გზათა უკან წანწალი (ცისფერი მთები)

სულ უბრალო საქმეა გასაკეთებელი: მავანმა პირმა მოთხრობა თუ რომანი დაწერა. იგი უნდა წაიკითხონ რედაქციის თანამშრომლებმა. ყველა ჰპირდება ავტორს, უთუოდ ახლავე წავიკითხავო, მაგრამ არავინ კითხულობს. ყველას ეზარება დაპირების ასრულება. მით უმეტეს, მოულოდნელია ეს უსულგულო დამოკიდებულება, როცა ავტორი და რედაქტორები ამხანაგები არიან. ახლობლობამ თითქოს მაინც უნდა გაიძულოს, ყურადღება მიაქციო მოყვასის თხოვნას. მაგრამ არაფერი ჭრის. მიდის დრო: ზამთარს გაზაფხული ცვლის, გაზაფხულს – ზაფხული, ზაფხულს – შემოდგომა, შემოდგომას – ისევ ზამთარი, მაგრამ ხელნაწერი ისევ წაუკითხავია და წაუკითხავი. დაიკარგა კიდეც იგი. ავტორმა ფურცელ-ფურცელ უნდა შეაკოწიწოს ახალი ვარიანტი და თავიდან დაიწყოს გზათა უკან წანწალი.

ვისაც ფილმი უნახავს, მაშინვე მიხვდება, რომ გიამბეთ რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას კინოსურათის „ცისფერი მთების“ სიუჟეტური სქემა.

რით არის გამოწვეული ეს გულგრილობა? რომელიღაც რედაქციის ცუდი მუშაობის შედეგია იგი თუ ადამიანთა თვისება? თუ ეს მხოლოდ რედაქციის ცუდი მუშაობის შედეგია, მაშინ კინოპამფლეტი გვინახავს, ხოლო თუ ადამიანთა თვისების რეზულტატია, მაშინ ტრაგედიას დავსწრებივართ — კაცთა გამოფიტულობის ტრაგედიას, თუმცა ფილმი მაყურებელთა სიცილ-კისკისში მიმდინარეობს.

ფილმში ნაჩვენები უსულგულობა ადამიანის თვისებაა. ამის საბუთია ორი რამ. პირველი: საერთოდ რ. ჭეიშვილი თავის მოთხრობებში და ე. შენგელაია თავის ფილმებში აკვირდებიან და ეძებენ ადამიანის თვისებას. მათ ნაკლებ აინტერესებთ ამა თუ იმ კონკრეტული ვითარებით ნაშობი საქციელი. მეორე: კერძოდ, „ცისფერ მთებში“ პერსონაჟებს არც ენერგია აკლიათ და არც მოქმედების უნარი. ოღონდ ამაოდ იხარჯება მათი ენერგია, არაფრისაკენ არის მიმართული მათი ქმედება.

რასაც ისინი აკეთებენ, არანაკლები ენერგია უნდა, ვიდრე მათი უშუალო ფუნქციის შესრულებას — რედაქციაში შემოსული ხელნაწერის წაკითხვას.

რას აკეთებენ ისინი?

კედელზე სურათი ჰკიდია (გრენლანდიის პეიზაჟი). ერთ-ერთი რედაქტორი მოითხოვს სურათი ჩამოხსნან და ოთახიდან გაიტანონ. სამეურნეო ნაწილის გამგე ამის წინააღმდეგია. ამის გამო ისინი დაუსრულებლად დავობენ.

მეორე რედაქტორი ფრანგულს სწავლობს ბეჯითად, გულმოდგინედ. როცა უნდა გააღოთ მისი ოთახის კარი, მაშინვე გაიგონებთ ფრანგულ სიტყვებს, რომელსაც ისმენს და იმეორებს რედაქტორი.

მესამე რედაქტორი კაბებს კერავს. ხშირად წააწყდებით მის ოთახში ნახევრად ტიტველ ქალებს, რომელნიც ტანსაცმელს იზომავენ.

მეოთხე რედაქტორი ყოველთვის სკოლიდან დაბრუნებულ შვილს ეგებება და უვლის. თან გერმანულად ეჟღურტულება.

რედაქტორთა ერთი ჯგუფი კი მთელი დღე თავაუღებლად ჭადრაკს თამაშობს.

დირექტორი სულ ტელეფონით ლაპარაკობს. თან სულ თათბირზე მიეჩქარება.

ასე და ამგვარად ცხოვრობენ ისინი.

ხომ უნდა ენერგია და ძალა გაუთავებელ დავას, ფრანგულის სწავლას, კაბების კერვას, შვილის მოვლას, ჭადრაკის თამაშს, ტელეფონით ლაპარაკს, თათბირებზე ჯდომას? ცხადია, უნდა და ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მშვიდად ხელნაწერის კითხვას.

მაშასადამე, ისინი არ არიან უენერგიო, ზარმაცი ადამიანები. არც მშიშრები არიან. როცა გუგუნ-გრიალით რედაქციის კედლები დასკდება და ჭერი თავზე დაემხობათ, ერთ-ერთი რედაქტორი მშვიდად უკან შებრუნდება, რაკი ოთახში ქუდი დარჩა. მას არ აფრთხობს ნგრევის საშიშროება. დირექტორსაც საკმაოდ აუღელვებლად გამოჰყავს სტუმრები შენობიდან. ხოლო მოტობურთელთა მწვრთნელი თუ კაპიტანი ისე არხეინად დგას მტვერსა და ბუღში, გეგონებათ სპორტულ მოედანზე მოთამაშეებს ათვალიერებსო.

მაშინ რა აპირობებს ამ ადამიანების უსულგულობას და გულგრილობას? საგანგებო სენი: არ აკეთონ ის, რაც ევალებათ, არ შეასრულონ ფუნქცია, რომელიც აკისრიათ. ისევ კითხვა: რამ წარმოშვა ეს ყრუ, პასიური პროტესტი? ადამიანთა ინდივიდუალური ინტერესისა და მისწრაფებების უგულებელყოფამ.

„ცისფერი მთების“ რედაქციაში რედაქტორები არ კითხულობენ ხელნაწერს. სამაგიეროდ, ზურგზე კიბემოკიდებული მუშა ჩასჩიჩინებს და ჩაჰკირკიტებს მას. იგი, როგორც კი დროს იშოვის, მაშინვე კითხვას შეუდგება, მაგრამ რა აზრი და მნიშვნელობა აქვს ამას? იგი მუშაა და არავინ ეკითხება, ღირებულია თუ არა ხელნაწერი.

პროტექციით მარკშაიდერი გამომცემლობაში გამოგზავნეს „სამუშაოდ“, რაკი მისმა მფარველმა აქ იპოვა „თავისუფალი ადგილი“. მთავარია, რომ იგი „მოაწყვეს“, საჭიროა თუ არა ამ ადგილზე, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მართალია, მარკშაიდერს აინტერესებს რატომ იბზარება შენობის კედელი, რა არყევს იატაკს თუ ჭერს, მაგრამ რედაქციაში ვინ მიაქცევს ყურადღებას მის ნახაზებს, გაანგარიშებებს?

შემთხვევით ნაგავში ამოსულ ვაზის მოვლა-პატრონობა უფრო აღელვებს დირექტორის მოადგილეს, ვიდრე რედაქციის შენობის ბედი.

ადამიანი, რომელსაც ერთი მისწრაფება აქვს, მაგრამ სხვა ფუნქციის შესრულება აქვს დაკისრებული, გავრცელებული ტიპი შეიქმნა. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის ცალკეული შეცდომების შედეგი, იგი უკვე საზოგადოების თვისებად ჩამოყალიბდა.

„ცისფერ მთებში“ სრული აბსურდია გაბატონებული. აბსურდის, უაზრობის კანონზომიერება კი ნგრევაა. ინგრევა კიდეც (აქ რ. ჭეიშვილისა და ე. შენგელაიას ფილმი ხელს უწვდის ფ. ფელინის კინოსურათს „ორკესტრის რეპეტიციას“. იქაც ჰარმონიის რღვევა იწვევს ნგრევას). თითქოს ნგრევამ არ უნდა შეგვაშინოს. შენდება ახალი. მაგრამ აქვს კი მნიშვნელობა ძველის დანგრევას და ახლის აშენებას, თუ არ შეიცვლება თვისება? ეს ადამიანები ხომ თავისი თვისებებითურთ გადადიან ახალში. მართლაც ასეა: ახალ შენობაშიც გვესმის ძველი უაზრო დავა — „ჩამოხსენი სურათი…“ „ჩამოვხსნი!“.

ყოველგვარი განახლება, წინსვლა, პროგრესი დამოკიდებულია თვისების შეცვლაზე. უძველესი სიბრძნე — „შეიცან თავი შენი!“ ნიშნავდა საკუთარი თვისების ამოცნობას, გაცნობიერებას, შეცვლას უკეთესისაკენ. თუ ეს არ მოხდება, ჟამთა სვლას და მექანიკურ ცვლილებებს შედეგი არ მოაქვს. რ. ჭეიშვილი და ე. შენგელაია არ დგანან მომწოდებლის პოზაში. ისინი აჩვენებენ სურათს, მდგომარეობას. აზრი ჩვენ უნდა ამოვიცნოთ. მოწოდებაც ჩვენი საქმეა. ადამიანთა თვისება განაპირობებს საზოგადოების თვისებას, ამიტომ უნდა შეიცვალოს იგი.

ჩვენ ვიცით ამაო და უაზრო შრომით გამოწვეული ტანჯვის მითი — სიზიფი.

ჩვენ ვიცით მიუწვდომელი, აუსრულებელი სურვილით გამოწვეული ტანჯვის მითი — ტანტალოსი.

იქმნება ახალი მითი: ადამიანის ინდივიდუალური ინტერესისა და მისწრაფების უგულებელყოფით გამოწვეული ტანჯვის მითი, გამოხატული სრული აპათიით, რომელიც მეფობს „ცისფერ მთებში“ ნაჩვენებ დაწესებულებაში. იგი ჩვენმა დრომ შვა და ჩვენმა დრომვე უნდა უმკურნალოს მას.

1984 წ.