დაგონჯებული ქართული
…ქართული ენის პატრონობა დამოუკიდებლობა-თავისუფლებისათვის ბრძოლას ნიშნავდა საქართველოში. ქართული ენა ჩვენი მწერლობისა და მეცნიერების მუდმივი და შეუნელებელი ზრუნვის საგანი იყო.
ასე გრძელდებოდა აგერ აქამდე, 80-იანი წლების ბოლომდე. მერე რატომღაც ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად ზურგი შეაქციეს იმ დედოგზას, რომელსაც თერგდალეულები დაადგნენ და მომდევნო თაობები მიჰყვებოდნენ. პარლამენტმა, ჟურნალ-გაზეთებმა, რადიო-ტელევიზიამ ყველამ ერთად იხუვლა და გიორგი ერისთავს მიაშურა. მაშინდებული აჭრელებული ქართულის დამკვიდრებას შეუდგა. ამის დასადასტურებლად ნიმუშების მოხმობა არც არის საჭირო, იმდენად ხშირად გვესმის ბარბარიზმებით დამძიმებული ქართული.
განსაკუთრებით შავად წავიდა საქმე მას მერე, რაც ქართულ ტელეეკრანს უცნაური (უმეტესწილად აშშ-დან) კინო-ტელე-ნეხვი მოასკდა. ერთხანს (და ახლაც) ძირითადად რუსულად ახმოვანებულს გვთავაზობდნენ, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს იყო ეს. შემდგომ, ალბათ, იფიქრეს დამოუკიდებელ ქვეყანაში ცოტა უხერხულია გამუდმებით უცხო ენაზე (ქართველებისათვის რუსულიც ისეთივე უცნო ენაა, როგორც, ვთქვათ, ინგლისური) ფილმების ჩვენებაო და ქართულადაც დაიწყეს ახმოვანება (დიახ, ახმოვანება და არა გახმოვანება, როგორც ეს, სამწუხაროდ, დამკვიდრებულია. ქართულად ვამბობთ, ამეტყველდა და არა გამეტყველდა, ალაპარაკდა და არა გალაპარაკდა). აი, აქ კი საშინელ დღეში ჩავცვივდით. წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა ჩიქორთული ქართული. ჰო, რა თქმა უნდა, მსახიობები, ბუნებრივი, სამეტყველო ენით უნდა გელაპარაკებოდეს ეკრანიდან. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ რაც ქუჩაში დაგონჯებული ქართული გვეყურება, ეკრანიდანაც ისეთივე ქართული გვესმოდეს.
ნუთუ ადამიანმა, რომელმაც თარგმანს მოჰკიდა ხელი, ერთმანეთისაგან ვერ უნდა გაარჩიოს „მიტევება“ და „დატოვება“? ქართულად ახმოვანებულ ერთ ფილმში ფრიად დარბაისელი ქალი სტუმრებს ეუბნება – მაპატიეთ, ცოტა ხნით უნდა მიგატოვოთ. რა ვქნა, უნდა დავიწყო მტკიცება, რომ ყოველი ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც იცის ქართული ენა, იტყოდა მაპატიეთ, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთო! ამ ორ სიტყვას შორის არა მარტო შინაარსობრივი სხვაობაა, არამედ – ზნეობრივიც. „მიტოვება“ სხვა ზნეობრივ მდგომარეობას გამოხატავს და „დატოვება“ – სხვას.
მეორე ფილმში ერთი გაბრაზებული კაცი მეორეს ემუქრება კისერს მოგიტეხავ. პურს მოგიტეხავ – გამიგონია. წამიკითხავს კიდეც. კისერს მოგიგრეხ, – ესეც გამიგონია. წამიკითხავს კიდეც. მაგრამ „კისერს მოგიტეხავ“ აქამდე არც გამიგონია, არც წამიკითხავს. დარწმუნებული ვარ, მთელი ქართული მწერლობა მე-5 საუკუნიდან დღემდე რომ გადაიკითხო, გულმოდგინედ და დაკვირვებით, ვერ იპოვნით – „კისერს მოგიტეხავ“.
ერთი მანდილოსანი შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს კარგი ქართული მეტყველებისათვის ძალიან ემადლიერება. „მე კი
ერთხელ კიდევ მინდაო, წერს ეს მანდილოსანი, საჯაროდ მოვუხადო მადლობა ბატონ გურამს კარგი ქართულისათვის“. იმას, რა სჯობს თუ მინისტრი ან მისი მოადგილე კარგი ქართულით ლაპარაკობს, მაგრამ ვითომ „მადლობა მოვუხადო“ ჩინებული ქართულია? კი, ბატონო, „ბოდიში მოვუხადო“ – შეიძლება. „მადლობა გადავუხადოც“ – შეიძლება. მაგრამ – „მადლობა მოვუხადო“, არამც და არამც. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ, წარსულისა და აწმყოს მწერლებსა და მეცნიერებს და პასუხს მიიღებთ. საუბედუროდ, „მადლობა მოვუხადო“ წამდაუწუმ გვესმის პარლამენტიაც და რაიოდ-ტელევიზიაშიაც.
აჩემებულ-აკვიატებულმა სიტყვებმა ხომ ზაჰლა წაიღეს. ზოგიერთს გაგახსენებთ. დაფიქსირება. ამ სიტყვამ განდევნა აღნიშვნაც, ჩაწერაც, განსაზღვრაც, დადგენაც,
დამაგრებაც. მარტო დაფიქსირება ხდება. ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ აფიქსირებენ. სულ მალე აღარავინ იტყვის – დედამ შვილს მიუალერსა. იტყვიან – დედამ შვილის ალერსი დააფიქსირა. ვერც ასეთ ფრაზას გაიგონებთ – ბიჭმა გოგოს სიყვარული აუხსნა. იტყვიან – ბიჭმა და გოგომ სიყვარული დააფიქსირეს. უთუოდ დაგიწუნებენ ქართულს, თუ თქვი – ქუჩაში კაცი კაცს მიესალმა. აუცილებლად უნდა ითქვას – მისალმება დააფიქსირეს.
„დაფიქსირებას“ გვერდით უდგას „დარეგულირება“. ვაი შენი ბრალი, თუ წამოგცდა – კონფლიქტი მოწესრიგდა და მოგვარდა. დიდ ჩამორჩენილობად ჩაგეთვლეა, რაკი ახლა საერთოდ ყველაფრის დარეგულირება მიმდინარეობს. მოწესრიგება, მოგვარება დევნილი სიტყვებია.
დარეგულირებასა და დაფიქსირებას ფეხდაფეხ მისდევს ფუნქციობაც. ოღონდ, ჯერ ვერ დადგინდა, როგორ ვწეროთ და ვთქვათ – ფუნქციობს თუ ფუნქციონირებს. ერთი გაზეთი წერს: „ყაზბეგში არ ფუნქციონირებს საკოლმეურნეო ბაზარი“. მეორე კი გვატყობინებს: „ირაკლი გამრეკელის სახლ-მუზეუმი არ ფუნქციობს“. გავბედავ და მორიდებით ვიკითხავ: ბაზარი არ მუშაობს ანდა სახლ-მუზეუმი არ მუშაობს რომ დავწეროთ, დიდი დანაშაული იქნება? მკითხველი ვერ გაიგებს, რას ვამბობთ?
ჩვეულებრივ, უცხო სიტყვებს მაშინ უნდა მივმართოთ, როცა ქართულად არ გვაქვს მათი ბადალი. სხვა დროს ეს საჭირო არ არის. უფრო მეტიც: გარკვეულ წილად დანაშაულიც გახლავთ, რადგან უცხო სიტყვებით მშობლიურ ენას ვანაგვიანებთ და ვაკნინებთ. დაკნინებადამცირებაა, აბა რა ჯანდაბაა, როცა წამდაუწუმ გვესმის რუსული კალკების დამახინჯებული ქართული: „შესაბამისობაში მოიყვანა“, „დისკუსიაში შესვლა“, „წინააღმდეგობაში მოსვლა“, „კონფლიქტში შესვლა“. დაუსრულებლად შედიან და გამოდიან, შედიან და გამოდიან. შეიძლება მკითხველმა მისაყვედუროს, კონკრეტულად რატომ არ ვუთითებ დამგონჯებლებს. რა მითითებაა საჭირო, როცა რომელი გაზეთიც გნებავთ, აიღეთ ხელში, სულ წუთით უსმინეთ რადიო-ტელევიზიას, პარლამენტის სხდომას და არ მოგაკლდებათ არც დარეგულირება, არც დაფიქსირება, არც ფუნქციობა, არც შესვლა-გამოსვლა დისკუსიაში, კონფლიქტში, წინააღმდეგობაში, ამგვარები და ამისთანანი.
დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მშენებლობა ქართული ენის მშენებლობას, მის გაძლიერებასაც ნიშნავს. ისტორიულად ქართული ენა დიდად დააზარალა დიდი ენების შემოტევამ. მტრების მიერ საქართველოს დაპყრობა მარტო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ან რომელიმე სხვა თვალსაზრისით კი არ ხდებოდა, არამედ ენობრივადაც. ქართული ენა საუკუნეების მანძილზე იჩაგრებოდა ბერძნულის, არაბულის, სპარსულის, თურქულის, რუსულის გვერდით.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განთავისუფლება ენობრივი ჩაგვრისაგან განთავისუფლებასაც უნდა გულისხმობდეს. ამ მხრივ კი, მეტისმეტად მძიმე ვითარებაა. ჯერ რუსული ენის გავლენისაგან არ გავთავისუფლებულვართ და ინგლისურმა შემოგვიტია. არის თუ არა საჭირო, მთელი საქართველო ინგლისური წარწერებით არის აჭრელებული.
ქართული წარწერა ან საერთოდ არ არის, ან საცოდავად არის კუთხეში მიჭყლეტილი. გასაგებია, მოდის აყოლა გვიყვარს და, რაკი დღეს ინგლისური მოდაა, სხვებს რატომ უნდა ჩამოვრჩეთ?! მით უფრო, რომ ზერელე, გარეგნულ მიბაძვაში ტოლი არ გვყავს.
ბაღდათში დაბადებული და გაზრდილი ვლადიმერ მაიაკოვსკი ხუმრობდა თურმე: ქუთაისში ქართულად ასე ლაპარაკობენო: „უგლავოში ზაბოჟნიკი პოლსაპოშკებს აპაჩინკებს“. ალბათ, სულ მალე რუსულ-ქართული ამგვარად შეიცვლება ინგლისურქართულით: კორნერში შუმეიკარი ლაუშუზს არეპარინგებს. როცა ეს მოხდება, უეჭველად დავადგებით ევროპული ცივილიზაციის გზას. ჩვენ ბედსაც ძაღლი არ დაჰყეფს.