში“ ირღვევა არა იმიტომ, რომ მარიტა ზნედაცემული ქალია, არამედ იმიტომ, რომ იგი უდიდესი სიყვარულით არის შეპყრობილი. დიდი და დიადი გრძნობის საფუძველზე ხდება დარღვევა საზოგადოებრივი ნორმისა. ამას თუ არ მიაქცია საზოგადოებამ ყურადღება, იგი აუცილებლად დანაშაულს ჩაიდენს. ის უსუფთავეს, უწმინდეს ადამიანს ბრალად სდებს იმას, რაც მას არ ჩაუდენია. ასევე, ბარათელი ისჯება იმისათვის, რომ იგი მაღალ იდეალებს იცავს. სასჯელი მიმართულია არა იმისაკენ, რომ დანაშაული აღმოვფხვრათ, პირიქით, კანონი იქცევა თავად ბოროტებად და საზოგადოების წინააღმდეგ. ესე იგი, აუცილებელია განსჯა, რატომ მოხდა, ვინ ჩაიდინა, რა მიზეზით?

მესამე – რაც სამივე ფილმის ტექსტიდან და ქვეტექსტიდან გამომდინარეობს გახლავთ ის, რომ არასოდეს არ ხდება დანაშაული, თუ საზოგადოება მას მხარს არ უჭერს და მხარს უჭერს სიბრმავის გამო. როდესაც თემი ჯოყოლასა და ზვიადაურის წინააღმდეგია მთლიანად, ის უკვე ბრმა ძალაა. ასევე, სოფელიც და არავიძის მიმყოლი საზოგადოებაც ბრმა ძალაა. მათ გარეშე პიროვნება დანაშაულს ვერ ჩაიდენს. არასოდეს, არც ერთ პიროვნებას არ შეუძლია დიდი დანაშაულის ჩადენა, თუ მას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. ასევე, როცა საუბარია რომელიმე პიროვნების მხილების შესახებ, აუცილებლად ისიც უნდა იყოს ნათქვამი, მასთან ერთად საზოგადოებაც დამნაშავეა. ჩვენ ამის ისტორიული, კონკრეტული მაგალითები გვაქვს. ყველა ისინი, ვისაც დღეს რეაბილიტაციას ვუკეთებთ, საზოგადოებრივად აღიარებდნენ დანაშაულს და ყველა ის კოლექტივი, რომლებიც მათ დასჯას მოითხოვდა, არსებითად მხარს უჭერდა იმ კოლექტიურ სიმართლეს, რომელსაც მაშინ ესა თუ ის პიროვნება განახორციელებდა. არავინ არ წამომდგარა მაშინ მათ დასაცავად. არც თვითონ, საკუთარი თავის დასაცავად. ასე რომ, დანაშაული უშუალოდ არის დაკავშირებული საზოგადოებრიობის შინაგან პასიურობასთან, საზოგადოების ინერტულობასთან. ესე იგი, კიდევ ერთი დასკვნა ამ ფილმებიდან გამომდინარე არის ის, რომ საზოგადოება იყოს აქტიური, იყოს ყველაფრის საქმის კურსში. როცა საზოგადოება ბრმა ძალად გადაიქცევა, მისგან არასოდეს კეთილი არ გამოვა. საზოგადოებასა და პიროვნებას შორის უნდა იყოს ურთიერთგაგება, როდესაც ორივე მხარე განსჯის პოზიციაზეა და ბრმად არ ემორჩილება. ამიტომ გუშინდელი დანაშაულის პასუხისმგებლობისაგან არ შეიძლება გავანთავისუფლოთ საზოგადოება. ის საზოგადოება იმ ბოროტებისთვის პასუხისმგებელია. აქ იყო ბოროტმოქმედება შეერთებული პიროვნებასთან და საზოგადოებასთან.

ეს დასკვნები არის ის პოზიტიური აზრი, რომელიც დღეს უნდა გამოვიტანოთ. დასკვნა კი ისაა, რომ ტაძრისაკენ მიდის თავისუფალი პიროვნების გზა, თავისუფალ საზოგადოებასთან ერთად. როდესაც არც პიროვნებაა თავისუფალი და არც საზოგადოება, მაშინ ეს გზა არავითარ ტაძართან არ მიდის.

1988 წ.