არჩილ ჯორჯაძის ტრიადა
მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე ბორგავდა საქართველო. ხან აჯანყებით, ხან შეთქმულებით, ხან ერთგულების გამოცხადებით ცდილობდა რუსეთის კოლონიური უღლის შემსუბუქებას. ამაოდ, რუსეთს მტკიცე ხელით ეპყრა კოლონიები და სრულებით არ ფიქრობდა რაიმე შეღავათის მიცემას მათთვის. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელი იყო არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ჩრდილო მეზობელი დიადი და ძლიერი სახელმწიფო იყო, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა და მკაფიოდ არ იკვეთებოდა, რა გზას დასდგომოდა.
1555 წლიდან საქართველო აღარც იურიდიულად და აღარც ფაქტობრივად დამოუკიდებელი აღარ ყოფილა. 1555 წელს ირანსა და თურქეთს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად საქართველო შუა გაიყო. აღმოსავლეთ საქართველო ირანს ერგო, დასავლეთ საქართველო – თურქეთს. ქართველ მეფეებს, სულერთია იმიერ საქართველოსი იქნებოდა თუ ამიერ საქართველოსი, თურქეთის სულთანები და ირანის შაჰები ისევე ნიშნავდნენ, როგორც მოსკოვი ნიშნავდა საქართველოს კპ ცკ-ის მდივნებს კომუნისტური რეჟიმის დროს.
ირან-თურქეთისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში ყველაზე დიდ შედეგს ერეკლე მეორემ და სოლომონ პირველმა მიაღწიეს. მათ ძალიან შეამცირეს ირან-თურქეთის გავლენა, შეზღუდეს მათი ბატონობა, მაგრამ სრული გათავისუფლება მაინც ვერ მოახერხეს. ისინი ისევ დარჩნენ ვასალებად: ერეკლე მეორე – ირანისა, სოლომონ პირველი – თურქეთისა. ასეთ ვითარებაში ქართველი მეფეების წინ ალტერნატივა ამგვარად იდგა: საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ იგი ვასალია ისლამური ირან-თურქეთისა. ამ ვასალობისაგან სრულიად თავის დაღწევას ვერ ახერხებს. ამიტომ რა სჯობს – დარჩეს ქრისტიანული საქართველო ისლამური ირან-თურქეთის ვასალი თუ გახდეს ქრისტიანული რუსეთის ვასალი?
ქართველმა მეფეებმა ამჯობინეს ქრისტიანული რუსეთის ვასალობა. ამდენად, 1801 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა (რაც არ ჰქონია) კი არ უნდოდა, არამედ ბატონის, სუზერენის გამოცვლა. მაგრამ ქართული სამეფო კარის პოლიტიკა მოტყუებული აღმოჩნდა. რუსეთი ბევრად უფრო სასტიკი დამპყრობელი გამოდგა, ვიდრე ირან-თურქეთი. რუსეთმა მოსპო საქართველო, როგორც სამეფო, როგორც სახელმწიფო. გაანადგურა ქართული სამეფო დინასტია. ქართული ეკლესიიდან განდევნა ქართული ენა და რუსული დაამკვიდრა. ეს არ გაუკეთებიათ არც მონღოლებს, არც სპარსელებს, არც თურქებს. ისინი იმითაც კმაყოფილი იყვნენ, რომ საქართველო მათი ვასალი იყო.
შეიძლება მკითხველმა გაიკვირვოს – რა შუაშია ეს ისტორიული ექსკურსი და არჩილ ჯორჯაძე? რაც მოგახსენეთ, ის თუ არ გავითვალისწინეთ, ვერ ავხსნით, რატომ იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და არჩილ ჯორჯაძე საქართველოს ავტონომიის მომხრე რუსეთის სახელმწიფოს საზღვრებში და არ მოითხოვდნენ მეტს – საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას.
არჩილ ჯორჯაძის აზრით, საქართველო უნდა ყოფილიყო ერთიანი, განუყოფელი, დემოკრატიული, ავტონომიური რესპუბლიკა, დაკავშირებული რუსეთის იმპერიაში შემავალ სხვა ხალხებთან ფედერაციული წესით.
თერგდალეულებსა და არჩილ ჯორჯაძეს ავტონომიის საფეხურის გავლა აუცილებლად მიაჩნდათ ორი მიზეზით.
პირველი: საქართველოს სახელმწიფო აღარ არსებობდა. არ ჰყავდა ჯარი და პოლიცია. არ არსებობდა არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა. მმართველობის სისტემაში ძირითადად რუსი მოხელეები მუშაობდნენ. საჭირო იყო უმაღლესი სასწავლებელი, თუნდაც ერთი, რომელიც აღზრდიდა კადრებს სამეურნეო საქმიანობის ყველა დარგისათვის. საქართველოს ეკონომიკა იყო ღარიბ-ღატაკი. ამ ვითარებაში სახელმწიფო სისტემა რომ ჩამოეყალიბებინათ და აეშენებინათ, აუცილებელი გახლდათ წესრიგი და დრო. ქაოსში ვერ მოხერხდებოდა ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნა. წესრიგის შენარჩუნება და ქაოსის თავიდან აცილება შეიძლებოდა მხოლოდ რუსეთის საშუალებით.
მეორე: თუ საქართველო მაშინვე დაადგებოდა სრული გამოყოფის, ანუ სეპარატიზმის გზას, ამას რუსეთი არ აპატიებდა. არჩილ ჯორჯაძემ ჩინებულად იცოდა, რას ნიშნავს რუსეთის სადამსჯელო ექსპედიციები. ამის უამრავი მაგალითი არსებობდა მე-19 საუკუნეში. როგორც სხვა ქართველი მოღვაწეები, არჩილ ჯორჯაძეც იცნობდა იმ გეგმას, რომელსაც მე-19 საუკუნეში, დრო და დრო, ამუშავებდა რუსეთის ხელისუფლება – ქართველთა საერთოდ აყრა კავკასიიდან და ციმბირში გადასახლება. ამ საფრთხის გამო ილია ჭავჭავაძეც აფრთხილებდა ქართველ პოლიტიკოსებს და გიორგი წერეთელიც. სიფრთხილე იყო საჭირო და ბეწვის ხიდზე გავლა.
არჩილ ჯორჯაძე იმასაც ითვალისწინებდა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ახლებური მოწყობა აინტერესებდათ იმპერიაში შემავალ სხვა ხალხებსაც და გარკვეულ ნაწილს თავად რუსი პოლიტიკოსებისაც. თუ საქართველო სეპარატიზმის გზას დაადგებოდა, მას მხარს არ დაუჭერდნენ არც იმპერიის სხვა ხალხები და არც (მით უმეტეს) რუსი პოლიტიკოსები. ფედერალიზმის იდეა კი მათთვის არც უცხო იყო და არც მიუღებელი. იმას თუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ არსებითად ფედერალიზმის იდეას შეიცავდა 1783 წელს დადებული ტრაქტატიც, თერგდალეულებიც ავტონომიის, ანუ ფედერალიზმის პრინციპის მომხრენი იყვნენ, მაშინ ცხადი ხდება, რომ სოციალ-ფედერალისტური პარტია საერთოდ და კერძოდ არჩილ ჯორჯაძე მემკვიდრეობით აგრძელებდა ქართული პოლიტიკური აზრის მიერ არჩეულ გზას.
ერთი სიტყვით, ავტონომიას უნდა აღედგინა რუსეთის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩამოეყალიბებინა სახელმწიფო სტრუქტურები, შეექმნა ჯარი და პოლიცია, აეღორძინებინა ეკონომიკა, სწავლა-განათლება, კულტურა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ეზრუნა და ებრძოლა საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის.
ამიტომ იყო არჩილ ჯორჯაძის ტრიადის ერთი წევრი ავტონომიის მოთხოვნა, ანუ რუსეთის სახელმწიფოს მოწყობა ფედერალიზმის პრინციპით.
მეორე წევრი ტრიადისა იყო სოციალიზმი. მაგრამ არჩილ ჯორჯაძის სოციალიზმს არაფერი აქვს საერთო ქართველი სოციალ-დემოკრატების სოციალიზმთან. განსხვავება ამ ორ სოციალიზმს შორის ზუსტად ამოიცნო მიხაკო წერეთელმა და აღნიშნა კიდეც. მარქსისტული სოციალიზმი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 ასწლეულის დასაწყისში უძლიერესი მოძღვრება იყო. იგი მთელ მსოფლიოს მოედო და, ცხადია, საქართველოშიც მძლავრად მოიკიდა ფეხი. მაგრამ, როგორც სამართლიანად ამბობს მ. წერეთელი, „თავისი კლასთა ბრძოლისა და კოსმოპოლიტური იდეებით იგი დამღუპველი იყო ერთა… ერი აქ მეორე ხარისხის მნიშვნელობის მოვლენად სჩანდა, გარდამავლადაც კი… ჯერ განხორციელდეს სოციალიზმი და მერე ყველა პრობლემა კარგად გადაწყდება, ეროვნულიცაო!“
ამ აზრს დაუპირისპირდა სწორედ არჩილ ჯორჯაძე. მან უარყო კლასობრივი ბრძოლის გზით ამქვეყნიური სამოთხის დამყარების ოცნება. წამოაყენა „საერთო ნიადაგის“ თეორია. აქაც იგი თერგდალეულთა გზას აგრძელებდა. არჩილ ჯორჯაძეს წარმოუდგენლად მიაჩნდა ქართველი ხალხის კლასობრივი თვალსაზრისით დანაკუწება. მისი აზრით, ქართველი ხალხი ერთიანი იყო და სოციალური თანასწორობის იდეებს ყველასათვის თანაბრად უნდა მოეტანა კეთილი. კლასობრივი ბრძოლა ისედაც მცირერიცხოვან ქართველ ხალხს გადაშენებით დაემუქრებოდა. სისხლით მორწყავდა საქართველოს. ბოროტს დაამკვიდრებდა.
საქართველოში ის ვითარება არ იყო, რაც რუსეთში. ქართველი არისტოკრატია, 1861 წლის საგლეხო რეფორმის შედეგად, არსებითად დაიშალა (ეს ქართულ მწერლობაში კარგად აისახა, მაგალითად, დავით კლდიაშვილთან). მან დაკარგა ერის მეთაურის ფუნქცია, რაც ფეოდალურ საქართველოში ჰქონდა. კლასობრივი კუთხით გაღატაკებული ქართული არისტოკრატია არავითარ ძალას აღარ წარმოადგენდა. ქართული ბურჟუაზია კი ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო. თითო-ოროლა ქართველი კაპიტალისტი, რა თქმა უნდა, კლასობრივ ძალად ვერ ჩაითვლებოდა. ამ მხრივ რუსეთში სრულიად სხვა სიტუაცია იყო. იქ არც არისტოკრატია გაღატაკებულა და დაშლილა და ბურჟუაზიაც, ქართულთან შედარებით, ღონივრად იდგა ფეხზე. სამწუხაროდ, საქართველოში ერის მეთაური, წინამძღოლი კლასი, საზოგადოებრივი ფენა არ არსებობდა. ამ მდგომარეობაში მყოფი ერის წიაღში თუ კლასობრივი ბრძოლა გაჩაღდებოდა, უეჭველად, ეს მთელ ხალხს კატასტროფას უქადდა.
ქართველ ხალხს წინამძღოლი კლასი რომ ჰყოლოდა, არჩილ ჯორჯაძეს აუცილებლად მიაჩნდა ქართული ბურჟუაზიის ჩამოყალიბება. ამის გამო მას ქართველი სოციალ-დემოკრატებისაგან კრიტიკაც ბევრი მოუსმენია და დაცინვაც. მაგრამ არჩილ ჯორჯაძე რომ მართალი იყო, ეს მერე ისტორიამ დაადასტურა. 1918–21 წლებშიც საქართველოს დამოუკიდებლობა იმიტომ დამარცხდა, რომ ქართველ ხალხს მეთაური კლასი არ ჰყავდა. დღესაც ქართული ეროვნული მოძრაობის დამარცხებაც ამით არის გამოწვეული. თუ ერს სოციალ-პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება სურს, მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მეთაური, წინამძღოლი საზოგადოებრივი ფენა, კლასი, რომელსაც ძალუძს ქვეყნის პატრონობა. ცალკეულ პიროვნებას, თუ გნებავთ პარტიასაც, ამ ფუნქციის შესრულება არ შეუძლია. პიროვნება ანდა პარტია კლასს ვერ შეცვლის. ქართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დამარცხება როგორც 1921 წელს, ისე დღეს, ამის ნათელი ნიმუშია.
სოციალური თანასწორობის (აქედან სოციალიზმის) იდეა არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკური ნაფიქრისა და ნააზრევის ძირითადი შინაარსია. მაგრამ სოციალიზმი ქართველი ხალხის ყოფნა-არსებობას არ უნდა დამუქრებოდა. სოციალიზმი ქართველი ხალხის თავისთავისუფლების დასამკვიდრებლად და არა ქართველი ხალხი სოციალიზმის მასალად – ეს არის არჩილ ჯორჯაძის მოღვაწეობის მიმართულება. ამიტომ გახდა მისი ტრიადის მესამე ნაწილად ეროვნულობა, ანუ ნაციონალიზმი.
მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველო ინტერნაციონალიზმისა და ნაციონალიზმის მძაფრი ბრძოლის ასპარეზი იყო. ქართველი სოციალ-დემოკრატია ინტერნაციონალიზმს ემხრობოდა და ქართველი ხალხის ეროვნული ბედ-იღბალი არ აღელვებდა. სოციალ-დემოკრატიის როგორც ბოლშევიკურ, ისე მენშევიკურ ფრთას მტკიცედ სჯეროდა, რომ თუ სოციალიზმი გაიმარჯვებდა, იგი მსოფლიო მუშათა კლასს, და მათ შორის ქართველ მუშასა და გლეხს, ერთხელ და სამუდამოდ მოუტანდა ბედნიერებას. ხოლო არისტოკრატია და ბურჟუაზია, კლასობრივი ბრძოლის თანახმად, საერთოდ უნდა წასულიყვნენ ისტორიის ასპარეზიდან. სოციალ-დემოკრატიის აზრით, მათ ისტორიამ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა და ამ სასჯელისაგან მათ ვერაფერი იხსნიდა. ქართული სოციალ-ფედერალისტური პარტია და მისი მეთაური არჩილ ჯორჯაძე საპირისპიროდ ფიქრობდნენ. ინტერნაციონალიზმისაკენ ნაციონალიზმის გზით უნდა ვიაროთ (არჩილ ჯორჯაძის ვრცელი ნარკვევის „სამშობლო და მამულიშვილობა“ მეხუთე თავი ასეთ სათაურსაც ატარებს). თუ არ იქნებიან ნაციები, აღარც ინტერნაციონალიზმი იქნება. ერს არჩილ ჯორჯაძისათვის სოციალისტური და ჰუმანური ღირებულება ჰქონდა. ჟან ჟორესის მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ ერები სოციალისტურ საზოგადოებაშიც იარსებებენ. ამის სიმართლეც დაადასტურა ისტორიამ. მაგრამ საქართველოში, ჩვენი საუკუნის პირველ მეოთხედში, ინტერნაციონალური სოციალიზმისა და ნაციონალური სოციალიზმის დავა-კამათი ინტერნაციონალური სოციალიზმის გამარჯვებით დამთავრდა. ქართველი ხალხი ინტერნაციონალური სოციალიზმის გზას გაჰყვა, ჯერ მენშევიკურს, მერე ბოლშევიკურს.
გაზ. „კავკასიონი“, 19 მაისი, 1994 წ.